ლიკა შუკაკიძე: უახლოესი ადამიანის მეხსიერებიდან ამოშლაც კი ძალიან სწრაფად შემიძლია, თან ისე, რომ აღარასდროს გამახსენდება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00

მსახიობი ლიკა შუკაკიძე ზოდიაქოთი ვერძია და შეიძლება, ითქვას, რომ ის ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელია.
ლიკა შუკაკიძე: ასტროლოგიის მჯერა. ზოდიაქოთი ვერძი ვარ, 12 აპრილს მაქვს დაბადების დღე და ვფიქრობ, რომ ჩემი ხასიათი ვერძის თვისებებს ძალიან ემთხვევა. ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზების არ მჯერა, თუმცა, შეიძლება, ეს ამ სფეროში ჩემი ცოდნის ნაკლებობითაა გამოწვეული.
– ვერძი ძალიან გაბედულია.
– ძალიან გაბედული ადამიანი ვარ. თუ რამის მჯერა, არ არსებობს ბარიერი, რის გამოც შეიძლება, არ გავბედო ნაბიჯის გადადგმა. რა თქმა უნდა, თუ ეს სხვისთვის საზიანო არ არის. ანუ, როცა მხოლოდ ჩემი გამბედაობაა საჭირო სასურველი მიზნის მისაღწევად, უკან არასდროს დავიხევ.
– ასევე, ძალიან ხელგაშლილი უნდა იყო.
– ძალიან. ხელგაშლილი ვარ ყველას მიმართ. მგონია, რომ ფული იმისთვის არსებობს, რომ გაიღო. შეიძლება, არასწორია, მაგრამ ასეთი ვარ.
– ვერძებს ლიდერული თვისებები ახასიათებთ.
– ლიდერული თვისებები მახასიათებს, მაგრამ ხანდახან ეს იმდენად შემაწუხებელია ჩემთვის, რომ არ მინდა, მქონდეს. არ არის საჭირო, ყოველთვის ლიდერულად იყო განწყობილი. ეს იმდენად არის ჩემს ხასიათში, ყოველთვის და ყველაფერში მინდა, ლიდერი ვიყო. შეიძლება, ლიდერული თვისებები და დიდი ნაბიჯების გადადგმა საქმეში წარმატების გზა არის, მაგრამ არის დეტალებიც, სადაც ყველაფრის საკუთარ თავზე აღება სულაც არ არის სასარგებლო. როცა ეს თვისება გაქვს, გინდა, ყველა მსხვილი თუ წვრილი საქმე საკუთარ თავზე აიღო, მიმართულება მისცე, ორგანიზება მოახდინო და ეს საკმაოდ დამღლელია.
– ვერძი ვერ იტანს მატყუარა და ორპირ ადამიანებს. თვითონ ძალიან პირდაპირია და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს.
– ნამდვილად ასეა. თუ ვერძმა მოინდომა, ისე კარგად შეუძლია, ტყუილის თქმა, რომ ვერავინ მიხვდება, მაგრამ ამ უნარს მე თითქმის არასდროს ვიყენებ. პირადად მე, ამაში მსახიობის პროფესიაც ხელს მიწყობს, ძალიან კარგად შემიძლია, ვითამაშო, ვერავინ ვერაფერს მიხვდება, მაგრამ ტყუილს ნამდვილად ვერ ვიტან. აქედან გამომდინარე, ისიც მძულს, როცა სხვები იტყუებიან. მირჩევნია, ადამიანმა მწარე და უხეში სიმართლე მითხრას, ვიდრე მეპირფეროს.
– მწარე და უხეში სიმართლის თქმა თვითონაც ახასიათებს. არაფერს შეგილამაზებს.
– ალბათ, გავლენებსაც აქვს მნიშვნელობა. პირადად მე არ ვარ უხეში სიმართლის სხვისთვის თქმის მომხრე. შეიძლება, ადამიანი არ მოვატყუო, მაგრამ უხეშადაც არ ვუთხრა რამე, ისე, რომ გული ეტკინოს. არ ვეთანხმები ვერძის ამ თვისებას. შეიძლება, დიპლომატია ნაკლებად გამომდის, მაგრამ შემიძლია, ასეთ დროს საერთოდ გავჩუმდე. უხეშად თქმას ასე მირჩევნია.
– ვერძი ვერცხლისწყალივით არის, მუდმივად მოძრაობაშია. ძალიან ენერგიული, მხიარული, მეგობრული და აქტიური ტემპის მქონე ადამიანია...
– ბოლომდე ვეთანხმები და ეს თვისებაცდამიანია. ძალიან დამღლელია. სამსახურშიც კი, როცა იყო საჭიროება, რომ რაღაც პერიოდი ერთ ადგილას ვყოფილიყავი, ვერ შევძელი. არ შემიძლია, დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება. საერთოდ, ჩარჩოს თუ მიწესებენ, იქ ვერ ვძლებ. ეს მარტო სამსახურს არ ეხება, საერთოდ ყველაფერში ასეა. ასეთ შემთხვევაში, პირიქით, მინდება, რომ ეს ზღვარი გავარღვიო და მის მიღმა გავიდე. კი, მე ნამდვილად ვერცხლისწყალივით ვარ (იცინის).
– ყოველთვის შენ გვერდით იქნება, მაგრამ თავს ნამდვილად არ მოგატყუებინებს. თუ იგრძნობს, რომ დაუნახავი ხარ, შენგან მაშინვე დიასტანციას დაიჭრს.
– აბსოლუტურად ვეთანხმები. ვერძი ზედმეტად მგრძნობიარეა. როდესაც ადამიანს მთელ გულს ჩუქნი და მისგან შესაბამისი პასუხი არ მოდის, მერე ამის გამო გული ძალიან მიტყდება. უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანის დაკარგვაც კი შემიძლია, თუ ვიგრძენი, რომ მან არასწორად გამოიყენა ჩემი ეს თვისება ან ვერ დააფასა. არასდროს არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმეს დავანახვო და დამიფასონ, უბრალოდ, უმადურობას რომ ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვხდები.
– დავიწყებაც ძალიან მარტივად შეუძლია – თუ არასწორად მოექცევი, ძალიან სწრაფად ამოგშლის თავისი მეხსიერებიდან.
– უახლოესი ადამიანის მეხსიერებიდან ამოშლაც კი ძალიან სწრაფად შემიძლია. თან, ისე, რომ აღარასდროს გამახსენდება. მოჩვენებითად და სპეციალურად მის დასანახად კი არ ვგულისხმობ, მართლა წავშლი ჩემი მეხსიერებიდან. შემიძლია, ჩემს გონებაში გადავხაზო და აღარასდროს გამახსენდება.
– ვერძები იმდენად თავისუფლები არიან, თავს არასდროს არავის დაუხრიან. არც ბრბოს შემადგენელი ნაწილი გახდებიან. ვერც თავისუფლების შეზღუდვას აიტანენ.
– არასდროს. პროფესიული თვალსაზრისით, მქონია ბევრი შემთხვევა, როცა შემეძლო, გამეღიმა იქ, სადაც არ მეღიმებოდა, მეგობრული ვყოფილიყავი იქ, სადაც მე მეგობრებად არ აღვიქვამდი ადამიანებს, ბევრად უფრო წარმატებული ვყოფილიყავი, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია. განა არ შემიძლია, უბრალოდ, ამ გზით მიღწეული არაფერი მინდა. მირჩევნია, ვერაფერს მივაღწიო, ვიდრე ვიღაცას პირში ყალბად ვუცინო იმისთვის, რომ ხვალ კარგი როლი მომცეს.
რაც შეეხება თავისუფლების შეზღუდვას, არასდროს არაფერს ვაკეთებ გადაჭარბებულს, რაც მისაღები არ არის, ისედაც არ გავაკეთებ, მაგრამ როცა ვინმე რამეზე მიმითითებს, შენ ეს არ უნდა გააკეთოო, ცუდად ვხდები. შეიძლება, ის მართლა არ გავაკეთო, მაგრამ ის ადამიანი დავკარგო იმის გამო, რომ რაღაცაში მზღუდავს, იმის მიუხედავად, რომ ის შეზღუდვა ჩემთვისაც მისაღები იყოს. ვინმე რომ მკარნახობს, ასე არ ქნაო, იმ ადამიანის მიმართ შეურაცხადი ვხდები.
– ვერძს ძალიან მტკიცე აზრები აქვს, სულ რომ არავინ ეთანხმებოდეს, თვითონ თუ დარწმუნებულია თავის სიმართლეში, მარტოც გააგრძელებს გზას.
– აბსოლუტურად ვეთანხმები. შეიძლება, ცხოვრებაში სრულიად მარტო დავრჩე და ეს არაერთხელ მიგრძნია, მაგრამ მე რომ ვიცი, სწორია, მარტოობის შიშის გამო ამ გზას არ გადავუხვევ. მირჩევნია, მარტო ვიყო. მთავარია, ვიცოდე, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.
– ვერძი ძალიან ამაყია.
– ამაყი ნამდვილად ვარ. ხანდახან ეს თვისებაც მტანჯავს. ძალიან ბევრჯერ პირად ურთიერთობებში, მაგალითად, ვიკამათეთ და ვიცი, რომ მე ვარ არასწორი, პირველ ნაბიჯს არასდროს ვდგამ. მე ისედაც მაქვს თვითკრიტიკა ძალიან ძლიერად განვითარებული და როცა ვცდები, ამას კარგად ვგრძნობ. ადამიანი რომ მეუბნება შეცდიო, მე თუ საპირისპიროში ვარ დარწმუნებული, მის სიტყვებს რატომ უნდა დავუჯერო, თუ არ დამისაბუთა და ჩემთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა?! ასეა თუ ისე, ყოფილა მომენტი, როცა მინდოდა, პირველი ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ სიამაყის გამო ეს არ გავაკეთე. არ მინდა, ეს სიამაყე აღქმული იყოს, როგორც ამპარტავნება. ასე იმიტომ არ ვიქცევი, რომ ვინმეს ზემოდან ვუყურებ, არა, უბრალოდ, თავმოყვარეობის თემაა. სამაგიეროდ, თუ ადამიანისგან ვიგრძენი, რომ ნაბიჯი გადმომდგა, ბოლომდე ვიხსენი და სითბოთი და სიყვარულით ვპასუხობ.
– ეს ნიშანი საზრიანობით გამოირჩევა და საკუთარ შეცდომასაც სწრაფად ხვდება, მაგრამ ამას ხმამაღლა კი არ აღიარებს, პირიქით, საყვედურის მოსმენისასაც შეიძლება, ძალიან გაბრაზდეს.
– სამწუხაროდ, კი (იცინის). წეღანაც აღვნიშნე. ისიც საკმარისია, რომ მივხვდი ჩემს შეცდომას, დამატებით რომ კიდევ ვინმე მსაყვედურობს, ამაზე ცალკე მეშლება ნერვები და ვბრაზდები (იცინის).
– ვერძის რა თვისებები მოგწონს საკუთარ თავში და რის გამოსწორებას ისურვებდი?
– ლიდერული თვისებები, მიზანდასახულობა, გრძნობებზე მეტად უფრო პრაქტიკული ადამიანი ვარ. გრძნობები, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ თუ გრძნობა ტკივილს მაყენებს, შეიძლება, პრაგმატულად განვიხილო, დავასკვნა, რომ ეს ზიანს მაყენებს, ანუ არ მჭირდება და გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან. გონებით მივდივარ. უერთგულესი ზოდიაქოა ვერძი და მეც ვთვლი, რომ ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და ასევე, ძალიან სამართლიანი.
უარყოფით კონტექსტში განვიხილავ ლიდერულ თვისებებსაც, რადგან როგორც ვთქვი, ხშირ შემთხვევაში ეს მაწუხებს. ასევე, ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, ერთ წამში ისე ავფეთქდე, გარშემო ყველაფერი დავანგრიო, მაგრამ დადებითი მხარე ისაა, რომ ასევე წამებში შემიძლია დავმშვიდდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან