ლევან ლაზარიშვილი: მე და მაიკოს თავისუფლად შეგვიძლია, საღამო ერთად გავატაროთ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:05 18.12, 2020 წელი
მუსიკოსი ლევან ლაზარიშვილი ყაზახეთში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა აქ დიდი ხნით დარჩენას არ აპირებს. როგორ დაიწყო მისი ვარსკვლავური კარიერა და რას გეგმავს საკუთარი მსმენელის გასახარებლად, ამის შესახებ მან „თბილისელებთან“ ისაუბრა
ლევან ლაზარიშვილი: ექვსი წლის ვიყავი, როცა დედაჩემის მეგობრებმა გაიგეს, რომ რობერტ ბარძიმაშვილი საბავშვო ანსამბლს, „ლახტს“ აყალიბებდა და წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. მოსმენებზე მეც წამიყვანეს, რადგან იცოდნენ, რომ კარგად ვმღეროდი. გავხდი „ლახტის“ სოლისტი და იმავდროულად, ანსამბლ „75-შიც“ ვმღეროდი. ალბათ, ყველას ახსოვს, ცნობილი სიმღერა „ლამპიონები“. მათთან ერთად გამოვდიოდი კონცერტებზე, არა მხოლოდ საქართველოს, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ასე გრძელდებოდა 12-13 წლამდე.
– რა ასაკიდან დაიწყეთ გაცნობიერება, რა ხდებოდა თქვენს თავს?
– ალბათ 7-8 წლიდან, როცა შეგნება მომემატა. თავიდან მეგონა, რომ ყველა ისე მღეროდა, როგორც მე და ვფიქრობდი, რომ მე უბრალოდ; პიროვნულად მოვწონდი უფრო მეტად (იცინის). ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემდამი. იმდენად პოპულარული ვიყავი, რომ ქუჩაში თავისუფლად ვერ გადავაადგილდებოდი. ასეთ აქტიურ კარიერას ამ ასაკში თავისი მინუსებიც ჰქონდა: ვერ ვჭამდი იმდენ ნაყინს, რამდენიც მინდოდა (იცინის). სულ ხმაზე უნდა მეზრუნა, არ უნდა მერბინა, ხმამაღლა არ უნდა დამეყვირა, ეზოში თამაშის ნაცვლად, რეპეტიცია, კონცერტი და გასტროლი იყო ჩემი ყოველდღიურობა. ბევრი სიმღერის შემდეგ, ძალების აღდგენა მჭირდებოდა, ძილიც მოწესრიგებული უნდა მქონოდა. მოკლედ, საკმაოდ მკაცრი რეჟიმით ვცხოვრობდი. საბედნიეროდ, სცენის შიში არასდროს მქონია. ფაქტობრივად, სცენაზე გავიზარდე და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. უამრავი ადამიანის წინაშე გამოსვლა ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
– გარდატეხის ასაკში რა შეიცვალა?
– გარდატეხის ასაკში უკვე აღარ ვმღეროდი. ცოტა ხნით რუსეთში წავედი საცხოვრებლად. 90-იანი წლების ბოლოს დავბრუნდი საქართველოში და ხმის რეჟისურის სწავლა დავიწყე. „სანო სტუდიაში“ დავიწყე მუშაობა და იქ გავიცანი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ჩემი მეუღლე გახდა.
– გამორჩეული სიყვარულის ამბავი გაქვთ.
– მაიკო მეგობრებთან ერთად მოვიდა სტუდიაში, სადაც უთხრეს, რომ ხმის რეჟისორი ლევან ლაზარიშვილი იყო. მაგრამ ერთმანეთი რომ გავიცანით, თავიდან ვერ მიცნო. ხუჭუჭა ბავშვს ელოდებოდა და 27 წლის, სათვალეებიანი ლევანი ეუცხოვა (იცინის). ძალიან მომეწონა მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება და ხედვა. დავმეგობრდით, მინდოდა, ერთად გვემუშავა ამ სფეროში. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ცოლ-ქმარი გავხდებოდით.
– მაგრამ მაიკოს უკვე ჰქონდა თქვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება.
– მაიკო ამბობდა, რომ ბავშვობიდან ვუყვარდი, მაგრამ როგორც მომავალი მეუღლე, ვერ ვეყვარებოდი. უბრალოდ, იმ წლებში ბევრი ბავშვი არ იყო, ვისაც საკუთარი ალბომი ჰქონდა გამოშვებული და საბჭოთა კავშირის მასშტაბით აჩვენებდნენ ტელევიზიით. ამიტომ, არაფერი იყო იმაში გასაკვირი, რომ მაიკოსაც სცოდნოდა ჩემს შესახებ. თუმცა ბავშვობა წარსული იყო, რომელიც მაშინ ჩემთვის უკვე აღარ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ მაშინდელი რეალობა და სურვილი იმისა, რომ თანამედროვე მუსიკა გვეკეთებინა. ამ მოცმულობაში უპირატესობა არავის გვქონდა, ყველა დამწყებები ვიყავით. ასე რომ, მე და მაიკო, თავიდან პროფესიულად დავახლოვდით და შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სხვაგვარად განვითარდა. ოჯახი შევქმენით და ტყუპები შეგვეძინა.
– თუმცა, მალევე დასრულდა თქვენი ურთიერთობა.
– დიდი ხანი ვიყავით ძალიან კარგად. არც მერე გაჩენილა ჩვენს ურთიერთობაში კონკრეტული პრობლემა. უბრალოდ, ცხოვრება ისე აეწყო, რომ მე ყაზახეთში გადავედი საცხოვრებლად და აქ ზაფხულობით ჩამოვდიოდი. დროისა და მანძილის გამო ბუნებრივად დავშორდით ერთმანეთს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლა შორს ვართ ერთმანეთისგან. ჩვეულებრივად ვურთიერთობთ, მეც მივდივარ მასთან, ისიც მოდის ჩემთან. ერთ სახლში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– ამბობენ, რომ ისევ ერთად ხართ. რა ხდება რეალურად?
– რეალურად მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვს. ორი 16 წლის ბიჭი გვყავს და მათი პრობლემებით ორივე ვართ დაკავებული. ერთმანეთთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს.
– ამას შერიგება ჰქვია?
– არც გვიჩხუბია. ცოლ-ქმრის ამპლუაში ჯერჯერობით არ ვართ, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ერთმანეთისთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. შესაბამისად, ერთმანეთისადმი უნდობლობა და შიში არ გვაქვს. იმაში, რომ მე ამდენი წელია, წასული ვარ, მას კი თავის ცხოვრება აქვს და ამით ერთმანეთს არ ვეკვეთებით, დამნაშავე არავინაა. თავისუფლად შეგვიძლია, ერთად გავატაროთ საღამო, ერთმანეთისთვის არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს დაწესებული.
– მაიკო თვითონაც წერდა, ამდენი წლის შემდეგ ვრიგდებითო.
– კი, ასეა.
– დაშორების შემდეგ ოჯახი არც შენ შეგიქმნია და არც მას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შორის გრძნობა არ განელებულა?
– რომ განელდა, ალბათ, ამიტომაც მოხდა ასე. ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ ისეთი კარგი და მაიკო ამიტომ არ თხოვდება. შეიძლება, გინდოდეს, რომ კარგი თქვა საკუთარ თავზე, მაგრამ სინდისიც ხომ არსებობს?! ამიტომ ზედმეტს ვერ მივიწერ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემგან წასული ადამიანი, რომელიც უკვე ჩემი მეუღლე არ არის, მე შემომნატრის და ამიტომ არ თხოვდება, ეს თავხედობა იქნება. ჩვენი ურთიერთობა თავისუფალია, ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები არ გვაქვს.
– გასაკვირიც იქნებოდა თქვენს შვილებს რომ მუსიკალური მონაცემები არ ჰქონოდათ. დღეს რა ინტერესები აქვთ?
– დათოს და ზუკას არჩევანში მე და მაიკო არ ჩავრეულვართ. 7-8 წლამდე ბავშვებს განსაკუთრებულ მუსიკალურ ნიჭს ვერ ვატყობდით. შემდეგ ზუკამ უფრო გამოიჩინა თავი ამ მხრივ, მაგრამ 9 წლის ასაკში დათუნამ უკვე რთული მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება დაიწყო, რამაც ძალიან გამაკვირვა. მანამდე ვფიქრობდი, რომ პროფესიონალურად სიმღერის ნიჭი არ ჰქონდა და არც არავინ აძალებდა. ორივემ თავად გამოიჩინეს ინიციატივა და საკუთარ თავზე მუშაობა დაიწყეს. მაიკო შეიძლება, მაგრამ მე ნამდვილად ვერ დავიბრალებ, რომ შვილებს ბევრს ვამეცადინებდი მუსიკაში. მერე დათუნამ ტელეპროექტშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ახლა გარდატეხის ასაკი აქვს და გაჩერებულია. ჯერ სკოლა უნდა დაამთავრონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





