შოუბიზნესი

მაია ბარათაშვილი: რაც მეტი დრო გადის, უფრო ლამაზად და ბედნიერად ვგრძნობ თავს

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 15.07

მაია ბარათაშვილი
დაკოპირებულია

როგორ ხვდება მაია ბარათაშვილი საკუთარ დაბადების დღეს, რამდენად უყვარს ეს დღე და რატომ მოსწონს საკუთარი თავი ახლა უფრო, ვიდრე ახალგაზრდობაში, ამაზე მომღერალი ინტერვიუში მოგვითხრობს.

მაია ბარათაშვილი: არ შეიძლება, ადამიანს საკუთარი დაბადების დღე არ უყვარდეს. ღმერთმა სიცოცხლე გაჩუქა და ბუნებრივია, ეს სიხარულის მომგვრელია. ამასთან ერთად, ადამიანური ეგოც მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობა ამას ებრძვის, სამწუხაროდ, „მე“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში და არც მე ვარ გამონაკლისი. კი, მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რადგან ბავშვობიდანვე ძალიან შემაყვარა დედამ.

მაშინ არ იყო კაფეები და რესტორნები. დედა სახლში აწყობდა სუფრას და ჩემი მეგობრები გვსტუმრობდნენ. მეორე დღეს დედას მეგობრები მოდიოდნენ და ისინი ჩემთვის ჩემს მეგობრებზე არანაკლები მნიშვნელობის იყვნენ. ყოველთვის მაინტერესებდა მათთან საუბარი.

ძალიან გემრიელი და მდიდარი სუფრა გვქონდა, იმ პერიოდის შესაბამისი. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონდათ ჩემთან ერთად ყოფნა, იქნებოდნენ კლასელები თუ მეზობლები, რომლებსაც სამი წლიდან ვიცნობდი. პატარები არაჩვეულებრივად ვერთობოდით და მეორე დღეს, როგორც გითხარით, დედის მეგობრებთან ერთად, ძალიან საინტერესო საუბრების თანამონაწილე ვიყავი.

მადლობელი ვარ უფლის, რომ ამქვეყნად მომავლინა და საშუალება მომცა, სიცოცხლის საოცარი ფერები შემეგრძნო. მადლობელი ვარ, რომ მომცა შეცდომების დაშვების უფლება, რომელთაგანაც ზოგის მრცხვენია, ზოგისგან, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღე და ნათელ გზაზე დამაყენა.

დრო რომ გავიდა და მომღერალი გავხდი, საკუთარ დაბადების დღეზე კონცერტების გამართვა დავიწყე. ეს ძალიან მომწონდა, რადგან ჩემს მსმენელთან კომუნიკაცია ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. თუ მათ ჩემი გამოსვლა მოსწონდათ, ეს ხომ არაჩვეულებრივი იყო. ამ კონცერტებს საფუძველი ჯაზკლუბში ჩაეყარა და იქ გატარებული ჩემი თითოეული დაბადების დღე ძალიან კარგად მახსენდება.

2020 წელს ჩემს დაბადების დღეზე ფილარმონიაში გაიმართა კონცერტი. ამ დღეს ჩემი ვარსკვლავი გახსნეს. ზუსტად ამ დროს დაიწყო პანდემია. ჩემი კონცერტით აბსოლუტურად ყველაფერი დამთავრდა, სამი წლით ყველაფერი დაიკეტა.

წელს, მარინა სალუქვაძისა და ზაზა მარჯანიშვილის კომპანიამ გამართა კონცერტი „შერატონში“, სადაც ჩემს მაყურებელს შევხვდი და დრო ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ. ყოველთვის ასე ბობოქრად და ფერადოვნად ვხვდები ჩემს დაბადების დღეს.

– განსაკუთრებულ საჩუქართან დაკავშირებით რა გახსენდებათ?

– ყველა საჩუქარი განსაკუთრებულია, ადამიანი შენთვის გაისარჯა და ეს, თავისთავად, დასაფასებელია. ვისაც კი ოდესმე რამე გაუღია ჩემთვის, თითოეული ძალიან მეძვირფასება.

– ბავშვობაში დაბადების დღეს თავიდან ბოლომდე სადღესასწაულო განწყობა უკავშირდება, ასაკთან ერთად სევდანარევი განწყობებიც ერევა...

– არანაირი სევდა, კიდევ უფრო მხიარულად ვხვდები, რაც დრო გადის. არ ვიცი, როგორ არის სხვის ცხოვრებაში, მაგრამ მე, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მომწონს ჩემი თავიც და ჩემი ცხოვრებაც. უფრო მეტად საინტერესოა ყოველდღიურობა, ბევრს ვმოგზაურობ, ბევრი საინტერესო ადამიანია ჩემ ირგვლივ, რომლებიც ძალიან მიყვარს. დროსთან ერთად, ადამიანი უფრო და უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდები, როგორც ფინანსური, ისე ემოციური თვალსაზრისით, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ემოციურად, რა თქმა უნდა, ახლობლების კარგად ყოფნაზე ვარ დამოკიდებული და ბუნებრივია, რომ მათი კეთილდღეობა მადარდებს, მაგრამ ვხუმრობ ხოლმე საკუთარ თავზე – როცა მეუბნებიან, კარგად გამოიყურებიო, ვპასუხობ, რომ კონიაკივით ვარ (იცინის). მე ასე არ ვგრძნობდი თავს 20-22 წლის ასაკში. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ლამაზადაც ვგრძნობ თავს და ბედნიერადაც. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ. არ მერიდება იმის აღნიშვნა, რომ ბევრი რამ გადავაფასე, საკუთარი ეგო დავრთგუნე, ყოველ შემთხვევაში, ვეცადე მაინც და მოკლედ რომ გითხრათ, 55 წლის ასაკში ცხოვრება ფანტასტიკურია. ღმერთმა გადაწყვიტა, რომ აქამდე მოვეყვანე და თუ გადაწყვეტს, რომ კიდევ უნდა ვიცხოვრო, მე კიდევ უფრო საინტერესოს გავხდი ჩემს ცხოვრებას. არ ვაპირებ ცხვირის ჩამოშვებას, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს. სირცხვილია მოდუნება და დაღონება. არ შეიძლება ასე. როცა ადამიანი ცოცხალი ხარ, რა თქმა უნდა, გტკივა კიდეც, გტკივა საკუთარი თავის, ახლობლების თუ უცნობების გამო. ბევრი რამ გაწუხებს, ადამიანი კერკეტი კაკალი არ არის და გარკვეულ პრობლემებს ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვამთ და ვუმკლავდებით, მაგრამ თუ ცოცხალი ვარ, ესე იგი, კარგად ვარ. იცით, სად დევს კარგად ყოფნის საიდუმლო? მადლიერების გრძნობაში. მადლიერების – იმის გამო, რომ გავჩნდით და ვარსებობთ, რომ ფეხზე ვდგავართ. მადლობა თითოეული ამოსუნთქვისთვის, თითოეული ადამიანისთვის ჩვენს ცხოვრებაში, თითოეული თეთრისთვის თუ გადადგმული ნაბიჯისთვის.

პანდემიის დროს, როდესაც ჩაკეტილები ვიყავით და ყველას ძალიან გვიჭირდა, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად თუ მატერიალურად, სახლიდან გავედი და უცებ შევიგრძენი უდიდესი ბედნიერება იმის გამო, რომ შემეძლო გარეთ გასვლა, სიარული, რომ მქონდა სახლი, სადაც დავიძინებდი, მქონდა საკვები და სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარდა. მადლიერება არის საფუძველი იმისათვის, რომ არ დაღონდე. არავის ვასწავლი ცხოვრებას, ზოგ ადამიანს ისეთი ტკივილი აქვს, რომელსაც ვერ აშუშებ, ისეთი პრობლემა აქვს, რომლითაც ძალიან უჭირს ცხოვრება და მესმის, ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ როგორღაც მაინც უნდა გავუძალიანდეთ და ვეცადოთ, არ დავღონდეთ, წინ გავიხედოთ.

მე ვინანიებ ცოდვებს, მაგრამ უკან არ ვიხედები. არ ვეკიდები შეცდომებს, რომელიც ჩადენილი მაქვს. წინ ვიყურები და ვცდილობ, იგივე შეცდომა აღარ ჩავიდინო, სწორად გავაანალიზო მოვლენები და არასდროს მერიდება ბოდიშის მოხდა. თუ ვაშავებ, ბოდიშსაც გულწრფელად ვიხდი და წინ მივდივარ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. წარსულს ვერ შეეხები, იქ ვერაფერს შეცვლი, ის უკვე მხოლოდ შთაბეჭდილებებია. მომავალიც არ არის ხელშესახები, მაგრამ პერსპექტივაში არსებობს და უნდა იშრომო, რომ ის კეთილი გქონდეს. მხოლოდ აწმყოა ხელშესახები, აქ შეგიძლია, იმოქმედო და ეცადო, უკეთესი გახდე. და თუ ღმერთმა მომავალი გიბოძა ამ დედამიწაზე, ღირსეულმა და თავაწეულმა, შეცდომების სწორად გააზრებით გააგრძელო გზა წინ.

– არის თვისებები, რომლის გამოსწორებასაც საკუთარ თავში დღემდე ცდილობთ?

– რამდენიც გინდათ. ეს აღსარების თემაა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ადამიანის ბუნებაში დევს ეგოიზმი. მე ერთადერთი შვილი ვიყავი, მარტო ვცხოვრობ და ალბათ, როგორც ყველას, მეც მიყვარს კომფორტი, მიყვარს, როცა მაქებენ. თუმცა, კატეგორიულად არ შეიძლება ადამიანმა მუდმივად ქება-დიდება ისმინოს. სახეში გარტყმაც აუცილებელია, რომ წონასწორობა არ დაკარგო. თუ იფიქრებ, რომ საუკეთესო ხარ, მერე ცხოვრება ადვილად წაგაქცევს. ბევრი თვისებაა გამოსასწორებელი, მაგრამ ადამიანმა მცდელობა არ უნდა დააკლო, რომ უკეთესი გახდე.

– ქალების დიდი ნაწილი განიცდის ასაკის მატებას. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ.

– ნამდვილად. მე ასე კომფორტულად არასდროს მიგრძნია თავი. დღეს მეცნიერება განვითარდა, ადამიანი თავს უვლის, სწორი კვება კარგ შედეგს გვაძლევს, სწორი ცხოვრების წესი ბევრს განსაზღვრავს. მე არ ვცხოვრობ ღამის ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს მიწევს კონცერტებზე გამოსვლა. როდესაც საქმეს ვასრულებ, მოვდივარ და დროულად ვიძინებ, ვისვენებ. ღამის ცხოვრების გამოცდილება ჯაზკლუბის პერიოდში გავიარე. მაშინ უფრო ახალგაზრდები ვიყავით, ვმღეროდით, ვცეკვავდით და შემდეგ სამსახურში მივდიოდით. 3-4 საათი მეძინა ხოლმე, მაგრამ ეს არ არის სწორი. ადამიანმა თავიდანვე უნდა იზრუნოს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რაც ღმერთმა უბოძა. არ შეიძლება, მას უდიერად მოექცე. თავს უნდა მოუარო, უნდა განვითარდე მენტალურადაც და ფიზიკურადაც. ამას ვცდილობ და რაც დრო გადის, უკეთ ვგრძნობ თავს. არ ვიცი, უფალი მომავალში რა გამოცდას დამახვედრებს. ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და მეც შეძლებისდაგვარად, ამისთვისაც ვემზადები. დღეს და ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა გამოცდას გავუძლო. ზემოთაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან მეხმარება ქრისტიანული მსოფლმხედველობა და ტაძარი.

რაც არ მაქვს, იმაზე არ ვტირი და მადლობელი ვარ იმის გამო, რაც მაქვს – ჩემთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული