შოუბიზნესი

ლიკუნა მეტრეველი: მე პოზიციას არ ვცვლი, რატომ ვერ გაიგე, ვასო, რა უნდოდა ამის მიხვედრას?

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 20.10

ლიკუნა მეტრეველი
დაკოპირებულია

ლიკუნა მეტრეველისა და ვასო ფხაკაძის უფროსი გოგონა უკვე სკოლის მოსწავლეა. ახალი ეტაპით გამოწვეული სიხარული და სასიამოვნო ემოციები ლიკუნამ გაგვიზიარა.

ლიკუნა მეტრეველი: ძალიან ემოციური მომენტია, როცა შენი შვილი სკოლაში პირველად მიდის. ნინას თითოეულ ქცევას ვაკვირდები, ყველაფერი მაინტერესებს, რაც მის თავს ხდება. მთელი ოჯახი მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე ვართ კონცენტრირებულები და ეს ძალიან სასიამოვნოა, თან ძალიან სანერვიულოც. ნინასთან ერთად მეც დიდ განცდებში ვარ. ორშაბათი პირდაპირ სასწავლო პროცესით დაიწყო. კვირას შეიკრიბნენ ბავშვები და მასწავლებელი ერთმანეთის გასაცნობად, მშობლებიც იქ ვიყავით, მაგრამ მერე მარტონი დავტოვეთ და მთელი დღე გულაჩუყებული დავდიოდი (იცინის). ჯერჯერობით ძალიან ბედნიერი მოდის სკოლიდან და აღფრთოვანებული გველაპარაკება ახალ მეგობრებზე, მასწავლებლებზე, საგნებზე და იმედი მაქვს, სულ ასე იქნება. ვხედავ, რომ თვალებში ბედნიერების პატარა ვარსკვლავები უციმციმებს და მეც ბედნიერი ვარ.

– ასაკით ცოტა დიდია, არა?

– კი, თებერვალში 7 წლის ხდება. ადრე ძალიან ვაქცევდი ამას ყურადღებას. ჯერ კიდევ ახალი დაბადებული იყო, რომ გადავთვალე ექვსწლინახევრის შევა სკოლაში-მეთქი (იცინის). ამ ასაკში თითოეული დღე რაღაცას ნიშნავს, ძალიან სწრაფად იზრდებიან და სწავლობენ. თუმცა, ახლა ვხედავ, რომ მზად არის სკოლისთვის და მთავარი ეს არის.

– ნიტა როგორ შეხვდა დასთან განშორებას?

– პანდემიამდე ვგეგმავდი, ნიტა ოთხწლიან ფრესქულის ჯგუფში მიმეყვანა და სახლში დარჩენა არ მოუწევდა, ერთ სკოლაში ივლიდა ორივე. თუმცა, ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, პანდემიის გამო დამატებითი სანერვიულო რომ აღარ შეგვექმნა. ძიძა გვეუბნება, რომ დღის განმავლობაში ხშირად არ კითხულობს დაიკოსო. ჩვენც ვაკვირდებით და მართალია, არ გამოხატავს, მაგრამ მგონია, გულის სიღრმეში ძალიან განიცდის. ისინი ხომ, პრაქტიკულად, ერთმანეთის გარეშე არც ყოფილან. ველოდები, ცოტა ჩაწყნარდეს სიტუაცია და მასაც გამოვუჩენთ საქმეს (იცინის). მომავალი წლისთვის უკვე დავარეგისტრირე ფრესქულში და ძალიან გაუხარდა.

– ლიკუნა როგორი დედაა?

– ვერ ვიტყვი, რომ იდეალური დედა ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, არც ცუდი ვარ. ვცდილობ, შვილებთან ურთიერთობაში ოქროს შუალედი დავიჭირო და ვიმეგობროთ. ვგრძნობ, რომ მათთან ერთად მეც გავიზარდე, შევიცვალე. ზოგჯერ მკაცრიც ვარ, როცა ერთმანეთში კინკლაობენ, ეს ძალიან მტკენს გულს. ვისაც მინიმუმ ორი შვილი მაინც ჰყავს, იცის, რა რთულია, როცა ორივე მხარეს შენი შვილია. ვცდილობ, მშვიდად ავუხსნა ორივეს, რომ ჩხუბი არ არის კარგი საქციელი. ამ დროს ვარ მკაცრი, თორემ ძირითადად, ვცდილობ, მათი მეგობარი ვიყო.

– საკუთარ ბავშვობას გახსენებს რომელიმე? როგორი იყავი მათ ასაკში?

– ნინა უფრო მამას ჰგავს. მგრძნობიარეა და ბევრი ფიქრი უყვარს. ნიტა უფრო თავისუფალია, ამით მგავს, მაგრამ მის ასაკში მეც ასეთი ვიყავი თუ არა, არ მახსოვს. ჩემი თაობის ბავშვების ინტერესები ძალიან განსხვავდება ჩემი შვილების ინტერესებისგან. მე იმ თაობას ვეკუთვნი, ყველანი ერთად ეზოში თამაშით რომ ვირთობდით თავს. მე ნამდვილი ბავშვობა მქონდა. ზომიერად ცელქი და თავისუფალი ბავშვი ვიყავი. გარშემო ძირითადად ბიჭები მყავდნენ და სულ მათთან ერთად ვთამაშობდი. რასაც ისინი აკეთებდნენ, მეც ყველაფერში ვბაძავდი და ამიტომ, პრინცესული გოგო არ ვყოფილვარ (იცინის). დღემდე მაქვს „შრამები“ ორივე მუხლზე, ერთზე საკმაოდ დიდი. ძალიან კარგად მახსოვს, ნათესავ ბიჭებთან თამაშის დროს, სირბილისას წავიქეცი და ქვაზე დავარტყი. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე, მწარედ ვტიროდი. ჩემი გოგონები უფრო ნაზები არიან, მსგავსი აქტივობები არ ახასიათებთ (იცინის).

ისე, საკმაოდ დამჯერი ვიყავი. პრინციპში, ჩემი მეგობრებიც ასეთები იყვნენ. მაშინ მშობლის სიტყვას უფრო მეტი ფასი ჰქონდა. ახლა ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, ახალი თაობა საკუთარ აზრს თამამად რომ აფიქსირებს. ჩვენ უფრო შებოჭილები და მორჩილი ბავშვები ვიყავით და ამ თვალსაზრისით, მარტივად აღსაზრდელებიც. თამაშისას ვიყავი ცელქი, თორემ მშობლებს არ ვეურჩებოდი.

– დედისერთობის გამო ეგოიზმი არ გახასიათებს?

– ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ დედისერთა ვარ. შეიძლება, ხვალ სხვანაირად შევხედო ცხოვრებას, ვხვდები, რომ დედმამიშვილი ძალიან კარგია, მაგრამ მე ეს ხვედრი მხვდა წილად და ნამდვილად არ არის ცუდი (იცინის). კი, ეგოისტური მომენტებიც არის, ვერ უარვყოფ. ბავშვობაში ვამბობდი, მხოლოდ ძმა მინდა მყავდეს და ისიც ორი წლით უფროსი-მეთქი, რაც ვერ გამოვიდოდა და ამიტომ ვიყავი ბედნიერი დედისერთა (იცინის).

– ეგოიზმი მარტო მშობლებთან ურთიერთობაში ვლინდება?

– არამხოლოდ. ეგოისტი ვარ მეუღლესთან, მეგობართან, შვილებთან, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, შემიძლია ეს ამბავი ასე თუ ისე ვმართო. რაც არ უნდა იყოს, დედისერთა ეგოისტი ვარ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, მშობლებით შემოვიფარგლო და ჩემი ეგოიზმი სხვებთან არ გამოვამჟღავნო. მეგობრები, ბაღიდან რომ მიცნობენ, ხშირად აღნიშნავენ, რა ეგოისტი ხარო, მაგრამ, რაც შვილები გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, თავის მართვა დავიწყე. არ მინდა, ეგოისტი დედა ვიყო, ეგოისტი შვილი – კი (იცინის).

– თქვენს ოჯახში უფრო ვასო ასოცირდება კარგ განწყობასა და იუმორთან. თუმცა, რამდენჯერაც ერთად გამოჩენილხართ ეკრანზე, ლიკუნაც არ უდებს ტოლს, სახლში რომელი უფრო ხალისიანია?

– უფრო მეტად მე, თუმცა ვასოც არ აკლებს (იცინის).

– შვიდ წელზე მეტია, ერთად ხართ. როგორია ურთიერთობა დღეს, იყო კრიზისული პერიოდები?

– უკვე მერვე წელი დაიწყო. სტაბილური ურთიერთობა გვაქვს და ფაქტია, რომ დღემდე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბუნებრივია, ყველაფერზე ერთი აზრი არ გვაქვს და დებატებიც გაგვიმართავს ხოლმე. მაგალითად, ვასო ხშირად მეუბნება: ასეთი მანქანით რატომ დადიხარ, როდის უნდა გარეცხოო? მე ამ დროს ჩემი არგუმენტები მაქვს. ძირითადად, წვრილმანებსა და ყოფით დეტალებზე ვკამათობთ. ვასოს საყვარელი ისტორია გამახსენდა – როცა მარკეტიდან რამის მოტანას ვთხოვ და სიას ვატან, ცოტა ხანში კიდევ მახსედება რაღაც და ვწერ, ესეც წამომიღე-მეთქი. მერე ის მირეკავს, უკვე გამოვედი, აქამდე რატომ არ მითხარიო და სულ ასეთი ამბები გვაქვს (იცინის). ან რამეს დავაბარებ, ვერ გაიგებს რა მიწერია სიაში ან ზუსტად როგორი მინდა და მოაქვს ყველა სახეობის. მართალია, ზოგჯერ ცოტა გაუგებრად ვწერ და მერე მარკეტიდან მირეკავს ყველა: დაწყებული მენეჯერიდან კონსულტანტამდე და დამთავრებული ვასოთი, კითხვით: უკაცრავად, ქალბატონო ლიკა, აქ რა გიწერიათ? მე პოზიციას არ ვცვლი, რატომ ვერ გაიგე, ვასო? რა უნდოდა ამის მიხევდრას? არგუმენტი სულ მაქვს (იცინის).

– იურისტის პროფესია თავისას შვრება, არა?

– ნამდვილად, თავს არ ვაჩაგვრინებ (იცინის). კრიზისებს რაც შეეხება, ურთიერთობაში ამ ეტაპამდე არ გვქონია მნიშვნელოვანი კრიზისული პერიოდი. ყოველთვის ასეთ თემებზე არა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეც ვკამათობთ, მაგრამ მარტივად ვაგვარებთ პრობლემებს, ხასიათითაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ბოლოს საერთო დასკვნამდე მივდივართ.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ საერთოდ არ არის რომანტიკული და მთელი რომანტიზმი თანხის ჩარიცხვის შეტყობინებით გამოიხატება.

– ეს გადაცემა ერთი წლის წინ ჩაიწერა და მას შემდეგ, მგონი, რაღაც გაუმჯობესდა ვასოში. ბოლო პერიოდში გახშირდა მისი მხრიდან სიურპრიზები და მარტო თანხის ჩარიცხვის შეტყობინებით არ მაწუხებს ხოლმე. თუმცა, არა მგონია, ეს ვინმეს აწუხებდეს (იცინის). აშკარად იმოქმედა იმ გადაცემამ, ესე იგი, შეუძლია, გამოსწორება (იცინის). მე არამხოლოდ ვასოსთან, ყველასთან ურთიერთობაში ვცდილობ, სასიამოვნო მოულოდნელობებით გამოვიწვიო დადებითი ემოციები. ძალიან მახარებს მათი ბედნიერი თვალების დანახვა.

– პროფესიულად საკმაოდ აქტიური ხარ, ახლა რა ეტაპი გაქვს კარიერაში?

– პროფესიით იურისტი ვარ და „მთავარ არხზე“ ვარ დასაქმებული. რთული და საპასუხისმგებლოა, მაგრამ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და სირთულეები კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანს მხდის. სამოდელო საქმე ჰობის დონეზე მქონდა და მაქვს დღემდე, თუმცა მომწონს ეს პროფესიაც. ამ დროს ჩემში სულ სხვა ლიკა იღვიძებს, მაგრამ ახლა პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ამ მხრივ დაპაუზებული ვარ. ტელეწამყვანის ამპლუაშიც გამოვცადე თავი და ეს საქმეც ძალიან მომეწონა. შესაძლოა, სამომავლოდ ამ მიმართულებითაც ვიფიქრო მუშაობის გაგრძელება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...