ხატია სიჭინავა: პატარა ვიყავი, როცა საკუთარ თავში ღმერთი აღმოვაჩინე
ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 24.08, 2022 წელი

ბლიცინტერვიუ ხატია სიჭინავასთან 👇
სახელი: ხატია.
გვარი: სიჭინავა.
პროფესია: ჟურნალისტი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ჩემი ბავშვობა ფოთს უკავშირდება, ქალაქს, სადაც ვცხოვრობდი. ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და სულ რაღაც ხიფათს ვაწყდებოდი ხოლმე. ზოგადად, ზღვისპირა ქალაქებში ცუდი ჭებია – წვიმის დროს დიდი წყალი დგება ხოლმე. ერთხელაც სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი და გზაში ვნახე დაგუბებული წყალი, ვიფიქრე, ცოტას ვითამაშებდი. გავედი წყალში, ვერ დავინახე ჭა და ჩავვარდი. ტკივილი იმდენად არ მაწუხებდა, როგორც ის, სახლში რას მეტყოდნენ, ვიცოდი, მისაყვედურებდნენ. ძლივს ამოვბობღდი ამ ჭიდან, სახლში მივედი დალურჯებული და რასაც ვფიქრობდი, ზუსტად ის მოხდა (იცინის).
– მშობლების როლი...
– ადრეული ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. 13 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები გაშორდნენ. 16 წლისამ დავტოვე მშობლიური ქალაქი და თბილისში წამოვედი, დეიდასთან ვცხოვრობდი. 18 წლის უკვე ვმუშაობდი, პარალელურად, ჟურნალსიტიკაზე ვსწავლობდი. რომ გითხრათ, მშობლების როლი ყოველდღიურად იგრძნობოდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი, ასე არ ყოფილა.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– სულ თავიდან თუ დავიწყებთ, მინდოდა, ნაყინის გამყიდველი გამოვსულიყავი. ძალიან მიყვარდა ნაყინი და ჩვენს ქუჩაზე ერთი კაცი გასაყიდად ჩანთით დაატარებდა, თან, გაიძახოდა „მაროჟნი, მაროჟნი“... ამდენი ნაყინი რომ ელაგა ჩანთაში, ვნატრობდი მის ადგილზე ყოფნას. რომ წამოვიზარდე, მამაჩემის სურვილი იყო, იურიდიულზე ჩამებარებინა, მაგრამ დიდად არ მხიბლავდა. ყოველთვის მომწონდა წერა და საბოლოო ჯამში, ეს გზა ავირჩიე – ჟურნალისტი გავხდი.
– ჩემი მეტსახელი...
– გაგიკვირდებათ და, ჩემი ბუნებრივი თმის ფერი შავია, ამიტომ მეძახდნენ „ჩორნას“. ისე ვერ ვიტანდი ამ მეტსახელს, მე მგონი, ამან გამოიწვია ის, რომ „ქერა“ გავხდი (იცინის).
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას. ყველაზე დასაფასებელია, როცა კონკრეტულ სიტუაციაში არ ხარ და ამ დროს იცავენ შენს სახელს, პიროვნებას. ალბათ, ერთეულები არსებობენ ისეთები, რომლებიც ცდუნებას არ აჰყვებიან და შენი გალანძღვის დროს ერთ-ორ სიტყვას არ ჩააგდებენ. ეს, ალბათ, ბუნებისგან ბოძებული ნიჭია, ამას ვერ შეიძენ, ასეთი უნდა იყო.
– წარმატებული ადამიანი არის...
– შეიძლება, შემდგარი ადამიანი იყო როგორც ოჯახში, ასევე კარიერაში, თუმცა, ეს ორი ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. ჩემს შემთხვევაში, მთლიანად ჩართული ვარ ბავშვების ცხოვრებაში და ოჯახის ამბებში. შენი არჩევანია, სად გინდა, იყო შემდგარი – ოჯახში თუ კარიერაში. ზოგადად, წარმატებულია ის, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია. მე ვფიქრობ, წარმატებული ვარ ჩემს ოჯახში და ეს ძალიან მომწონს.
– მწამს...
– ღმერთის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ყველას თავისებური აღქმა აქვს, ზოგისთვის ღმერთი მხოლოდ სასწაულებს ახდენს, ზოგი კიდევ – როცა ძალიან უჭირს, მაშინ მიმართავს. ჩემს შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არაა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემს თავში ღმერთი აღმოვაჩინე. ყოველღამე მას მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც მაქვს და როგორიც ვარ. ღმერთი არის მამა, ვისზეც ხელი მაქვს მჭიდროდ ჩაკიდებული და მივყვები ცხოვრების გზაზე. რა განსაცდელიც არ უნდა მომევლინოს ცხოვრებაში, ვიცი, ერთად ყველაფერს დავძლევთ.
– მეშინია...
– სიმაღლის. არასოდეს მეშინოდა, ბავშვობაში სახლის მეორე სართულიდან ვხტებოდი და შიშის განცდა არ მქონია, მაგრამ რაც შვილი შემეძინა, მის მერე გამიჩნდა ეს განცდა. პირველი შიში დამეუფლა, როცა ბავშვი ხელში მეჭირა და ფანჯარასთან ვიდექი – ვერც მივუახლოვდი ფანჯარას, მეშინოდა ბავშვი არ გადამვარდნოდა. შვილების მომატებასთან ერთად ეს შიში ჩვეულებრივ ფობიად გადამექცა და დღეს აივნიდან რომ ვიყურები, თავბრუ მეხვევა.
– ვრისკავ...
– ძალიან რისკიანი ვარ. დიდი ხანი ლოდინი არ მიყვარს, როცა რაღაც არის გასაკეთებელი. არასოდეს ვფიქრობ, ვაი და, არ გამომივიდეს, მერე, როგორ რა იქნება და ასე შემდეგ. როცა მინდა, ვაკეთებ და საბედნიეროდ, ჩემი რისკი ყოველთვის ამართლებს.
– მაკვირვებს...
– ადამიანების უნამუსობა. როგორ შეუძლიათ, ერთმანეთი გაიმეტონ და ლანძღონ. მიზეზიც რომ ჰქონდეთ, ამ შემთხვევაშიც ვერ ვხვდები, რატომ უნდა გააკეთონ მსგავსი რამ. ხოლო თუ უმიზეზოდ იმეტებენ ერთმანეთს, საერთოდ შოკირებული ვრჩები. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, ჩემთვის საზოგადოებრივი აზრი არაფერს წარმოადგენდა და კარგს ვერაფერს მომიტანდა. ცხოვრებაში შენ მიიკვლევ გზას, თავადვე ებრძვი განსაცდელს და შენვე გიხარია საკუთარი ბედნიერება. საზოგადოებრივი აზრი ვერაფერს გიცვლის, ვერც უბედურებას და ვერც ბედნიერებას.
– ვერიდები...
– ბევრ ნაცნობობას, მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოს ვიცნობ. ასეთი გამონათქვამია: „რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი ხარ“. მე ამას არ ვეთანხმები, რადგან ყველას არ შეიძლება, მეგობარი უწოდო. რაც მეტი ადამიანია შენ ირგვლივ, უფრო მეტი ნეგატივი და ფუჭი ემოციებია. ახლა იმ ასაკში ვარ, რომ ძალიან მეზარება ახალი ნაცნობობა და ახალ ადამიანებთან მორგება. კიდევ ერთი ძალიან ხისტი თვისება მაქვს, ადამიანის დაკარგვა ისე შემიძლია, რომ საერთოდ მავიწყდება მისი არსებობა. თუ მივხვდი, ეს ადამიანი ზედმეტია ჩემს ცხოვრებაში, ისე ვივიწყებ, თითქოს არც ყოფილა.
– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...
– სიყვარულის. აკლია დღევანდელ საზოგადოებას სიყვარული და ყველაზე დიდი დოზით აქვთ ადამიანების განკითხვა. სიყვარულის დანაკლისი დღეს იმდენად მძაფრად იგრძნობა, გაოცებული ვარ, ადამიანებს რატომ არ სურთ, ერთმანეთი უყვარდეთ და პატივს სცემდნენ.
– რთული პერიოდი...
– ალბათ, ყველაზე რთული იყო, როცა 16 წლის ასაკში გადავწყვიტე, დამოუკიდებლად დამეწყო ცხოვრება. გამოუცდელი ბავშვისთვის ეს ნაბიჯი რთული იყო. გამბედავი და უშიშარი უნდა იყო, ცხოვრებას ასეთ ასაკში დაუდგე პირისპირ და უთხრა: მე ვიწყებ შენთან ბრძოლას. შემდეგ იყო 2010 წელი, როცა ოჯახური ცხოვრება გადავწყვიტე და ისევ ვუთხარი ცხოვრებას, ისევ შენს პირისპირ ვდგები-მეთქი. საბოლოო ჯამში, ორივე შემთხვევაში გავიმარჯვე.
– სიყვარული არის...
– ნდობა, ერთგულება, ურთიერთობა, გაგება და აუცილებლად – დიალოგი. ვფიქრობ, თუ წყვილს ერთმანეთი აღარ უყვარს და მათთვის ღალატი უმნიშვნელო ხდება, ოჯახის შენარჩუნების მიზნით უსიყვარულო ოჯახი ბუტაფორიაა.
– დრო და სიყვარული...
– ძალიან ინდივიდუალურია. როცა წყვილი ერთად იწყებს ცხოვრებას, თავიდან ერთმანეთზე არიან ორიენტირებული, შესაბამისად, ბევრ დროს ატარებენ ერთად. მერე, როცა ბავშვები ჩნდებიან, ყურადღება იყოფა, ერთმანეთისთვის იმდენად დიდი დრო აღარ რჩებათ და ამას ხშირ შემთხვევაში პრობლემები მოჰყვება ხოლმე, რაც ანგრევს ურთიერთობას. ამიტომ ვფიქრობ, ბავშვებს უნდა დაუთმოთ დრო და მათ ცხოვრებაში ბოლომდე იყოთ ჩართულები, რადგან ბავშვობის წლების დანაკლისს მათ ვერაფერი ამოუვსებთ, მაგრამ ამასთან ერთად, ოქროს შუალედის დაცვაც აუცილებელია. თვეში რამდენჯერმე ბავშვების გარეშე უნდა გავიდნენ სადმე, რომ ბოლომდე პრობლემებზე არ იყვნენ გადართული.
– შემშურებია...
– ღმერთის წყალობით, არასდროს – არავისი. ვიღაცის ბედნიერება რომ გაღიზიანებდეს, ძალიან დეგრადირებული ადამიანი უნდა იყო. ყველა ადამიანის ბედნიერება მიხარია, რაც უფრო მეტი მოღიმარი ადამიანი იქნება მსოფლიოში, უფრო მეტად გადარჩება ქვეყნიერება ამ უსიყვარულობისგან.
– სამაგიეროს გადახდა...
– წყენა ძალიან მარტივად მავიწყდება, ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ძალიან გავბრაზებულვარ და მერე ვერ გამიხსენებია მიზეზი. ნეგატიურ ემოციებს დიდი ხანი არ ვიტოვებ. ჯერჯერობით სამაგიერო არავისთვის გადამიხდია.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მახსენდება ფაქტი, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირვებოდა. იქამდე არასოდეს მიმყავს საქმე, ვინმეს ისე ვაწყენინო, რომ მერე ბოდიშის მოხდა დამჭირდეს.
– თავისუფლება არის...
– ზოგჯერ თავისუფლება ბევრ რამეში ერევათ, თუნდაც, გარყვნილობაში და უზრდელობაში. ჩემთვის თავისუფლება არის, რომ ჩემს დამოუკიდებელ სივრცეში არ შემოიჭრას ვინმე და არ შემიზღუდოს ფიქრისა და გადაწყვეტილების უნარი.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ჩემი მამაოს რჩევა მახსოვს, რომელიც მთელი ცხოვრება მომყვება და დღემდე ამართლებს. მან მითხრა: მოუსმინე შენს გულს, იმოქმდე ისე, როგორც შენი გული გიკარნახებს. რასაც მკარნახობს ჩემი შინაგანი მე, ყოველთვის ისე ვიქცევი და ფაქტია, ჯერჯერობით არაფერში შემცდარა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან