შოუბიზნესი

ხვიჩა მაღლაკელიძე: ნახევარზე მეტი, ვინც ჩემი ფულით „გულაობდა“, ახლა გამარჯობას არ მეუბნება

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 20:00 31.07

ხვიჩა მაღლაკელიძე
დაკოპირებულია

რაში არ ენანება ფული ხვიჩა მაღლაკელიძეს, რით დაიწყო პატარა ასაკიდანვე მნიშვნელოვანი თანხების გამომუშავება და როგორ ანებივრებს საჩუქრებით მეუღლეს, ამაზე თავად მოგვიყვება.

ხვიჩა მაღლაკელიძე: 16 წლის ვიყავი, როცა მეზობელმა მომიყვანა ბავშვი და მთხოვა, მისთვის გიტარაზე დაკვრა მესწავლებინა. იფიქრა, იქნებ ამანაც ისე დაუკრას, როგორც ხვიჩამო და თვეში 10 დოლარს მიხდიდა. ეს იყო 90-იან წლებში. მაშინდელი ათი დოლარი, დღევანდელ ასდოლარზე მეტია. 2000 წელს ბინა ვიყიდე თბილისში 6 000 დოლარად, სადაც ახლა ვცხოვრობ. ახლა ამ ფასად ბინას კი არა, ერთ კილო ყურძენს იყიდი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა. სხვათა შორის, ამ ქალისთვის მე არც მითქვამს ფასი, თვითონ გადაწყვიტა, ათ დოლარს გადაგიხდიო და კარგად ჟღერდა (იცინის). სტუდენტი ვიყავი და ჩემი ლიფისა და ტრუსიკის ფული მქონდა (იცინის). სინამდვილეში კი, ოჯახში გაზრდილ ბავშვს როგორც შეეფერებოდა – ამ თანხას მშობლებს ვაბარებდი. მერე სხვა მოსწავლეებიც ავიყვანე. მამაჩემის იმდროინდელი ხელფასი იმდენი იყო, რამდენსაც მე ერთი მოსწავლისგან ვიღებდი. არადა, მამა სკოლის დირექტორი იყო, დედა – ერთ-ერთი სასტუმროს მთავარი ბუღალტერი.

ახლა მე გიყვებით ჩემი შრომით გამომუშავებულ ფულზე, მაგრამ მანამდეც მქონდა შემოსავალი. თურქეთის საზღვარი რომ გაიხსნა, თურქებთან გაცხოველებული ვაჭრობის პროცესი დაიწყო. მამაჩემმა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, თურქულ ლიცეუმში შემაგდო, სადაც ორწლიანი კურსი გავიარე და თურქული ენა ვისწავლე. ეს ცოდნა გამოვიყენე და თურქეთში გადაგვქონდა ცელი, ნაჯახი, ჩაქუჩი, არმატურა, სპილენძი, ფოტოაპარატი, ფონენდოსკოპი, თეთრეული, წინდებიც კი, მამაჩემის მანქანის „კაპოტზე“ გავშლიდი და მიდიოდა ვაჭრობა. საკმაოდ დიდი ფული კეთდებოდა და ერთ „პაეზდკაზე“ 500-600 დოლარი გვრჩებოდა. ამ ფულს იქვე ვტოვებდით, ათასნაირ რამეს ვყიდულობდით და მოგვქონდა ოჯახში – საჭმელი თუ ჩასაცმელი, რაც მაშინ ჩვენთან არ იშოვებოდა. ეს იყო ვაჭრობის ამბავი, მაგრამ რასაც ჰქვია ჩემი შრომით ნაშოვნი ფული, ეს 16 წლიდან მქონდა, გიტარის წყალობით.

– ეს უკვე პროფესიული შემოსავალი იყო, მაგრამ ვაჭრობაც ხომ შრომა იყო.

– არ გამიბრაზდნენ ბიზნესმენები, მაგრამ შრომა არ არის, იაფად რომ იყიდი და სხვა ფასად გაყიდი. ამას შვება ნახევარი საქართველო, მაგრამ რა ვუთხარი ეგეთ ბიზნესს. იაფად რომ ჩამოიტან სხვა ქვეყნიდან, აქ ძვირად ყიდი და წარბშეკრული, სერიოზული სახით დადიხარ, თითქოს დიდ ვინმეს წარმოადგენ. აი, როცა თვითონ ქმნი რამეს ან ადამიანის ტვინით შექმნილს ყიდი, ეგ არის საქმე და ბიზნესი.

ამას გარდა, მე იმ პერიოდში თურქეთის საზღვართან ახლოს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში დავიწყე მუშაობა. ერთმა მევიოლინემ წამიყვანა აკომპანიატორად. რა მინდა რესტორანში-მეთქი, ვიძახდი, მაგრამ წამოდი, მაგარი ფული კეთდებაო, მითხრა. თურმე, მთელი მებაჟეები იქ ქეიფობენ და რასაც დღისით აკეთებენ საბაჟოზე, ღამით ნახევარს იმ რესტორანში ტოვებდნენ. პირველივე დღეს რომ სახლში 200 დოლარამდე მოვიტანე, კივილ-წივილი ატყდა, გაგიჟდნენ ჩემები – ალბათ, მოიპარე, თორემ, აბა, გიტარით ხელში ერთ ღამეში ამდენ ფულს ვინ მოგცემდაო. არადა, სულ გიტარაში მიყარეს, ათ თუ ხუთდოლარიანები. მამაჩემს ვერ წარმოედგინა, რომ რესტორანში შეიძლება, მთვრალმა ღიპიანმა კაცმა, უცებ ერთ სიმღერაში 50 დოლარი გადაგიხადოს. მაშინ სულ დოლარებში ხდებოდა ყველაფერი. ერთი დღე, მეორე, მესამე... ძალიან დიდი ფული გამიჩნდა. შეიძლება, ადამიანი გათახსირდეს ამდენი ფულით, ამიტომ მამაჩემმა ხელში ჩაიგდო სადავეები, მე გატარებ სამსახურში ყოველდღე და სახლშიც მე მოგიყვანო. მე ისეთი ასაკი მქონდა, გართობა მინდოდა, გოგოებთან გავლა, თან, ჯიბეში ფული მქონდა, მაგრამ მამაჩემს ეშინოდა, ცუდ გზას არ დაადგესო და ამიტომ ასე ჩვეულებრივად, ოჯახური ტრეფიკინგის მსხვერპლი გავხდი (იცინის). მიმიყვანდა, მელოდა რამდენიმე საათი და რომ დავამთავრებდი მუშაობას, უკან მოვყავდი. სახლში რომ მოვიდოდი, ჯიბიდან ამოვყრიდი ხოლმე ფულს.

– რაში გამოიყენეთ, რაში ხარჯავდით ამ თანხას?

– მე მოვკვდე, თუ ვიცოდე. ცოტას მოტეხას ვასწრებდი და სამეგობროსთან ერთად ვერთობოდი. მიდიოდა ქეიფი და გულაობა. ახლა ნახევარზე მეტი, ვინც ჩემი ფულით გულაობდა და ქეიფობდა, გამარჯობას არ ამბობს. ესეც ჩვეულებრივი ამბავია. დანარჩენი ოჯახს ხმარდებოდა, მშენებლობა გვქონდა სახლში, ლოჯი მოვაშენეთ კორპუსს, რომელიც დღემდე გვაქვს აივნად. ახლა უშველებელი ვერანდა მაქვს და მეოთხე სართულზე ვენახი მაქვს გაშენებული. დანარჩენი, მასესხე, აქეთ-იქით და კაციშვილს უკან არ დაუბრუნებია. ზოგი ციხეშია, ზოგი ცოცხალი არ არის, ზოგი ცოცხალია, მაგრამ ალბათ, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ ვერ ვიცნო (იცინის).

– ბინისთვის აგროვებდით თანხას?

– მაგ პერიოდში თბილისში ძალიან სერიოზული სამსახური დავიწყე. კაი კაცთან მოვხვდი და მაშინ მქონდა საშუალება, რომ უცებ დამეგროვებინა. რა დავმალო, ბადრი პატარკაციშვილთან ვმუშაობდი და მე და ჩემს კოლეგებს ძალიან დიდი ხელფასი დაგვინიშნა. მაშინ შევიძინე ეს ბინა. სახურავი, საწოლი და უნიტაზი რომ გაქვს, ამაზე უკეთესი რა გინდა. მანქანა 2010 წელს რომ ვიყიდე, დღემდე ის მყავს, მოვკვდი მაგის რემონტებით. არ ვარ მანქანაზე შეყვარებული ადამიანი, ჩემთვის ის, უბრალოდ, გადაადგილების საშუალებაა.

ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა სულიერი თუ ხორციელი, ყველაფერი, რასაც მუსიკასთან დაკავშირებულს შევიძენ. გიტარა იქნება თუ რამდენიმესაუკუნოვანი ნოტები, რომელიც აუქციონზე იყიდება, ოქროს ან ვერცხლის სიმები და ასე შემდეგ. ასეთი რამეები ძალიან მიტაცებს, თორემ ტანზე ლილოში რომ ხუთი წლის წინ მაისური ვიყიდე, ახლაც ის მაცვია.

– მეუღლის საჩუქრებში რამდენად გულუხვი ხართ?

– ამაზე თავად მეუღლე გიპასუხებთ.

მარი ჩახვაძე: ხვიჩას მართლა არასდროს ენანება თანხა საჩუქრებისთვის და სხვათა შორის, ძალიან კრეატიულ საჩუქრებს მჩუქნის, უსაზღვრო ფანტაზია აქვს. სასაცილო საჩუქრებიც ყოფილა და სანატრელიც. მაგალითად, ერთხელ ნავი მაჩუქა, რადგან მიყვარს წყალში ნავით გასეირნება (იცინის). ნავს ხელის „ნასოსი“ მოჰყვა, მთელი წელი ვწვალობდი გასაბერად და მეორე წელს „ელექტრონასოსიც“ მაჩუქა (იცინის). სასაცილო საჩუქრების რიგს მიეკუთვნება მეგაფონიც. ისეთი სამსახური მაქვს, რომ ხმამაღლა საუბარი მჭირდება. სპორტის მასწავლებელი ვარ სკოლაში და ზოგჯერ მიკროფონს ვიყენებ, მაგალითად, შეჯიბრებების დროს და ამიტომ, უშველებელი მეგაფონი მაჩუქა. ჩემი გაკვეთილები ზოგჯერ უკვე მიტინგს ჰგავს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა