ლაშა ონიანი: პირადი ტრაგედიების გამო, თითქოს, ბოლომდე არ მერგება წარმატებებით გამოწვეული სიხარული
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:56
ლაშა ონიანის "უცნობი მხარე"
– ვინ არის ლაშა ონიანი?
ლაშა ონიანი: პირველ რიგში, მეგობარი, უბოროტო ადამიანი, რომელიც ნაკლებად შედის სხვასთან კონკურენციაში, რადგან თავის საქმით არის დაკავებული. ვფიქრობ, შემოქმედებითი თვალსაზრისით, განსხვავებული ადამიანი ვარ, რომელიც ხელს არავის უშლის, პირიქით, ვინმეს თუ წაადგება. ვარ ნამდვილი მშვიდობის მოყვარული, რომელიც არ ერიდება სიმართლის თქმას.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– გააჩნია სიტუაციას. როცა პროფესიულად ვარ დაკავებული, მაგალითად, სცენზე ვმუშაობ, კი – შემოქმედებით პროცესში ემოციური ვარ. თუმცა, ამ ემოციების სამართავადაც მზად ვარ.
ცხოვრებაში კიდევ უფრო ემოციური ვარ. ვცდილობ, წონასწორობა დავიცვა, მაგრამ ჩემს ემოციურობას წარმომავლობაც ხელს უწყობს – მთის შვილი ვარ, სვანი ვარ და მინდა, გითხრათ, რომ ფეთქებადი, თუმცა ეს სასურველი მდგომარეობა არ არის (იცინის).
გულჩვილობას რაც შეეხება, ასეთი ვარ პატარა ადამიანების მიმართ, რომლებსაც შესაძლებლობა არ აქვთ, სურვილი შეისრულონ ან წინააღმდეგობა გადალახონ და საკუთარი სიმართლე გაიტანონ.
– რის გამო გიტირიათ ბედნიერებისა თუ მტკივნეული ცრემლებით, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– ჩემს კარიერაში აღმასვლის პერიოდი მქონდა, მაშინ 27-28 წლის ვიქნებოდი. 1996 წელი იყო და „კარმინა ბურანას“ თემატიკა იყო შემოსული ევროპის დიდ ქალაქებში. მე ზაარბრიუკენში ვცხოვრობ, რომელსაც სულ რაღაც, 150 000 მცხოვრები ჰყავს და მხოლოდ ამ ქალაქში შემოვიდა „კარმინა ბურანას“ თემატიკა, როგორც პატარა ქალაქში. უბრალოდ, ეს პატარა ქალაქი რეგიონის დედაქალაქია. მე მომიწია მასზე დამდგმელ რეჟისორად მუშაობა. ვიმუშავე, დიდი დრო და რესურსი დავხარჯე. ამ პროექტში, დაახლოებით, 400 მონაწილე იყო, ძალიან გრანდიოზული საქმე კეთდებოდა. მაყურებელი შეიკრიბა, 6 000 კაცი მოვიდა და დაწყებამდე ათი წუთით ადრე წამოვიდა თავსხმა წვიმა, რომელიც დაახლოებით, საათი და ათი წუთი არ შეჩერდა. სცენის ქვეშ ვიყავი შესული და როგორც გარეთ წვიმდა, მეც ისე შეუჩერებლად მომდიოდა ცრემლები. ჩემი წარმატების გზამ უკან დაიხია, დაახლოებით, 6-7 წლით. ეს რომ არ მომხდარიყო, ჩემი ნამუშევარი შევიდოდა „კარმინა ბურენას“ იმ ქსელში, რომელმაც ყველა დიდი ქალაქი დაიპყრო. ძალიან გულგატეხილი დავრჩი, ამიტომაც ვტიროდი.
ეს, რაც შეეხება კარიერას, მაგრამ რაც შეეხება ცხოვრებას – თითქოს, ყოველთვის ასე ხდება, ჩემი პირადი წარმატების პარალელურად, მუდმივად არის ოჯახური გულისწყვეტა, სამწუხაროდ, საყვარელი ადამიანები მაკლდებიან.
სულ პირველად, როდესაც ყველაზე დიდი წარმატება მქონდა – 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გავხსენი, ოჯახის წევრი, ძმა გამომეცალა ხელიდან. გავიდა ერთი წელი, ისევ დიდ ტრამპლინს მივადექი, უკვე საოპერო თეატრების სცენებზე შევედი სამუშაოდ და დედა გამომეცალა ხელიდან, შემდეგ – მამა, მერე – მეგობარი, ახლო ძმაკაცი, ბიძაშვილი, ბოლოს ჩემი პატარა ძმისშვილი წავიდა ამქვეყნიდან.
სინამდვილეში მთელს ჩემს წარმატებებს ცრემლი სდევს. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი პირადი წარმატება არ მიზეიმია. თუ ვინმე იღებს სიამოვნებას ჩემ მიერ შექმნილი პროდუქციით, ძალიან კარგია, რადგან ეს არის მთელი ჩემი სიხარული, მთელი ჩემი ცხოვრების მიმართულება, თორემ პირადი ტრაგედიების გამო, წარმატებით გამოწვეული სიხარული მე თვითონ, თითქოს, ბოლომდე არ მერგება.
– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს, არ უყვარს სხვების თანდასწრებით ემოციის გამოხატვა. რას ფიქრობთ ამაზე?
– ცრემლიანი კაცი არ ვარ, შემიძლია, ატანაც, გადატანაც, მოთმენაც, უბრალოდ, სადაც ზღვარი აღარ ჩანს, მაშინ შეიძლება, ცრემლი თავისდაუნებურად წამოვიდეს. დამალო? არა, რა არის დასამალი? ცრემლი არის იმის გამოხატულება, რისი თქმაც გინდა და ვერ ამბობ. როცა ემოციები მაქსიმალურზე არის ასული, ვეღარ ლაპარაკობ და ის სწორედ მაშინ მოდის. ამის დამალვა ვერ წარმომიდგენია. თუ მტრის წინაშე დგახარ და ამიტომ გინდა დამალვა, მაშინ, საერთოდ, რა გეტირება, იქ უნდა იბრძოლო. თუ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა, არც აქაა ცრემლის დრო, აქაც ბრძოლაა საჭირო. ცრემლი არის ემოციის კულმინაციური წერტილი, რასაც ვეღარ გადააბიჯებ და მის დამალვას შეიძლება, ინფარქტი მოჰყვეს. მისი გარეთ გამოშვებისას კი სხეული და გონება შვებას განიცდის.
– გიოცნებიათ მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაზე?
– ასეთ რამეზე არ მიოცნებია. ძალიან ცნობილ ადამიანებთან მომიწია მუშაობა და ურთიერთობა და შეიძლება, ასეთი ოცნება ამ ურთიერთობებმა გამომაცალა. მსოფლიოში ცნობილი საქმეების შემსრულებელი ვარ და რამდენად მიცნობს ვინმე, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან არ მაღელვებს.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– სტუდენტი ვიყავი, კურორტ მუაშზე ვისვენებდი, სვანეთში. დილაობით ფრენბურთს ვთამაშობდი ხოლმე მოედანზე. ერთხელაც, ერთი გოგო მოვიდა და მითხრა, გავიგე, აქაური ყოფილხარ და მთებში გზები გეცოდინება. უძირო ტბა ყოფილა ზემოთ და იქნებ, მიგვასწავლო, როგორ მივიდეთ იქ ან ერთად გვენახაო. ვიფიქრე, რომ სეირნობა უნდოდა, ჩემთვის ფიქრებში წავედი (იცინის). მოკლედ, დავთანხმდი და დილის ოთხ საათზე დავთქვით გასვლა. ადრიანად გავემზადე, გამოვედი და რას ვხედავ, ამ გოგოსთან ერთად კიდევ შვიდი ადამიანი მოდის. ვხარხარებდი, ეს რომ დავინახე (იცინის). მოკლედ, ავედით ტბაზე, მაგრამ გზა აგვერია, დაგვაღამდა და ტყეში, უკუნეთ სიბნელეში მოგვიწია დარჩენა. დილით რომ გავიღვიძეთ, აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადგილს, სადაც გვეძინა, უფსკრულთან მხოლოდ ათი მეტრი აშორებდა. ხუთი საათი მოვუნდით უკან აბრუნებას და სწორი გზით წამოსვლას. თურმე, მთელი ღამე გვეძებდნენ. ამ გოგონების მშობლები ჩემებთან წასულან და ყველა ერთად, მთელი ღამე ტყე-ტყე დადიოდნენ შეიარაღებულები ჩვენი პოვნის იმედით. ვერ გვიპოვეს, რადგან ჩვენ სულ სხვა მხარეს აღმოვჩნდით. მეორე დღეს კი თვითონ მივედით სოფელში. მოკლედ, თავიდან-ბოლომდე საოცარი ისტორია გახლდათ, მაგრამ ყველაზე მაგარი მომენტი მაინც ის იყო, ამ გოგოს რომ უნდა შევხვედროდი და მთელი არმია მოვიდა (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





