ლაშა ღლონტი: ვეძებ ადამიანებს, ვინც ნაკლზე მიმითითებენ, პირდაპირ მეტყვიან სათქმელს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 17.04, 2023 წელი

ლაშა ღლონტის ,,უცნობი მხარე" 👇
– ვინ არის ლაშა ღლონტი?
ლაშა ღლონტი: საქართველოს მოქალაქე, ექიმი, მომღერალი, მამა, ბაბუა და მეუღლე.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ ბედნიერებას. ჩემი ბედნიერება ჩემ ირგვლივაა. ბავშვობაში მსახიობობასა და ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. მართალია, ვერცერთი ვერ გამოვედი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც გამოვედი და როგორც წარიმართა ჩემი ცხოვრება. მილიონერი არ ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს. ესეც რომ არ მქონოდა, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი სიცოცხლის, ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და ამ ქალაქის გამო, რომელშიც დავიბადე. ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა არის საჭირო. ღმერთს მადლობას ვუხდი იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მარგუნა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემ გარშემო არიან და ასე შემდეგ.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– არასდროს. ყველა საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებდი. შეიძლება, რაღაც მომენტში არ მსიამოვნებდა, მაგრამ რადგან ვიცოდი, რომ კარგ შედეგს მომიტანდა, სიყვარულს არ ვაკლებდი. მე ყველაფერში შემიძლია დადებითის დანახვა. ამ უნარისთვის უფლის მადლიერი ვარ. ოპტიმისტი ვარ და ყველა სიტუაციიდან ვხედავ გამოსავალს. ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ეს გამართლება ძალიან დიდი შრომის ფასად მოვიდა. ძალიან დიდი შრომა კი დიდი სიყვარულის გარეშე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მერე შრომაც სიამოვნებად იქცევა. ჯოჯოხეთია შრომა სიყვარულის გარეშე.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– დაახლოებით, სამი წლის წინ, განსაკუთრებული ფილმი ვნახე და ცრემლი მომერია. ხშირად არ ვტირი, საქმე აქამდე არ მიმყავს, თუმცა, ეს ყოველთვის ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მამა რომ დავკარგე, რა თქმა უნდა, ცრემლი ვერ შევიკავე. კიდევ ერთი გამახსენდა – ბოლოს, მურმან ჯინორიას სპექტაკლზე ვიტირე. მე და ნიკოლოზ რაჭველი ვიყავით ერთად და ორივე ვტიროდით.
– რას გააკეთებდით ლატარიაში მილიონები რომ მოიგოთ?
– დავეხმარებოდი ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს, დავეხმარებოდი ზომიერად და მათთვის სასარგებლოდ. პირდაპირ მილიონს არავის ვაჩუქებდი. შევხედავდი მის შესაძლებლობებს, ნიჭს და შესაბამისად დავეხმარებოდი. ნამდვილად მაქვს ბევრი ადამიანის დახმარების სურვილი, მაგრამ გეგმაზომიერად და არა სპონტანურად. ადამიანს ისე უნდა დაეხმარო, როგორც მას სჭირდება. ისიც შეიძლება, უბრალოდ, აიღო ფული და მისცე, მაგრამ როცა ხედავ ადამიანს მათემატიკის ნიჭი აქვს, კარგ სკოლაში სწავლის საშუალება უნდა მისცე, ხოლო თუ ფეხბურთს თამაშობს კარგად, შესაბამისად – წვრთნის საშუალება. ანუ, თევზის დაჭერას ვასწავლიდი, თევზის ჩუქების ნაცვლად. ბევრს დავხმარებივარ, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ღირებული უნდა იყოს. ქუჩაში რომ მოწყალებას ითხოვს ადამიანი, იმისთვისაც ბევრჯერ გამიწვდია დახმარების ხელი, მაგრამ როდესაც ადამიანი ჯან-ღონით არის სავსე, მაგრამ არ მუშაობს და შენ გთხოვს ფულს, ასეთს არ დავეხმარები. იმიტომ კი არა, რომ გული არ შემტკივა, იმიტომ რომ ეს დათვური სამსახურია. როცა ადამიანს ეხმარები, მას ეს უნდა სჭირდებოდეს. ადამიანს, რომელსაც კაზინოში სიარული უყვარს, დაეხმარები თუ მილიონ დოლარს მისცემ?! ადამიანმა ფულის ყადრი უნდა იცოდეს და თუ მისი დახმარება გინდა, გზაზე უნდა დააყენო, ეს არის საუკეთესო გამოსავალი, მე ასე ვფიქრობ.
– რა არის თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?
– ფიცხი ვარ და ასეთი ხასიათის გამო, შეიძლება, ცხელ გულზე ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენო. ეს ჩემი დიდი მინუსია. როცა ადამიანი მიყვარს, მას ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები სათქმელს. დიპლომატია მაქვს, მაგრამ თუ ადამიანი ახლობელია, მას სიმართლეს პირდაპირ ვეუბნები, თუნდაც ის მწარე იყოს. ზოგჯერ შვილისთვის მიტკენია გული, ზოგჯერ – ოჯახის სხვა წევრისთვის, მაგრამ ასეთია ჩემი ხასიათი.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა რომელიც თავს გადაგხდენიათ?
– უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც ადამიანი არასწორად იქცევა ან გატყუებს. ეს ზოგადად, თუმცა უხერხულობასთან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსენდება. ერთხელ, ბავშვობის მეგობარმა ძალიან გამაბრაზა და მინდოდა, მისთვის სამაგიერო გადამეხადა. ასეც მოვიქეცი – დავინახე, რომ ავტომობილის ბორბალს ცვლიდა, ჩუმად მივედი და ფეხი ამოვარტყი. უხერხული მდგომარეობა მაშინ უნდა გენახათ, როცა შევხედე და აღმოვაჩინე, რომ შემეშალა, მეგობარს კი არა, სრულიად უცნობ ადამიანს მივცხე წიხლი. ეს იყო ნამდვილი საშინელება (იცინის). მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე მწარედ მახსოვს. რა მექნა, მანქანაც იგივე იყო, ეს ბიჭიც ჰაბიტუსით ძალიან ჰგავდა ჩემს მეგობარს და რომ შევხედე სხვა იყო, უკანმოუხედავად გავიქეცი (იცინის).
– გაგრძელება არ მოჰყოლია ამ ამბავს?
– არა, მაშინ კარგად დავრბოდი და ვერ დამეწეოდა (იცინის). თუმცა, ვერც გამომეკიდა, ადამიანი გაოგნებული იყო. თავისთვის ბორბალს ცვლიდა და ვერც მიხვდა, რა მოხდა. თავით გაიტანა მანქანის კარი, მაგრამ რას იზამდა?!
– მოგიპარავთ რამე?
– კი, მაგრამ უმნიშვნელო რამ. 90-იან წლებში, პატარა მაღაზიას ვაკეთებდით და დანგრეული შენობიდან ღამე შუშა მოვიპარე (იცინის). ისე ხაჭაპურიც მომიპარავს და საერთოდ, გეტყვით, რომ მსუქანი ადამიანი სუფრასთან ისე ჭამს, სხვები ვერ ამჩნევენ. ყველა რომ გაიხედავს, მაშინ ვიპარავ ხოლმე საჭმელს (იცინის).
– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?
– არ მიყვარს ბოროტი ტყუილი, ისეთი, როგორიც ვინმეს ავნებს, თორემ გაბუქება, პირიქით, მიყვარს. ადამიანი რომ ნიჭიერია, შეიძლება, ზედმეტად ნიჭიერად დავახასიათო ან ისეთი თვისებებით შევამკო, რაც სინამდვილეში არ აქვს, იმისთვის, რომ სხვას მასზე კარგი წარმოდგენა შეექმნას.
– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?
– პირველ პაემანზე ძაღლი გამომეკიდა. მე კი ძალიან მეშინია ძაღლების, ამიტომ თეა მარტო დავტოვე და ხეზე ავძვერი (იცინის). სინამდვილეში, არ დამიტოვებია, როგორც გითხარით, გაბუქება მიყვარს, მაგრამ მართლა ძალიან კი შემეშინდა (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია საკუთარი თავის პოვნა, ეს ნაწილობრივ მაინც შევძელი. რაც შეეხება მარცხს, დიდი მარცხი არ განმიცდია. ეტყობა, ღვთისგან გამორჩეული ადამიანი ვარ.
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი, რაც გესიამოვნათ და ცუდი, რამაც გული გატკინათ?
– ცუდი არ მომისმენია. ის, რაც შეიძლება ცუდად ჩაითვალოს, არის შეუმდგარი ადამიანების მიერ ნათქვამი ფრაზა, რომელიც პირიქით – გამარჯვებად მიმაჩნია. ასეთ ადამიანებს ჩემზე კარგი რომ ეთქვათ, ის უფრო მეწყინებოდა. ასეთები არ მიკვირს და არც მაღიზიანებს. პირიქით, ყველაფრისთვის მზად ვარ. მე ცხოვრებაში ვეძებ ადამიანებს, რომლებიც ნაკლზე მიმითითებენ, მათ, ვინც პირდაპირ მეტყვის სათქმელს. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც გვერდით ასეთი მეგობრები გყავს, მაგრამ ეს ობიექტური და გულიდან წამოსული უნდა იყოს. მე კარგად ვხვდები, ადამიანი გულიდან წამოსულ სიტყვებს მეუბნება თუ ცდილობს, საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინოს. ამბიციურ ადამიანზე კი ძალიან მეცინება. ამერიკაში პირველად რომ ჩავედი, აეროპორტში ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა. მაშინ მეუფემ მითხრა: შენ ახლა ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე დგახარ. იესო რომ იერუსალიმში შედიოდა, ჯორზე იჯდა და ხალხი მას ზარით და დიდებით შეხვდა. ჯორს კი ეგონა, ასეთი ზეიმით მას ხვდებოდნენ და გთხოვ, მას ნურასდროს დაემსგავსებიო. მე ვიცი, რომ ყველაფერი უფლისგანაა და ამბიციურ ადამიანზე მეცინება, რადგან ნიჭი, რომელიც ადამიანს აქვს, უფლისგანაა მომადლებული.
რაც შეეხება კარგს, როცა ადამიანი მოდის და სიყვარულს გიხსნის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! მით უმეტეს, როცა ადამიანი ქართულ სიმღერას უსმენს და მე ამ ქართული სიმღერის შემსრულებელი ვარ, სიმღერის, რომელიც მსოფლიო რანგისაა.
– რომ გაიგოთ, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, ეტყოდით სიმართლეს?
– პირადი ცხოვრება პირადია და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. ამიტომ მე ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევი.
– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– უცებ. თუ სატანჯველი მოგცა უფალმა, ეს ნიშნავს, რომ შენი ცოდვების გამო ეს გზა უნდა გაიარო. რასაც უფალი ინებებს, იმას მივიღებ. ყველანი ცოდვილები ვართ, მეც ძალიან ბევრი ცოდვა მაქვს და ამ ცოდვებს გამოსყიდვა სჭირდება, მაგრამ ჩემს სურვილზე თუა დამოკიდებული, ყველაფერი კარგად უნდა იყოს და მრავალჟამიერ, თუმცა, ვიცით, რომ ასე არ ხდება.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– როდესაც მამა, რომელიც ალცჰაიმერით იყო დაავადებული, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ხუთი დღე ვეძებდი. ამ შეგრძნების აღწერა ძალიან გამიჭირდება, რაღაც იდუმალი შეგრძნება იყო. ღმერთს ვეხვეწებოდი, მისი ცხედარი მაინც მეპოვა. როდესაც ქუჩაში ყველა მოხუცი საკუთარი მამა გგონია, შემოაბრუნებ და ხელში სხვა შეგრჩება, ძალიან რთულია, ეს საშინელი შეგრძნება და დიდი შიშია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან