შოუბიზნესი

ხატია სიჭინავა: ჩემმა ქმარმა იცის, რომ მე აზრს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შემაცვლევინებს

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 04.04, 2022 წელი

ხატია სიჭინავა
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რა სჭირდება ადამიანს ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად? ამ თემაზე საკუთარი გამოცდილება ხატია სიჭინავამ გაგვიზიარა.

ხატია სიჭინავა: ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ. ეს მიღწევების გარდა, ბევრ რამეში გამოიხატება, თუნდაც იმაში, რომ უმძიმეს ავარიას გადავურჩი. პირად ცხოვრებაშიც, იღბლის და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად არის, ამიტომ ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. ადამიანი შრომისმოყვარე უნდა იყოს, რომ შემდეგ გაუმართლოს. ფეხი ფეხზე გადადებული თუ დაელოდები, როდის გაიღება კარი შენ წინ, ვერაფერს მიაღწევ. ყოველთვის საკმაოდ მიზანდასახული ვიყავი. ამ ქალაქშიც პატარა ჩამოვედი და რადგან წერა კარგად გამომდიოდა, პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე. მერე გზა თვითონ გავიკვლიე. პირველად რომ გაზეთის რედაქტორს ვუთხარი, მე თქვენთან დავწერ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, შანსი მომცეს, ეს ნამდვილად იღბალია, რომელსაც მონდომების შედეგად შევხვდი. ამის შემდეგ მეც მივდიოდი, თვითონაც მირეკავდნენ შემოთავაზებებით და მთელი ჩემი ცხოვრება ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ავაწყვე. ამიტომაც ვამბობ, ოცნებისკენ ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ, რომ მერე იღბალიც წამოგვეწიოს.

– გზად რა სირთულეები შეგხვდა?

– ამ ქალაქში თავის დამკვიდრება ჩამოსული ბავშვისთვის, რომელსაც პატრონი არ ჰყავდა, ძალიან რთული იყო. ყველგან სიხარულით არ დამხვედრიან, თუმცა ერთი კარი თუ დაკეტილი მხვდებოდა, მეორეზე ვაკაკუნებდი, ხელები არასდროს ჩამომიყრია. ბავშვობიდანვე მებრძოლი ხასიათი მაქვს.

– ეს ხასიათი პანდემიის დროს განსაკუთრებით კარგად გამოავლინე.

– ასეა, ჩემი აზრის შეცვლა შეუძლებელია. ბევრად მეტად ვენდობი საკუთარ თავს, ვიდრე სხვის ან მასობრივად გამეფებულ დამოკიდებულებებს. ცხოვრებაში ისეთს ვერაფერს იტყვი, ყველას რომ მოეწონოს. მე არასდროს ვთამაშობ კარგი გოგოს როლს და სხვებისგან ტაშის დაკვრა არ მჭირდება. საკუთარი აზრი სხვის მოსაწონად არ მაქვს. ვიღაც მეთანხმება, ვიღაც არა, რაც ხშირ შემთხვევაში დაცინვაში გადასდით, მაგრამ დაცინვის უკან, ყოველთვის ძალიან საცოდავი ადამიანი დგას, რომელიც შეიძლება, შენს აზრს ეთანხმება, მაგრამ რადგან სხვები დაგცინიან, უნდა თვითონაც კარგი ტიპი იყოს და მათ არ ჩამორჩეს. ვიღაცას, უბრალოდ, საწინააღმდეგო არგუმენტი არ გააჩნია და ფიქრობს, თუ დაგცინებს, ამით დაიწერს ქულებს. ამ ორი წლის განმავლობაში ყველა ძალიან კარგად მიხვდა, რომ ჩემთვის აზრის შეცვლა თითქმის წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, მეგობრობაში და სხვა ურთიერთობებში როგორი მყარი ვარ. მთელი საქართველო დამიპირისპირდა და ვერ გამტეხეს, ერთი და ორი რომ ვერაფერს მიზამს, ეს ხომ ფაქტია (იცინის).

– მეგობრებში რამდენად იღბლიანი ხარ, შეგხვდნენ ისეთებიც, ვინც ზურგში დანა ჩაგარტყა?

– პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რაც უფრო მეტი მეგობარი მყავდა, მით უფრო მდიდარი ვიყავი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, რაც დიდი შეცდომა იყო. დღეს სულ ორი მეგობარი მყავს, ბევრი არ მჭირდება. ნაცნობი ძალიან ბევრი მყავს. კონფლიქტური ადამიანი საერთოდ არ ვარ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მეგობრობა სულ სხვა არის. ჩემთვის ძალიან ბევრჯერ გაუცრუებიათ იმედი, მართლა ერთი ფუთი მარილია საჭირო ადამიანის გასაცნობად. თუმცა, შვილებსაც სულ ამას ვეუბნები, გული არ გაიტეხოთ, თუ ის, ვინც დღეს ძალიან გიყვართ, ერთ დღეს გვერდიდან ჩამოგეცლებათ-მეთქი. ერთი მიდის, მეორე მოდის და ყველას თავის დანიშნულება აქვს, ამას ტრაგედიად საერთოდ არ აღვიქვამ. ეს იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ ამის გამო კონფლიქტშიც არ შევალ, მხოლოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ. როცა მეგობართან ურთიერთობა მიფუჭდება, წინასწარ ვაფრთხილებ. ერთი ოქროს წესი მაქვს – მე თუ ვამთავრებ ურთიერთობას, მერე უკან აღარ ვბრუნდები. ამიტომ კრიტიკულ მომენტში მეგობარს ვეუბნები, ჩვენ მივედით წითელ ხაზთან, თუ გინდა, არ გადავაბიჯოთ, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, თუ არა და დავტოვებთ ერთმანეთს-მეთქი. მე თუ ვინმეს ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან, მერე ის ადამიანი აღარ მენატრება, უფრო სწორად, საერთოდ აღარ მახსენდება – იშლება ჩემი მეხსიერებიდან. უკან არასდროს ვიყურები, რადგან წინ ყოველთვის უფრო საინტერესოა.

– ოჯახურ ურთიერთობას ბევრი ვარდისფერი სათვალით უყურებს, ფიქრობს, რომ გამოჩნდება პრინცი, რომელიც მის ყველა პრობლემას მოაგვარებს. ზოგმა იცის, რომ ოჯახურ ურთიერთობასაც ხელშეწყობა სჭირდება. რომელ მხარეს ხარ?

– შეიძლება, თავის დროზე გათხოვებაზე მეც ისე ვფიქრობდი, როგორც ბევრი გოგო – გავთხოვდები და მთელი ჩემი პრობლემები დამთავრდება, მერე ყველაფერზე ჩემი ქმარი იზრუნებს. ის მოაგვარებს და მე ძალიან ბედნიერი, ფეხი ფეხზე გადადებული ვიცხოვრებ. ასე არ ხდება. ოჯახი არის დიპლომატია და არ მეგონა, თუ მე ასეთი დიპლომატი გამოვდგებოდი. ძალიან ხისტი ხასიათი მაქვს, ფეთქებადი ვარ და თუ ოჯახს გარეთ რამე არ მომწონს, ყველა ხედავთ, როგორი პირდაპირი ვარ. მაგრამ ოჯახში მე ყოველთვის ვიცი, როდის უნდა ვილაპარაკო და როდის გავჩერდე – ეს დიდი დიპლომატიაა. ოჯახში ქალზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ოჯახი ორი ადამიანის ერთნაირი შრომაა კარგი ურთიერთობისთვის. მე ბავშვობიდან მინდოდა, მქონოდა ოჯახი, რომელიც არასდროს დაინგრეოდა და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარული იქნებოდა. ალბათ, ამიტომაც გამომიმუშავდა ეს დიპლომატია. თუ ჩემი ქმარი ცუდ ხასიათზეა და ისეთ რამეს მეუბნება, რაც არ მომწონს, მასთან კამათს არ ვიწყებ. ვჩერდები, არაფერს ვამბობ და ზუსტად ვიცი, როდის უნდა გავაგრძელო ეს დიალოგი. ამას ძალიან დიდი ნერვები სჭირდება, თავის შეკავება ბევრს არ შეუძლია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეჩვევი. როცა მეუღლე ცუდ ხასიათზეა და ცდილობს, გამოგიწვიოს, ისეთ რამეს გეუბნება, რასაც შეიძლება კამათი მოჰყვეს, მაგრამ შენ ამ გამოწვევას არ იღებ, მერე თვითონაც შენს რელსზე ჯდება. 11 წელია, მე და ჩემი ქმარი ერთად ვართ და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა სერიოზულად გვეჩხუბოს. თუ დამიჯერებთ და ამ გზას რამდენჯერმე მიმართავთ, ძალიან მალე დაინახავთ შედეგს და ძალიან შეხმატკბილებულად იცხოვრებთ. როცა მეუღლე გააცნობიერებს, რომ შენ გეწყინა, მაგრამ არაფერი უთხარი, აუცილებლად შეეცდება მდგომარეობის გამოსწორებას. როცა ადამიანს უყვარხარ, ეს ბუნებრივია და ნამდვილად ასე მოქცევა ჯობს, ვიდრე ნებისმიერ პრობლემაზე ერთმანეთს შესკდომა. თუმცა ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე. ჩემმა ქმარმა იცის, რომ მე აზრს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შემაცვლევინებს, მაგრამ თუ მაინც ჩხუბის ხასიათზეა და უნდა, ნეგატივი გარეთ გამოუშვას, მე მშვიდად ვხვდები, ნეგატიურ პასუხს არ ვუბრუნებ, ისიც მშვიდდება და მერე, როცა ყველა კარგ ხასიათზეა, ვუხსნი, რომ იმ მომენტში არ იყო მართალი. კონფლიქტში შესვლას შეიძლება, ბევრი ცუდი რამის თქმა მოჰყვეს, რაც მერე აღარ გავიწყდება, ამიტომ, ჯობს დაპირისპირებას თავი აარიდო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა