ლორენა ზოიძე: სადმე რომ მივდივართ, მე უცებ ვემზადები, მერე ვდგავარ და ორი საათი ჩემს ქმარს ველოდები
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 10.06, 2022 წელი

ულამაზესი მოდელი ლორენა ზოიძე მალე დედა გახდება. პანდემიიდან გამომდინარე, მან და მისმა მეუღლემ - გივი ტაბაღუამ, აქამდე ქორწილის გადახდა ვერ მოახერხეს, თუმცა ერთ თვეში ულამაზესი საქორწილო ცერემონიით ამ დანაკლისსაც შეივსებენ.
ლორენა ზოიძე: როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, გადავწყვიტე, მეუღლისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და ორიგინალურად მეთქვა ამის შესახებ. ამიტომ შევიძინე ბაჩუჩები, დავწერე წერილი მამიკოსთვის და ლამაზად შეფუთული ვაჩუქე. როცა გახსნა, არ სჯეროდა და სამჯერ მკითხა, მართლაო? (იცინის) ჯერ მეც ვერ დავიჯერე, რომ დედა გავხდები, რაც ალბათ, ბუნებრივია, როცა პირველ შვილს ელოდები.
– პრეტენზიული ფეხმძიმე ხარ, ქმარს საოცრებებს სთხოვ?
– სხვათა შორის, ისედაც ყოველთვის ასე იყო (იცინის). რაღაც თუ მინდოდა, მაშინვე ყიდულობდნენ ჩემთვის და ახლა ამბობენ, ეს სულ ასეთი იყოო და ორსულობას არ აბრალებენ (იცინის). მეუღლე ყველანაირად მანებივრებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ მალე შვილი გვეყოლება.
– ქორწილის გადახდას აპირებთ?
– კი, ქორწილი ერთ თვეში გვექნება, ხელი კი უკვე მოვაწერეთ. იმდენი საქორწილო კაბა მეცვა, არჩევანის გაკეთება მიჭირს. თურქეთში, გადაღებაზე სამასზე მეტი კაბა მაინც მაქვს მორგებული და მე და ჩემი დიზაინერი ვეღარ ვხვდებოდით, როგორი კაბა უნდა მცმოდა საკუთარ ქორწილში. ბოლოს რაღაც აზრამდე მივედით, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი, მინდა, ეს ყველასთვის სიურპრიზი იყოს (იცინის). ძალიან სადა და ლამაზი ქორწილი გვექნება, თეთრ და „ბეჟ“ ფერებში.
– საქორწინო მოგზაურობა პარიზში გქონდათ?
– არა, პარიზში, უბრალოდ, ვიმოგზაურეთ. ორსულობა თუ მომცემს მგზავრობის საშუალებას, მერე; ალბათ, სადმე კუნძულზე წავალთ. პარიზიდან აღფრთოვანებულები დავბრუნდით, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ძვირიანი ქალაქია (იცინის). ერთი კვირით ვიყავით და ბევრი ლამაზი ადგილი მოვინახულეთ. შოპინგისთვისაც ულამაზესი ადგილებია, ძალიან მდიდრული მაღაზიებით.
– მეუღლე არ დაღალე მაღაზიებში სიარულით?
– არა, თუ რამის ყიდვა მინდა, თვითონ ვყიდულობ, მას არ ვთხოვ ხოლმე ან თვითონ იჩენს ინიციატივას. რაც შეეხება იმას, რომ გოგონები ბიჭებს ღლიან შოპინგისას, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა – ჩემს ქმარს ყოველთვის მე ველოდები შოპინგის დროსაც და სახლიდან გასვლისასაც. სადმე რომ მივდივართ, მე უცებ ვემზადები და მერე ვდგავარ და ორი საათი მას ველოდები. გოგოებმა რომ იციან ტანსაცმლის ათასჯერ გამოცვლა, ასე იცვლის და ამ ამბავში როლები გვაქვს გაცვლილი, რის გამოც ხშირად ვჩხუბობთ (იცინის). შოპინგზეც ზუსტად ასეა. მე რამე თუ მომეწონება, მაშინვე ვიყიდი, არც კი მოვიზომავ. ეს ათასჯერ ჩაიცვამს, მერე სხვას ნახავს, მერე ისევ ჩაიცვამს, მერე ფიქრობს, ახალი ნივთი მისი გარდერობიდან რას მოუხდება და ამასობაში გადის საათები. ამიტომ, შევთანხმდით, რომ შოპინგზე ცალ-ცალკე ვივლით.
– რა შეცვალა ქორწინებამ თქვენს ურთიერთობაში?
– ზუსტად იგივე პატივისცემა, ერთგულება და სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ, რაც წლების წინ. ქორწინებას არაფერი შეუცვლია. არც სახლში დავმჯდარვარ და არც სამზარეულოში ვცხოვრობ (იცინის). ორივეს ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს და ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებით. მაგალითად, მე თუ საჭმელს ვაკეთებ, ის ჭურჭელს რეცხავს. უკადრისა არ არის და არ იქცევა ისე, როგორც ზოგი ქართველი „ვაჟკაცი“. მე შეიძლება, არ გამომდის ძალიან გემრიელი კერძები, მაგრამ ვცდილობ მაინც. აქამდე სამზარეულოსთან შეხება არ მქონია, სახლში საჭმელი არასდროს გამიკეთებია. ბებიაჩემი ძალიან მოწესრიგებული ქალია და თმა რომ არ დამვარდნოდა, სამზარეულოშიც არ მიშვებდა (იცინის). ახლა ნელ-ნელა ვიხვეწები და დავრწმუნდი, რომ ქალმა „სამზარეულო“ უნდა იცოდეს. არიან გოგონები, ვისაც ეს საერთოდ არ აინტერესებს, ამბობენ, კარტოფილსა და კვერცხზე მეყოლება ოჯახიო, მაგრამ მე ასეთი არ ვარ.
– მეზღვაურის ცოლი ხარ, რა სირთულეებს მოიცავს ეს?
– ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს წარმოუდგენელი მონატრება და გულში ჩაკვრის მოლოდინი, არც ის იცის, როგორია მარტო დაძინება. ყოველთვის იმას ვამბობდი, მეზღვაურს ცოლად არ გავყვები-მეთქი, მაგრამ ჩვენ არ ვარჩევთ, ვინ შეგვიყვარდება. საყვარელ ადამიანთან სიშორე ძალზე რთულია, მეუღლე ხომ ჩვენი ცხოვრების მეგზურია და გვინდა, მუდამ გვერდით გვყავდეს. ჩემთვის ზღვა ასოცირდება დიდ მონატრებასთან და მანძილთან, რაც ჩემს სიყვარულთან მაშორებს, ტალღები ის უძილო ღამეებია, რომლებიც მაწუხებს, სანამ ის ჩემგან შორს არის. სულ ვფიქრობ – როგორ არის? რამე ხომ არ უჭირს?.. ბევრისთვის მეზღვაურის ცოლობა ასოცორდება ფულთან, იმასთან, რომ მათ ოჯახებს არაფერი უჭირთ და მეტიც, ყველაფერი თავზე გადასდით. ცდებით, ვერცერთი ძვირფასი ნივთი და საბანკო ანგარიში ვერ შემივსებს იმ დანაკლისს, რასაც თვეობით მასთან განშორება ჰქვია. რთულია, როცა შუა ზღვაში, ხმელეთიდან შორს ჩვენი კონტაქტი წყდება და კავშირი ზოგჯერ კვირები არ მყარდება, რადგან ინტერნეტის პრობლემაა. ამ დროს ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენია. და მაინც, რასაც თვითონ მეზღვაური გადის და იტანს – სიშორეს, მონატრებას, უდიდეს ფსიქოლოგიურ სტრესს, წვალებას იმისთვის, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს, ვერაფერი შეედრება. ამ ყველაფრის ფასი მხოლოდ მეზღვაურმა იცის! ყველას ვუსურვებ საკუთარ ოჯახში მშვიდობით დაბრუნებას!
– ახლა მოგიწევს განშორება?
– კი. ქორწილის შემდეგ წავა და ექვსი თვის შემდეგ, დეკემბერში ჩამოვა. ძალიან დიდი ხანია, ახალ წელს სახლში არ შეხვედრია. ამჯერად, სავარაუდოდ, ბავშვის დაბადების დროისთვის ჩამოვა. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისში მიწევს მშობიარობა. მის გარეშე ნახევარი წელი მომიწევს ყოფნა. რომ მიდის, ძალიან დიდი დეპრესია მაქვს, რთულად გადამაქვს განშორება, ამიტომ ახლა ამაზე ფიქრი არ მინდა.
– ერთმანეთზე არ ეჭვიანობთ ხოლმე?
– ძალიან ეჭვიანი არ ვარ და თვითონაც არ მაძლევს საბაბს. ზოგჯერ მაინც მაქვს ხოლმე ეჭვიანობის მომენტები, მაგრამ ახლა მეც მიკვირს – ქმარი მყავს და როგორ არ ვეჭვიანობ-მეთქი? (იცინის) ხომ იცით, გოგონები როგორები ვართ, ყველაფერში პრობლემას ვეძებთ, რომ მერე ვიჩხუბოთ და მე რატომღაც ვერ ვპოულობ პრობლემას (იცინის). დიდი ხანი ყველაფერი იდეალურად რომ მიდის, რაღაც არ გასვენებს და გინდა, ძალით შექმნა პრობლემა, თუმცა, არც მინდა. იყოს ყველაფერი იდეალურად, ისე, როგორც არის (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან