შოუბიზნესი

ლალი მოროშკინა: უამრავი სანაცნობო წრე მაქვს, მაგრამ ჩაკეტილად ვცხოვრობ

№37

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 16.09

ლალი მოროშკინა
დაკოპირებულია

ახლახან ლალი მოროშკინას უმცროსი ვაჟი დაქორწინდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ლალის ფოტოები ქორწილიდან, სადაც ულამაზესად გამოიყურება ექსკლუზიურად, მილანში, მხოლოდ მისთვის შექმნილ კაბაში. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ახალდაქორწინებულ წყვილს გაბედნიერებას და უსურვებს დიდხანს ჯანმრთელად და სიყვარულში ცხოვრებას. ჩვენ ლალის სამდღიანი ქორწილის შემდეგ დავუკავშირდით, პირადად მივულოცეთ შვილის გაბედნიერება და მიუხედავად სამდღიანი გადატვირთული დღეების და გადაღლისა, ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

ლალი მოროშკინა: დედა 16 წლის ასაკში გავხდი, სანდრო 36 წლის ხდება წელს. დღეს ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. სანდრო იყო ჩემი პირველი სიყვარული, 13 წლის შემდეგ კი გიორგი მეყოლა. მიუხედავად იმისა, რომ შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ერთმანეთის მიმართ ძალიან მოსიყვარულე და თბილი ძმები არიან. სანდრო წლების წინ დაქორწინდა და ბებია ვარ. თუმცა, ვერ ვიტყვი, ადრეულ ასაკში გავხდი ბებია-მეთქი. ჩვენს ოჯახში ყველა ახალგაზრდა ბებიაა. დედაჩემი 37 წლის იყო ბებია, მე ამ ოჯახურ ტრენდს ბევრად ჩამოვრჩი და ბებია 47 წლის გავხდი. თუმცა, მაინც ითვლება, რომ ახალგაზრდა ბებია ვარ. ბავშვები უკვე სკოლის მოსწავლეები არიან. არ ვთვლი, რომ დრომ უცბად გაირბინა. ეს წლები ბევრი მოვლენით იყო დახუნძლული.

– ყოველთვის დაკავებული იყავი თუ გრჩებოდა დრო შვილებისთვის?

– ჩემს შვილებს ძიძები არ ზრდიდნენ, რასაკვირველია, მეხმარებოდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ მათი აღზრდა მთლიანად ჩემს თავზე მქონდა აღებული. ზაფხულობით გერმანიაში გავდიოდი სასწავლო კურსებს და სანდრო არ დამიტოვებია, თან მყავდა წაყვანილი. არ დამავიწყდება, როცა პირველ კლასში მივიყვანე, მასწავლებელმა დამიბარა და მითხრა: კარგი ბავშვია, მაგრამ ძალიან ბევრს იტყუებაო. რა მოგატყუათ-მეთქი. რა და მე და დედიკო გერმანიაში ვცხოვრობთ, მაგრამ პიცის საჭმელად საფრანგეთში გადავდივართო. რეალურად, საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე ვცხოვრობდით და მართლა ასე იყო, არ იტყუებოდა (იცინის). ყველაფერი ერთად გადავიტანეთ, მისი კლუბური ცხოვრებაც კი. მუსიკას წერდა და თავადაც რომ დაიწყო კლუბებში სიარული, ვნერვიულობდი, რამე არ მომხდარიყო და მე და ჩემი სადაქალოც იმ კლუბში დავდიოდით (იცინის). სულ ამბობდა: რა უბედურებაა, ეს დედასთან ერთად კლუბში ყოფნაო (იცინის). არადა, ზოგს ქმრები ჰყავთ 16 წლით პატარა, დედაშვილობაში მართლა პატარა ასაკობრივი სხვაობაა. თითქმის ერთი თაობა ვართ. არასოდეს ჩავრეულვარ შვილების პირად ცხოვრებაში და არჩევანში. სხვათა შორის, სანდროს მეუღლე ლალი ჯავახია, უსაყვარლესი და უნიჭიერესი გოგოა. არ დამავიწყდება, 2001 წელს, როცა მინისტრის მოადგილე ვიყავი კონფლიქტების სამინისტროში, „ჯორჯიან თაიმსისთვის“ ოსეთის თემაზე ინტერვიუს გასაკეთებლად მოვიდა. არაჩვეულებრივი, ხვეულთმიანი, „რიჟა“ გოგო შემოვიდა ოთახში და ინგლისურ ენაზე ჩავწერეთ ინტერვიუ. რომ გადიოდა, მახსოვს, სუვენირი ვაჩუქე და გავიფიქრე: როგორ მინდა ასეთი ლამაზი გოგო სანდროსთვის-მეთქი. წლები გავიდა და ეს გოგო, სანდროს ცოლი გახდა. ასე მიხდება ოცნებები (იცინის). ასე რომ, მეგობრული, მზრუნველი და ძალიან მოსიყვარულე დედა ვარ ორივე შვილისთვის. ასეთი ოჯახი მაქვს, დედაჩემი დღემდე სადილებს აკეთებს, გვეპატიჟება და იმ ოჯახურ ტრადიციას არ ვკარგავთ, რაც ბებიებიდან მოდის. ჩვენი დიდი ოჯახი, ყოველთვის შეკრული იყო. ერთი დიდი, ხმაურიანი ოჯახი ვართ.

– ახლახან მეორე ვაჟი, გიორგიც დაქორწინდა და ულამაზესი, სამდღიანი ქორწილიც გქონდათ. ვინ არის მისი რჩეული?

– ულამაზესი ვერა ჩემი ტურისტი იყო. მოსკოველია და საკმაოდ წარჩინებული ოჯახის შვილი, ბულგაკოვის შთამომავალი. სხვათა შორის, გიორგის ცოლთან დაკავშირებითაც მაქვს უცნაური ისტორია – როცა 2016 წელს მოსკოვში წიგნი გამოვეცი, გიორგი წავიყვანე. არ უნდოდა წამოსვლა, წაიკითხა ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ და მითხრა: წამოვალ თუ იქ წამიყვან, სადაც ეს მოქმედება ხდებოდა და ეს რაიონი მაჩვენეო. როცა ჩავიყვანე, მართლა წავიყვანე, ჩამოვსხედით იმ სკამზე, სადაც ოსტატი და მარგარიტა ისხდნენ, გაიხედა უკან, ფანჯრისკენ გაიშვირა ხელი და მითხრა: აი, აქ ვიცხოვრებდიო. გავიდა წლები, ვერა ჩემთან ჩამოვიდა დასასვენებლად, შეუყვარდათ მას და ჩემს შვილს ერთმანეთი. ერთი წლის შემდეგ ვერას ბებია გარდაეცვალა. ჩემი შვილს არ ეცალა და მარტო წავედი. წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ ბინაში ცხოვრობს ვერა, რომლის ფანჯრისკენ გიორგიმ ხელი გაიშვირა. სასწაულები მართლაც ხდება. რაც შეეხება ქორწილს, გადავიხადეთ თბილისის ზღვის კლუბში. მე ამ კლუბის დირექტორი ვარ. ძალიან ბევრი სანათესავო მყავს უცხოეთში და ქორწილამდე, მთელი ერთი კვირა, აეროპორტში დავდიოდი და ვხვდებოდი რეისებს, ხან ჟენევიდან, ხან მილანიდან, ხან პარიზიდან, ხან პეტერბურგიდან, ხან საიდან და ხან საიდან (იცინის). პრაქტიკულად ერთი კვირა აეროპორტში მომიწია ცხოვრება (იცინის). ულამაზესი ქორწილი გამოვიდა, 600 კაციანი და სამდღიანი. პირველ დღეს იყო 600-კაცი, მეორე დღეს – 200, მესამე დღეს კი 70 კაცი კახეთში დავპატიჟე. ამ ყველაფერში ჩაბმული ვიყავით ყველა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგის მამას, მიშიკოს. ჩვენ ბიზნესპარტნიორებიც ვართ და უახლოესი მეგობრებიც. სანდროს მამასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. სხვათა შორის, ათი წლის წინ, სანდროს ქორწილიც მიშიკომ გადაიხადა თბილისის ზღვაზე და არანაკლებად პომპეზური და ლამაზი იყო. არცერთს არ გვაქვს ოჯახი, ვთვლით, რომ ერთმანეთის ოჯახი ჩვენ ვართ და მე და მიშიკო ერთმანეთის ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ვართ. სამსახურში ერთად ვართ, დაბადების დღეებზე, ახალ წელს, განსაკუთრებულ დღეებში, რა ვიცი, თავიდან თუ გახდა ხელის მოწერა საჭირო, არც ეგ არაა პრობლემა (იცინის). 30 წელია, ერთმანეთის გულშემატკივრები და უახლოესი ადამიანები ვართ, ბევრი რამ ერთად გამოვიარეთ, დავრწმუნდით, რომ ერთმანეთზე ერთგული არავინ გვყავს და აწი, რაღა უნდა მოხდეს ისეთი.

ზოგადად, უამრავი სანაცნობო წრე მაქვს, მაგრამ ჩაკეტილად ვცხოვრობ. ვერავინ მნახავს ხმაურიან „ტუსოვკებზე“. ეს ყველაფერი აღარ მჭირდება. მე მაქვს ჩემი სამყარო, ბიზნესი, საქმიანობა და საღამოს მხოლოდ ოჯახის წევრები მხედავენ და ერთი-ორი მეგობარი. ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა ზედმეტი ხმაური აღარ გინდა.

– მოდი, ქორწილს დავუბრუნდეთ. ესე იგი, გიორგისა და ვერას სიყვარულის ისტორია სიყვარულის ქალაქში, სიღნაღში დაიწყო?

– დიახ, ასეა. სხვათა შორის, ვერა გიორგის გვარზე გადმოვიდა და ქართულიც ისწავლა. თავად მოინდომა ქორწილში ქართული ტრადიციული კაბა სცმოდა და ქართულის ცეკვაც ისწავლა. გიორგისაც ქართული ჩოხა ეცვა და ულამაზესი ნეფე-პატარძალი იყვნენ. მათმა მეგობრებმა ფილმიც კი გადაიღეს – „სიყვარულის ქალაქში დაწყებული სიყვარულის ისტორია“. ულამაზესი, უკარგესი გოგოა. სხვათა შორის, ჩემი რძლებისთვისაც დედამთილი კი არა, მეგობარი ვარ და ასეა ჩემი ძმის ცოლთან ურთიერთობაშიც. ანუ, როგორი მეგობარიც ვარ, ისეთი დედა, ისეთი დედამთილი და ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ. რძლებში გამიმართლა. არცერთ ჩემს რძალთან არ მაქვს დედამთილური დამოკიდებულება, კიდევ ვამბობ, ისინი ჩემი მეგობრები არიან და, რაც მთავარია, ერთმანეთთან აქვს უთბილესი დამოკიდებულება, უყვართ ჩემი შვილები, ოჯახი. ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– თავად ულამაზეს ფორმაში იყავი. ვიცი, არ გიყვარს საკუთარ ჩაცმულობაზე ხაზის გასმა და საუბარი, მაგრამ ფაქტია, შენმა ჩაცმულობამ და ჩანთამ რომელიც ხელში გეჭირა, აჟიოტაჟი გამოიწვია. ვინ არის დიზაინერი და სად შეიძინე?

– მართლა არ მიყვარს ჩაცმულობაზე ხაზის გასმა, მაგრამ ჩემმა ჩაცმულობამ მართლაც დიდი აჟიოტაჟი და ინტერესი გამოიწვია. ჯინსებშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს, თუმცა არის განსაკუთრებული დღეები, როცა უნდა გამოვიპრანჭო. სიმართლე გითხრათ, გასაპრანჭ ტანსაცმელზე არ მჭირდება ბევრი ფიქრი. ჩემი დები უცხოეთში ცხოვრობენ და თუ რამე ლამაზი და ექსკლუზიური ნახეს, მყიდულობენ და მიგზავნიან. ჩემი სანათესავოც ხშირად მანებივრებს ულამაზესი ნივთებითა თუ სამოსით. რაც შეეხება კაბას, რომელიც გიორგისა და ვერას ქორწილში მეცვა, „მის მსოფლიოს“ ბოლო ტრენდის კაბის ანალოგია. ხელნაკეთია, მილანში ექსკლუზიურად ჩემთვის შეკერილი. კი ვამბობდი: რა აუცილებელია, ქორწილში ასე გადაბრჭყვიალებული ვიყო-მეთქი, მაგრამ ყველა მეუბნებოდა: ასეთ ლამაზ დღეს, შენც ულამაზესი უნდა იყო და დედა-დედამთილმა იბრჭყვიალოო (იცინის). კაბა შვიდ კილოგრამს იწონის, და თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია. შექმნეს მილანის მოდელიორებმა, მოჭედილი და მოქარგულია ნატურალური ქვებით. მოკლედ, სპეციალურად ჩემთვისაა შექმნილი. ძალიან რთულია დიდხანს ამ კაბით მოძრაობა, აბჯარივითაა, მძიმე. ამიტომ, მხოლოდ ორი საათი გავუძელი, ეფექტი მოვახდინე და ქორწილის მეორე ნახევარში გამოვიცვალე (იცინის). ჩანთა „ლანვინის“ მეჭირა. ამ კაბაზე განსაკუთრებული ჩანთა იყო საჭირო. თავად შევიძინე და ძალიან მოუხდა. ასე რომ, უკვე დიდი ხანია, დიდი გოგო ვარ, რაც მომწონს, მე თვითონ ვყიდულობ და ვანებივრებ ჩემს თავს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა