შოუბიზნესი

ლოლა წერეთელი: რომ ამბობენ, მკვდრების მეშინიაო, მე პირადად ცოცხალი ადამიანების უფრო მეშინია

№25

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 29.06, 2022 წელი

ლოლა წერეთელი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ლოლა წერეთელთან 👇

სახელი: ლოლა.

გვარი: წერეთელი.

პროფესია: მომღერალი.

– ბავშვობა...

– სამი წლიდან ვმღერი და ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებები მშობლებს უკავშირდება, რომლებიც ასევე მუსიკოსები იყვნენ. შესაბამისად, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია მუსიკასთან. სულ კონცერტებსა და ღონისძიებებზე ვიყავით ხოლმე, ამ სფეროში ვტრიალებდით მთელი ოჯახი. სკოლაში სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში ხშირად ვიღებდი მონაწილეობას, ჩემი ძმაც მუსიკოსია, მოკლედ, ჩემი ბავშვობა მუსიკასთან ასოცირდება.

– მშობლების როლი...

– ყველაფერი, რაც დღეს მაქვს და ის, რაც დღეს შემიძლია, მათი დიდი დამსახურებაა. როცა მუსიკალურში ვსწავლობდი და მომღერლობაზე ვფიქრობდი, დიდ სტიმულს მაძლევდნენ. არადა, მაშინ იყო შეხედულება, რომ ექიმი ან სხვა პროფესიის უნდა ყოფილიყავი, რადგან მომღერლობით თავს ვერ ირჩენდი. არასოდეს უთქვამს დედას და მამას მსგავსი რამ, პირიქით, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი საქმე იყო სიმღერა. მათი დიდი წვლილია, რომ დღეს სცენაზე ვარ. განსხვავებული ოჯახი მქონდა, სადაც ხელოვნებას უზომოდ აფასებდნენ.

– ჩემი მეტსახელი...

– „ლოლიქ“, სახელიდან გამომდინარე ასე მეძახდნენ მოფერებით.

– ადამიანში ვაფასებ...

– სამართლიანობას, ერთგულებასა და სიყვარულის უნარს. ადამიანი სავსე უნდა იყოს სიყვარულით, ბრაზმა არ უნდა სძლიოს და მხოლოდ სიკეთე აკეთოს. რაც მთავარია, საკუთარ პროფესიას უნდა ემსახუროს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, მთავარია, პროფესიონალი იყოს. მე ჩემი პროფესიით ხალხს სიყვარულს, სიხარულს ვჩუქნი. სულ მინდა, ჩემს მსემენელს მოვეფერო, სხვაგვარად არ შემიძლია. დღეს პროფესიონალიზმი ძალიან დასაფასებელია. ადამიანი საკუთარი საქმით უნდა ქმნიდეს ისეთ რამეს, რაც სხვას ბედნიერებას მიანიჭებს.

– წარმატებული ადამიანი არის...

– კეთილი ადამიანია წარმატებული. სიკეთიდან მოდის ყველაფერი კარგი. არ უნდა იყო ბოროტი და რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, არ უნდა გაბოროტდე. თუ შენ წინ ბოროტი დგას, მას უნდა დაანახვო შენი სიკეთე, მაგალითი აჩვენო. ის შეიცვლება თუ არა, არავინ იცის, მაგრამ შენ შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო. მსგავსი ქმედებით აჩვენებ, რომ სიკეთე ბევრად ძლიერი ძალაა, ვიდრე ბოროტება.

– მწამს...

– იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაც არ უნდა რთული სიტუაცია გქონდეს, უნდა ირწმუნო, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. რწმენა არის მთავარი და ის არ უნდა დავკარგოთ. ოპტიმიზმი სიცოცხლის მამოძრავებელი ძალაა.

– მეშინია...

– სიმართლე გითხრათ, ადამიანების მეშინია, რადგან არასოდეს იცი, რას უნდა მოელოდე მათგან. რომ ამბობენ, მკვდრების მეშინიაო, მე პირადად ცოცხალი ადამიანების უფრო მეშინია, რომ არ მაწყენინონ, ცუდი არ გამიკეთონ ან რაიმე არ დამიშავონ.

– ვრისკავ...

– ხშირად. ცხოვრებაში ვდებ მიზანს, ვამბობ: ეს უნდა გავაკეთო და ვაკეთებ. ამ გზაზე თუ გარისკვა იქნება საჭირო – ვრისკავ. მთელი ცხოვრება რომ იფიქრო, გააკეთო თუ არა კონკრეტული რამ, მაშინ აზრს კარგავს ყველაფერი. შეიძლება, წააგო, არ გამოგივიდეს, მაგრამ შენ ხომ ეცადე. ეს მცდელობაა მთავარი, რადგან შედეგად გეძლევა გამოცდილება, რომელიც გასწავლის, სამომავლოდ გიღირს თუ არა კონკრეტული რამის გაკეთება. რისკი კარგი რამეა, ძალიან გეხმარება ცხოვრებაში.

– მაკვირვებს...

– დღეს ისეთი ცხოვრებაა, არაფერი აღარ აკვირვებს ადამიანს.

– ვერიდები...

– ვთვლი, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა საშუალო დონეზე უნდა იყოს, არასოდეს უნდა გადახვიდე, ეგრეთ წოდებულ, ოქროს შუალედს. არ გამოდის ხოლმე ასე, მაგრამ შენ უნდა ეცადო.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– დღეს ბევრი ძალიან კარგი, ჭკვიანი, ლამაზი ახალგაზრდაა, რაც უზომოდ მახარებს. დროსთან ერთად ბევრი რამ იცვლება, დღეს საშუალო ურთიერთობებია, მეტ-ნაკლები სიახლოვე აქვთ ერთმანეთთან, რაღაც ზედაპირულად, ამერიკულად ვცხოვრობთ (იცინის). ამიტომ, ყოველთვის მიმაჩნია, რომ „ოქროს შუალედი“ ყველაზე კარგი გამოსავალია, ყოველი შემთხვევისთვის, თავად ასე ვცდილობ ცხოვრებას. ყოველთვის ყველას არ ეყვარები, ეს უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა, მთავარია, შენ არ გააკეთო ცუდი.

– ბედისწერა...

– ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს. არ ვიცი, რამდენად არსებობს ვიღაცის მიერ დაწესებული ბედი, მაგრამ მგონია, თითოეული ჩვენგანი თავად ვწერთ ჩვენს მომავალს, ვირჩევთ იმ გზას, რომელსაც შემდეგ ბედს ვეძახით. შეიძლება, ეს შეხედულება სხვისთვის მისაღები არ იყოს, თუმცა მე ასე ვფიქრობ.

– მარტოობის განცდა...

– მიყვარს მარტოობა და კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა მარტო ვარ. თუმცა, მარტო არასოდეს ვგრძნობ თავს, იმდენი მსმენელი მყავს და იმდენი სითბო მოდის მათგან.

– სიცოცხლე არ ღირს...

– მზისა და პატარა ბავშვების გარეშე არ შეიძლება ცხოვრება. მე პირადად მუსიკის გარეშე არ შემიძლია სიცოცხლე, მაშინაც კი, როდესაც ვსაუბრობ, შინაგანად ვმღერი.

– რთული პერიოდი...

– პანდემიის დრო იყო რთული პერიოდი, ყველა ამ მდგომარეობაში ვიყავით და ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს. ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის იყო, როცა არ ვმღეროდი. ჩემი პროფესია მენატრებოდა და ძალიან გამიჭირდა, თუმცა, დეპრესია და მსგავსი რამ არ მქონია. ზოგადად, არ ვარ დეპრესიული ადამიანი, მთელი ჩემი ცხოვრება ოპტიმისტი ვარ.

– სიყვარული...

– ყველაფერია. ცხოვრებაა სიყვარული, ბავშვებია სიყვარული, ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაზე არსებობს. ყველა ადამიანს აქვს ამ გრძნობის შეგრძნების უნარი. აუცილებელი არაა, ვიღაცა გიყვარდეს, ჩვენ რომ ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ, აი, ეს უკვე არის სიყვარული.

– დრო და სიყვარული...

– ძალიან ინდივიდუალური საკითხია, თავად ადამიანზეა დამოკიდებული. რაც უფრო ძლიერია ადამიანი, მით უფრო დიდხანს რჩება ეს გრძნობა მის ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც სავსეა სიყვარულით, ძლიერია.

– ჩემთვის უპატიებელია...

– ღალატი და ტყუილი. არის ხოლმე ისეთი სიტუაცია, როცა რამის თქმას გაჩუმება სჯობს, ყოველ შემთხვევაში, ტყუილს. ცუდი თვისებაა, როცა ღალატობ და ატყუებ. ადამიანად უნდა დარჩე ამ სამყაროში და ღალატი არ უნდა გაივლო გულში.

– შემშურებია...

– ჩემს ცხოვრებაში მარტო მშურს ფერადკანიანი მომღერლების ტემბრის, სხვა შური რა არის, არ ვიცი. რა უნდა შემშურდეს სხვისი, მიხარია, რომ ჩემ ირგვლივ არიან ბედნიერები და წარმატებულები, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები მღერიან და ჩემი კოლეგები წინ მიდიან...

– სამაგიეროს გადახდა...

– არასოდეს არ უნდა გადაუხადო ადამიანს სამაგიერო, ეს არ შეიძლება. რატომ უნდა გახდე შენც ბოროტი? შეგიძლია, პირიქით, სიკეთით გადაუხადო, რომ დაანახვო მას, რა არის კარგი და რა – ცუდი.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს. როცა ვიცი, რაღაც დავაშავე, უპრობლემოდ შემიძლია, მობოდიშება.

– ვნანობ...

– დაკარგულ დროს, ისეთ საკითხებზე, რომლებზეც არ უნდა დამეკარგა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის სინანულია, ვთვლი, ალბათ, ასე იყო საჭირო. ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დროს ასე სჭირდება.

– ვაგროვებ...

– ფეხსაცმელს და ჩანთებს, საკმაოდ ბევრი ჩანთა მაქვს (იცინის).

– არასოდეს დამავიწყდება...

– ის დღე, როცა ვიგრძენი, რომ ვუყვარდი ჩემს მსმენელს. ოღონდ ეს არ არის კონკრეტულ კონცერტთან ან ღონისძიებასთან დაკავშირებული, უბრალოდ, მივხვდი, რომ ვუყვარდი და ვჭირდებოდი ჩემს მსმენელს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– წლებთან ერთად, ბევრი რამ ხდება, ამიტომ ჰქვია ამას ცხოვრება. არის სიტუაცია, რომელიც გვასწავლის, მიგვითითებს, მთავარია, არასდროს გაჩერდე. ყოველთვის წინ უნდა იარო, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.

– თავისუფლება არის...

– როცა თავად ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. 16 წლიდან დამოუკიდებელი ვარ, თავად შევქმენი ჩემი სახელი და ცხოვრება. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ვინმეს კონკურენტი ვიყავი ან პირიქით, ვინმე იყო ჩემი კონკურენტი – ყოველი მომღერალი ემსახურება თავის საქმეს. ადამიანი, რომელიც ფიქრობს კონკურენციაზე, ის არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული, ხოლო ის, ვინც საკუთარ თავში არაა დარწმუნებული, ვერასოდეს იქნება თავისუფალი.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– მამას რჩევები მახსოვს, ის იყო ჩემი იდეალი ადამიანი, როგორც მამა, როგორც მეუღლე, როგორც ბაბუა. ჩემთვის ყველაფერში საუკეთესო იყო, ბევრ რჩევას მაძლევდა და თითოეული მათგანი ყოველთვის მადგებოდა ხოლმე. ხშირად მეუბნებოდა: არასოდეს იყო ბოროტი, არ იფიქრო ფულზე და თავად შექმენი შენი პატიოსანი სახელი, რომელსაც მოუფრთხილდები. ჯერ უნდა იყო ადამიანი და შემდეგ მომღერალიო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი