ლიზა ვადაჭკორია: ერთადერთი შვილი მყავს, როდესაც ოჯახი შექმნა და შვილები შეეძინა, გარკვეულ საზღვრებზე მიმანიშნა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია ასტროლოგიური ნიშნებიდან კუროს წარმოადგენს, თუმცა, რადგან 21 აპრილს არის დაბადებული, მასში ვერძის თვისებები უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი.
ლიზა ვადაჭკორია: 21 აპრილს დავიბადე. ეს კუროს პირველი დღეა, ფაქტობრივად, ზღვარზე ვარ და ჩემი აზრით, ვერძის თვისებები უფრო მაქვს, ვიდრე კუროსი. საკმაოდ ჯიუტი ვარ, რაც უფრო ვერძებს ახასიათებთ. თუმცა, ჩემში ალბათ, კუროს ნიშნებსაც შეამჩნევთ, რადგან არის მომენტები, როცა პირიქით, რბილ და დამთმობ ხასიათს ვავლენ.
– ეცნობით ხოლმე ასტროლოგიურ პროგნოზებს?
– კი, ზოგჯერ ვკითხულობ. როდესაც ჩემს კარიერას ვიწყებდი, ჯერ კიდევ წლების წინ, რადიო „აუდიენციაში“ ვმუშაობდი. დილის ეთერში ჰოროსკოპებს ვკითხულობდით, რაც ძალიან პოპულარული იყო. თუ დილას ამით არ დავიწყებდით, მსმენელები საყვედურებით გვირეკავდნენ. მასალას ინტერნეტიდან ვიღებდით, მაგრამ მაშინ ინტერნეტი დღევანდელივით ხელმისაწვდომი არ იყო. ერთხელ ისე მოხდა, რომ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ და დავრჩით ჰოროსკოპის გარეშე. არადა, დილიდან რეკავს ხალხი და ითხოვს. დავჯექი და მე თვითონ დავწერე პროგნოზი. უკვე დაახლოებითი წარმოდგენა მქონდა ნიშნებზე და ყველას ძალიან მოეწონა (იცინის). სინამდვილეში, ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ჟურნალებში დაბეჭდილი პროგნოზები ზუსტად გამართლდეს და მართლაც ისე წავიდეს შენი ბედი, როგორც იქ კითხულობ ან ეკრანიდან ისმენ. ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხია, განსაკუთრებით, როცა განტვირთვის დრო გაქვს.
– 21 აპრილს დაბადებულები საკმაოდ ამბიციური ადამიანები არიან.
– 21 აპრილს არის დაბადებული ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი, 20 აპრილს – ჰიტლერი, 22 აპრილს – ლენინი. წარმოიდგინეთ, რა სამეულია!.. (იცინის) აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ განსაკუთრებული პიროვნებები ერთ პერიოდში იყვნენ დაბადებულები. მე უშუალოდ ელისაბედის დაბადების დღეზე ვარ დაბადებული და შესაბამისად, ყოველთვის მქონდა ამბიცია, რომ გამოჩენილი ადამიანი ვყოფილიყავი (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ რეალურად ამბიციური ნამდვილად ვარ, არის ეს თვისება ჩემს ხასიათში.
– ენერგიით სავსე და ძალიან დამოუკიდებელი ადამიანები არიან.
– ნამდვილად ასეა. ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. რთულ მომენტში არ ვიწყებ ყვირილს, მიშველეთ, რამით დამეხმარეთ-მეთქი, პირიქით, ყოველთვის თვითონვე ვიწყებ გამოსავლის ძებნას. ყოველთვის ვცდილობდი, სამსახური და შესაბამისად, საკუთარი შემოსავალი მქონოდა. ენერგიულობასაც არ ვუჩივი. ყოველთვის აქტიური ვიყავი და ხშირ შემთხვევაში, პარალელურად, რამდენიმე საქმეს ვაკეთებდი. გარდა ამისა, ვარ ბებია, მყავს ორი შვილიშვილი და არც ჩემს პატარებს ვაკლებ ყურადღებას.
– თუ რამეს ჩაიფიქრებს, აუცილებლად განახორციელებს.
– ვერ გეტყვით, რომ ყოველთვის იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, რომ ჩანაფიქრის ასრულებაში ეჭვი არ შემპარვია, თუმცა, ყოველთვის იმაზე მეტზე ვფიქრობ, ვიდრე დღეს მაქვს. წლების წინ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუ მე ამერიკაში გავემგზავრებოდი. ჯერ ერთი, ამერიკის ვიზის მიღება ძალიან რთულია და მეორეც, ძალიან შორსაა, მე კიდევ ძალიან მეშინია ფრენის. ამას ისიც ემატება, რომ ამ ქვეყნის მონახულება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. ამიტომ ჩემთვის ეს მხოლოდ ოცნება იყო. საბედნიეროდ, შარშან ამიხდა ეს ოცნება – ორი კვირით ვიყავი წასული და მოვინახულე ის ადგილები, რომელსაც შორიდან კარგად ვიცნობდი და ძალიან მაინტერესებდა.
– 21 აპრილს დაბადებულებს ძალიან უყვართ განცხრომა – საკვები, ძილი და სხვა ცხოვრებისეული სიამოვნებები.
– პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჰედონისტი ვარ. ეს არის ადამიანი, რომელსაც გემრიელი საჭმელი უყვარს. ხშირად მომისმენია, მე მხოლოდ ყველი და პური მაჭამე კარტოფილთან ერთად და მეტი არაფერი მინდაო. არასდროს ვყოფილვარ ამ აზრზე. ყოველთვის მიყვარდა გამორჩეული კერძები. თუ ზეთისხილი მიყვარს, რატომ უნდა ვინატრო შემწვარი კარტოფილი. გასტრონომიული სიამოვნება, კარგი სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამის გამო ძალიან მიყვარს მოგზაურობა..
– ისინი აღმერთებენ ყველაფერს ლამაზს.
– გაღმერთებით – არა, მაგრამ ვაფასებ. ხომ ამბობენ, გოგონები კონკურენციის გამო შეუხედავ დაქალებს ირჩევენ, რომ მათ ფონზე ლამაზები გამოჩნდნენო – ეს მომენტი არასდროს მქონია. პირიქით, ყოველთვის ლამაზი გოგონები მომოწონდა და მიხაროდა, რომ ჩემზე ლამაზი დაქალები მყავდა. საერთოდ, ლამაზ ადამიანებს ვაფასებ, თვალს უხარია მათი დანახვა. ზოგადად კი, სილამაზე – ადამიანის იქნება ის, ბუნების თუ მუზეუმში დაცული შედევრების, ძალიან მხიბლავს. მთრგუნავს ყველაფერი, რაც ამ სილამაზეს ამახინჯებს... ბუნებაში დაყრილი ნაგავი ავიღოთ, რამდენჯერ საკუთარი ხელით ამილაგებია, უნდა გავუფრთხილდეთ იმ სილამაზეს, რაც ღმერთმა გვაჩუქა.
– წესით საოცარი სიმშვიდით უნდა გამოირჩეოდეთ – ეს ახასიათებთ ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს.
– სიმშვიდე კუროს ახასიათებს. მე უფრო სიჯიუტისკენ ვიხრები. ექსტრემალურ სიტუაციაში შემიძლია, სიმშვიდე შევინარჩუნო, თავს ხელში ვიყვან, მაგრამ მე დედითაც და მამითაც გურული ვარ და ხასიათში ისეთი სიფიცხე მაქვს, რომ წამებში ვფეთქდები. მაგალითად, ძალიან ფიცხი ვარ, როდესაც მანქანას ვმართავ (იცინის). ბავშვებთან სიმშვიდეს ვინარჩუნებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთულია. ამიტომ ჰოროსკოპს ნაწილობრივ ვეთანხმები.
– უსაზღვრო მოთმინება აქვს და ეს ეხმარება მიზნების მიღწევაში...
– არა, პირიქით, საკმაოდ ფიცხი და სულსწრაფი ვარ. მაგალითად, თუ სადმე რიგში ვდგავარ, მოთმინება ძალიან მალე მეწურება და ვფიქრობ, რაში ვკარგავ დროს. მერე ჩემს თავს ვამშვიდებ, რომ არაფერი ვთქვა და ჩემი სიფიცხე არ გამოვხატო (იცინის). ცხოვრებაში ზოგჯერ მოთმინებაა საჭირო, უნდა ელოდო სასურველი მიზნის მიღწევას, მაგრამ ჩემთვის ეს იძულებითია. ვცდილობ, საკითხს ფილოსოფიურად მოვუდგე და თავს მოთმინებისკენ მოვუწოდებ. ეს არ არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ როცა საჭიროა, ვცდილობ, გამოვიმუშავო. საერთოდ, ვცდილობ, ჩემი ბასრი კუთხეები დავარბილო.
– საკმაოდ პრაქტიკული ადამიანები არიან. მაგალითად, ფულს ძალიან ჭკვიანურად ხარჯავენ და მომავალზე ფიქრობენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტი.
– ზუსტად ჩემზეა. მე მქონია, როგორც საკმაოდ მაღალი, ისე დაბალი ხელფასი. ყოველთვის ვსაზღვრავდი, დღეში რამდენი უნდა დამეხარჯა, რომ მეორე ხელფასამდე მიმყოლოდა. ხუთ დღეში რომ ხარჯავენ და მერე ვალებს კრეფენ, ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. არც გასესხება მიყვარს და არც სესხის აღება. რა თანხაც მექნება, იმდენს ვიკმარებ.
ჩემთვის დანაზოგზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიის დროს, როცა ყველაფერი გაჩერდა და ვეღარ ვმუშაობდით, მე ზუსტად ჩემმა დანაზოგმა გადამარჩინა. ამ თანხას ძალიან სკრუპულოზურად ვხარჯავდი და ვალისა და კრედიტის გარეშე გავიტანე თავი.
კომფორტი იმდენად მიყვარს, რომ რაღაც სისულელეში ფულს არ დავხარჯავ. ვიცი, რომ ამის გამო მერე რაღაც უნდა დამაკლდეს.
– ძალიან მესაკუთრეები არიან და შეიძლება, საყვარელ ადამიანებს თავისუფლებაც შეუზღუდონ.
– ნადვილად მესაკუთრე ვარ. ვაიმე, როგორ, ეს ხომ ჩემია? – ყოველთვის ეს დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ საკუთარ თავში რაღაცები უნდა შევცვალო. ერთადერთი შვილი მყავს და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მასთან განსაკუთრებული სიახლოვე მქონდა. როდესაც ოჯახი შექმნა და შვილები შეეძინა, მან გარკვეულ საზღვრებზე მიმანიშნა, მითხრა: დე, ეს ჩემი ოჯახია და მინდა, თვითონ ვმართო ჩემი ცხოვრება. ზედმეტად შენი ჩარევა არ არის საჭიროო. მე ვთვლიდი, რომ არასოდეს ვერეოდი მის ცხოვრებაში, მაგრამ ეტყობა, ის მითითებები, ქვაბი ასე უნდა დადგა და სუპ-ხარჩო ასე უნდა მოხარშო, მის პირად სივრცეში ჩარევად ჩათვალა და ამაზე მიმანიშნა. იმ მომენტში მეწყინა კიდეც, ვფიქრობდი, რომ ცუდს არაფერს ვურჩევდი – მისთვის მხოლოდ კარგი მინდა, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ ის გაიზარდა. ჩემი შვილია, მაგრამ საკუთარი ცხოვრება აქვს. ამას ადამიანი, უბრალოდ, უნდა შეეგუო. ცხოვრება მუდმივად გასწავლის და ვფიქრობ, ადამიანმა გაკვეთილები სასიკეთოდ უნდა გამოიყენო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





