ლექს-სენი: ხაფანგია, როცა გეუბნებიან, რამდენიც გინდა, მოითხოვე და მიიღებო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 11.04, 2022 წელი
ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ყველასთვის ძალიან მტკივნეულია. თუმცა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვს. მათ შორის არის მუსიკოსი ლექს-სენი, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს.
ლექს-სენი: იქ ყველა დღე ერთნაირია – დაძაბულობა, ტკივილი, შოკი, ბრძოლა გადარჩენისთვის. როცა იქ მყოფ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გვაქვს, ტელეფონში გვესმის განგაშის სიგნალები. თავშესაფრებში ჩადიან, მერე ყველაფერი წყდება და ელოდები, როდის ამოვლენ და გაიგებ, მშვიდობიანად დასრულდა თუ არა მორიგი შეტევა, თუ შეიძლება ამ სიტუაციაში რამეს მშვიდობიანი დაერქვას. მაგრამ ომში ცოცხალი რომ ხარ, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა. თუმცა, არავინ იცის როგორი იქნება შემდეგი დღე.
– ზოგმა გამოაღწია სამშვიდობოს. უკრაინაში ბევრი თქვენი ახლობელია დარჩენილი?
– კი, საკმაოდ. ძალიან რთულად თმობენ საკუთარ სახლებს. ასე მისაგდებად არ ემეტებათ, ეს ყველასთვის უმძიმესი მომენტია. მათი ქალაქი ჯერ მხოლოდ იბომბება, ტანკები იქ არ შესულან, თუ ძალიან დაიძაბება სიტუაცია, მერე, ალბათ, წამოვლენ.
– რომელ ქალაქში არიან?
– ივანო-ფრანკივსკში. ჩემს მეუღლეს იქ ჰყავს მშობლები და ძმები, ასევე, ახლობლები.
– მეუღლე როგორ არის?
– უკვე მივეჩვიეთ ტრაგიკული სცენარით ცხოვრებას. ყველა დღე დაძაბული ვიღვიძებთ, ნორმალურად არ გვძინავს. მეუღლე ყოველდღე ესაუბრება დედას, ტირის, განიცდის. საბედნიეროდ, ეს ხალხი არ ტყდება, ცხოვრებას აგრძელებენ. ვისაც როგორ შეუძლია, იბრძვის. ისინი ჯერ კიდევ ახალი წლიდან ამბობდნენ, რუსები ომისთვის ემზადებიანო, მაგრამ მაშინ თვითონაც არ სჯეროდათ, რომ ისინი ამას მართლა გაბედავდნენ. მერე სანამ ამაზე საუბარი და გაშუქება ოფიციალურად დაიწყებოდა, სამი დღით ადრე გვითხრეს, ომი უკვე დაიწყოო. იცოდნენ და ემზადებოდნენ, როგორც შეეძლოთ.
– საკვებით, მედიკამენტებით, სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფილები არიან?
– ყველაფერი საკმაოდ რთულია. საკვები დეფიციტშია, თუკი რამე აქვთ თავისთვის გადადებული, იმის ნახევარსაც ჯარს უგზავნიან. სამხედროებს ეხმარებიან თავიანთი ფინანსური დანაზოგითაც. ვცდილობთ, აქედანაც დავეხმაროთ. წამლებსა და პრიდუქტებს ვყიდულობთ და ვაგზავნით. არის უსაფრთხო გზები, მაგრამ ასპროცენტიანი გარანტია იმის, რომ ჰუმანიტარული ტვირთი ადგილზე ჩავა, არავის აქვს. მათაც კი ესვრიან, მაგრამ ამისთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გზები მაინც არსებობს.
– მეუღლის მამა და ძმები ახსენეთ, ისინი საბრძოლო მოქმედებებში არიან ჩართულები?
– ისინი ჯერ მოლოდინის რეჟიმში არიან. გამოძახებით გამოიძახეს, შეამოწმეს და არ წაიყვანეს, იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. იქ ადამიანები ასე, ხორცის მასალად, არ მიჰყავთ. თუ ქუდზე კაცი გახდება საჭირო, მერე, რა თქმა უნდა, ყველას წაიყვანენ, აღრიცხვაზე არიან და იციან, რომ მოვალეები არიან, საკუთარი ქვეყანა დაიცვან. იარაღს მისცემენ და უკან არ დაიხევენ, თუმცა, ჯერ სახლებში არიან. სამხედრო გამოცდილებაა საჭირო და ჯანმრთელობის მხრივაც ცოტა მოიკოჭლებენ.
იქ ყველა იმას აკეთებს, რისი გამოცდილებაც აქვს და რაც შეუძლია. ვიღაც მზარეულია და საკვებს უმზადებს ადამიანებს, ვიღაც შემდუღებელია და ის თავის საქმით უდგას სამშობლოს გვერდით. შეიძლება, ვიღაცას ერთი ფეხი არ აქვს, მაგრამ წარმოება აქვს და საკუთარი ნაწარმით ეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება.
– ბევრმა გამოთქვა სურვილი და შეძლო კიდეც მოხალისედ წასულიყო უკრაინაში. თქვენც თუ გქონდათ მცდელობა?
– რა თქმა უნდა. დღესაც მაქვს ამის სურვილი და მუდმივ კომუნიკაციაში ვარ ამასთან დაკავშირებით. მარტო მე არა, ჩემი მეგობრებიც. იქიდან გვაქვს დირექტივები პროფესიონალებისგან და ველოდებით მათ მითითებებს. როცა საქმე მეგობარს ეხება, მისი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ასე პირდაპირ არავინ გეუბნება, დაკარი ფეხი და წამოდიო. თუ საჭირო გახდება ყველა ადამიანის მობილიზება, იმის მიუხედავად, იციან თუ არა ბრძოლის ველზე მოქმედება, აუცილებლად წავალთ. ამ მომენტისთვის ამის საჭიროება არ დგას, ასე გვაფრთხილებენ იქიდან და ვნახოთ, როგორც განვითარდება მოვლენები, შესაბამისად მოვიქცევით ჩვენც. არც აქ არის დალხენილი ცხოვრება, ვინც მიდის, ამას საკუთარი სახსრებით აკეთებს და ამასაც ორგანიზება სჭირდება. ყველაფერი რომ მოგვარდება, მერე უფრო თავისუფლად მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა, მზაობა არის და თუ საჭირო იქნება, ერთი წამითაც არ დავიხევ უკან, ყოველდღე ამაზე გვაქვს საუბარი.
– რამდენადაც კეთილშობილურია ეს ნაბიჯი, იმდენად საშიშია. მეუღლე რას ამბობს, რომელსაც ახლობლები იქ ჰყავს და ახლა შეიძლება, ქმარიც იმავე საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
– პირველი შემაფერხებელი ფაქტორი ეგ არის – ჩემი ოჯახი. მეუღლეც მეუბნება, სად უნდა წახვიდე, ჩვენ მარტო უნდა დავრჩეთო? მძიმე მომენტია. ჩემს ოჯახს ჩემს მეტი მიმხედავი არავინ ჰყავს და მათ განცდებსაც ვიზიარებ.
– ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლების წინ რუსეთისგან სარფიანი შემოთავაზება მიგიღიათ, მაგრამ უარი გითქვამთ.
– რამდენიმე წლის წინ დამირეკეს და მითხრეს, ციფრი დაასახელე, ნულები მიუწერე და პრობლემა არ იქნებაო. აქ ფულზე არ არის საუბარი. ამ შემოთავაზებას სხვა მოტივაცია აქვს. ქვეტექსტი ის არის, რომ მტერი ცდილობს, საკუთარ სამსახურში ჩაგაყენოს. ასე ის შენს ღირსებასა და ადამიანობას შელახავს, ისტორიას შეგილახავს. ცხადია, ამაზე ჩემგან ცივი უარი მიიღეს. ეგ კი არა, ისიც ვუთხარი, მსგავსი შემოთავაზება სხვა დროს აღარ მიხსენოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ფული კარგია, ბევრი ფული ყველას უნდა, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც არ უნდა გადააბიჯო. ხაფანგია, როცა გეუბნებიან, რამდენიც გინდა მოითხოვე და მიიღებო. ადამიანი რომ იბადები, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ხარ, რამდენად იქნები ღირსეული, ეს შენი გადასაწყვეტია. ჯერ ღირსეული მოქალაქე უნდა იყო და მერე – კონკრეტული სუბიექტი, იქნება ეს პოლიტიკოსი, ხელოვანი თუ სხვა პროფესიის მსახური. თუ მთავარში არ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, თუ საკუთარი ქვეყნის პატრიოტი არ ხარ, სხვა ვერაფერში მიაღწევ ღირსეულ წერტილამდე. როცა ეს შემოთავაზება მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთქვი უარი. ამ ქვეყანას ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და იქ როგორ უნდა წავიდე და ვიმღერო, რის ფასად? ამით ხომ იმას ამბობ, რომ ჩვენ შორის ყველაფერი კარგად არის? ან იმას, რომ თანახმა ვარ მათი მონა ვიყო?!
– სხვა დროსაც იყო შემოთავაზება?
– არა, აღარ ყოფილა. თუმცა, მერე იყო ფარული ცინიკური დამოკიდებულება – „უი, შენ რა პატრიოტი ყოფილხარ“. ეს მთლიანად რუსული ნარატივია და ეგონათ, რომ ამით „ამაგდებდნენ“.
– პოლიტიკაში წასვლას განიხილავთ?
– ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა გამყოფი ხაზები აღარ არსებობს. სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი დღეს ყველა პოლიტიკაში უნდა იყოს ჩართული. „რა ჩემი საქმეა პოლიტიკა“ – ეს ფრაზა მხოლოდ გაუნათლებელი ან ნაკლებად მოაზროვნე ადამიანისგან შეიძლება მოვისმინოთ. თუ პოლიტიკა არ არის შენი საქმე, მაშინ არ უნდა გაწუხებდეს, რომ ცოტა ხელფასი გაქვს, არც ის, პური და საწვავი რომ გაგიძვირდა... ტრანსპორტი რომ გაძვირდა – ეს არ უნდა გაღიზიანებდეს და უნდა ამბობდე, რომ ყველაფერი კარგად არის. მოდი, აბა, ჩავიხედოთ გულებში – რამდენი იტყვის ამას?! ამიტომ პოლიტიკაში წასვლის შესახებ კითხვა დღეს აქტუალური აღარ არის. ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად დღეს ყველა პოლიტიკაში უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი. მე რაც შემეხება, პოლიტიკოსობაზე არც მიფიქრია. ჩემი საქმე მაქვს და ამ საქმით უკეთ ვამბობ სათქმელს. ჩემი ტექსტები მიდის ადრესატამდე და ოფიციოზი სულაც არ არის საჭირო.
– სამადლობელი წერილი მიიღეთ საპატიმროდან ყოფილი პრეზიდენტისგან. რით დაიმსახურეთ და როგორია თქვენი ურთიერთობა?
– არ ვიცი რამდენად სამადლობელი წერიალია. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, სწორი პოზიცია დავაფიქსირე და გადამწყვეტ მომენტში ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. არ დავმალავ, მესიამოვნა. კარგია, როცა შენი ქვეყნის პრეზიდენტი, ვინც ჩვენი სახელმწიფო შექმნა, ამას გიფასებს. მე კარგად ვიცნობ მიშას. მისი პრეზიდენტობის დროს პირადადაც შევხვედრივართ. გარკვეულ ეტაპზე ურთიერთობა გვქონია, გვიკამათია კიდეც, მოვლენების ანალიზი გაგვიკეთებია, ჩემს კოცერტებზეც ყოფილა და მოკლედ, ბევრჯერ გადავიკვეთეთ.
– ბოლოს ისიც ვთქვათ, რა ხდება შემოქმედებითი თვალსაზრისით?
– საკმაოდ ვაქტიურობ. ერთ-ერთი უკრაინული სიმღერის ჩემებული ვერსია გავაკეთე და ამით ჩემი მხარდაჭერა გამოვხატე უკრაინელების მიმართ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემი შემოქმედება არის ჩემი გზა, გამოხატვის ფორმა და აქტიურობას მოვლენების განვითარების შესაბამისად გავაგრძელებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან