შოუბიზნესი

ლაშა აბზიანიძე: სამი საათი გარდაცვლილი ვიყავი, დედაჩემს მკვდარი აჩვენეს ჩემი თავი

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 26.01

ლაშა აბზიანიძე
დაკოპირებულია

„სეიშენის“ წევრი ლაშა აბზიანიძე ბოლო წლებში საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჩანს. მის ცხოვრებაში ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელსაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლაშა აბზიანიძე: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ბევრ რამეში მიმართლებს და ცხოვრებაში ეს ძალიან მეხმარება. „ლაქი“ (იღბლიანი) – ასეთი ტატუც კი მაქვს სხეულზე.

იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ არაჩვეულებრივი მეუღლე და ბიჭები მყავს. იღბლიანი ვარ იმის გამოც, რომ ახლა ცოცხალი ვარ. რამდენიმე თვის წინ გულის ოპერაცია გავიკეთე. ფაქტობრივად, გარდავიცვალე და უფლის ნებით, ამქვყნად დავბრუნდი. სამი საათი გარდაცვლილი ვიყავი. ალბათ, უფლის ნება ასეთი იყო და მაინც გადავრჩი.

– ეს რას ნიშნავს?

– ოპერაციის დროს გულს აჩერებენ, მერე კი ისევ ამუშავებენ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღარ ამუშავდა. ასე გრძელდებოდა სამი საათი. გადარჩენის შემდეგ იყო საშიშროება, რომ შეიძლება, ხეიბარი დავრჩენილიყავი და ასე შემდეგ. მოკლედ სერიოზული ამბავი გამოვიარე. აორტის სარქვლის პროთეზირება მოხდა. ისეთი მდგომარეობა მქონდა, არავის ეგონა, თუ „გამოვძვრებოდი“, ექიმსაც კი. ლევან ქარაზანიშვილმა გამიკეთა ეს ოპერაცია და მადლობა უფალს, დავბრუნდი ამ სამყაროში. რომ არა იღბალი და ღვთის ნება, ეს არ მოხდებოდა. ოპერაცია 7 საათი გრძელდებოდა და დასასრულისკენ მოხდა ეს ამბავი. მთელი მედპერსონალი ჩაერთო და სასწაული მოხდა. მერე ერთი თვე საავადმყოფოში ვიყავი და ამ პერიოდშიც იმდენი რამ მოხდა, არავის ეგონა, თუ ასე ავეწყობოდი (იცინის). რაც არ უნდა იყოს, ჩათვალეთ, სამი საათი ორგანიზმში ყველაფერი მკვდარი იყო და მერე ყველაფერი ხელახლა ამუშავდა. ორგანოებს დიდი ყურადღება სჭირდებოდა.

ეს დიაგნოზი შარშან დამისვეს. მოსკოვში ყოფნისას ინფარქტი მომივიდა და მითხრეს, რომ საოპერაციო ვიყავი. ჩამოვედი საქართველოში და გავიკეთე.

– ახლა როგორ ხართ?

– არაჩვეულებრივად. მკურნალობის ქვეშ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. ამიტომაც ვამბობ, იღბლიანი ვარ, აბა, რა ვარ?! სიმართლე გითხრათ, იმდენად არ ელოდნენ ჩემს გადარჩენას, რომ ყველამ გამომიტირა. იცოდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. დედაჩემს მკვდარი ანახეს ჩემი თავი. მხოლოდ უფლის იმედი იყო. ქირურგმაც პირდაპირ უთხრა მეუღლეს და დედაჩემს, ერთადერი, რისი იმედიც გვაქვს, უფალიაო.

– ეს ყველაზე მთავარი ამბავია, თუმცა, ალბათ, ისიც დიდი იღბალია, რაც იყო შემოქმედებითი თვალსაზირისით და რამაც დიდი სიყვარული მოგიტანათ.

– თან რა პერიოდში, როდესაც არც ინტერნეტი არსებობდა, უშუქობა და საერთოდ, ათასნაირი პრობლემა იყო. ამ ფონზე მივაღწიეთ დიდ წარმატებას. ახლა, ამ დროში, ნებისმიერს შეუძლია, პოპულარული გახდეს, მაშინ ასე ნამდვილად არ იყო. ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ მთავარი იყო, რომ ეს მთელი გულით გვინდოდა და კარგი ადამიანების დახმარებით გამოვიდა. ასეთი შედეგის მისაღწევად ჩვენც ბევრი ვიმუშავეთ საკუთარ თავზე და კარგმა ადამიანებმაც ბევრი იმუშავეს ჩვენზე.

ამ პროცესში შრომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „სეიშენი“ ჩემს სიმღერებს მღეროდა, თამამად ვიტყვი, რომ სტუდიაში „თავს ვაკლავდით“ მუშაობით. ბევრჯერ მშიერი ვყოფილვართ, ბევრი ვიტანჯეთ სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ ჟინი გვქონდა. ასი პროცენტით გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისში ხელცარიელი არ დავბრუნდებოდით. თბილისში იმისთვის ჩამოვედით, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია და ამ სურვილმა ყველა სირთულე გადაგვალახვინა.

– რის გამოა, რომ ბოლო პერიოდში ნაკლები სიახლეა?

– ბოლო პერიოდში მე მოსკოვში ვარ, ორი ამერიკაში გვყავს, ლევანი საქართველოშია, მაგრამ თავის დუეტი აქვს – ანუ, ჯგუფი შეკრული არ არის. ამანაც ბევრი რამ განაპირობა. იმ პერიოდში ეს უფინანსობამ გამოიწვია, თორემ ჩვენი შოუბიზნესი ახლა უკვე კარგ მდგომარეობაშია. კრიზისულ პერიოდში ფიზიკურად ვერ გავაგრძელებდით არსებობას, ამიტომ ყველამ რაღაც გამოსავალი ვიპოვეთ, თორემ პირადულად ჩვენ შორის დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობაა. ვმეგობრობთ, ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები ვართ, ნათლიები და ასე შემდეგ.

– ყოფილა წარუმატებელი გამოცდილებებიც, როცა შრომა წყალში ჩაგყრიათ?

– რამდენჯერაც გინდათ. თბილისში რომ ჩამოვედით, დასაწყისში დედაჩვენების ხარჯზე ვცხოვრობდით. 2000-იანების დასაწყისი იყო, არანაირი შემოსავალი, 17-19 წლის ბიჭები ვიყავით, ქირით ვცხოვრობდით. რამდენი ღამე ყოფილა, რომ სრულიად უიმედოდ დაგვძინებია. გვითქვამს: მოდი, შევეშვათ ყველაფერს, სახლში საჭმელს მაინც გვაჭმევს დედაო, მაგრამ ზუსტად ასეთი დღეები გვაძლევდა ძალას. მეორე დღეს რომ გავიღვიძებდით, ოთხიდან ერთს მაინც იმედი ჰქონდა შემორჩენილი და ერთმანეთს ვამხნევებდით. რომელიმე მარტო რომ ვყოფილიყავით, ამას ვერ გავუძლებდით, მაგრამ ერთმანეთის მხარდაჭერით შევძელით. პირველი თვეები თითქმის ყოველდღე ასეთი უიმედობა გვიპყრობდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა იმასაც კი ვნატრობდით, უფასო კონცერტზე გამოვსულიყავით და გვემღერა. მთავარი იყო, რომ სცენაზე დგომის საშუალება გვქონოდა. ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა, დედების დამსახურებით გვქონდა. წარმოიდგინეთ რამდენი რამ არის საჭირო, მით უმეტეს, როცა დედაქალაქში ცხოვრობ და თან კარიერის აწყობა გინდა... იმდენი, რომ ვერ მოთვლი. ნატო დუმბაძის, მზია ღამბაშიძის, კოტე მალანიას, ირმა მალანიას – ამ და კიდევ ბევრი ძალიან მაგარი ადამიანების გვერდით დგომით მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ.

– რა გეხმარებათ რთულ პერიოდებში?

– უფალი და იმედი. ვერავინ განუგეშებს, თუ იმედს დაკარგავ. რა თქმა უნდა, მეუღლეც გვერდით მიდგას, დედაც, საძმაკაცოც, მაგრამ ჩემს თავზე გამომიცდია, სხვამ რაც არ უნდა გითხრას, მაინც შენ ხარ მთავარი, შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. იმედი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება, არასდროს უნდა დაკარგო. რაც მე გადამხდა თავს, მოსაყოლად ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან მძიმე გზა გავიარე. არ ვიცი, ჩემს ადგილას ვინ როგორ მიიღებდა ამ ამბავს, მაგრამ ჩემთვის ეს სასწაული იყო, რომელმაც ჩემი იმედი კიდევ უფრო გააძლიერა. უფალმა მითხრა, რომ მე ამ ცხოვრებაში საჭირო ვარ და შესაბამისად უნდა მოვიქცე.

– ზოგადად, ხართ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?

– ასეთი საერთოდ არ ვიყავი. ახლა დავაფასე ჯანმრთელობა. ეს ნიშანი იყო, ღმერთმა მითხრა, რომ უნდა შევჩერებულიყავი, აღარ შეიძლებოდა ისე გაგრძელება. ხან მუშაობისას სვამ, მერე გართობისას – მეგობრებთან ერთად... ის, ეს და თავს არ ვუვლიდი. ამან შედეგიც გამოიღო. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ამ განსაცდელის წყალობით ყველაფერი შეიცვალა. პატარაც აღარ ვარ, 44 წლის ვარ და უკვე კარგად ვიცი, რომ თავს უნდა მოვუარო, თორემ ადამიანებს ერთი გული გვაქვს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი