ლაშა რამიშვილი: მეუღლე ყოველ საღამოს ჩემს ცრემლიან თვალებს უყურებდა და მამხნევებდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.02, 2021 წელი

„ღვინო, დუდუკი, ქალები“ – მსახიობ ლაშა რამიშვილის საავტორო რადიოგადაცემის სახელწოდებაა და ჩვენი ინტერვიუ სწორედ ამ თემებზე საუბარს დავუთმეთ.
– რადიოში მიგყავთ გადაცემა სახელწოდებით – „ღვინო, დუდუკი, ქალები“. რა ადგილი უჭირავს სასმელს ლაშას ცხოვრებაში?
– სასმელს ძალიან კარგად ვიტან და ხშირად ვარ თამადა, ასკაციან ქორწილშიც მითამადია, ორასიანში და 750-იანშიც. ღვინო არასდროს მომიპარავს, ბოლომდე პატიოსნად ვსვამ. სხვათა შორის, ოჯახშიც ძალიან გვიყვარს ღვინო და მამაჩემის ან ჩემი მეგობრების ნახელავს მივირთმევთ ხოლმე ყოველ საღამოს მე და ჩემი მეუღლე – 2-2 ჭიქას. ქოლესტერინსაც გვიწვავს, ორგანიზმის მოდუნების საშუალებასაც გვაძლევს და სიყვარულშიც გვეხმარება. ამ ბოლო დროს ჩემი შუათანა გოგოც ეტანება, ცოტა მომასმევინეთო, გვეუბნება ხოლმე. ცხოვრებაში არ დავმთვრალვარ ისე, რომ მეორე დღეს არ მახსოვდეს რამე. ფეხი შეიძლება, მაგრამ სიტყვა და საქციელი არასდროს ამერევა. ახალგაზრდობაში შეიძლება, რაღაცას გავეღიზიანებინე, მაგრამ ახლა არ მიყვარს სუფრის ამრევი კაცი. სამი-ოთხი ჭიქის დალევის შემდეგ სიმღერას გამოვყავარ სიმთვრალიდან. სადღეგრძელოებს სიმღერით ვამბობ. მაგალითად, ოთარ რამიშვილის სიმღერა – „მე შენს თვალებზე ვგალობ“, შეიძლება, ქალის სადღეგრძელოდ წარმოთქვა. მე თუ მკითხავთ, ახლად შეუღლებულების სიტყვით დალოცვა უკვე გაცვეთილია და „ივერიის“ და ალექსანდრე ბასილაიას სიმღერით „აგაშენოთ, დაგამშვენოთი“ ნათქვამს არაფერი სჯობს. ბოლო ერთი წელია, ქორწილები აიკრძალა. ვიღაცები კი ახერხებენ ჩუმად გადახდას, მაგრამ მე უარს ვამბობ შემოთავაზებებზე. მართალია, ჩემს ოჯახს მოხდილი აქვს კორონა, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ. ძალიან კი გამიჭირდა უარის თქმა, ბანკის ვალი ვის არ აქვს, ეს კი შემოსავლის წყაროა, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე. არადა, მარტის ბოლოს, აპრილსა და მაისში ისრაელსა და საბერძნეთში უნდა ვყოფილიყავი, სექტემბერში – ამერიკაში. ივლისში უზარმაზარი ქორწილი უნდა მქონოდა, სექტემბერშიც – ქორწილი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩაიშალა. ყველაფერი დაგეგმილი იყო, ბესაც მაძლევდნენ, მაგრამ წინასწარ არ მოვკიდე ხელი.
– ცოტა ხნის წინ ოპერაციაც გაგიკეთებიათ, რა მოხდა?
– ზუსტად ხუთი თვეა, სიმღერის დროს შუა რეგისტრში ხმა ისე არ მომყვებოდა, როგორც საჭირო იყო. ექიმთან მივედი და აღმოჩნდა, რომ იოგაზე კისტისებრი წარმონაქმნი მქონდა. რომელიც აუცილებლად მოსაცილებელი იყო. ეს ამბავი რომ გავიგე, ორი კვირა არ მეძინა. მეუღლე და სამეგობრო მამშვიდებდა. მეუღლე ყოველ საღამოს ჩემს ცრემლიან თვალებს უყურებდა და მამხნევებდა. მეგობრებს, რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულები, ვეუბნებოდი, იქნებ მეც ვაჭრობაში გადმოვიდე-მეთქი. მაგრამ ორი თვე გავიდა ოპერაციიდან და ჩემი ხმა ძალიან კარგად არის. რამდენიმე დღის წინ სიმღერაც ჩავწერე.
– დუდუკი...
– 1983 წლიდან დავიწყე სიმღერა და მას შემდეგ, ეგრეთ წოდებული, დუდუკი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მუსიკის გარეშე არსებობა არ შემიძლია. გულწრფელად ვუმღერი ჩემს მეუღლეს სიყვარულზე და მის გაბრწყინებულ თვალებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ამისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება.
– ქალები...
– კაცის ცხოვრებაში ქალს ძალიან დიდი ადგილი უკავია. რაოდენ მკრეხელურადაც უნდა ჟღერდეს, თამამად შემიძლია, ვთქვა, ღმერთი გენიოსია. მან შექმნა ისეთი არსება, რომელიც უნდა გააღმერთო, რა თქმა უნდა, უფლის შემდეგ, ამიტომ ჩემთვის იყო, არის და იქნება ერთადერთი მამოძრავებელი ძალა – სქესი, რომელსაც ქალი ჰქვია. 17 წლის წინ უფრო მჩატედ ვფიქრობდი ამ თემასთან დაკავშირებით. ვცდილობდი, მეტი ისტორია შემეგროვებინა. უკვე 16 წელია, იმ ჩარჩოში ვიმყოფები, რომელიც ძალიან დიდ სიყვარულს მოიცავს, ეს ჩემი მეუღლის ჩარჩოა. 11 დეკემბერს სიყვარულის ახსნიდან 17 წელი შეგვისრულდა. წლების წინ, ბელა თვალდახუჭული ავიყვანე ერთ-ერთ მაღალ ადგილას და ყურში ვუთხარი, რომ მიყვარდა. მან ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, ისე, როგორც სხვა ვერცერთი ქალი ვერ შეძლებდა. მან მე გადამარჩინა, თორემ შეიძლება, ახლა წუმპეში ვყოფილიყავი. მაშინ თეატრშიც პრობლემები მქონდა, პირად ცხოვრებაშიც, სახლშიც, მეგობრებშიც. დედაჩემი საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ, მამა – ფეხმოტეხილი, ოჯახში სერიოზული პრობლემები იყო, ამ დროს გამოჩნდა ნათელი წერტილი – ბელას სახით. მას დღემდე თვალდახუჭული, გულით მივყვები და ზუსტად ვიცი, იმ გზაზე მატარებს, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს.
– რა არის მასში ისეთი, რამაც ასე შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. მე ძალიან ექსცენტრიკული ადამიანი ვარ. შეიძლება, ერთ წამში კარგ ხასიათზე ვიყო, მაგრამ ძალიან პატარა რამემ გამომიყვანოს წყობიდან და ახლაც მტკივა მუშტი, რომელიც კედელს დავარტყი ცუდი ამბის გაგების გამო. მე რომ ავქოთქოთდები, ბელას აქვს მაგიური სამი წუთი, როცა ის ჩუმადაა და შემდეგ მისი ოლიმპიური სიმშვიდე მეუბნება, რომ საღად უნდა ვიაზროვნო. მერე ვზივართ, ვსაუბრობთ და მივდივართ ოქროს შედეგამდე, ამას ჰქვია მეუღლეების გვერდით დგომა.
– ცოტას არ ეჭვიანობს?
– ეს მომენტები ნამდვილად არის, მაგრამ მას არასდროს შეუმოწმებია ჩემი ტელეფონი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის ჩემი „ფეისბუქის“ პაროლი, არასდროს შეუმოწმებია ჩემი ჯიბეები, არასდროს უკითხავს, სად ხარო, თუმცა ყოველთვის კარგად იცის, სად ვარ. არის პატარა ეჭვიანობა, მაგრამ ეს, ალბათ, ზედმეტი სიყვარულის ბრალია. მე ძალიან ეჭვიანი ვარ, უზომოდ და უაზროდ. ამ მხრივ, ძალიან რთული ადამიანი ვარ. რაც ჩემია, ჩემია და იმის იქით აღარაფერი არსებობს. ამიტომ ჩემთვის ძალიან რთულია გვერდით ლამაზი ქალი მყავდეს. თუმცა, მე რომ გვერდით მეუღლე ან და მომყვება, მათ, ალბათ, ვერცერთი მამაკაცი ვერ შეხედავს გამომწვევი თვალით, რადგან ჩემ გვერდით არიან.
– არც დასთან გქონიათ ეჭვიანობის მომენტები?
– მე ჩემს პასუხს ვაგებ გვერდით მყოფი ადამიანების კეთილდღეობაზე. როდესაც ჩემი და თხოვდებოდა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვის მიჰყვებოდა, როგორი ადამიანი იყო ის, მასზე ყველანაირი ინფორმაცია მქონდა. ჩემმა დამ იცოდა, რომ ათ საათზე სახლში უნდა ყოფილიყო. მეორე დღეს მოვიდა ჩემი მომავალი სიძე და მითხრა, მე მიყვარს შენი და, მასზე სერიოზულად ვფიქრობ და იცოდე, რომ მე ვარ კაცი, რომელსაც უნდა, რომ შენი და მთელი ცხოვრება მის გვერდით იყოსო. მაშინ მას ვუთხარი: ჩემი და დღემდე ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო. ახლა ეს პასუხისმგებლობა ნაწილობრივ შენზე გადმოდის. ღამის ათ საათზე ბავშვი სახლში უნდა იყოს-მეთქი. მან თქვა, კი, ბატონოო. ახლა მათ ოჯახი აქვთ, ორი შვილი ჰყავთ და მე ზუსტად ვიცი, რომ ღამის ათ საათზე ჩემი და სახლში იქნება, ათის ნახევარზეც, იმიტომ, რომ მისმა მეუღლემ ასე ბრძანა. ჩემი წილი პასუხისმგებლობა სიძეს გადავულოცე, ასე რომ, მას ეჭვიანობის უფლებაც აქვს, მისი გაკონტროლების უფლებაც და ასე შემდეგ.
– ქალიშვილთან მიმართებაში როგორი ხართ?
– მე ჩემს შვილებს ლაშა-გიორგისა და ერეკლეს ასე ვზრდი. დღეს ჩვენ შეშა დავაპეთ. ჩემმა ოთხი წლის ბიჭმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ჩემს ცხრა წლის გოგონას შეშა მეორე სართულზე არ აატანინა. მე კაცი ვარ და ამიტომაც მძიმე სამუშაო მე უნდა გავაკეთოო. მე რომ სახლიდან გავდივარ, ჩემს 13 და 4 წლის ბიჭებს ვეუბნები, რამე დაემართება შენს დას, დედაშენს და პასუხისმგებლობა თქვენზე მოდის-მეთქი. ისინიც იღებენ ამ პასუხისმგებლობას და ყველაფერს აკონტროლებენ. ხანდახან ყოფილა შემთხვევა, მე გასტროლზე ვყოფილვარ და ჩემს უფროს ვაჟს დაურეკავს დედამისისთვის და უთქვამს, „დედა სადა ხარ?“
– თქვენი ქალიშვილი რომ გაიზრდება, ორი ძმისა და მამის კონტროლის ქვეშ ცოტა გაუჭირდება, მაგრამ, ალბათ, მასზეც ბევრია დამოკიდებული.
– ჩემმა ქალიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ რაც უნდა გააკეთოს, მის უკან უზარმაზარი ადამიანები დგანან, რომელთაც ჯერჯერობით ანგარიში უნდა გაუწიოს, თუ მთელი ცხოვრება არა. ისიც კარგად იცის, რომ თუ რამეს აშავებს, ამით მარტო ის კი არა, მთელი ოჯახი აშავებს. ჩვენს ოჯახში სიტყვა „მე“ არ არსებობს, არსებობს „ჩვენ“ და ამით ვართ ბედნიერები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან