შოუბიზნესი

ქეთი წიკლაური: შერლოკივით ხასიათი მაქვს, ვზივარ და ვიკვლევ, საიდან მოიტანეს ესა თუ ის ამბავი

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 06.01

ქეთი წიკლაური
დაკოპირებულია

ქეთი წიკლაურის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ქეთი წიკლაური?

ქეთი წიკლაური: ჩემ შესახებ, თუ ზოგადად დახასიათებას ვიტყვით, ვარ საკმაოდ ცნობილი ოჯახის წევრი, საქართველოს სახალხო არტისტების შვილი და თავადაც არტისტი, მომღერალი გახლავართ, რაც ალბათ, ბევრმა იცის.

გარდა ამისა, ვარ ადამიანი, რომელსაც უამრავი კითხვა აწუხებს ამ ცხოვრებასთან დაკავშირებით და ადამიანი, რომელსაც უამრავი კომპლექსი აქვს. ჩემი ბრძოლა კომპლექსებთან დღემდე გრძელდება. შეიძლება, ეს შორიდან არ ჩანს. როდესაც არტისტი სცენაზე გამოდის და შემოქმედებით იმპულსს გადმოსცემს, მაყურებელს თუ მსმენელს გაუჭირდება იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება, ის ნაკლებად თავდაჯერებული იყოს. რეალურად კი, არტისტები არ ვართ განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანები. ძირითადად, პირიქითაა – თავდაჯერებულობის ნაკლებობას განვიცდით. სცენაზე გასვლაც ძიების პროცესია, ხელოვნებასთან სიახლოვეც ამის გზაა. თუ ყოველთვის ყველაფერში თავდაჯერებული ხარ, მე ვფიქრობ, შემოქმედებითი იმპულსები აღარ შეგაწუხებს. ადამიანში, მით უმეტეს, ხელოვანში ბევრი დაფარული მხარეა და მათი დანახვა და გააზრება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს არის ხელოვანის ცხოვრება და მეც ასეთი ვარ. ასევე, საკმაოდ ემპათიური, მზურველი და როცა საჭიროა, მხიარული ადამიანი გახლავართ.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– გარკვეული პარამეტრების ჰარმონიული შერწყმა. პირველ რიგში, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას დავაყენებდი, შემდეგ მოწესრიგებულ პირად ცხოვრებას და აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობა არ იგულისხმება. ასევე, პიროვნული რეალიზება კარიერასა თუ სხვა ინტერესებში და სოციუმთან ჯანსაღი ურთიერთობა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ვფიქრობ, საკმაოდ ვარ, თუმცა, იმავდროულად, შემიძლია, თავი ხელში ავიყვანო და მოვლენებს რეალურად შევხედო. ვიცი ადამიანები, რომლებიც ტკბებიან საკუთარი გულჩვილობით, ეს ზეამაღლებული თვისება ჰგონიათ და ნევროტიკების დონეზე დადიან. ანიმაციაზე ტირილი კი კარგია, კეთილი გულის მაჩვენებელია და მეც, როგორც ყველას, ამ დროს შეიძლება, ემოციურმა იმპულსმა შემომიტიოს, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ვთვლი, რომ ჯანსაღი არაა ყველაფერზე ტირილი ან ემოციების გამოხატვა. უნდა ხვდებოდე, სად რა არის საჭირო, ზოგჯერ თავშეკავებაც მნიშვნელოვანია. არის სიტუაციები, როცა გინდა, ემოცია გარეთ გამოუშვა, მაგრამ ეს ვამპირიზმის დონეზე არ უნდა ხდებოდეს, იმაზეც უნდა იფიქრო, სხვაზე როგორ მოქმედებს შენი ემოციები. ეს ბალანსი მნიშვნელოვანია თუნდაც მეგობრულ ურთიერთობაში. თუ ადამიანი ფსიქოლოგიურად მუშაობს საკუთარ თავზე, ის პოულობს ბალანსს, რომ არც საკუთარი თავი დააზიანოს, არც გარშემო მყოფები და არც სამყარო. გულჩვილობა კარგია, აგრესიას და ბოროტებას, რა თქმა უნდა, ჯობს, მაგრამ ბალანსის გარეშე ამითაც შეიძლება დაატერორო ადამიანი. ამიტომ უფრო თავშეკავებული ადამიანი ვარ ამ კუთხით, არის რაღაცები, რასაც ჩემთვის ვიტოვებ.

– რა არის ის, რასაც საკუთარ თავს შეცდომად უთვლით?

– საკმაოდ იმპულსური ადამიანი ვარ, ენერგეტიკული ქარიშხლები მახასიათებს. უფრო წარსულში მახასიათებდა. თუმცა, საბედნიეროდ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ ძალიან დიდ ინფორმაციულ ნაკადზე მოგვცა წვდომა. ამის დამსახურებით, მე პირადად, ახლოს მივედი ადამიანის ფიქოლოგიასთან, შედეგად ბევრი რამ გავიაზრე, ვფიქრობ, ბევრი რამ შევიმეცნე და ეს დამეხმარა საკუთარი თავის კონტროლი მესწავლა. დღეს აღარ გამოვხატავ ჩემს იმპულსებს. აქამდეც, ზიანი სპეციალურად არავისთვის მიმიყენებია, მაგრამ ალბათ, გაუცნობიერებლად ხდებოდა. მერე, როცა მივხვდარვარ, მინანია. ვნანობ იმასაც, რომ გარკვეული შესაძლებლობები დავკარგე. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი მომენტები გამომიტოვებია, რაც სამწუხაროა.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...

– ძალიან ბევრი პაემანი არ მქონია. არიან ქალები, რომლებსაც ძალიან ბევრი თაყვანისცემელი ჰყავდათ და პაემნებზე სამეგობროებთან ერთად დადიოდნენ. მე ძალიან თავშეკავებულ ცხოვრებას ვეწეოდი. ამიტომ პაემნები და სახალისო სიტუაციები დიდად არ მახსენდება. საერთოდ, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სახალისო მომენტებს მერე გასახსენებლად აკოლექციონირებს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ამ ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი შვილია. განგებამ მომცა ამის ბედნიერება და დედა გავხდი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დგას და მხოლოდ საკუთარი შვილის ქებით არის დაკავებული, მაგრამ არც ის ვარ, რომელიც შვილზე კარგს არ იტყვის, როდესაც ის ამას იმსახურებს. ბედნიერებაა ანდრიას დედობა.

რაც შეეხება მარცხს, მე ვფიქრობ, დიდი მარცხი არ მქონია. უფრო ჩემი ხასიათის თვისება შეიძლება, იყოს ის, რასაც მარცხად აღვიქვამ. თვისებას, რომელმაც არ მომცა საშუალება, მიმეღწია იმისთვის, რაც მინდოდა და ისე, როგორც წარმომედგინა. სხვა განსაკუთრებული – არაფერი.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

– ჭორაობა ყველა დროში უყვართ. ცნობადი ადამიანების ცხოვრება კი მეტად სალაპარაკოა. კარგსაც ამბობენ და ცუდსაც. ზოგჯერ, საერთოდ, რეალობას მოკლებულ რამეს იტყვიან ხოლმე.

ჩვენი ოჯახის მიმართ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობა, უამრავი გულიდან წამოსული თბილი სიტყვა მომისმენია, რაც ბედნიერს მხდის. როგორ შეიძლება, სითბო და სიყვარული არ მახარებდეს ჩემი მშობლების თუ ჩემი მისამართით?!

რა თქმა უნდა, ცუდიც გამიგია. ჩვენს ოჯახზე ღრმა ბავშვობიდან მესმოდა ჭორები. ჩემი მშობლები ამას იუმორით აღიქვამდნენ. მე დღეს უფრო დიდი ვარ, ვიდრე ისინი მაშინ, როცა ეს ჭორები ვრცელდებოდა და მესმის, რაოდენ მტკივნეულია მსგავს საკითხებთან გამკლავება, ამიტომ ახლა კიდევ უფრო მეტ პატივს ვცემ მათ ადამიანურ სიმაღლეს, იმას თუ როგორ რეაგირებდნენ ისინი იმ ყველაფერზე. ჯანსაღ ადამიანს სხვა გამოსავალი არც გაქვს.

ხშირ შემთხვევაში ვერც ხვდები საიდან მოვიდა ეს ჭორი. თუმცა, მე შერლოკივით ხასიათი მაქვს, ვზივარ და ვიკვლევ, საიდან მოიტანეს ესა თუ ის ამბავი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი