ხატია წერეთელი: მეცოდება იმედას ცოლი, რადგან მას მოუწევს იმ სიყვარულთან შეჭიდება, რა სიყვარულითაც ვუყვარვარ მისი ქმრის ნათესავებს
ავტორი: ნონა დათეშიძე 13:16 17.11, 2020 წელი

„სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ მას ჩემი მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა. საკმაოდ კარგი მსახიობია და სიყვარულის თამაშიც გამოსდის, არც ორ და სამ ფრონტზე თამაშზე ამბობს უარს. ალფონსია ჩვეულებრივი. როცა ამ ყველაფერზე თვალი ამეხილა, მივატოვე. ღმერთს მადლობა, რომ დღეს ის არაა ჩემთან...“ – ეს ხატია წერეთლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაწერა.
ხატია წერეთელი: საკმაოდ ძლიერი პიროვნება ვარ, იმდენი რაღაც მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, დაწერა რომ გადავწვიტე, მკითხველი ვერ გავიმეტე ამისთვის. ყოველთვის ვუძლებ „დარტყმებს“ და იმასაც ვგრძნობ, რომ ღმერთი არ მტოვებს მარტო. ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი, ვიღაც ისეთი გამოჩნდება ხოლმე, ვისაც ამ მდგომარეობიდან გამოვყავარ. მგონია, გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს.
– ახლა საკმაოდ რთული პერიოდი დგას შენს ცხოვრებაში, რადგან შენი ორწლიანი სიყვარულის ისტორია, ასაკით საკმაოდ პატარა მამაკაცთან, რომელიც არასოდეს დაგიმალავს, უცაბედად დასრულდა. თუ გამოჩნდა ადამიანი, ვინც ამ სიტუაციაში გიდგას ვგერდით და დარდს გიმსუბუქებს?
– ბოლო ორი თვეა, ისეთი მოულოდნელი რაღაცები მოხდა, ძალიან რთული კი არა, შოკისმომგვრელად რთული პერიოდი დგას ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ შორის გაუგებროებები იქიდან დაიწყო, როცა მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ადგილი ჰქონდა ღალატის მცდელობას. ამ ყველაფერს ჩავეძიე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ადამიანს ჩემგან მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა სჭირდებოდა. თავიდან, იმედასთან ურთიერთობა საკმაოდ მშვიდი და სტაბილური იყო. არ ვარ უაზროდ ეჭვიანი, ფაქტებით მიყვარს საუბარი და იმასაც ვერ ვიტყვი, ფიზიკურად მღალატობდა თუ არა, უბრალოდ, ვნახე მიმოწერები და მივხვდი, სხვას ეფლირტავებოდა. კიდევ ვამბობ, არ ვარ ეჭვიანი, თუმცა არც ისეთი დებილი ვარ, ამ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა. საწყის ეტაპზე ფინანსური კუთხით არანაირი მოთხოვნილებები არ ჰქონდა. აკმაყოფილებდა ის, რასაც ვაძლევდი, თუმცა, ბოლო პერიოდში გაუჩნდა ამბიცია, რომ უფრო უკეთესი მანქანა ჰყოლოდა და ამის გამო შეეძლო, ცხვირჩამოშვებულს ევლო. ვაღიარებ, ვუყიდე მანქანა და ის ორი წელი ჩემი ფინანსებით ცხოვრობდა, თუმცა, ამ ყველაფერს არ ვახმოვანებდი, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ, იქ იმაზე საუბარი, ვისი ფინანსები იხარჯება და ვისი არა, უხერხულია. ბოლოს თავადაც დაიწყო მუშაობა, მართალია დაბალანაზღაურებად სამსახურში, მაგრამ მაინც და სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენ შორის ურთიერთობის დაძაბვა. სულ ვეუბნებოდი: გაპატიებ ყველაფერს, მაგრამ არა ღალატს! როცა უკვე ფაქტის წინაშე დავდექი და მიმოწერები ვნახე იმ გოგოსთან, რომელიც ჩემი გარემოცვიდან იყო, ნამდვილად ვერ დავხუჭავდი თვალს. შევწყვიტე ურთიერთობა იმედასთან და სახლიდანაც გავაგდე.
– ეს ის გოგონაა, რომელიც ცოლად მოიყვანა?
– არა, ეს ის გოგო არ არის, რომელიც იმედამ ცოლად მოიყვანა. ვისთანაც „გავფაქტე“ ის ჩემი გარემოცვაა, მისი ახლანდელი ცოლი კი სულ სხვა ქალია. დაშორდე ადამიანს და ორ თვეში სხვა ისე შეიყვარო, რომ ცოლად მოიყვანო, ასე ხომ არ ხდება? ესე იგი, მასთანაც პარალელურად ჰქონდა ურთიერთობა. მე გვიან გავიგე ამის შესახებ. რადგან იმედა ვახტანგიშვილი ძალიან კარგად გავიცანი, ჩემი გადასახედიდან, მათი ქორწინება არის მისი მორიგი ფინანსური კეთიდღეობისკენ სვლა. ის ქალი, რომელიც ახლა მისი ცოლია და ხელიც მოაწერეს, ფინანსურად შეძლებულია, იმედაზე ასაკით დიდი და შვილიანი. ალბათ, მიხვდა, რომ რაც მას კარგი მანქანისთვის სჭირდებოდა, იმ ფინანსების მიმცემი მე აღარ ვიყავი და როდესაც იმ ქალთან ხელი მოაწერა, ამ ქორწინების სანაცვლოდ, მიიღო საჩუქრად ავტომანქანა „ქამრი“. ეს სრული სიმართლეა.
– თქვი, სახლიდან გავაგდეო, მაგრამ ორწლიანი სიყვარულის ისტორია ასე მალე არ ნელდება. როდესაც საყვარელი მამაკაცის დაქორწინების ამბავი გაიგე, შენში რა მოხდა?
– ვაღიარებ, დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ძალიან მეწყინა, როცა მისი ქორწინების ამბავი შევიტყვე. მერჩივნა, მართლა სიყვარულით მოეყვანა ცოლი და არა ანგარებით. მინდოდა, ის შთაბეჭდილებაც არ გამქრალიყო, რაც ჩემს ყოფილზე დამრჩა. კიდევ ვუშვებდი ჩემს თავში, რომ მასში უფრო მეტი ადამიანობა იყო, ვიდრე ფულის სიყვარული, მაგრამ საბოლოოდ გადაესვა ხაზი. ვცდილობდი, არ შემმჩნეოდა ეს დარდი და ტკივილი. არავინ იცოდა და ის ორი თვე საშინელი სტრესი გამოვიარე. ფიზიკურად ისე ცუდად ვიყავი, მხოლოდ ორი კვირაა, რაც ფეხზე დავდექი. ფაქტობრივად, მეორედ ვისწავლე სიარული. მქონდა დეპრესია, თუმცა, ამას ჩემი შვილიც კი ვერ ამჩნევდა. მიწევდა თამაში, ძალით ფორმაში ყოფნა. ნერვიულობით ორ თვეში 14 კილო დავიკელი.
– ბევრს ჰყავს ასაკით უმცროსი საყვარელი, თუმცა, ამ ურთიერთობის აფიშირებას არ ახდენენ. არასოდეს გიფიქრია იმაზე, რომ შენი სასიყვარულო ამბების ზედმეტად და გადაჭარბებულად სააშკარაოზე გამოტანამ, ცუდად იმოქმედა თქვენს ურთიერთობაზე?
– რაღაც მომენტში, რასაკვირველია, იქონია გავლენა, თუმცა, ჩემზე არა, იმედაზე. ჩემი წყალობით გახდა ცნობადი, აუვარდა თავში და უფრო მეტი მოთხოვნები გაუჩნდა. თორემ, თავიდან, როცა არაფერი გააჩნდა, არც მოთხოვნები ჰქონდა. როგორც კი გახდა პოპულარული იმით, რომ ხატია წერეთლის შეყვარებული იყო, ჩემი კლიპებიდან, სატელევიზიო გადაცემებიდან თუ პრესის ფურცლებიდან ხალხმა გაიცნო, მოთხოვნებიც გაეზარდა. რა თქმა უნდა, როგორც მე, ისიც იყო გარკვეულწილად ბულინგის მსხვერპლი საზოგადოების მხრიდან, თუმცა, ეს ყველაფერი მისთვის მეტისმეტი ამბიციის საფუძველი გახდა. როცა სოციალურ ქსელში სტატუსი დავდე, დავშორდით-მეთქი, წამოვიდა კომენტარები: აბა, რა გეგონა, ასაკით პატარა კაცთან რომ იყავიო... ამ ყველაფრის მიმართ იმდენად ხისთავიანი გავხდი, ყურადღება არც მიმიქცევია. თუმცა, იმედას უფრო ამტყუნებენ, რადგან იცოდნენ, მე როგორ მიყვარდა. ის კი, თურმე, კარგად თამაშობდა შეყვარებულის როლს.
– სანამ შენ მის ცხოვრებაში გამოჩნდებოდი, იყვნენ სხვა ქალები?
– კი, რა თქმა უნდა. ასაკოვანი ქალი იყო მის ცხოვრებაში და როცა ჩვენი ურთიერთობა გამჟღავნდა, იმ ქალმა დამირეკა და მითხრა: შენ მას არ იცნობ, ის შენს სიკეთეს გამოიყენებს და მერწმუნე, ერთ დღეს ძალიან გატკენს გულს, აუცილებლად დაიჭერს შენს გარშემო მყოფთან ურთიერთობას და ეს იქნება მიზეზი, რომ გააგდოო. ზუსტად ამიხდა მისი წინასწარმეტყველური სიტყვები. იმედა მასზე ამბობდა: გამწარებული და დაბოღმილი ქალიაო. დღეს კი არა დაბოღმილმა, შემიძლია, იგივე სიტყვები ვუთხრა მის ცოლს: სანამ დროა, მოიხსნას ვარდისფერი სათვალე. სხვათა შორის, მივწერე და გავაფრთხილე: ასეთი სიტუაცია იყო ჩემამდე და იგივე გელის შენც-მეთქი. მე ვერ და არ მოვიხსენი ვარდისფერი სათვალე და იმედამ მაგრად „შემისრულა“. მე ცოტა გამოცდილება მაქვს კაცებთან, ეს ჩემი მინუსია, იმედამ ეს გამოიყენა.
– რაც შენგან წავიდა და ცოლი მოიყვანა თუ დაგეკონტაქტა?
– რაც ჩემგან წავიდა, გარკვეული პერიოდი, ვკონტაქტობდით, გვქონდა გასარჩევი. თუმცა, რაც ცოლი მოიყვანა, ბოლო ერთი თვეა, აღარ გვიკონტაქტია. არც სურვილი მაქვს, თუმცა, შემიძლია შევინარჩუნო მასთან მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ თვითონ გაურბის. ეშინია, ალბათ, ბევრ ცუდში არ ვამხილო.
– ანუ, ყოფილ შეყვარებულთან, რომელმაც ასე გატკინა გული, დაგშორდა და ცოლი მოიყვანა, მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებ?
– შევინარჩუნებდი, მაგრამ თავად არ ისურვა. სხვათა შორის, იმედამდე, ჩემს ცხოვრებაში იყო კაცი, რომელთანაც დღემდე მაქვს უკარგესი ურთიერთობა. მისი შვილის ქორწილშიც კი ვიყავი. როცა ყველაზე მეტად მიჭირს, სწორედ, მას ვურეკავ და ისიც ასეა. იმედას რომ დავშორდი და ძალიან მიჭირდა, სწორედ, ყოფილი შეყვარებული დამიდგა გვერდით. არა მარტო ის. გაგიკვირდებათ და იმედას მამა, დები, ბიძაშვილები დღემდე არ მტოვებენ. მკითხულობენ, მირეკავენ, ცდილობენ, ჩემ გვერდით იდგნენ. ცოლი რომ მოიყვანა, მამამისმა მომკიდა ხელი და რაიონში, მის ნათესავებთან წამიყვანა, რომ არ მენერვიულა. მეცოდება იმედას ცოლი, რადგან მას მოუწევს იმ სიყვარულთან შეჭიდება, რა სიყვარულითაც ვუყვარვარ მისი ქმრის ნათესავებს. არც კი მიფიქრია ხელის მოწერა ან ჯვრისწერა. იმდენად, მჯეროდა და ვენდობოდი უანგაროდ. აღარ მინდა ამდენი ტკივილის ატანა, ეს მარტო იმედას არ ეხება, ხშირად მინდება თავის მოკვლა, მაგრამ ჩემს შვილს რომ ვუყურებ, ეს მაჩერებს.
– რა დაგიტოვა იმედასთან ურთიერთობამ და ახლა რომ გამოჩნდეს მამაკაცი, მასაც ბრმასავით მიენდობი?
– ეს იყო ლამაზი სიყვარული, ჩემი ცხოვრების ნაწილი და ასეც უნდა დარჩეს. ამ სიყვარულმა დატოვა ლამაზი სიმღერები, ლამაზი კლიპები, ფოტოები და გრძნობები. კარგი იქნებოდა, ბოლომდე გაგრძელებულიყო, მაგრამ შეწყდა. თუმცა, რომ მეუბნებიან: არ იცოდი, ასე რომ იქნებოდაო, მწყინს. რომ მცოდნოდა, არ დავიწყებდი ამ ურთიერთობას. მას არასოდეს მოსწონდა 35 წელზე პატარა ქალები, ამიტომ აქ ასაკი არაფერ შუაშია. ვოცნებობ, 30 წლის ზემოთ კაცს მოვეწონო (იცინის). სიყვარული ისეთი ბრმაა, არ არის გამორიცხული, ისევ დამახუჭინოს მამაკაცის ასაკზე თვალი. თუმცა,ზუსტად ვიცი, იმედას მუდამ გავახსენდები. სოციალური ქსელიდან კი წამშალა, მაგრამ ვერასდროს წაშლის მკლავზე ამოსვირინგებულ „ნეფერტიტს“, რომელიც ქალურობისა და სიძლიერის სიმბოლოა და ეს ჩემი საჩუქარი იყო. ასე რომ, ვინც არ უნდა დაწვეს მის მკლავზე, ჩემი სიძლიერე და ქალურობა გაიყოლა, მას მთელი ცხოვრება მკლავით ატარებს და ვერ ამოშლის. როცა მას იხატავდა, ვუთხარი: რომელი ქალიც ამ მკლავზე დაწვება, ყველას ეცოდინება, რომ ამ მკლავზე იწვა ხატია წერეთელი! „ნეფერტიტით“ ყოველდღე შევახსენებ თავს. ხშირად ვტირი, რატომ ვერ გავიზარდე, ისევ ის მიამიტი ბავშვი დავრჩი-მეთქი. თუმცა, ჩემს თავში ბავშვს არასოდეს მოვკლავ, რომ არ გავბოროტდე. მირჩევნია, ისევ მე მატკინონ. ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, რომ გაიგეს გავშორდი, „აფეთქდა“ ტელეფონი, თუმცა არ ვარ მზად, დანგრეული, ცრემლიანი გრძნობებით ახალი ურთიერთობა დავიწყო. დალაგდეს ყველაფერი და მერე აუცილებლად დავიწყებ ახალს. სიყვარული, მარადიული გრძნობაა, უბრალოდ, ობიექტები იცვლებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან