შოუბიზნესი

მაია ჯაბუა: ზედმეტი მაკიაჟი, ძალიან ეპატაჟური ჩაცმულობა - ეს ჩემთვის დაბალი გემოვნებაა

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 07.05

მაია ჯაბუა
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის მაია ჯაბუას წარმატებაში, რა არის მისთვის მთავარი და როგორ ცდილობს ცხოვრების წარმართვას.

მაია ჯაბუა: ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ამას ვაფასებ და განგების მადლობელი ვარ, რომ რაღაცით გამომარჩია. პირველ რიგში, იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ არაჩვეულებრივი მშობლების შვილი ვარ, დავიბადე ოჯახში, რომელშიც დიდი სიყვარული ტრიალებდა. ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა და პატივისცემა გვქონდა. დიდ სითბოსა და სიყვარულთან ერთად თავისუფლებას ვგრძნობდი მშობლების მხრიდან. ეს ნამდვილად გამართლებაა, ისევე, როგორც ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები და უსაყვარლესი ქალაქი – თბილისი. ძალიან დიდი იღბალია ამ ქალაქის შვილობა. გამართლებაა ისიც, რომ შემიძლია, ვიმღერო, რომ ბუნებამ ხმა მაჩუქა, რისი დამსახურებითაც ადამიანებს ვუყვარვარ. ეს გამართლება კი არა, დიდი საჩუქარია. ქვეყანაში, სადაც ყველა მღერის, ღმერთი გჩუქნის ხმას, რომლითაც შეგიძლია ადამიანებს სიამოვნება და ბედნიერება მიანიჭო, უმღერო შენს ქვეყანას. გამართლებაა ჩემი არაჩვეულებრივი შვილები, ოჯახი. გამართლებაა, რომ ჯანმრთელები ვართ. ბევრ რამეში გამიმართლა და მე ძალიან მადლიერი ვარ.

– რა არის ის, რისთვისაც ყველაზე მეტი იშრომეთ?

– საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველაფერს სჭირდება შრომა. ყველაფერში უნდა ჩადო შენი ენერგია, შენი ნაწილი, დრო და მე ეს, პირველ რიგში, ჩემი პროფესიისთვის, ჩემი შვილებისა და მეგობრებისთვის გავაკეთე. მე ვთვლი, რომ კარგი მეგობრები უნდა დაიმსახურო. უნდა იყო კარგი მეგობრობის ღირსი. შენც კარგი უნდა იყო. ამდენი წელია, სცენაზე ვდგავარ, ადამიანებს ვუყვარვარ და ამას ხომ უნდა მოფრთხილება და დიდი შრომა – მე ეს სულ მახსოვს და ვცდილობ, იმავე გრძნობითა და შესაბამისი საქციელით ვუპასუხო ჩემს მსმენელს. საერთოდ, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიზანი, მაშინ არის ცხოვრება საინტერესო. შეიძლება, გარკვეულ ასაკამდე ეს არ იცოდე, მაგრამ ოდესღაც აუცილებლად მიხვდები, რა გინდა ცხოვრებისგან, ანუ რისთვის უნდა იშრომო და რა გზით იარო, რომ შენს მიზნამდე მიხვიდე. თუ მიზანი არ გაქვს, მაშინ ცხოვრება უინტერესოა. ერთი რამ ვიცი, თუ ვინმემ ცხოვრებაში რამე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია, რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, ყველამ ძალიან ბევრი, სხვაზე მეტი იშრომა და სწორედ ამიტომ მიღწია. მხოლოდ ნიჭი და მონაცემი არ კმარა.

– ალბათ, დროთა განმავლობაში შრომისმოყვარეობაც გამომუშავდება. თქვენ რა ეტაპები გაიარეთ?

– რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს განსხვავებული ხასიათი და ნებისყოფა აქვს. მე ვთვლი, რომ მთავარია, ბავშვი დისციპლინას მიაჩვიო. არ აქვს მნიშვნელობა სპორტის, მუსიკის, სწავლის თუ რის დამსახურებით მიაღწევთ ამას, მაგრამ დისციპლინა არის ღერძი, რომელზეც დგას ბავშვის მომავალი. დისციპლინირებული ბავშვი ზრდასრულ ასაკში უკვე პროფესიონალი ხდება. ეს გადამწყვეტი თვისებაა.

მე, „მზიურამდე“ ცურვაზე დავდიოდი, ძალიან სერიოზულად ვვარჯიშობდი ღია აუზზე, სადაც ცუდ ამინდებში, თოვლში, ქარში, ყინვაში, ძალიან მციოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. არავინ მაძალებდა, მაგრამ ნელ-ნელა მომწონდა. ამ პროცესში ჩემი ხასიათი ყალიბდებოდა. გამძლეობა, მოთმინების უნარი გამოვიმუშავე, რაც „მზიურის“ პერიოდშიც გამომადგა. მზიური არ იყო მხოლოდ სცენა, ტაში და გასტროლი. იყო გადაღებები, რაც ღამისთენებას მოითხოვდა, იყო გადაღლილობა, ხან სიცხე გვქონდა, ხან გვშიოდა და ასე შემდეგ, მაგრამ დისციპლინა გვაძლევდა ყველაფრის ძალას. აქ ტერორს არ ვგულისხმობ, ძალით არავინ არაფერს გვაკეთებინებდა და ტანჯვით არაფერისთვის მიგვიღწევია, მაგრამ ეს იყო გზა, რომელმაც ხასიათი გამოგვიწრთო, მოწესრიგებულები გაგვხადა, რასაც მომავალში პროფესიონალიზმი დაერქვა.

– დღეს როდის დგება მომენტი, როცა თავს სიზარმაცის უფლებას აძლევთ?

– სიზარმაცის უფლებას ყოველთვის ვაძლევდი ჩემს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ბევრს ვშრომობდი, ამასაც ვახერხებდი. როცა საქმე არ მაქვს, სიზარმაცით ვტკბები. ესეც თვისებაა. თავგადაკლული და გაგიჟებული არ ვცდილობ საქმის კეთებას. სულ რომ ფორიაქობ და საქმე გაქვს, არასდროს არაფრისთვის რომ არ გცალია, ჩემთვის ეს ცოტა ფარსია. როცა შემიძლია, დავისვენო, დიდი სიამოვნებით ვზარმაცობ. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ამ სიზარმაცის მერე ძალიან ბევრს ვშრომობ და ამისთვის რესურსიც მაქვს და ენერგიაც. ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ხიბლი. მით უმეტეს, მე კურო ვარ და ჩვენ გვიყვარს სიზარმაცე, თუმცა, ეს ჩემს საქმესა და მოვალეობებს არ ეხება.

– არის რამე, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად არ გამოგსვლიათ?

– ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ, უბრალოდ, მე არასდროს არაფერს ვგეგმავ. მგონია, რასაც დავგეგმავ, ჩაიშლება. ეს არ არის ცრურწმენა, ალბათ, რამდენჯერმე ასე მოხდა და მივხვდი, რომ მე აღარ უნდა დავგეგმო. ვიღაცას – პირიქით, ურჩევნია, ყველაფერი გაწერილი ჰქონდეს და გეგმას მიჰყვეს. მე ვიცი, რა მინდა სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ კალენდრის დღეების მიხედვით გეგმებს არ ვწერ, რადგან ეს ჩემს შემთხვევეაში არ ამართლებს. სპონტანურობა მირჩევნია, ასე უფრო კარგად ეწყობა საქმე, ამას დავაკვირდი.

– რთულ პერიოდში რა გეხმარებათ?

– მოთმინების უნარი. მონურ მოთმინებას არ ვგულისხმობ, მაგრამ არის სიტუაციები, სადაც კარგად უნდა დაფიქრდე, ემოციური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო. პირიქით, აბსოლუტურად ვმშვიდდები, ვიწყებ ანალიზს და მიზეზის ძებნას, პირველ რიგში, საკუთარ თავში. როცა სიტუაციას კარგად გავაანალიზებ, მერე ვიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას. სწორი ნათქვამია „ვინც მოითმინა, მოიგოო“. ყოფილა გარკვეული სიტუაცია, ახლა ამას ვიტყვი ან გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ შინაგან ხმას გავუჩერებივარ, გავჩუმებულვარ. გასულა გარკვეული დრო და კიდევ ერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ მოთმინება ძალიან სწორი იყო ჩემი მხრიდან და სწორად მოვიქეცი, რომ არაფერი ვთქვი ან მოვიმოქმედე. ყოველთვის ჯობს, დამშვიდებულმა გააკეთო. გაბრაზებულმა არაფერი უნდა გადაწყვიტო და მოიმოქმედო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ასეთ დროს, უმეტესად, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ან არასწორ წინადადებებს ვამბობთ. ყოველთვის მირჩევნია, დავმშვიდდე, დავფიქრდე, ვფიქრობ, რომ მერე ყველაფერს უფრო კარგად ვხედავ და სწორად ვმოქმედებ. რთულია, ადვილი არ არის, მაგრამ მაქვს უნარი, ჩემს თავს და ემოციურ მდგომარეობას ვაკონტროლებდე.

– ხართ ადამიანი, რომელიც ზრუნავს საკუთარ მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კი. მე ზედმეტი არაფერი მომწონს. ჯერ ერთი, თუ „გადაიწვი“ შენი შრომის შედეგიც აღარ არის ნაყოფიერი. ასეთ მდგომარეობაში, ვეღარ ხვდები, კარგს აკეთებ თუ ცუდს. ჩემთვის „ოქროს შუალედი“ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. არც ის მომწონს, სულ ექიმებში რომ დადიან, პირიქით, არასდროს მსამოვნებს ავადმყოფობასა და პრობლემებზე საუბარი, არც მე ვსაუბრობ ამაზე და არც სხვისი მოსმენა მსიამოვნებს. მაგრამ მეორე მხრივ, ეს ადამიანის კულტურაა, შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია, ორგანიზმს უნდა უსმინო, მისგან მოცემულ ნიშნებს ყურადღება უნდა მიაქციე და ექიმს მიმართო.

– ამ ყველაფერთან ერთად, გარეგნობაზე ზრუნვა რამდენად გიყვართ?

– აქაც ზომიერების მომხრე ვარ. საერთოდ, მიყვარს ბუნებრიობა, გარეგნობაშიც და ურთიერთობაში. მე მიყვარს ადამიანი ისეთი, როგორიც არის. მიმაჩნია, რომ ბუნებრივი ძალიან ლამაზია. თავის მოვლაც ბუნებრიობის მოფრთხილებას ნიშნავს. ბუნებრიობაში გაწეწილ თმას არ ვგულისხმობ, არც იმას, რომ სახეზე კრემი არ უნდა წავისვათ. ძალიანაც მოვლილი უნდა იყოს ადამიანი. ადამიანის გარეგნობა, სულიერება, ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობა ერთი მთლიანობაა, ჩვენ ხომ ნაწილ-ნაწილ არ ვარსებობთ. ღმერთმა ჩვენში ყველაფერი ჩადო და გარეგნობით შეგვფუთა. ეს გვაბარია ადამიანებს და როგორ შეიძლება, ერთს მიხედო და მეორე უგულებელყო?! ყველაფერი სინთეზშია და ჩვენ ვართ ამ ყველაფრის პატრონი, ამიტომ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. მოვლა ყველაფერს სჭირდება, მაგრამ ბუნებრივად. მაგალითად, არ მიყვარს ზედმეტად დაყენებული ვარცხნილობა, ზედმეტი მაკიაჟი, ძალიან ეპატაჟური ჩაცმულობა. ეს ჩემთვის დაბალი გემოვნებაა. ჩემთვის ბუნებრიობაა ესთეტიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა