შოუბიზნესი

ლალი მოროშკინა: ყოველთვის მათზე მეტი მქონდა, ვინც მეპრანჭებოდა

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 29.08, 2022 წელი

ლალი მოროშკინა
დაკოპირებულია

როგორ ცდილობს ლალი მოროშკინა უზრუნველი სიბერის უზრუნველყოფას და რა პრინციპებით მართავს ის თავის ცხოვრებას, ამას მისი პასუხებიდან შევიტყობთ. მინისტრის მოადგილე, პროფესორი, არაერთი ბესტსელერის ავტორი – ეს ლალის რეგალიების მოკლე ჩამონათვალია, შესაბამისად, მისი გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით საინტერესოა.

ლალი მოროშკინა: 35-40 წლის ასაკში დავფიქრდი იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მომავალი. თვალწინ წარმომიდგნენ ვარსკვლავები, რომლებიც ბრწყინავდნენ ეკრანებზე და სამწუხაროდ, წლების შემდეგ, იგივე ადამიანები ნაგვის ყუთში საჭმლის ძებნის პროცესშიც ვნახეთ. საუბედუროდ, ასეთი შემთხვევა ბევრია. არადა, თავის დროზე, არც ფული აკლდათ და არც აღიარება. საკუთარი ცხოვრებისა და მატერიალური რესურსის უყაირათოდ ხარჯვამ სიბერეში ადამიანები მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. მე პრაგმატული ადამიანი ვარ, მიმაჩნია, რომ ყველა ასაკში უნდა გავაკეთოთ რაღაც იმისთვის, რომ ამქვეყნიდან ღირსეულად წავიდეთ. არამც და არამც არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა მომიარონ. არაჩვეულებრივი შვილები და შვილიშვილები მყავს, მაგრამ არცერთი წუთი არ მინდა, სიცოცხლე თუ მათი მოსავლელი გავხდები. ამიტომ უნდა მქონდეს ისეთი თანხა ან ბიზნესი, რომელიც ღირსეულად გამატარებინებს იმ წლებს, რასაც ღმერთი მომცემს. მინდა, აქეთ დავეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდება. ქველმოქმედების ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამისთვის მატერიალური რესურსია საჭირო. მე ყოველთვის ძალიან კარგ თანამდებობებზე ვმუშაობდი, მაგრამ კორუმპირებული არასდროს ვყოფილვარ და ერთი თეთრი არ გადამინახავს. არც დღეს მაქვს ფუფუნება, ფეხი ფეხზე გადავიდო და ვიფიქრო, რომ ოცი წლის შემდეგ, ყველაფერი მექნება. ამიტომ ხუთი წლის წინ ბანკთან ერთად დავიწყე პროექტი ჩემი მომავლის უზრუნველსაყოფად. გავყიდე დიდი ბინა სიღნაღში, პლუს დავიმატე ბანკის დახმარება და კახეთში ორი ობიექტი გავაკეთე. ახლა ორივე ბანკშია ჩადებული, მაგრამ მათგან მიღებული თანხით, შევძელი ნასახლარები ორ ძალიან კარგ ტურისტულ ობიექტად მექცია. გათვლილი მაქვს, რომ ათ წელიწადში მოვახერხებ ბანკის საკმაოდ დიდი თანხის გადახდას და შემდეგ, როცა უკვე ასაკში ვიქნები, ამ ორი მცირე ბიზნესით, ჩემთვისაც შევქმნი დოვლათს და სხვებსაც დავეხმარები. ეს არის ჩემი წარმოდგენა ფულზე, რაც ღირსეული სიბერისა და ახალგაზრდებისთვის გზის გაკვალვის საშუალებას იძლევა.

– ბევრი წუხს, რომ არ გამოსდის ბიზნესი, ესე იგი, თქვენ კარგი უნარები აღმოგაჩნდათ.

– გეტყვით, რატომაც არ გამოსდით: უნდათ ცხრა მოადგილე, უზარმაზარი პერსონალი, დაცვა, მძღოლი და ასე შემდეგ. ჩემთან სულ სამი კაცი მუშაობს. ჩემი მცირე ბიზნესით მეტს ვერ შევინახავ. ამიტომ, მეც ისე ვმუშაობ, როგორც ისინი. ახლა ჩემი ხელი რომ ნახოთ, საშინლად დამწვარი მაქვს, რადგან არ ვარ მიჩვეული ღუმლიდან ხაჭაპურის გამოღებას, თუმცა ეს არ არის პრობლემა, ყველაფერს ვსწავლობ. დილის 7 საათზე უკვე ძალიან ბევრი საქმე მაქვს გაკეთებული. სამწუხაროდ, ჩვენებს ეს არ ესმით. ორასი ათასს გამოიტანენ ბანკიდან, ბიზნესს დაიწყებენ და სამ თვეში ერთხელ ჩადიან მის დასახედად. მე ყოველდღე ობიექტზე ვარ, თვითონ ვაკეთებ ყველაფერს.

– თუნდაც მაღალი თანამდებობების შემდეგ, ბევრს ექნებოდა ამბიცია, რომ ვერ დაალაგებდა, რაღაცებს იუკადრისებდა.

– ეს არის ჩემი ბიზნესი. ჩემს საკუთრებაში მე ვარ ყველაფერი. ოცი წლის წინ ჩემმა სიძემ პარიზის ძალიან ცნობილ რესტორანში წამიყვანა, სადაც ასაკოვანი მიმტანი ობიექტის მფლობელი აღმოჩნდა. გამიკვირდა, რა ძალა ადგას-მეთქი და გავიგე, რომ ეს, პირიქით, ძალიან მაღალ დონედ ითვლებოდა. ახლა უკვე პირადი გამოცდილებითაც ვხვდები, რომ ჩემი ფაქტორი და პროცესში მაქსიმალური ჩართულობა ძალიან კარგ როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში. ამას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს – მთელი დღე ფიზიკურად ვშრომობ და უჰაერო დარბაზში, ფიტნესში აღარც ფულს ვხარჯავ და აღარც ნერვებს. სუფთა ჰაერზე დავრბივარ მთელი დღე და თავის ტკივილიც კი არ მაწუხებს.

– უფრო ადრე მფლანგველი იყავით?

– ორი შვილი მეზრდებოდა და ვიცოდი, რომ ისინი ყველაფრით უნდა უზრუნველმეყო. ასე რომ – არა. შეიძლება, ამის მიზეზი ისაა, რომ 16 წლის ასაკში უკვე დედა ვიყავი. მიუხედავად მათი ფანტასტიკური მამებისა, მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა მქონდა. ერთადერთი, რაც მჭირდება, როცა ძალიან ვიღლები, სუფსაში ჩემს სოფლის სახლში, კაკლის, თხილისა და ევკალიპტის ხეებქვეშ დასვენებაა. შრომა არც წარსულში მეზარებოდა. მაგალითად, როდესაც საინფორმაციო გადაცემა მიმყავდა, საკუთარ ფულზე მაშინაც ვზრუნავდი. არ მინდოდა, ვყოფილიყავი ვიღაცის საყვარელი, რომელსაც ფულს ჯიბეში უჩურთავენ და კაცმა არ იცის, ამას რა პრობლემები მოჰყვება. ამიტომ მე, პარალელურად, მაკლერად ვმუშაობდი. ძალიან კარგად გამომდის ყიდვა-გაყიდვა და ამ საქმის კეთება სულაც არ მეთაკილებოდა. მაშინ ტელევიზიაში ხელფასი კაპიკები იყო და ყიდვა-გაყიდევებიდან მე მშვენიერი შემოსავალი მქონდა, რაც ახლა მოდური გახდა, მაშინ ასე არ იყო, მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებდა. საერთოდ, მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს. დამეფიცება, რომ დღის განმავლობაში 5-6 ზარი მაინც შემომდის თხოვნით: აუ, 3 ათასი მინდა, 5 ათასი მინდა. რადგან ობიექტი მაქვს, ჰგონიათ მილიონები მაქვს. ვუხსნი, რომ ვშრომობ იმისთვის, რომ ბანკში შევიტანო თანხა საკუთარი სიბერის უზრუნველსაყოფად და არა იმისთვის, რომ შენ მოგცე კაზინოში სათამაშოდ. ასეთი რამ საშინლად მაღიზიანებს. წარმოდგენა აქვთ – „მაგას რა ენაღვლება, კაი მანქანით დადის, აუზი აქვს, ყველაფერი აქვს. ხან მონტე-კარლოშია და ხან ნიცაში“. კი ბატონო, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი 24-საათიანი შრომის დამსახურებაა და დიახ, მე მაქვს იმდენი, რომ ჩემს თავს სიამოვნება მივანიჭო. ვახერხებ, ოჯახის წევრები ვინახულო საფრანგეთში და ვიცი, რამდენის დახარჯვის საშუალება მაქვს, ბანკის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის დაფარვის პარალელურად. არც იმ ადამიანების მესმის, რომ ამბობენ, აუ, ბანკის ვალი მაქვს და სხვა არაფრისთვის მცალიაო. მე არ მაქვს ბანკის ვალი, ბანკი ჩემი პარტნიორია და მათი მადლიერი ვარ, რომ მენდნენ.

– მაგრამ ცხოვრებაზეც არ ამბობთ უარს, არა?

– არა, არა! ჯერ თავო და თავოო, ნათქვამია და მე გადასარევად ვიცი ჩემი თავის ფასი. კარგი მანქანა იქნება, დასვენება თუ ტანსაცმელი, უარს არ ვიტყვი, მე ეს ჯანმრთელი ცხოვრების გასაგრძელებლად მჭირდება. მარტო ის ხომ არ არის, ფული იშოვო და ავადმყოფი შეხვდე სიბერეს. ნელ-ნელა ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი, თორემ არც საზღვარგარეთ წასვლას ვიკლებ, არც დასვენებას და არც ახლობლებს ვაკლებ საჩუქრებს. ყველზე დიდ სიამოვნებას მოგზაურობა და ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობები მანიჭებს. ვინც მიცნობს, იცის, როგორ არ მიყვარს, ეგრეთ წოდებული, „ბომონდური საზოგადოება“. არც ბოტოქსს გავიკეთებ არასდროს, არც პლასტიკურ ოპერაციას და არც იმაზე ახალგაზრდად მინდა გამოვიყურებოდე, ვიდრე ვარ.

– რას აკეთებთ, როცა რაღაც მომენტში ფული მთავრდება?

– სასწრაფოდ ვიწყებ წიგნის წერას, რომელიც კარგად იყიდება, ვაკეთებ პროექტებს, სულ რაღაცით ვარ დაკავებული. ყოველთვის ყველაფერი გამოდის, მხოლოდ სიზარმაცეა გამოუსვლელეობის მიზეზი. თუ მას დაამარცხებ, რაღაცას ყოველთვის მოახერხებ. სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ისმის წუწუნი – „რა გვეშველება?!“. რასაც გავაკეთებთ, ის გვეშველება.

– რამდენად არის მამაკაცთან ურთიერთობისას მისი მატერიალური მდგომარეობა შეფასების კრიტერიუმი?

– არ განსაზღვრავს-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი. მიმაჩნია, რომ ადამიანი თუ ყავაზე გპატიჟებს, იმ ყავის ფული უნდა ჰქონდეს. არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, ვისაც რაღაც უნდა მამაკაცისგან. ყოველთვის მათზე მეტი მქონდა, ვინც მეპრანჭებოდა (იცინის). ჩვენთან კაცები ძალიან დაკნინდნენ. ვერ აუწყვეს ფეხი ამ ცხოვრებას, სამწუხაროდ. მათ მიმართ დიდი მოთხოვნები არ მაქვს, ვიცი, რომ ასე მოხდა. ამ ცხოვრებაში ქალები უფრო ამტანები გამოდგნენ. მაგრამ ის, რომ მამაკაცს საკუთარი ბენზინის ფული უნდა ჰქონდეს, უბრალოდ, თავმოყვარეობის ამბავია. ამას ჩემთვის, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, უთავმოყვარეო ოჯახის წევრი არ მინდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა