ხათუნა ფეიქრიშვილი: მახოს ყველა ყოფილ ცოლს გადავაჭარბე დროში და შემიძლია, „გავუმაზო“ ნებისმიერს, რომ აწი ჩვენი ოჯახის დანგრევა შეუძლებელია
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 20.11
იშვიათად მინახავს წყვილი, რომლის ურთიერთობასაც დრომ ვერაფერი დააკლო, პირიქით, ურთიერთობა და სიყვარული უფრო გააღრმავა და გააფერადა. სწორედ, ასეთი ცოლ-ქმარი და სამაგალითო წყვილია მალხაზ ქვრივიშვილი და ხათუნა ფეიქრიშვილი. სამწუხაროდ, საერთო შვილი არ ჰყავთ, თუმცა, ერთმანეთის შვილებზე ზრუნავენ და თავს ბედნიერად გრძნობენ.
ხათუნა ფეიქრიშვილი: ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გავიცანით. მთელი წელი ლამის აქეთ დავდევდი მახოს, რადგან არც მიშვებდა და არც ახლოს მოდიოდა. მას სამი ცოლი ჰყავდა და არც ჩემი დაკარგვა უნდოდა და არც ის, რომ მტკენოდა. ამის შიში მქონდა. ამ შიშის დაძლევაში მე შევუწყვე ხელი, ანუ სიყვარულის შიში დავაძლევინე (იცინის). მალე ათი წელია, რაც ერთად ვართ და მივხვდი, რომ ნამდვილი სიყვარული მართლა ყოფილა და ის მთავარია დედამიწაზე. რომ მეგონა, სიყვარული წლების მერე ხუნდებოდა, ასე არ ყოფილა. სიგიჟემდე მიყვარს და რაც დრო გადის, მით მეტად ვგიჟდები ამ ადამიანზე. ასე რომ, არ დაიჯეროთ, რომ დრო სიყვარულს ახუნებს, აფერმკრთალებს და ყოველდღიური მოვალეობები მას უკან სწევს. ყოველგვარი გადამეტებული და შელამაზებული ემოციის გარეშე ვამბობ, თავად ვარ გაოგნებული ჩემი და მახოს სიყვარულით. იმავე სიყვარულით რომ მეფერება და იგივე გრძნობა რომ აქვს. მიკითხია, არ მოგბეზრდი-მეთქი (იცინის). შეყვარებულიც ვყოფილვარ, მეგონა, იმის იქით აღარაფერი არსებობდა, მაგრამ მალე დასრულდა და ალბათ, ეს ჩვენი სიყვარული განსაკუთრებული შემთხვევაა. გავივლი და რომ არ ველოდები, მომაძახებს: მიყვარხარ (იცინის). მეც თბილი ბუნების ადამიანი ვარ, ესეც ძალიან თბილია და ერთმანეთს ძალიან ვუგებთ.
– რომ ამბობენ, შემოქმედი ადამიანის ცოლობა ძალიან რთულიაო?
– საერთოდ ვერ ვგრძნობ სირთულეს. რთული კი არა, გეფიცებით, ამ ადამიანთან ცოტა მაინც რომ არაკომფორტულად მეგრძნო თავი, მით უმეტეს, ადრე ოჯახი დანგრეული მაქვს არაფრის გამო, ერთი წამი არ გავჩერდებოდი. მახოსნაირი კომფორტული ადამიანი არ მინახავს. რომ მეკითხებიან, რა არის ქალური ბედნიერებისთვის საჭიროო, ვპასუხობ: ქალური ბედნიერებისთვის საჭიროა, სახლში გყავდეს მახო (იცინის). მე ფეთქებადი და ძალიან ემოციური ვარ და ესეც რომ ასეთი იყოს, ალბათ, მეათე სართულიდან გადამაგდებდა. მახო კომფორტის, სიშმვიდის მოყვარული ადამიანია და მაქსიმალურად ცდილობს, კონფლიქტური სიტუაცია აგარიდოს. თუმცა, თუ ვინმემ სასწაული ჩაიდინა და გადაეკეტა... ჩემს მტერს! ხშირად მიფიქრია, მე რომ კაცი ვყოფილიყავი, ბევრს არ მოვითმენდი. რომ ავღელდები, მეუბნება: დაწყნარდი, დამშვიდდი, ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და რის გამო იშლი ნერვებსო. ისე მიგამშვიდებს და მიგაძინებს, ვერ მოხვალ აზრზე (იცინის).
– ნანობ, რომ ადრე არ შეხვდით ერთმანეთს და საერთო შვილი არ გყავთ?
– არასოდეს მინანია, ადრე რომ არ შევხვდით ერთმანეთს, თუმცა, ბევრჯერ მითქვამს, ადრე რომ შევხვედროდით, საერთო შვილი გვეყოლებოდა-მეთქი. სიამოვნებით გავაჩენდი მახოსგან შვილს და გავზრდიდით სიყვარულში. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ადრე რომ შევხვედროდით ერთმანეთს, შეიძლება, ასეთი კომფორტული ცხოვრება არ გვქონოდა და იცით, რატომ? ადრე, როცა ახალგაზრდები ვიყავით, სულ გარეთ გვინდოდა ყოფნა, მეგობრებთან ერთად, მეც და მახოსაც. დღეს კი, სამსახური რომ მთავრდება, გამომივლის და ერთი სული გვაქვს, სახლში მოვიდეთ. მოკლედ, ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს, სულ ერთად რომ გინდა და სულ სახლში, თბილად, ტკბილად და იდილიურად. საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ ვერ ვგრძნობთ ამას, რადგან მახოს პატარა ბიჭი, ხუთი წლის დამხვდა და ჩვენი გაზრდილია. ახლა ანდრია უკვე დიდი ბიჭია და დედამისთან უცხოეთში გავუშვით სასწავლებლად. მისი წასვლის შემდეგ სახლი ისე დაცარიელდა, დეპრესია დაგვემართა, ახლა მარტო ვართ. კიდევ კარგი, სოციალური ქსელი არსებობს და ტელეფონზე ვართ ჩამოკიდებული. თუმცა, მადლობა ღმერთს, მეც მყავს შვილი და შვილიშვილები და მახოსაც. ძალიან ხშირი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. საოცარი შვილები ჰყავს მახოს, ვგიჟდები მათზე. მე ერთი შვილი მყავს, გათხოვილია და ორი შვილიშვილის ბებია ვარ, მახოს სამი შვილი ჰყავს და სამივე საკუთარი შვილებივით მიყვარს. მე და მახო ერთნაირი ადამიანები ვართ და იმიტომ ვუგებთ კარგად ერთმანეთს.
– ამ ათწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში როდის იდგა ყველაზე რთული პერიოდი, ძნელად გადასატანი, ერთმანეთს რომ განსაკუთრებულად სჭირდებოდით?
– ყველაზე მძიმედ მახოს ინფარქტის დღე მახსენდება. ისეთი სასწაულები მოხდა იმ დღეს, უფალი რომ არა, მე ვერაფერს ვიზამდი. ყველაფერი ისე მიეწყო, რომ არა უფლის დიდი წყალობა, არც მინდა, ვიფიქრო რა მოხდებოდა. მეორე რთული პერიოდი იდგა, როცა მახოს დედა, ლილი გარდაიცვალა. მე რომ არ ვყოლოდი გვერდით, ძალიან გაუჭირდებოდა მახოს დედის სიკვდილის გადატანა. ის რომ ცოცხალი იყო, სახლში სულ ხმაური იყო და უცებ გამოვცარიელდით. პირველი კვირები მე და მახო ერთმანეთს ვერ ვეკონტაქტებოდით, მართლა ძალიან განვიცადეთ. სახლში მოსვლა არ გვინდოდა, იმ აუტანელ სიჩუმეში, სადაც ის აღარ იყო. სანამ გარდაიცვლებოდა, სულ მეუბნებოდა: ეს ძალიან კეთილი ბიჭია, დამთმობი, ხათრიანი და შენი იმედი მაქვსო. მე ცოტა მიმწოლი ვარ, მახოსგან განსხვავებით, ყველაფერზე თვალს არ ვხუჭავ. უჭირს ადამიანების დაკარგვა, არ უნდა, საქმე კონფლიქტამდე მიიყვანოს და ამის გამო ბევრჯერ წასულა დათმობაზე, გაჩუმებულა და თვალიც დაუხუჭავს. მაგრამ, თუ წავიდა, წავა და აღარ მობრუნდება.
– მის ყოფილ ცოლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– სამივე ყოფილ ცოლთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, მეუბნებიან, შენ არ ხარ ნორმალური (იცინის). მითხრეს, ვერასოდეს ვიფიქრებდით, ასე თუ ვიმეგობრებდით მახოს ცოლთან და შეგვიყვარდებოდაო.
სამივე კარგი ადამიანია და მართლა ერთმანეთი გვიყვარს, არ ვფამილარობთ. ახლახან მე და მახოს მეორე ყოფილი ცოლი თამუნა, კარაოკეში ვიყავით, ვმღეროდით და თანამშრომლებს ვიდეო რომ ვაჩვენე, შოკში ჩავარდნენ. ამათაც მითხრეს, შენ არ ხარ ნორმალურიო (იცინის). თამუნაც მეუბნებოდა, შენზე რომ ვყვები სადმე, ჰგონიათ ვპირფერობო. ამ დროს მას და მახოს საერთო შვილი ჰყავთ. მას არ დაუნგრევია ჩემთვის ოჯახი და მე – მისთვის. არა მარტო ყოფილ ცოლებთან, ყოფილ სიდედრებთანაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. საოცარი ადამიანები არიან, ხან ნამცხვრებს მიგზავნიან და ხან სტუმრად მივდივართ მე და მახო. ჩვენ ვართ ასე, თორემ მეგობარი გვყავს, ყოფილი ცოლი რომ შემოდის ოთახში, ის გარბის. მახოს რომ იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს ყოფილ ცოლებთან და მათი დანახვა არ უნდოდეს, მე მათთან ხომ არ ვიქნებოდი მეგობრულად. მეც ასეთი ბუნება მაქვს, არასოდეს მითქვამს მის ყოფილ ცოლზე აუგი.
– შენსა და მალხაზს შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენია?
– მახო სულ მალე 63 წლის გახდება, მე 52 წლის ვარ. არასოდეს დამიმალავს ასაკი და მაოცებენ ქალები, ვინც ამას აკეთებენ. მირჩევნია, ადამიანმა მითხრას: უი, 52 წლის ასაკში რა კარგად გამოიყურებიო. ბოტასით რომ გავრბივარ და უკან ათი წლის შვილიშვილი მომდევს, დავუძახებ „ბე“ და გაოგნებული ადამიანების სახეებს რომ ვხედავ, ეს უფრო მახარებს და უბედნიერესი ქალი ვარ. მახოზე კი მეუბნებიან: ასე კარგად რომ გამოიყურება, შენი დამსახურებააო. ჩემი კი არა, მისი გენეტიკის დამსახურებაა, დედამისი 92 წლის ასაკში ისე გამოიყურებოდა, არ ვიცი... მახო რომ გავიცანი, არც მაშინ ეტყობოდა ასაკი და არც ახლა ეტყობა. რასაკვირველია, მეც ვუწყობ ხელს, მაგრამ თავად უყვარს საკუთარი თავის მოვლა. მაღაზიაში რომ უნდა ჩავიდეს, მეკითება: ეს ჩავიცვა თუ ისო (იცინის). ფანტასტიკური გემოვნება აქვს და რაც ამის ცოლი გავხდი, მეც შევიცვალე – ქუსლებიდან დაბლებზე ჩამომაგდო (იცინის).
– როგორ გგონია, თქვენი შეხვედრა ბედისწერა იყო?
– ჩვენი შეხვედრა, მართლაც, ბედისწერა იყო. სერიალი „ძილის წინ“ რომ გადიოდა, ყველა სერიას ვუყურებდი. იმ სერიალით გახდა მახო პოპულარული, იმიტომ რომ თეატრს თავისი მაყურებელი ჰყავს და ბევრი არ დადის. ახლა გადის ბევრი სერიალი ტელევიზიით, მაშინ კი ამ სერიალს ველოდებით და რომ ვუყურებდი, ვგიჟდებოდი მახოზე, არ ვიცნობდი და სიგიჟემდე მიყვარდა. მაშინ, ალბათ 20 წლის ვიყავი და ვერც ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შევხვდებოდი, გავიცნობდი, ჩემ გვერდით იცხოვრებდა, ერთმანეთის სუნთქვას მოვისმენდით და ჩემი ქმარი იქნებოდა. მე მახოს გარეშე ცხოვრება არ მინდა, რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად მიყვარს ეს ადამიანი. მინდა, ეს მყავდეს დიდხანს, რომ მეც კარგად ვიყო. ათი წელია, მისი ცოლი ვარ, ყველა მის ყოფილ ცოლს გადავაჭარბე დროში და შემიძლია, ნებისმიერს „გავუმაზო“, რომ აწი ჩვენი ოჯახის დანგრევა, შეუძლებელია. უჩემოდ ვერ იძინებს და მე უმისოდ ერთი წამი არ მინდა სიცოცხლე. მიუხედაავად იმისა, რომ ფუფუნებაში არ ვართ და ბევრი სტრესული, მძიმე და გაჭირვებული დღეები გვქონია, არცერთი წუთი, ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ ასახულა და არც ჩვენს სიყვარულს შეხებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





