შოუბიზნესი

ლაშა გურული: მე ასე ვხედავ და ჩემ ირგვლივ მყოფებიც მეუბნებიან, რომ რაც მინდა, ზედმეტად რთულად მეძლევა

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 01.06

ლაშა გურული
დაკოპირებულია

ვნახოთ, რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევს საკუთარ თავს ოლიმპიური მედლის მფლობელი ლაშა გურული და რა განაპირობებს მის წარმატებას.

ლაშა გურული: 28 წლის განმავლობაში ბევრ რამეში გამიმართლა, ბევრში – არა. უკეთესიც შეიძლებოდა და უარესიც. ამიტომ ვიტყვი, რომ საშუალოდ იღბლიანი ადამიანი ვარ.

მე ასე ვხედავ და ჩემ ირგვლივ მყოფებიც მეუბნებიან, რომ ყველაფერი, რაც მინდა, ზედმეტად რთულად მეძლევა. ძალიან დიდი გზის გავლა მიწევს მიზნის მისაღწევად. სხვასთან შედარებით, ყველაფერი ბევრად რთულად მეძლევა. მაგალითად, რაღაც თუ არის საკმაოდ მარტივი, მე რომ მომინდება, მაინცდამაინც მაშინ გართულდება, წესები შეიცვლება და ასე შემდეგ. ეს არ მაშინებს, პირიქით, სირთულეები მამოძრავებს, მზრდის და უფრო მეტად თავდაჯერებულს მხდის. ესე იგი, ასე უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში და მეც შესაბამისად ვმოქმედებ.

– ესე იგი, რაც ხდება, უფრო მეტად შრომისმოყვარეობის დამსახურებაა, ვიდრე იღბლის?

– ერთმანეთს არ შევადარებ, ორივეს თავისი დანიშნულება აქვს. რამდენიც არ უნდა იშრომო, იღბალი მაინც გჭირდება. ვერც იღბალს გამოიყენებ შრომის გარეშე. უბრალოდ, შრომა ჩემზეა დამოკიდებული და შემიძლია, ასი პროცენტით საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა. იღბალი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვენდობი უფალს, ბედს და შრომის მოტივაცია მაქვს. მჯერა, რომ საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამიმართლებს.

– ნაკლებად წარმოსადგენია, რომ სპორტსმენები ზარმაცები არიან, თუმცა, ალბათ, არის მომენტი, როცა თავს ამის უფლებას აძლევთ.

– როდესაც შეჯიბრებისთვის ემზადები, მაშინ სიზარმაცე გამორიცხულია. როდესაც ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ამ დროს შეიძლება, რაღაც დაგეზაროს და შენს თავს შეუთანხმდე, რომ 100 პროცენტით არ დაიხარჯო კონკრეტულ მომენტში. ასეთ დროს ეს ნორმალური მგონია. შეთანხმებული, გააზრებული და დასაშვები სიზარმაცეა, თორემ როცა დაუშვებელია, როცა საქმე აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მაშინ თავს კითხვას არ დავუსვამ – მეზარება თუ არა-მეთქი. თუ მიზნამდე გინდა მისვლა, უნდა გაკეთდეს. თუ ასე არ მოვიქცევი, მიზნამდე მხოლოდ ოცნებებში თუ მივალ – ეს გააზრებული მაქვს.

– გქონიათ განცდა, რომ დიდი შრომა „წყალში ჩაგეყარათ“?

– არა, ასეთი რამ, ჩემი აზრით, არ არსებობს. შეიძლება, იმ მომენტში არ გამოგივიდა, მაგრამ წყალში კი არ ჩაიყარა, შენ გაგაძლიერა და რაღაცაში მაინც გამოგადგა. ყველა ვარიანტში გამარჯვებული ხარ, მიზანი დაისახე, მისთვის იბრძოლე და გამოვიდა თუ არა, წყალში ვერაფრით ვერ ჩაიყრება. თუ იმ მომენტში არ გაგიმართლა, ესე იგი, ჯერ ადრეა შენთვის, ამიტომ უნდა გააგრძელო გზა. ჩემი ერთ-ერთი დევიზია – „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. არ გამოგივიდა? ხომ ცოცხალი ხარ? განაგრძე მანამ, სანამ შანსი არსებობს. საბოლოოდ, თუ ხვდები, რომ არ გამოდის, თუ უკვე გვიანია, მაშინ შეუთანხმდი შენს თავს, გზა შეცვალე, ახალი მიზანი დაისახე და მისკენ წადი.

– ეს მცდელობები ფსიქოლოგიური კუთხით მარტივი არ არის. რა გეხმარებათ წარუმატებელ და რთულ პერიოდებში, რომ მყარად იდგეთ ფეხზე?

– ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, ანუ იმის ცოდნა, რისკენ მიდიხარ და რა გზით. თუ გაიაზრებ, რომ ადვილი მიზანი არ დაგისახავს, იმისთვისაც უნდა მოემზადო, რომ რთულ მიზნამდე მისასვლელი გზაც რთული იქნება. აუცილებლად შეგხვდება დაბრკოლებები, უსამართლობა, გაუმართლებლობა, იმედგაცრუება... როცა ვხვდები, რომ საქმე კარგად არ მიდის, ვჯდები ჩემს თავთან, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად და ვცდილობ, ანალიზი გავაკეთო: რატომ არ მიდის კარგად? რა არის გამოსასწორებელი? ვცდილობ, საკუთარ თავში მინუსები ვიპოვო, მიზეზები ვიპოვო და მათ გამოსწორებაზე, პლუსებად ქცევაზე ვიმუშავო.

– ვინ ან რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია?

– კრივზე 5 წლის ასაკში მოვხვდი. 7 წლისამ უკვე ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი – ეს იყო ოლიმპიური ჩემპიონობა, ასევე, ვყოფილიყავი ცნობილი და პროფესიონალი მოკრივე. ეს იყო ჩემთვის ნომერ პირველი მოტივაცია. მეორე მოტივაცია უფრო მატერიალური იყო. 90-ანი წლების ოჯახები დალხინებულად არ ცხოვრობდნენ. ვიცით გაჭირვების ფასი. ამიტომ, არ მინდოდა, ჩემს ოჯახს, მეუღლეს, შვილებს მომავალში გაჭირვებაში ეცხოვრათ და მინდოდა, შესაბამისი მატერიალური მდგომარეობა შემექმნა. მესამე – მინდოდა იმ ადამიანებისთვის, ვინც მეუბნებოდა, არ გამოგივა, იქნებ მიზანი შეიცვალოო, დამემტკიცებინა, რომ არ იყვნენ მართლები.

– წარმატების მიზეზებს შორის შეიძლება, დიდი ადგილი ჰქონდეს ინტუიციასაც. გაქვთ ეს უნარი განვითარებული?

– არ ვიცი, შეიძლება, დავარქვათ თუ არა ინტუიცია, მაგრამ ძალიან მაგარი ანალიზის უნარი მაქვს. შემიძლია, ძალიან კარგად წარმოვიდგინო, რა იქნება ნახევარი თუ ერთი წლის შემდეგ. რამეს რომ ჩავიფიქრებ, მართლა ისე გამოდის. შეიძლება, მოვლენებს სწორად ვუკავშირებ ერთმანეთს და ამიტომ. გარდა ამისა, ქალწულის ზოდიაქოს გავლენაცაა, ქალწულს კარგი ანალიზისა და წინასწარგანჭვრეტის უნარი აქვს. ყოველთვის ვისახავ რამდენიმე თვის ან ერთ წელში მისაღწევ მიზანს და იქამდე მისასვლელ გზას ძალიან ნათლად ვხედავ. ასეთია ჩემი გონება და მივყვები ამ გზას.

– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებში?

– არ ვიცი იღბალია თუ არა, მაგრამ ჩემ ირგვლივ არსებული ადამიანები არიან ჩემი ძალა, იმედი და სიმდიდრე. ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები ჩემთვის ყოველთვის დიდი ძალა იყო. არ შემიძლია, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვთქვა – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ჩემთვის დაიბადა და მე – მისთვის. გარდა ამისა, ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, რომ არა ისინი, მე წარმატებას ვერ მივაღწევდი. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან აღბლიანი ვარ ადამიანებთან ურთიერთობაში. თითოეული მათგანი ღმერთის გამოგზავნილია ჩემთვის, მე ასე ვფიქრობ.

– ყველაზე დიდი მსხვერპლი, რაც წარმატებისთვის გაგიღიათ?

– ჯანმრთელობა, ფსიქიკა. როცა ცნობილი და წარმატებული ხდები, მერე შეიძლება, ყველაფერი ტკბილად გახსენდება და მსხვერპლადაც აღარ თვლი, რადგან უკვე მიზანს მიაღწიე, მაგრამ საბოლოო ჯამში, შენი ჯანმრთელობა შეუფასებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა