შოუბიზნესი

მაგდა ჯოხაძე: მიუხედავად იმისა, ბებიაც გავხდი, მიმაჩნია, რომ ყველა ქალისთვის აუცილებელია გალაღებული იყოს თავის პირად ურთიერთობებში

№17

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00

მაგდა ჯოხაძე
დაკოპირებულია

მაგდა ჯოხაძე ახლახან ბებია გახდა. პირველმა შვილიშვილმა, აღდგომის ბრწყინვალე დღეები კიდევ უფრო გაულამაზა და გაუბედნიერა. მართალია, ჯერ მის დაბადებას არ ელოდნენ, მაგრამ პატარამ დროსა და მოვლენებს დაასწრო და ბრწყინვალე დღესასწაულზე ინდომა მოვლინება. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ოჯახს პატარას დაბადებას, იღბლიან და წარმატებულ ცხოვრებას უსურვებს.

მაგდა ჯოხაძე: ყველა მართლმადიდებელი, მაზიარებელი ადამიანისთვის აღდგომა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. და, რასაკვირველია, ჩემთვისავ. მაგრამ, თუ ასეთ დღესასწაულზე ჩემი შვილიშვილი მოევლინებოდა ქვეყანას, ვერ წარმოვიდგენდი. ამხელა სიხარულთან ერთად, დანიელმა ოჯახში გაორმაგებული, პლუს, ბედნიერება შემოიტანა. ასე ვთქვათ, შვილიშვილმა სიურპრიზი გამიკეთა და არა მარტო მე, არამედ მთელს ოჯახს. მის დაბადებას მაისის 25 რიცხვისთვის ველოდებოდით, მაგრამ პატარა კაცმაცუნამ არ ისურვა მხოლოდ ოჯახის სადღესასწაულოდ მოვლენა და ინება მთელი მართლმადიდებლური სამყარო რომ ზეიმობს, იმ დღეს მოვლენილიყო ამქვეყნად. შვითთვე-ნახევრიანია, თვე-ნახევრით ადრე დაიბადა, კილო და შვიდასი გრამი დაიბადა. პაწაწუნა, მაგრამ ჯანღონით სავსე ბიჭია. დროზე ადრე გამოგვეცხადა და დაგვიჩქარა ბედნიერება. უფალს მადლობა, ჩემი შვილისა და შვილიშვილის გადარჩენისთვის. უფლის წყალობაა, ისინი რომ კარგად არიან და ზაალ კოჭლამაზიშვილის, რომელმაც მარის საკეისრო კვეთა ჩაუტარა. ასევე, უდიდეს მადლობას ვუხდი „პინეოს“ მთელ შემადგენლობას. რომ არა ზეკვალიფიციური ექიმი, ბატონი ზაალი, შეიძლება, ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. იმიტომ რომ, მარიკუნა რეზუს უარყოფითია და იყო საშიშროების რისკი. ეს იყო წამიერად მისწრებული და გადარჩენილი სიცოცხლე, დედისთვისაც და შვილისთვისაც. ესეც ღმერთის წყალობაა, რომ ზაალი ჩემი ოჯახის ახლობელი და ჩემი ძმობილია, მთელი ორსულობის პერიოდში მარის ზედამხედველობდა და წამებში მივასწარით, რომ ნაყოფსა და დედას საფრთხე არ შექმნოდა.

– ახლა როგორ არიან დედა-შვილი?

– მიუხედავად ნაადრევი მშობიარობისა და რისკებისა, ახლა ორივე მშვენივრადაა, მადლობა უფალს. წამოპლაკულია კაცმაცუნა და იმხელა ხმა აქვს, ანგრევს იქაურობას (იცინის).

– ესე იგი, უკვე გენეტიკური ნიჭიც გამოავლინა?

– ასე გამოდის (იცინის). იოგები კარგად დამუშავებული აქვს, იმხელას გასჭყივის. კიდევ ერთხელ მადლობა უფალს, რომ გამიასმაგა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შეგრძნება ამ საოცრების ამქვეყნად მოვლენით. მადლიერი ვარ ყველაფრის. ზოგადად, ცხოვრებაში ყოველთვის მობილიზებული ვარ, არასდროს ვიბნევი, მაგრამ მარი რომ მშობიარობდა, ბრინჯივით დაბნეული ვიყავი. ხელში მეჭირა ტელეფონი და დავკარგე, ასევე, ქურთუკიც. იმდენაც ვნერვიულობდი და დაბნეული ვიყავი.

– ანრი როგორ შეხვდა ბაბუობას?

– ანრი ჩემ გვერდით იყო და ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა. ჩემი შვილებისთვის ჩემი ძმები, ანრიც და ომარიც, მამასავით არიან. მე თუ ვნერვიულობდი, იმათ ვერ დაელაპარაკებოდი.

– მშობიარობას ოჯახის წევრები თუ დაესწარით?

– ვაპირებდი დასწრებას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა საკეისრო. ზოგადად, ემოციური კი ვარ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში არ ვიბნევი, ემოციური მხარე ითიშება. მობილიზებული ვარ და დაგეგმილი მოქმედებები მაქვს, მაგრამ შვილს რომ ეხებოდა საქმე, ვიყავი შეურაცხადი – არ მესმოდა, ვერ ვმეტყველებდი.

– მარი რამდენი წლის გახდა დედა და თავად, რამდენი წლის იყავი, როცა დედა გახდი?

– მარი 31 წლისაა, დიდი გოგოა, მე ხომ აკვანში გავთხოვდი (იცინის). 17 წლის ასაკში გავხდი მარიკუნას დედიკო და 18 წლის ასაკში გიორგი შემეძინა, სხვათა შორის, ისიც – ექვსთვე-ნახევრიანი და ვამბობდი, ალბათ, გენეტიკურია, ეს დროზე ადრე დაბადება-მეთქი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი, დედობაც კარგად გავითავისე და გავიაზრე, არ ვიქებ თავს, მაგრამ ძალიან კარგი დედა ვიყავი და ვარ და არ მგონია, ახლა, ბებიობაში გავაფრინო და პასუხიმგებლობას გავექცე (იცინის). რითიც შემეძლება, დავეხმარები ჩემს ორივე შვილს, ჩემი თავი ენაცვალოთ მათ! მოკლედ, ბებიობა კარგად გათავისებული მაქვს. ახლა 48 წლის ვარ და ჩემზე პატარა ბებიებიც არიან. ვთვლი, რომ დროულად გავხდი ბებია და უბედნიერესი ვარ.

– დიდი ბებია როგორ შეხვდა შვილიშვილის შვილის დაბადებას?

– ისეთი აჟიტირებულია დიდი ბებია, ცხოვრებაში სახლი რომ არ დაულაგებია, დაიწყო სახლის დაპრიალება, სადილების მომზადება. არადა, მთელი ცხოვრება სხვა ეხმარებოდა ასეთ საკითხებში. ყველამ იცის, რომ დედა ბორშს ნამცხვრის საღებავებით გვიფერადებდა, რომ არ გვეყვირა, რატომაა ყვითელიო (იცინის), მჭადები კი ხუთკუთხედი გამოსდიოდა (იცინის). მაგრამ, ჩვენ სხვის გაკეთებულს მაინც არ ვჭამდით. რომ გაიგო, მარიკუნას შვილი შეეძინა და უკვე დიდი ბებიაა, უნდა გენახათ, რუსუდანი რა დღეში იყო. ვერ მოასწრებთ ვერც ჭურჭლის გარეცხვას და ვერც სახლის დალაგებას. დანიელის მოვლინებით რუსუდანმა მეორე სიცოცხლე შეიმატა. მარიკუნა მისი გაზრდილია და ამბობს, დანიელიც მე უნდა გავზარდოო. მე და ანრი გაოცებულები ვართ, დილის ექვსი საათიდან რომ იწყებს შემართებით მობილიზებას. ჯერ დანიელი ინკუბატორშია. მისი წონისა და დღენაკლულობის გამო ორი კვირა ვერ გამოწერენ და წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება რუსუდანი, მას რომ სახლში გამოვიყვანთ და ხელში დაიჭერს. ჩართავს ტელეფონში ვიდეოს და ეფერება და ეფერება. სხვათა შორის, ანრი ჰოროსკოპში ერკვევა და სულ ეუბნებოდა მარიკუნას: შენ ვერძი შვილი გეყოლებაო. ეს კი უმტკიცებდა: ვერძი როგორ, კურო ან ტყუპები უნდა დაიბადოსო. და კი ახდა ანრის ნათქვამი. ინტუიცია აქვს განვითარებული და ისე დაიჩემა ვერძი უნდა გაჩნდესო, იწინასწარმეტყველა მისი ნაადრევად დაბადება. კიდევ ვამბობ, იმ დიდ სიხარულთან ერთად, დანიელმა თავისი ნაადრევი დაბადებით ასმაგად გაგვილამაზა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ისეთი ბედნიერი ვარ ბებიის ამპლუაში და ჩემი შვილის ბედნიერებით, ვერ აგიწერთ. სხვათა შორის, მარი პანიკიორი დედაა და ამაში, მე არ მგავს. მეკითხებიან: ბავშვმა ბებია უნდა დაგიძახოსო? ჯანმრთელი და ბედნიერი კაცი გაიზარდოს და რაც უნდა ის დამიძახოს, თუ უნდა, კონსტანტინე დამიძახოს, არ აქვს მნიშვნელობა (იცინის).

– მაგდა, რამდენად გამართლებული ცხოვრება გაქვს და ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობ, რამ მოგცა სტიმული და ძალა, ყოფილიყავი ძლიერი ქალი?

– რომ გითხრათ, ცხოვრებაში ყველაფერი ხონჩით მომდიოდა-მეთქი, მოგატყუებთ. შინაგანად რომ გაიზარდო, შენი გადასატანი ტკივილიც უნდა გადაიტანო. მაგრამ, უფალი არასდროს მოგივლენს ისეთ განსაცდელს, რასაც ვერ გადაიტან. ალბათ, განსაცდელები, ამა თუ იმ დროს, საჭირო იყო ჩემთვის ჭკუის სასწავლებლად, რომ მინუსების წრეზე არ მევლო და ამ ჭკუით, ასეთ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი. ყოველთვის მადლობელი ვარ უფლის, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების, მშიერიც და მაძღარიც ასეთ ადამიანად რომ ჩამოვყალიბდი. სიტყვა ბოროტის მნიშვნელობაც კი არ ვიცი და ამით ბედნიერი ვარ.

– წლებია, მეუღლეს გაშორებული ხარ. არასდროს გიფიქრია, ისევ დაგეკავშირებინა ბედი საყვარელ მამაკაცთან და მეორედ შეგექმნა ოჯახი?

– მეუღლეს 12 წელია, გაცილებული ვარ, მაგრამ ცივილური ურთიერთობა გვაქვს. 18 წელი ვიყავით ერთად და არაჩვეულებრივი შვილები გვყავს. ჩვენ ბავშვები შევუღლდით, მერე გავიზარდეთ, პრიორიტეტბი შეგვეცვალა და ხასიათიც. შვილებს კარგი ურთიერთობა აქვთ მამასთან და ახლა დანიელმა ორივე ბებია-ბაბუა გაგვხადა. ასე რომ, ის ბედნიერია, სადაც არის და მეც ბედნიერი ვარ, სადაც ვარ. თუ ურთიერთობა ფრონტის ველად იქცევა, სჯობს, დაასრულო ურთიერთობა. რაც შეეხება გათხოვებას, სერიოზულად ამაზე არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, აუცილებელია, გვერდით გყავდეს შენი საყვარელი მამაკაცი, შენი მომფერებელი, რომ ვიღაცას შეეფარო, მაგრამ თუ ვიღაც იმისთვის უნდა მოვძებნო, რომ ბედნიერი ვიყო – არა. ისედაც სავსე ვარ ბედნიერებით და თუ ვინმე გამოჩნდა, ვინც მე მაფიქრებინებს სერიოზულ ურთიერთობაზე, ჩემს სილაღეს გაითავისებს და ამით თავადაც გაილაღებს ცხოვრებას, მერე ვიფიქრებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი შვილები მყავს და ბებიაც გავხდი, მიმაჩნია, რომ ყველა ქალისთვის აუცილებელია, იყოს გალაღებული პირად ურთიერთობებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა