შოუბიზნესი

ხვიჩა მაღლაკელიძე: ცხოვრებიდან ორი კვირა უნდა ამომეღო, უნდა გავმქრალიყავი

№31

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 09.08, 2021 წელი

ხვიჩა მაღლაკელიძე
დაკოპირებულია

მუსიკოს-შემსრულებელმა ხვიჩა მაღლაკელიძემ სოციალურ ქსელში კანის წითელ ხალიჩაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის საქმიანი ვიზიტით კანში, ნიცაში და მონტე-კარლოში იმყოფებოდა. რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა საქართველოში და როგორ ატარებს ზაფხულს, ინტერვიუდან შეიტყობთ.

ხვიჩა მაღლაკელიძე: კომპანია „ასკანელები“ უცხოეთში ხშირად მართავს თავისი პროდუქტის – ქართული ღვინის პრეზენტაციას. მე და ანსამბლი „რუსთავის“ მუსიკოსები, როგორც მუსიკალური მხარე, ხშირად ვახლავართ აღნიშნულ კომპანიას ქართული ღვინის დაგემოვნების საღამოებზე. ამჯერად ჩავფრინდით ნიცაში, ერთი დღე გავატარეთ კანში და ძირითადი დრო მონტე-კარლოში დავყავით. ქართული ღვინის დაგემოვნების ცერემონიალი, ქართული ჰანგების შესრულების ფონზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ერთადერთი, რაც ცოტა დისკომფორტს გვიქმნიდა იყო ის, რომ კანონის მიხედვით, არ შეიძლებოდა ხმამაღალი მუსიკა. ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე ჰერცებით ზომავდნენ მუსიკის ჟღერადობას და მოთხოვნა ჰქონდათ, რომ 35 ჰერცზე მაღალი არ ყოფილიყო. ინტერნეტში რომ მოვიძიე ეს 35 ჰერცი, მტვერსასრუტი რომ გამოსცემს ხმას, დაახლოებით, ისეთი იყო.

– შეძელით კანონის ფარგლებში სიმღერა?

– კი, გაგვიჭირდა, მაგრამ შევძელით. ხმადაბლა უნდა გვემღერა, უმიკროფონოდ და ასეც მოვიქეცით. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ამ გაგანია პანდემიაში, გავედით საზღვრებს გარეთ. მართალია, ცხვირები გოჭებივით გვქონდა ამ პისიარებისა და ტესტების ნაკეთები, მაგრამ ღირდა. მონტე-კარლოში პირველად ვიყავი, კანში და ნიცაში ნამყოფი ვარ. მონტე-კარლოზე ჩემი შეხედულებები გამიჩნდა: გყავს ბოლო მოდელი მანქანა, რომელიც მილიონამდე ღირს, გაცვია მილიონ-ნახევრის ტანსაცმელი, ორივე მაჯაზე საათები, ყოველ დღე ჭამ შავ ხიზილალას, მაგრამ უბედური ხარ. იცი, რატომ? ყველა ირგვლივ შენნაირია და ვერავის „ემარიაჟები“. ჩვენთან რომ მანქანა გაჩერდება და ნომერი აქვს „ერთი“, იქ ყველა ასეთია – მეეზოვედან დაწყებული პრინცით დამთავრებული. თითქმის ყველას კარგი ცხოვრება აქვს, მაგრამ თვალები არ უბრწყინავთ. ეს – ცინიზმით, რა თქმა უნდა (იცინის).

– მონტე-კარლოს ცნობილ კაზონოსაც ნახავდი...

– კი, შორიდან ვნახე, დავტკბი და ნერვებიც მომიშალა მაგ კაზინომ. ისე, მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რომ ნახონ ეს საოცრება, მაგრამ რა არის მასში საოცრება, ეს ვერ გავიგე. მე კარტის თამაში არ ვიცი და რა მინდოდა, რომ შევსულიყავი. ერთადერთი, რეზინობანას თამაში ვიცი, ისიც გოგოებს ვეთამაშებოდი ბავშვობაში, ტრუსიკი რომ გამოჩენოდათ (იცინის). აზარტული ვარ, მაგრამ კაზინოს აზრზე არ ვარ.

– აბა, რა მხრივ ხარ აზარტული?

– ფეხბურთს ვუყურებ ჩემებური მიდგომით, არც ერთ გუნდს არ ვგულშემატკივრობ. ასე არის მაგარი საყურებელი. ამ დროს ნამდვილად უყურებ თამაშს, სანახაობას და არ ხარ რომელიმე გუნდზე გადართული. როცა ვიღაცას გულშემატკივრობ, იწყებ ნერვიულობას, შენდა უნებურად მოდის უცენზურო ლექსიკა, მერე ტელევიზორს რამე უნდა ესროლო, ტელევიზორი კი ძვირი ღირს. მოკლედ, ამ ყველაფრის გამო, მირჩევნია, არავის ვუგულშემატკივრო და უშუალოდ თამაშით დავტკბე. ბიზნესის აზარტი არ მაქვს, ჩემგან ცხოვრებაში არ გამოვა ბიზნესმენი, არც მინდა. ვცდილობ, ჩემი შემოსავალი იყოს იმდენი, რამდენიც მე და ჩემს ოჯახს გვჭირდება. შვედებს აქვთ გამოთქმა „ლაგომი“, რომელიც ნიშნავს ზომიერ ბედნიერებას. ამას ჩვენ ვერ ვახერხებთ, რადგან „მარიაჟობა“ გვიყვარს. მთავარია, შენი ბედნიერებისთვის რაც გჭირდება, იმდენი გქონდეს. მეც ასე ვცდილობ ცხოვრებას.

– რა განცდაა, როცა კანის ცნობილ ხალიჩაზე იღებ ფოტოებს?

– კანში პირველად ორი წლის წინ ვიყავი, ისევ „ძმები ასკანელების“ ორგანიზებით. მაშინ ვნახე ფესტივალი და ცოცხალი ხალიჩა. დრესკოდი იყო და სმოკინგით ვიყავი. წელს ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა. ასეთი კანი ცუდი სანახავი იყო – მილიონიანი იახტები გაჩერებული, კაციშვილი არ მოძრაობდა... წელს ამ ხალიჩაზე შორტებითა და ლაზღანდარულად გადავიღეთ ფოტოები.

– მოგზაურობას ყოველთვის ახლავს ხოლმე სახალისო ისტორიები, თუ გაიხსენებ რომელიმე მათგანს?

– ერთ-ერთ ქვეყანაში ვიყავით მე და გუჯა, „ქუჩის მუსიკოსების“ მევიოლინე და ისევ ანსამბლ „რუსთავის“ ბიჭები. იქაც ყოველდღე გვიკეთებდნენ ტესტებს. პირველივე დღეს აგვიღეს პისიარი. კოტეჯებში ვცხოვრობდით, მე და გუჯა ერთ ოთახში ვიწექით. „რუსთავის“ ერთ-ერთი მომღერალი მოვიდა ჩემთან, ჩუმად გამიყვანა გვერდზე და მეუბნება: გუჯაზე მოვიდა დადებითი პასუხი, ჩვენ ყველა უარყოფითი ვართო. ჩამწყდა მუხლები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვპასუხობ: ბიჭო, მე როგორ ვარ უარყოფითი, ერთ ოთახში გვძინავს-მეთქი. ახლა უნდა წაიყვანონ და თავიდან გაუკეთონ ტესტი, ოღონდ გუჯამ არაფერი იცის და შენც არ წამოგცდესო. ანუ ორმაგი გასაჭირი მაქვს, სულ გავგიჟდი. აქეთ გუჯა ბედნიერი დადის, აივანზე გადის ეწევა, ხან წვენს დაისხამს და მომაწოდებს, მეც ვეუბნები: არ მინდა, გენაცვალე, ახლახან დავლიე. მერე – მოდი, ერთად მოვწიოთო. ჯერ შენ გადი და მე მერე გამოვალ-მეთქი, – მივაძახებ დისტანციის დაცვით. თან, იმდენი ფიქრი მიტრიალებს თავში, რისთვისაც ჩამოვედით, ის ხომ ჩაიშლება, მერე კარანტინის გავლა სად მოგვიწევს ღმერთმა იცის, ცხოვრებიდან ორი კვირა უნდა ამომეღო, უნდა გავმქრალიყავი. ჩემს ჯანმრთელობაზე სულ არ ვფიქრობდი. მოკლედ, ლამის გავგიჟდი. მაქსიმუმ, ნახევარ საათში, ვიდრე საბოლოოდ დედა მეტირებოდა, მერაბ სამურაშვილმა – გეხუმრეთო. ეს რომ მოვისმინე, მეგონა, აფექტურ მდგომარეობაში, რაღაცას დავლეწავდი, ისე გამიხარდა. იმწამსვე ვეცი გუჯას, დამიტოვე სიგარეტი, მოწევა მინდა, წვენსაც შენი ჭიქიდან დავლევ-მეთქი (იცინის).

– რამდენად ახერხებ ზაფხულში დასვენებას, თუ ისევ მუშაობ?

– დისტანციურად ვმუშაობ, ეს პროცესი მთელი პანდემიის განმავლობაში არ გაჩერებულა. პირველი თვე შეშინებული იყო ყველა, მერე ადამიანი ყველაფერს ეგუება. თან, სახლში დამჯდარმა ბავშვებმა მშობლებიც გადარიეს და შვილო, დაკავდით რაღაცით, წადით გიტარა ისწავლეთო. ბევრი მოსწავლე მყავდა, ახლა თითქოს ვისვენებ, მაგრამ მაინც ვზივარ კომპიუტერთან, ფეხები ცივ წყალში მაქვს ჩაყოფილი და ონლაინ ვატარებ გაკვეთილებს (იცინის). ჩემი სპეციალობა ისეთია, სამსახური სადაც გინდა, წაიღე (იცინის). ნემსის გაკეთების დრო რომ უწევს ადამიანს, მეც ასე ვარ ზუსტად: ჩავატარებ გაკვეთილს, გამოვვარდები, ჩავხტები ზღვაში, მერე ორ საათში ისევ ლეპტოპთან მივრბივარ და ასე ვისვენებ. ისე, შემოქმედებითი „მაზოხიზმი“ მსიამოვნებს. ერთი-ორი დღე რომ მართლა დავისვენე, კინაღამ გავაფრინე უსაქმურობით, ამიტომ ეს რეჟიმი მირჩევნია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა