შოუბიზნესი

კოკო როინიშვილი: მომხვედრია უსამართლოდ, მაგრამ ერთი პლუსი აქვს ამ ამბავს, ამის შემდეგ ძალიან ძლიერდები

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 09.10

კოკო როინიშვილი
დაკოპირებულია

კოკო როინიშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის კოკო როინიშვილი?

კოკო როინიშვილი: რიგითი მოქალაქე, რომელსაც ძალიან უყვარს თავის ქვეყანა, საქმე და პირველ რიგში – ოჯახი.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ეს ცვალებადია – ხან როგორ ცხოვრებაზე ვოცნებობ, ხან – როგორზე. მაგალითად, ახლა მინდა, სადმე ტყეში ვცხოვრობდე მშვიდად, ჩემს კომფორტულ სახლში, რომელიც არ მაქვს და იმედი მაქვს, რომ მომავალში მექნება (იცინის). არის პერიოდები, როცა პირიქით, სურვილი მაქვს ძალიან ხალხმრავალ ადგილას ვიყო და რაც შეიძლება, მეტი ურთიერთობა მქონდეს ადამიანებთან. გააჩნია, რა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– როგორ არა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან არ მიყვარდა, მაგრამ ვთვლიდი, რომ ცუდად გამომდიოდა. მაგალითად, ძალიან მცირე პერიოდი ბავშვებს ვასწავლიდი და იმის მიუხედავად, რომ სურვილი მქონდა, ბავშვებთან ურთიერთობა არ გამომდიოდა ისე კარგად, როგორც მინდოდა. ამიტომ ეს საქმე მალე გადავდე გვერდით.

– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ძალიან გულჩვილი ვარ. შეიძლება, არ მეტყობა, მაგრამ ელემენტარულ ამბებზეც ამჩუყდებია გული. ფილმი, მულტფილმი, სპექტაკლი, მუსიკა, პოეზია – ნებისმიერმა შეიძლება გამოიწვიოს ჩემში განსაკუთრებული ემოცია – ყელში ბურთი გამეჩხიროს და ამეტიროს კიდეც. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ვერ ვიტყვი, რომ ადამიანებს რთულად ვპატიობ წყენას. თუ დავინახე, რომ ადამიანი ცდილობს, საკუთარი საქციელი გამოასწოროს, მის მიმართ ძალიან მალე მილბება გული.

– რას გააკეთებდით ახლა ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– ბევრი მიფიქრია ამაზე. პირადად ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებდი და ასევე, დავეხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი მათთვის. თუმცა, ეს ხომ ოცნებაა და ჩემს ოცნებებში ღარიბები არ არსებობენ. იქ ყველა კარგად არის.

– გიოცნებიათ მსოფლიო მასშტაბის ცნობადობასა და დიდ გავლენაზე?

– არა მგონია, რომ ამაზე ვინმეს არ ეფიქროს და გულის სიღრმეში სურვილიც არ ჰქონოდეს, მაგრამ, როცა სასწორზე საკუთარ ბედნიერებას დებ, მერე სხვანაირად ფიქრობ. ჩემთვის მთავარია, ბედნიერი ვიყო და გავლენა გინდ მქონდეს და გინდ ნუ მექნება. მე მგონია, რომ ადამიანები ბედნიერებისთვის ვიბადებით. უბრალოდ, შემდეგ ბედნიერების ძიებაში ვიკარგებით. ასე არ უნდა მოხდეს, როგორღაც უნდა გავიცნოთ საკუთარი თავი და ჩვენი ბედნიერებაც აღმოვაჩინოთ. მგონია, რომ ეს არის ადამიანის უმთავრესი ფუნქცია. როცა ბედნიერი ხარ, დანარჩენი – თუნდაც, გავლენა, ცნობადობა, მეორეხარისხოვანი ხდება. გავლენისა და დიდი მასშტაბის ცნობადობის მოპოვებისთვის საკუთარი ბედნიერების გადაყოლება არასწორი მგონია. ჯერ ბედნიერი უნდა იყო და ყველაფერი დანარჩენი მერე.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ, 7-8 წლის. „ხულიგანი“ ბავშვები და მათ შორის, მეც მაღაზიაში შევედით და საღეჭი რეზინების აღება გადავწყვიტეთ. წამიცდა ხელი და იმდენად ვინერვიულე, რომ ვერ შევძელი ამეღო და ტირილი დავიწყე. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ამის გამო ბულინგის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ ძალიან მწარედ დამამახსოვრდა. ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ მოპარვის მცდელობა მქონია, რომელიც დიდი კრახით დასრულდა (იცინის).

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– ტყუილი არ მიყვარს, თუმცა, რომ ვთქვა, არასდროს მომიტყუებია-მეთქი, მოვიტყუები (იცინის). მგონია, რომ რაღაც მომენტში ყველა ადამიანი იტყუება. ტყუილი მხოლოდ სიტყვიერი არ არის, ზოგჯერ ქმედებაც ტყუილია, ზოგჯერ დუმილიც ტყუილია. შეიძლება, არსებობენ იდეალური პერსონაჟები, რომლებიც არ იტყუებიან, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. მეც მათ შორის ვწერივარ. ვინც იტყვის, რომ არასდროს უთქვამს ტყუილი, ის აუცილებლად იტყუება.

ძირითადად, ყოველთვის ვხვდები, როცა მატყუებენ, მაგრამ ხანდახან არის მომენტი, როცა თავს ვიტყუებ. შეიძლება, კონკრეტულ საქმეს ასე სჭირდება ან ვხვდები, რომ იმ ადამიანს ასე სჭირდება და კიდევ ბევრი მიზეზია, ამიტომ ვაჩვენებ, რომ მჯერა.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ალბათ, ასეთი შემთხვევებიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს. რაღაც მომენტში, ვეღარაფერს ფიქრობ და დაუნდობელი ხდები. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება, რომ სიცოცხლეში რამდენჯერმე ყველას გვიჩხუბია, განსაკუთრებით ბიჭებს. მეც მქონია ასეთი შემთხვევა და ჩხუბის დროს სასტიკიც ვყოფილვარ, მაგრამ ეს სისასტიკე და დაუნდობლობა სულ რამდენიმე წამი გრძელდება. რომ გამოფხიზლდები, შეუძლებელია, ადამიანი სასტიკი და დაუნდობელი იყო.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და ასევე, ყველაზე დიდ მარცხად?

– ყოფილა გამარჯვებები. თუნდაც, ის რასაც ახლა ვსაქმიანობ – „ქალაქის თეატრი“, რომელიც რამდენიმე ადამიანმა შევქმენით და თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ აუცილებლად იარონ „ქალაქის თეატრში“. ამას ჩემს თავს ნამდვილად ვუთვლი გამარჯვებად, მაგრამ ესეც და ყველა სხვა გამარჯვება, პატარ-პატარა მარცხებისგან შედგება. ამას უფრო ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილებს დავარქმევდი. გამარჯვების გზაზე ამის გარეშე სიარული არ გამოდის, თორემ რაღაც განსაკუთრებით დიდი მარცხი არ მახსენდება. შეიძლება ცოტა პლაკატურად ჟღერს, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად, პატარ-პატარა მარცხები აუცილებელია.

– რა მოგისმენიათ საკუთარ თავზე კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც გული გატკინათ?

– თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, როდესაც კარგს მეუბნებიან, იმდენად ვღელავ და ვნერვიულობ, რომ ვერ ვიმახსოვრებ, რას ამბობენ. როგორ არ შევუქივართ, მაგრამ ისე უხერხულად მიგრძნია თავი, რომ არაფერი დამმახსოვრებია, ამიტომ ამის თქმა არ შემიძლია. ცუდი რამდენიც გინდა, გამიგია, ეს კარგად მამახსოვრდება (იცინის). ალბათ, იმიტომ, რომ ასეთ დროს არ ვღელავ, არ ვნერვიულობ და მამახსოვრდება კიდეც. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდად მამახსოვრდება – ვისაც რა უნდა, ის თქვას. ჩემზე ცუდს რომ ამბობენ, მე ხომ ვიცი სიმართლე, ხომ ვიცი, რომ დამნაშავე არ ვარ და ვცდილობ, ემოციურად არ შევხვდე. თუმცა, არის მომენტები, როცა საკუთარ თავზე რაღაც ცუდს გავიგებ, გული დამწყდეს, ვინერვიულო და ვიფიქრო, ასე რატომ გამწირეს.

– პროფესიის მიღმა, ყოველდღიურად, ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ?

– ჩემი ცოლი რომ კარგ ხასიათზეა და ხუმრობს, ყველაზე მეტად ამის მოსმენა მიყვარს. ჩემი შვილი რომ რაღაცებს „მაიმუნობს“ და ვზივარ და ვუყურებ, ან მათ ერთობლივ ხუმრობებს და საოცარ ენაზე საუბარს, ან ჩემი დის იუმორს ვუსმენ, ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო. საყვარელი ადამიანებით ტკბობაა ყველაზე სასიამოვნო მომენტი.

თუ ყოფით საქმეებს შევეხებით, ვერ ვიტყვი, რომ სახლის საქმეებზე ვგიჟები (იცინის). არც ჭურჭლის გარეცხვა მიყვარს, არც მტვერსასრუტის გამოყენება. არ ვიცი, ვის უყვარს, მაგრამ ხანდახან საჭიროა და ამასაც ვაკეთებ, თუმცა, არა დიდი სიამოვნებით (იცინის). კითხვა მიყვარს, მუსიკის მოსმენა მიყვარს.

– როდის განიცადე ყველაზე დიდი შიში?

– დიდად ვერ ვმეგობრობ თვითმფრინავთან, ცოტა კლაუსტროფობიული შიშები მაქვს. თვითმფრინავში განმიცდია პანიკური შიში. კიდევ, ვირთხის მეშინია კატასტროფულად, თუმცა, კონკრეტული ამბების გახსენება, დიდად არ მსიამოვნებს (იცინის). ერთ დღეს დავამარცხებ ჩემს შიშებს, მერე მთელ დედამიწას შემოვუვლი და მოგზაურობის საინტერესო გამოცდილებებს დავაგროვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შიშს დავამარცხებ.

– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც შეჯახებიხართ?

– რაც წეღან ვთქვი, როცა ვიღაც უსამართლოდ იტყვის შენზე ცუდს, უმიზეზოდ გაგაკრიტიკებენ; შენს ნათქვამს ისე ვერ გაიგებენ, როგორც უნდა გაეგოთ და ამის გამო ბევრ ადამიანს ჯგროდ გადაუვლია. ეს ადამიანები იმ მომენტში არ ფიქრობენ, რომ ფიზიკურად თუ სულიერად განადგურებენ. არ ფიქრობენ, რომ შეიძლება, ამან ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. ვისურვებდი, რომ მსოლოდ ჩვენთან კი არა, მთელ სამყაროში შეიცვალოს ასეთი დამოკიდებულება და ადამიანებს აღარ უჩნდებოდეთ სურვილი, რომ ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ მეორე ადამიანი. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, „მომხვედრია“ უსამართლოდ და რთულია ძალიან, მაგრამ ერთი პლუსი აქვს ამ ამბავს, ამის შემდეგ ძალიან ძლიერდები. მთავარია, იმ მომენტში გადარჩე და უნდა გადარჩე, არ უნდა დაეცე. შეიძლება, უცნაურია, მაგრამ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.

– რა არის ის, რის გამოც ყველაზე მეტად ამაყობ?

– ყველაზე მეტად ჩემი ოჯახით ვამაყობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა