შოუბიზნესი

ქეთი ხუციშვილი: ჩემი საოცნებო დასვენება ლოგინზე წამოწოლაა

№36

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 14.09

ქეთი ხუციშვილი
დაკოპირებულია

ბოლო რამდენიმე წელია, ქეთი ხუციშვილი ეკრანზე ძალიან აქტიურად ჩანს. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. პროფესია, გარეგნობა, აქტუალობა და სიახლეები მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ქეთი ხუციშვილი: იღბლიანი ადამიანი ვარ და ამის გამო ცხოვრებას ვემადლიერები. ბევრჯერ მიფიქრია, რა იღბლიანი ვარ, ასე რომ მოხდა-მეთქი. მგონია, რომ კარგი წინათგრძნობაც მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ სასწაულად გამძაფრებული, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც, რასაც მეექვსე გრძნობას ვეძახით და მგონია, რომ ეს მეც კარგად მაქვს განვითარებული. ბევრჯერ მიფიქრია, ახლა რომ აქ წავიდე ან ახლა რომ ეს გავაკეთო, კარგი შედეგი მოჰყვება-მეთქი და მართლა გამართლებულა ჩემი ინტუიცია თუ წინათგრძნობა. რამდენჯერმე სიზმარშიც მინახავს რაღაც მინიშნება, მაგრამ დიდი მესიზმრე მე არ ვარ და მათზე დიდ ყურადღებას არ ვამახვილებ ხოლმე.

– შრომისმოყვარე თუ ხარ?

– გარკვეულწილად ვარ. უფრო სწორად, ხასიათს გააჩნია, ხან მიყვარს შრომა, ხან – არა (იცინის). ზოგჯერ მალე ვიღლები და აღარც ეს შენი შრომისმოყვარეობა მინდა (იცინის). არ ვიცი, შეიძლება, ასაკის ბრალიც არის. ენერგიული ახლაც ვარ, მაგრამ მგონია, რომ ადრე უფრო მეტად ენერგიული ვიყავი.

– და როდის აძლევ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას?

– არა, როცა საქმე მაქვს გასაკეთებელი, როგორ უნდა მივცე თავს სიზარმაცის უფლება? არ გამოდის, პასუხისმგებლობები ხომ გაკისრია ადამიანს?! მაგრამ თუ სიზარმაცეს იმას დავარქმევ, რომ უქმე დღეებში წამოვწვები და ტელეფონს „ვსქროლავ“, მაშინ – კი ბატონო, ზარმაცი ვარ, დანარჩენ დროს – არა (იცინის). როცა საქმე მოითხოვს, წინ და უკან დავრბივარ, ხან ისე ვარ, საერთოდ არ დავისვენებ და როცა საჭიროა, შრომა არც დამეზარება. ასე რომ, საერთო ჯამში, მაინც შრომისმოყვარე გოგო ვარ (იცინის). არა, ისე, შეიძლება მეზარებოდეს კიდეც, მაგრამ როცა საქმეს შრომა სჭირდება, საკუთარ თავს ვერ მივცემ სიზარმაცის უფლებას, იმიტომ რომ ეს მარტო მე არ მეხება. როცა სხვის წინაშე პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ შენს სურვილზე არ ხარ დამოკიდებული. მაგრამ თუ დასვენების საშუალება მაქვს, რატომ არ დავისვენებ?!

– შენი საოცნებო დასვენება როგორია?

– ჩემი საოცნებო დასვენება ლოგინზე წამოწოლაა (იცინის). რამდენიმე წელია, დასასვენებლად არსად ვყოფილვარ და სურვილიც არ მქონია. წელსაც ასე ვარ. კარგი იქნებოდა, თუნდაც მთაში ან ზღვაზე, ჰამაკზე ისევ და ისევ წამოწოლა, მაგრამ ძალიან გამოყრუებული სიტუაციებიც არ მიყვარს. არც ძალიან ხმაურია კარგი, კარგი დასვენებისთვის რაღაც შუალედური მჭირდება.

– დასვენების გარეშე არ გიჭირს?

– არ ვიცი, ვსუნთქავ (იცინის). ცხოვრებაში ძალიან ელემენტარული რაღაცები მაკმაყოფილებს. დასასვენებლადაც არ მჭირდება განსაკუთრებული გარემო. მაგალითად, დილით რომ ავდგები და ერთ ჭიქა ყავას დავლევ, ეს მაკმაყოფილებს, ეს ჩემთვის დიდი რელაქსია. იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ მყოფნის.

– სასურველი თანამშრომელი ყოფილხარ, შვებულებას რომ არასდროს ითხოვს.

– არა, შვებულება კიდევ სხვა რამეა. ზაფხულში თვე-ნახევარი გვაქვს შვებულება და რომც არ გვეკუთვნოდეს დასვენება, თუ საჭიროება გვაქვს, უფროსთან შეთანხმებით, შეგვიძლია, რამდენიმე დღე სხვა დროსაც წამოვიდეთ. ეგ არ არის პრობლემა. ჩვენთან ურთიერთგაგება ძალიან მაღალ დონეზეა. თუმცა, შვებულება დასასვენებლად არასდროს მითხოვია. საქმის გამო – კი. მაგალითად, შარშან კოვიდი შემხვდა და ერთი კვირა ვერ წავედი სამსახურში. ეს ელემენტარულია. დასასვენებლად შვებულება ნამდვილად არასდროს ამიღია.

– შვილთან ერთად როგორ ისვენებ, ერთად როგორ ერთობით?

– ჩემი შვილი ძალიან სერიოზული ბიჭია. თავისი სამყარო აქვს. რაღაცებში ვუგებთ ერთმანეთს. ყოველ საღამოს ვსეირნობთ, ქუჩებს შემოვივლით ხოლმე, კაფეში დავსხდებით ერთად და ასე გაგვყავს დრო. ახლა აქეთ არ არის, გერმანიაში გაფრინდა. სამი თვე გაჩერდება და მერე ჩამოვა. სამუშაოდ არის წასული. ეს ჩვენი პირველი განშორებაა და ძალიან გამიჭირდა. ისე განვიცდიდი, პირველი რამდენიმე დღე ლამის ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ყველაფერმა შეჩვევა იცის. როცა იცი, რომ შენი შვილი კარგად არის და კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს, მერე შენც კარგად ხარ.

– ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად ვარჯიშობდი, ისევ ინარჩუნებ იმ ტემპს?

– არა, აღარ ვვარჯიშობ. მომბეზრდა და გადავწყვიტე, ცოტა ხანი დავისვენებ-მეთქი. კუნთები და ზედმეტობები აღარ მინდოდა. მიზეზსაც ვერ ვიტყვი კონკრეტულად. საერთოდ ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და ეს, უბრალოდ, მომბეზრდა. მინდა, გითხრა, რომ ახლაც ლამაზი ფორმები მაქვს. ვარჯიში, რა თქმა უნდა, კარგია, ყველანაირად ხელს გიწყობს და ფორმებსაც გინარჩუნებას, მაგრამ რაც გენეტიკურად გაქვს, ის ფორმები გაქვს და გაქვს. განა ვარჯიში არაფერს ცვლის გარეგნულად, მაგრამ 99 პროცენტით მაინც გენეტიკური ფაქტორია გადამწყვეტი. ამიტომ, ცოტა ხანი დავისვენებ და გენეტიკას მივენდობი. მერე შეიძლება, ისევ მომინდეს, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასე არ არის. ექვსი წელი ძალიან მაგრად ვვარჯიშობდი და თითქმის ორი წელია, თავი დავანებე, ცოტა არ არის, მაგრამ ჯერ არაფერს არ მთხოვს ჩემი ოგანიზმი და მერე ვნახოთ.

სხვათა შორის, წონაში ძალიან მაგრად დავიკელი. არ ვიცი, რატომ, ალბათ, იმიტომ, რომ ვეღარ ვჭამ. ისედაც არ ვიყავი განსაკუთრებული მჭამელი, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ მინდა ჭამა. ამიტომ ძალიან დავიკელი. თუმცა, არც ეს არის პრობლემა, ორგანიზმისთვის განტვირთვაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი