შოუბიზნესი

ხვიჩა მაღლაკელიძე: მამაჩემს ჩემი პირველი, თანაც „კრუპნი“ ხელფასი რომ მივუტანე, კი არ გაუხარდა, ეწყინა

№8

ავტორი: ნონა დათეშიძე 17:56 28.02

ხვიჩა მაღლაკელიძე
დაკოპირებულია

ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ ენერგიულმა, იუმორითა და ენერგიით სავსე ხვიჩა მაღლაკელიძემ, გიტარით ხელში სიმღერითა და ხალისით განვლო თავისი განვლილი ცხოვრების გზა დღემდე. ასე, ნამდვილად არ არის. ბევრი დაბრკოლება, წინაღობა და ბარიერი ხვდებოდა წინ, თუმცა, ფარ-ხმალი არასოდეს დაუყრია და დღემდე ინარჩუნებს ოპტიმისტურ განწყობას.

ხვიჩა მაღლაკელიძე: დარწმუნებული ვარ, არცერთ ადამიანს არ ჰქონია სულ ლაღი ცხოვრება და არც მე ვარ გამონაკლისი. ბედნიერ, მოღიმარ და ჯიბეგავსებულ ადამიანსაც კი, ზუსტად ვიცი, ურთულესი გზა ექნება გამოვლილი. ცხოვრება მართლაც რთული იყო, არა მარტო ჩემთვის, ჩემი გარემოცვისთვისაც, იმ სოციუმისთვის, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საერთოდ რომ მოიცალა ჯემალ მაღლაკელიძემ და ციური მახარაძემ და გააჩინა ამქვეყნად ხვიჩა მაღლაკელიძე, ისიც კი გასაოცარია, ისეთ რთულ დროს დავიბადე. მოკლედ, ჯემალისა და ციურის უნებლიე სიყვარულის ნაყოფი როგორ გავჩნდი გაგანია 1976 წელს, გაგანია უძრაობაში და გაგანია ბრეჟნევის დროს, მე თავად მიკვირს. უკვე, დაბადებიდანვე რთული იყო ეს ყველაფერი. ასე რომ, ჩემი ცხოვრების გზა, დაბადებიდანვე დაბრკოლებებით გავიარე და კი მოვედი დღემდე. მაგალითად, ბავშვური სირთულე იყო ის, რომ ჩემს დაბადების დღეზე, არასდროს მომიყვანია ჩემი მეგობრები სახლში. მოდიოდნენ სულ ბიძაკაცები, ვიღაც მამაჩემის მეგობრები, შორეული ნათესავები, მიდიოდა ქეიფი და მე ცხრა საათზე უნდა დავწოლილიყავი ლოგინში და დამეძინა. გინდ დამიჯერეთ გინდა არა და, მტკივნეულად მახსოვს ის დაბადების დღეები. სანამ სრულწლოვანი არ გავხდი და სანამ ჯიბეში ჩემი ფული არ გამიჩნდა, ასე იყო. დიდი ღორის თავს მოიტანდნენ, ქვაბიდან ყურები ეკიდა ისე იხარშებოდა და რომ ვიკითხავდი რა ხდება-მეთქი, მპასუხობდნენ: შენი დაბადების დღეა ხვალო. გამიხარდებოდა ბავშვურად ჩემი დაბადების დღე, მაგრამ დედა იქვე დაამატებდა: დროულად დაამზადე გაკვეთილები, ხომ იცი, ცხრა საათზე უნდა დაწვეო. გათენდებოდა მეორე დღე, გაიშლებოდა სუფრა, დიდები ქეიფობდნენ გვიანობამდე და მე კი ვიწექი ლოგინში (იცინის). სხვათა შორის, 18 იანვარს ვარ დაბადებული, თვით თხის რქა ვარ და წლით დრაკონი. ბავშვობაში არა, მაგრამ რაც ცოლი მოვიყვანე და ოჯახი შევქმენი, მას მერე ვგიჟდები, ისე მიყვარს ჩემი დაბადების დღე და ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ცოლი ისეთ „გემრიელ“ სიურპრიზებს მიკეთებს, ერთი სული მაქვს, როდის გავა ერთი წელი და მოვა ჩემი დაბადების დღე. ერთადერთი განსხვავებული დაბადების დღე მახსოვს, რომელიც გავატარე ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის გარემოცვაში. მაშინ მასთან ვმუშაობდი და მაჩუქა ძვირფასი, ასწლიანი დაძველების კონიაკი. სახლში რომ მოვიტანე, ჩემს შვილს ვუთხარი: მამა, ამას შენს ქორწილში გავხსნი-მეთქი და ყოველდღე მეკითხებოდა: მამა, როდისაა ჩემი ქორწილიო. ახლაც ჩემს ბინაში ინახება, ჯერ არ გამიხსნია, შვილის ქორწილს ველოდები.

– რას ნიშნავს შენთვის მომატებული წელი?

– ყოველი მომატებული წელი ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. ახალი წელი და ჩემი დაბადების დღე რომ დადგება, ვიტყვი: მორჩა, ვანულებ ყველაფერს და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ-მეთქი. მაგრამ მაინც რუტინა რუტინად რჩება და არაფერი იცვლება. ასე რომ, 48 წელია, ცხოვრებას თავიდან ვიწყებ, ნულიდან და ისევ ერთი და იგივე ხდება.

– თუ გახსოვს, რამდენი წლისამ აიღე პირველი ხელფასი და რაში დაგეხარჯა?

– მე, ვაჟა ტუღუშს, ახლა ცნობილი კომპოზიტორი და გიტარისტია და გოჩა ყაჭეიშვილს, ესეც გიტარისტი გახლავთ, ჯგუფ „ინსაითის“ წევრი, გვქონდა ტრიო, ვაჯაზებდით ჩვენთვის, ვუკრავდით და ვწვალობდით. მიგვიწვიეს წვეულებაზე და წარმოიდგინეთ, 90-იანი წლების დასაწყისში 300-300 დოლარი ჩაგვიდეს ჯიბეში. ეს იყო ძალიან დიდი ფული, შოკში ვიყავი, არ ველოდი. სანამ არ დამთავრდა ღონისძიება და არ გვითხრეს, ბიჭებო, წაით ახლა სახლში, ეს თქვენი ანაზღაურებააო, ფულს ხელს არ ვკიდებდით, იდო მაგიდაზე. 17 წლის ვიყავი და ეს ჩემი 300 დოლარი მივიტანე სახლში. არ დამავიწყდება, შუაღამე იყო, დავაღვიძე მშობლები, წამოვაგდე ლოგინიდან, ხელში ფულს ვატრიალებდი და ვყვიროდი: ნახეთ, რა მაქვს-მეთქი. მე კი ცუდად ვიყავი, სიხარულისგან და ემოციებისგან მაკაკნკალებდა, მაგრამ მამაჩემს პირველი ჩემი ხელფასი და შემოსავალი რომ მივუტანე, კარგი „კრუპნი“, კი არ გაუხარდა, ეწყინა.

– რატომ ეწყინა?

– იმიტომ რომ, ჩემი პირველი ჰონორარის სახით, ფაქტობრივად, მისი ერთი წლის ხელფასი მივუტანე სახლში. ერთი სიტყვით, ამ ჩემი პირველი ხელფასით, ეგრევე დაიგეგმა ვიზიტი თბილისში, „ლილოს“ ბაზრობაზე. მთელი ოჯახი „ჩავიშმოტკეთ“ დუბლიონკებში, კაზაჩოკებში, ბოტასებში, მოტკლეცილ შარვლებში და ფულიც დაგვრჩა. ასე დავხარჯე ჩემი პირველი ხელფასი და ახლაც მახსოვს ის ემოცია და სიხარული. თუმცა, ეს იმდენად იოლი ფული იყო, ლატარიასავით ფულის შოვნას შევეჩვიე. მიმაჩვია და გამაფუჭა, კარგი თუ ცუდი გაგებით, იმან, რომ რესტორანში ვმუშაობდი. ხელფასზე არ ვმუშაობდით, ვინმე რამეს თუ გვაჩუქებდა. ორი სამი დღე გავიდოდა, არ იყო არაფერი, მესამე დღეს კი, შეიძლება, საკმაოდ დიდი თანხა გამომემუშავებინა – 200, 300 ან 400 დოლარი.

– შენი სპეციალობით არ გიმუშავია?

– უცხო ენები დავამთავრე უნივერსიტეტში და ცოტა ხანი, სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობდი, სულ ექვსი თვე. იმ პერიოდში გიტარითა და მუსიკოსობით ვიყავი ცნობადი, ცოტა მოპიჟონო ტიპი ვიყავი, უცხოდ გამოვიყურებოდი – ბლანჟეთი, უცნაურად ჩაცმული, გრძელი ფრჩხილებით და მოსწავლეებმა სერიოზულ მასწავლებლად ვერ აღმიქვეს და პროტესტიც ჰქონდათ: ეს გიტარისტი ჩვენი ინგლისურის მასწავლებელი რა „პონტშიაო“.

– პიჟონური იმიჯი მქონდაო, თქვი და ეს განსხვავებულობა არ იწვევდა ბულინგს შენ მიმართ?

– როგორ არა. ძირითადად, ფრჩხილების გამო იყო ჩემი ბულინგი. ვერ ხვდებოდნენ, რატომ მქონდა ბიჭს გრძელი ფრჩხილები. მეუბნებოდნენ: ქალი ხარ, ბრატ, რად გინდა ამხელა ფრჩხილებიო. (იცინის). სხვათა შორის, საკუთარი გარეგნობის გამო დღემდე მაქვს პროტესტი, სანაგვე „ვედროსავით“ ვარ, მაგრამ ვერ ვიკლებ და პროტესტი რჩება პროტესტად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა რამე არ მომწონდა ჩემს გარეგნობაში. მაგალითად, ახალგაზრდა რომ ვიყავი, მინდოდა, ათლეტური ვყოფილიყავი და არ ვიყავი. ვიცოდი, ამისთვის შრომა და ვარჯიში იყო საჭირო, მაგრამ ტიპური ქართველი ვარ და ვარჯიში მეზარებოდა. ცოლი რომ მოვიყვანე, გავსუქდი და ამის გამო ვწუწუნებდი. ორი სარბენი ბილიკი მაქვს: ერთი – სახლში, რომელიც ცოლმა მაჩუქა და მეორე – სამსახურში, რომელიც ძმაკაცის საჩუქარია, მაგრამ ზედ არც დავმდგარვარ. (იცინის). აწი, ასაკში რომ შევალ, კიდევ გამიჩნდება საკუთარი თავის მიმართ პროტესტი, მაგრამ... თმა გამცვივდა, ამის პროტესტიც მქონდა, მაგრამ გადავინერგე და კი ვარ გაქოჩრილი. სხვათა შორის, არასოდეს მქონია სიმაღლის კომპლექსი და ამის გამო, არც ბულინგის მსხვერპლი ვყოფილვარ. რაღა დაგიმალოთ და, ისეთ მანდილოსნებთან ვტრიალებდი და ისეთ საქმეს ვიყავი შეჭიდებული, იმათ სულ არ აინტერესებდათ, მე რამხელა ვიყავი. ახლა კი ვგავარ დენი დევიტოს, მაგრამ მაშინ მოცუცქნული ვიყავი. ბოლო-ბოლო, თიკა ფაცაციასთან მაქვს ნაცეკვი ტანგო. კი მეშინოდა, არ დამაბიჯოს ფეხი და არ გამსრისოს-მეთქი, მაგრამ კი გადავრჩი (იცინის).

– ბევრმა არ იცის, რომ შენ არა მარტო პროფესიონალი მუსიკოსი, პოლიგლოტიც ხარ...

– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ დედა მექაჩებოდა, ბუღალტერი გამოვსულიყავი, რადგან თავად გახლდათ მთავარი ბუღალტერი რამდენიმე ორგანიზაციაში. მამა გეოგრაფი იყო, სკოლის დირექტორი და უნდოდა, მის პროფესიას გავყოლოდი და საბოლოოდ, ჩემი და უცხო ენების სპეციალისტი იყო და მისმა სიტყვამ გაჭრა და კი ჩავაბარე უცხო ენებში. ბევრმა არ იცის, პოლიგლოტი რომ ვარ: ჯერ თურქულის კურსები დავამთვრე, მერე ინგლისური – უნივერსიტეტში, მერე გერმანული შემომესწავლა, რადგან სიძე მყავს გერმანელი და მეგობრები. რუსული ბავშვობიდან ვიცი და ქართული კია ჩემი მშობლიური ენა. მაგრამ სად წავიღო ამდენი ენა არ ვიცი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი