შოუბიზნესი

ქეთი ხუციშვილი: შეიძლება, ერთი დღის განმავლობაში 30–40-ჯერ შემეცვალოს განწყობა სრულიად უმიზეზოდ

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 04.10

ქეთი ხუციშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი ქეთი ხუციშვილი მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. ზოდიაქოზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის, თუმცა, მიაჩნია, რომ საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია.

ქეთი ხუციშვილი: 9 თებერვალს დავიბადე. ზოდიაქოთი მერწყული ვარ. ასტროლოგიისადმი შუალედური დამოკიდებულება მაქვს – არც ძალიან მჯერა და არც უამისობაა. ჩემი ზოდიაქოს თვისებები წამიკითხავს და 90 პროცენტი ემთხვევა. მგონი, ნამდვილი მერწყული ვარ.

– როდესაც მერწყული ცუდ ხასიათზეა, ჯობს, არ დაელაპარაკოთ, თორემ ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

– ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. ეს ჩემი პრობლემაა. შეიძლება, ერთი დღის განმავლობაში 30-40-ჯერ შემეცვალოს განწყობა, სრულიად უმიზეზოდ. საერთოდ, ძალიან უკონფლიქტო ვარ, მაგრამ თუ ისე დაემთხვა, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს ვინმემ უტაქტოდ მითხრა რაღაც ან ისეთი რამ, რაც არ მეკუთვნის, უბრალოდ, საკადრის პასუხს გავცემ – ეგ არის და ეგ. როგორც ასეთი, კონფლიქტი დავიწყო, გამორიცხულია.

– მერწყულები ძალიან იმედიანი ადამიანები არიან, ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი.

– ზუსტად ასეა. ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ პრობლემის წინაშე. ის, რაც ჩემთვის დიდია, სხვისთვის შეიძლება, პატარა იყოს ან სხვისი უზარმაზარი პრობლემა იყოს ჩემთვის მარტივი. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, ადამიანის აღქმიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, დიდი პრობლემის წინაშეც რომ ვყოფილვარ, დავარდნილიც რომ ვყოფილვარ, რა მექნა, რომ არ ვიცოდი, როგორღაც ხვალინდელი დღის იმედი მქონდა. ყოველთვის მჯერა, რომ შემდეგი დღე უკეთესი იქნება და პრაქტიკაში გამოვცადე, რომ არასდროს უნდა დაეცე, უიმედოდ არ უნდა იყო. ძალიან ცუდია ეს მდგომარეობა. დეპრესიულმა ხასიათმა შეჩვევა იცის. პირველ რიგში, ის მახსოვს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, შემდეგ, როგორც კი ვიგრძნობ, რომ ეს ხასიათი მეუფლება, მაშინვე ხალხში გავდივარ და სხვა რამეზე გადამაქვს აქცენტი. გამომდის ჩემებური ხერხებით ამ მდგომარეობასთან გამკლავება. მე ასე ვაგვარებ ჩემს დიდ თუ პატარა პრობლემებს.

– ძალიან გულწრფელი და პატიოსანი ადამიანები არიან...

– გულწრფელობა ბავშვობიდანვე მახასიათებს, ეს ჩემი ნიშაა, თუ შეიძლება, ასე ითქვას. როცა გულწრფელი ვარ, ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. თუ გულწრფელი არ ვარ, მოუსვენრობა მიპყრობს და თავს კარგად ვერ ვგრძნობ. ამიტომ მირჩევნია, ჩემი მინუსი იქნება თუ პლუსი, პირდაპირ ვაჩვენო ადამიანს, სიტუაციის შესაბამისად. გულწრფელობის სახელით სხვა ადამიანისთვის მწარე სიმართლის პირში მიხლას არ ვემხრობი, ამას გავემიჯნები. გულწრფელობა ძალიან დიდ სიფაქიზეს მოითხოვს. როცა სხვას ეუბნები რამეს, როგორი ფორმით გააკეთებ ამას, შენს კულტურაზეა დამოკიდებული. ყველაფერს აქვს თავის ზღვარი. როგორ გამოხატავ საკუთარ გულწრფელობას და რა ფორმებს იყენებ სიმართლის გამოსახატად, ამას შენი ინტელექტი განაპირობებს, მე ასე ვფიქრობ. შეიძლება, შენი გულწრფელობით ისე ატკინო გული, მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყოს. რატომ, როცა შეგიძლია ძალიან ლამაზად უთხრა სათქმელი?

– მერწყულები ყოველთვის ასრულებენ პირობას.

– არა (იცინის). ტყუილი ძალიან მეზიზღება, მაგრამ თუ პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშსაც მოვიხდი. მომხდარა ასე, ვერ შემისრულებია ყველა პირობა. ყოველთვის არ გამოდის ბევრი მიზეზის გამო.

– შეიძლება თავდაპირველად მორცხვი მოგეჩვენოს, მაგრამ როცა გაიცნობ, ყველაზე კომუნიკაბელური აღმოჩნდება.

– ძალიან კომუნიკაბელური ვარ, შეიძლება, ზედმეტადაც კი. ეს თვისება ბავშვობიდან მომყვება. ახალგაცნობილ ადამიანთან ისე მარტივად შევალ კონტაქტში, გეგონება, რომ 20 წლის ნაცნობია. შეიძლება, ადამიანმა იფიქროს, დაქალები გახდნენ და წლები გაგრძელდება მათი ურთიერთობაო, მაგრამ არა, ყველაფერს იქვე ვამთავრებ. უბრალოდ, დროის იმ მონაკვეთში, სანამ კომუნიკაცია გვაქვს, მეც კომფორტულად ვგრძნობ თავს და ის ადამიანიც. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. მე, კონტაქტურთან ერთად, ძალიან დისტანციურიც ვარ, ურთიერთობებში ძალიან ფრთხილი. არ ვიცი ეს ჩემი ეჭვების ბრალია თუ რის, მაგრამ ასეთია მოცემულობა.

– მერწყულს თუ ერთხელ მოატყუებ, დასრულდა, ის აღარასდროს გენდობა.

– ნამდვილად, მერე სულ ეჭვის თვალით ვუყურებ ადამიანს.

– მერწყულს უყვარს ყველაფრის თავის თავზე აღება.

– არა, ეს პუნქტი საერთოდ ამოსაღებია (იცინის). მე არ მიყვარს პასუხისმგებლობის აღება. საერთოდ ვერიდები ამას. არც ისეთ სამსახურს დავთანხმდები, რომ ძალიან საპასუხისმგებლო იყოს, იმიტომ კი არა, რომ საკუთარ თავს ვერ ვენდობი, უბრალოდ, არ მინდა, რადგან საკმაოდ ფრთხილი ვარ. მირჩევნია, უფრო მარტივი სამსახური მქონდეს, ვიდრე დიდი პასუხისმგებლობები ავიღო.

– ძალიან გონიერი ადამიანია, თან ძალიან ბევრი ფიქრი უყვარს, გონების ზედმეტად გადატვრთვამდე.

– როგორ ვთქვა, ჭკვიანი ვარ-მეთქი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბევრი ფიქრი მიყვარს, ზედმეტად ბევრი. შეიძლება, იმდენი ვიფიქრო, რომ სენტიმენტებისა და დეპრესიისკენ წავიდე. ამიტომ ღრმა ფიქრს ვერიდები. ვიცნობ ჩემს თავს და ვიცი, რომ არ შეიძლება დეპრესიისკენ წასვლა. გამომიცდია და ამ პრობლემაზე ვმკურნალობდი.

– მერწყულები მეგობრული ადამიანები არიან, მაგრამ ძალიან მკაცრი გამოხედვა აქვთ და შეიძლება, უხეში გეგონოთ...

– შეიძლება, მქონდეს მკაცრი გამომეტყველება, მაგრამ იმიტომ, რომ საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობდე და ამიტომ ვიღაცას უხეში ვეგონო. არ ვარ უხეში, არა! სტუმრად ვიყავი ცოტა ხნის წინ და მეგობრი მეუბნება, რატომ გაქვს ასე მოჯღანული სახეო (იცინის). მერე დავაფიქსირე, რომ მართლა ასე იყო, მაგრამ უხეშობის გამო არა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა