შოუბიზნესი

კობა შონია: ამერიკაში რომ ჩამოვედი, უკვე მიცნობდა ხალხი

№46

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 24.11, 2021 წელი

კობა შონია
დაკოპირებულია

უსაზღვრო შესაძლებლობის ქვეყანაში, ოკეანის გადაღმა, კიდევ ერთმა ქართველმა, კობა შონიამ მიაღწია დიდ წარმატებას – ბროდვეიზე, თაიმზ-სკვერის დიდ სცენაზე, მან, როგორც მიწვეულმა მოცეკვამემ, ისე შეასრულა ტანგო – ცეკვა, რომელმაც ბედნიერების ფორმულა აპოვნინა. როგორია მისი გზა თეთრი ხალათიდან დიდ სცენამდე, თავად გიამბობთ.

კობა შონია: სამეგრელოში გავიზარდე, ხობის რაიონის სოფელ ბიაში. შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე და თბილისში წამოვედი. თეატრალური გამოცდილებაც მქონდა, თავიდან მოძრაობის თეატრში ვიყავი – მელოდრამის დასში. წარმატებებიც საკმაოდ გვქონდა, ერთხელ ერთი სპექტაკლით წავედით გერმანიაში და 176-ჯერ მოგვიწია თამაში. მოკლედ, ჩემი დასი გერმანიაში დარჩა და მე ჩამოვედი საქართველოში. გავხსენი ჩემი თეატრალური სტუდია, მაგრამ მალევე დავხურე, რადგან აღმოვაჩინე ტანგო. დღემდე თითქმის ყოველდღე ვმუშაობ ამ პროფესიით, თუმცა რეალურად, არც ერთი დღე არ მიმუშავია, ვინაიდან ამ საქმით დიდ ბედნიერებას და სიამოვნებას ვიღებ. შეიძლება, ითქვას, ბედნიერების ფორმულაც კი ვიპოვე.

– როგორ გაჩნდა ტანგო თქვენს ცხოვრებაში?

– სამედიცინო უნივერსიტეტის შენობაში გავაკეთე თეატრალური სტუდია, სადაც ძველი მსახიობები შემოვიკრიბე და დავიწყე აქტიური მზადება სხვადასხვა პროექტისთვის. იმ პერიოდში უნივერსიტეტში ტარდებოდა ტანგოს ფესტივალი, რომელიც თეატრალურად ჩვენს სტუდიას უნდა გაეფორმებინა. სტუმრად მოწვეული ჰყავდათ ლამაზი გოგონა, რომელიც ტანგოს ცეკვავდა. მას ვთხოვე, ჩემი მსახიობებისთვის ტანგოს მოძრაობები ესწავლებინა. ამ გოგონამ ტანგოს საღამოზე მიგვიწვია და ასე აღმოვჩნდი ტანგოს ჯადოსნურ სამყაროში. ჩავეწერე ინდივიდუალურ გაკვეთილებზე და დავიწყე სწავლა. მერე მეწყვილე დავიყენე და მალევე დავაარსე თბილისის ტანგოს აკადემია. დღეს საქართველოში თუ რამე ტანგოს მიმართულებით ხდება, ყველაფერი ჩემთან არის დაკავშირებული.

– პანდემიის გამო, ალბათ, ტანგოც გაჩერებული იყო...

– რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე წარმატებული პერიოდი ჩაკეტილობის დროს გვქონდა. მაშინ, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, ჩვენ ერთი დღეც არ გავჩერებულვართ – მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ტანგოს აკადემია მუშაობდა. ვაკეთებდით პატარა ვიდეორგოლებს და ვტვირთავდით სოციალურ ქსელში. ამერიაკში რომ ჩამოვედი, ხალხი უკვე მიცნობდა (იცინის). ამერიკელებს ასეთი თვისება აქვთ, ვიდრე ჩემთან გაკვეთილზე მოვლენ, მანამდე ეცნობიან ინფორმაციას და ის ვიდეოები, რაც ჩაკეტილობის დროს გადავიღეთ, თითქმის ყველას ჰქონდა ნანახი.

– რატომ არ დარჩით გერმანიაში დასთან ერთად და რატომ ამერიკა?

– არ დავრჩი იმიტომ, რომ ბუნებით ლიდერი ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია, დამოუკიდებლად შექმნას ბევრი რამ. არასოდეს მიმუშავია ხელფასზე, რადგან თავადაც შემიძლია სამუშაო ადგილის შექმნა. 2013 წელს ავიღე ამერიკის ვიზა, მაგრამ ქვეყანა არ დავტოვე, რადგან ჩემი საქმე მაბედნიერებდა. რაღაცას რომ მიაღწიო, სულაც არ არის საჭირო ამერიკის შუაგულში ცხოვრობდე. საქართველოში მე და ჩემმა მეწყვილემ, ანი მესხმა, დავიწყეთ პროექტი „ტანგოთი აცეკვებული სამყარო“ – სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვასწავლიდით ცეკვას. შემდეგ გადავწყვიტეთ, ცნობად სახეებს ეცეკვათ ტანგო, რომ ამ ცეკვის პროპაგანდა მოგვეხდინა. ერთი მოსწავლე მყავს, ეკატერინე მეიშვილი, რომელიც „მის ფიტნეს ამერიკა“ გახლავთ. ამ გოგონას ამერიკაში „ფიტნესის დედოფალს“ ეძახიან. კოვიდი რომ დაიწყო, საქართველოში ჩამოვიდა და დარჩა. ეკატერინესაც ვაცეკვეთ ტანგო, გადავუღეთ ვიდეო და სოციალურ ქსელში ავტვირთეთ. ეს გოგონა ლოს-ანჯელესის ჟურნალმა Bodyscape-მა მიიწვია, მასთან ერთად – მეც, რათა ტანგოს ფოტოსესია შემდგარიყო. ფოტოსესია მაიამიში გაიმართა და ჟურნალის გარეკანზეც დაგვბეჭდეს. მაშინ დავფიქრდი პირველად იმაზე, რომ დრო იყო, წავსულიყავი ამერიკაში. მაიამიდან გადავედი ნიუ-იორკში და უკვე მეოთხე თვეა, რაც აქ სტაბილურად ვიმყოფები. ვიდრე დარჩენას გადავწყვეტდი, მანამდე შევეხმიანე ამერიკაში მცხოვრებ ქართვეელბს და ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან რთული იყო ამ ქვეყანაში თავის დამკვიდრება და წარმატების მისაღწევად დიდი დრო დამჭირდებოდა, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.

– რას გულისხმობთ?

– როგორც კი ნიუ-იორკში ჩამოვედი, ზუსტად ერთ თვეში თაიმ-სკვერის სცენაზე ვიცეკვე. „ბროდვეის დაბრუნებას“ აღნიშნავდნენ და მთხოვეს, ამ ცერემონიალზე მეც მეცეკვა ტანგო, თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მე შემომთავაზეს და ვერც იმას, რომ ღონისძიება თაიმ-სკვერზე გაიმართებოდა.

– როგორ დაგიკავშირდნენ ორგანიზატორები? საიდან იცოდნენ თქვენზე?

– რომ ჩამოვედი, მაშინვე გავაკეთე „ნიუ-იორკის ტანგოს აკადემია“, სოციალური ქსელების მეშვეობით, რათა ხალხს გავეცანი. მერე ტანგოს საღამოებზე დავიწყე სიარული და ნელ-ნელა გამოვჩნდი ამ ხალხში. ასე გამოვიდნენ ჩემთან კონტაქტზე. ერთი ქალბატონი შემეხმიანა და მთხოვა, მივსულიყავი მათთან და მეჩვენებინა ჩვენი შესაძლებლობები. შეხვედრაზე არ წავედი, რადგან დღეს ყველაფერი გამარტივებულია და ჩემი ვიდეო გავუგზავნე – მოეწონათ და კიდევ დამიკავშირდნენ. ასე აღმოვჩნდი თაიმზ-სკვერის სცენაზე. თუმცა, კონკრეტულად სად გაიმართებოდა ღონისძიება, მაშინ არ ვიცოდი. ლოკაცია რომ ჩამიგდეს და შუაგულ თაიმზ-სკვერს მივადექი, დაჯერება მიჭირდა. მაშინ გავიაზრე, რომ სერიოზულ ჯგუფთან ვთანამშრომლობდი და ეს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება იყო. ამ ყველაფერში მთავარი ის იყო, რომ ღონისძიებაზე მე და ჩემი მეწყვილე გამოგვაცხადეს ისე, როგორც მიწვეული სტუმრები. მერე კლიპიც გადავიღეთ... მოკლედ, ამერიკაში ნამდვილად წარმატებული ვარ ჩემს სფეროში და საკუთარი გამოცდილებიდან, ამერიკაში შეიძლება წარმატების მიღწევა, ამისთვის კი მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო: ზუსტად იცოდე რა გინდა. მეც მარტივი გეგმით ვარ ჩამოსული – ტანგოს სპექტაკლი, რომელიც საქართველოში მქონდა, აქ დავდგა.

– ანუ, ტანგოს ასაკი არ აქვს? იფიქრებდით, რომ ექიმის კაბინეტის ნაცვლად, სცენაზე იდგებოდით?

– არა, თუმცა ექიმის პროფესია ჩემით არ ამირჩევია. ადრე როგორც ხდებოდა ხოლმე, ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, კერძოდ ბებიას და ბაბუას თხოვნით ჩავაბარე სამედიცინოზე, მათი გაზრდილი ვარ და მეც ავუსრულე სურვილი. ისე არავინ ასწავლის ტანგოს, როგორც მე, რადგან უფრო ფსიქოლოგიურად ვუდგები ამ პროცესს, რაშიც, ბუნებრივია, სამედიცინო გამოცდილება მეხმარება. ტანგოს ასაკი ნამდვილად არ აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი