შოუბიზნესი

ქეთი ხატიაშვილი: ეს არის ერთადერთი დრო და ადგილი, სადაც შემიძლია, ყველაფერზე ვთქვა, რომ მეზარება

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 02.09

ქეთი ხატიაშვილი
დაკოპირებულია

ზაფხული ის სეზონია, როდესაც ჩვენი სხეულის გარეგნულ მხარეზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რჩევები პროფესიონალისგან მივიღოთ.

ქეთი ხატიაშვილი: ქართველებს ვარჯიში წელიწადში ორჯერ გვჩვევია: ახალი წლის შემდეგ და ზაფხულამდე. ამას არ მოაქვს შედეგი. აუცილებელია, მთელი წლის განმავლობაში სისტემატურად ვივარჯიშოთ. გენეტიკა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვარჯიშს სისტემატური ხასიათი უნდა მივცეთ. მით უმეტეს, რომ ქართველების გენეტიკა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ორი თვე ვივარჯიშოთ და ათი დავისვენოთ.

– ვარჯიში ზაფხულში განსაკუთრებულად გვეზარება, რა არის ის მინიმალური, რაც შეიძლება, ზაფხულშიც შევასრულოთ და ძალიან არ დავიღალოთ?

– ზოგი მართლა აძალებს საკუთარ თავს ვარჯიშს და ეს არასასიამოვნო პროცესია, მაგრამ რადგან აუცილებლობაა, ვარჯიშობენ. ზაფხულში უფრო ადვილია წონის შენარჩუნება. ახლა დასვენების დღეები მაქვს, აქ ფიტნესდარბაზი არ არის და სიმართლე გითხრათ, რომც იყოს, არ შევიდოდი, ვასვენებ სხეულს. მაგრამ ორგანიზმმა მომთხოვა აქტიურობა და გუშინ საკმაოდ ბევრი ვისეირნე. ასე რომ, თუ ვარჯიში გეზარებათ, ძალიან კარგია სიარული, სასიამოვნოცაა. შეგიძლიათ, პატარა ექსკურსიაც მოიწყოთ. თუ ზღვაზე ისვენებთ ან ახლოს აუზი გაქვთ, ცურვა არაჩვეულებრივი დატვირთვაა ორგანიზმისთვის. მარტივად, სტრესის გარეშე, პირიქით, სიამოვნების მიღების პროცესში შეგიძლიათ, ორგანიზმსაც სარგებელი მოუტანოთ.

– თქვენი გამოცდილებით, რა საკვების მიღებაა უმჯობესი ზაფხულში?

– ზაფხულში ძალიან მიყვარს ხილი – სეზონურია და ჯანსაღი. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხილიც კალორიულია და ზოგი ძალიან ასუქებს. ამიტომ ჯობს, დღის პირველ ნახევარში ვჭამოთ. მე უკვე ჩვევაში მაქვს, დღის პირველ ნახევარში შემიძლია, იმდენი ვჭამო, რამდენიც მინდა. ზაფხულში ხორცი მძიმეა, ძალიან კარგი იქნება, თუ მას თევზით ჩავანაცვლებთ. 16-წლიანმა ვარჯიშმა გამომიმუშავა ნებისყოფა და ცომეული და ტკბილეული უკვე აღარ მიყვარს, შოკოლადიც კი. თუ ძალიან ცხელა, შეიძლება, ნაყინი შევჭამო, ისიც მხოლოდ გასაგრილებლად და არა იმიტომ, რომ ძალიან მინდება.

– გიყვართ ზღვის აქტივობები?

– ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ ძალიან მცივანა ვარ. ზღვაზე რომ ჩამოვედით ერთი კვირა სულ ღრუბელი იყო. ბავშვები გავასეირნეთ, რაც კი სანახავი იყო, ყველაფერი მოვიარეთ, მაგრამ მზეზე ვერ გავთბი. არადა, ჩემთვის უზარმაზარი სიამოვნებაა მზეზე წოლა – ვერ ვიტყვი, რომ რუჯის გამო. ისე მიყვარს მზის სხივები რომ მათბობს, ტალღების ხმა მესმის, ხშირად შეზლონგზე კი არა ქვებზე ვწვები, ეს ძალიან მაბედნიერებს და ენერგიით მავსებს. ბავშვებთან ერთად სანაპიროზე ყველაფერს ვთამაშობთ ხოლმე, რაც კი შეიძლება. ახლა ბავშვების გარეშე ვართ წამოსულები და ნარდი ვითამაშეთ, იმიტომ, რომ მოძრაობა არ იყო საჭირო. არ მომერიდება ამის თქმა, რომ მეზარება მოძრაობა. ეს არის ერთადერთი დრო და ადგილი, სადაც შემიძლია, ყველაფერზე ვთქვა, რომ მეზარება. აქ ვაძლევ თავს სიზარმაცის უფლებას და ესეც აუცილებელია. რობოტები ხომ არ ვართ, მთელი წელი რეჟიმსა და ტონუსში ვიყოთ.

– რაში გეხარჯებათ ყველაზე მეტი თანხა?

– ყველაზე მეტ თანხას სახლისთვის ვხარჯავ. ძალიან მიყვარს სახლის შევსება ლამაზი ნივთებით. ახლა თელავში ვარ, ძალიან მიყვარს ეს მხარე. მამაჩემი კახეთიდან იყო, მე დედით უკრაინელი ვარ, მამით – კახელი. ყოველთვის ვცდილობ, აქედან სახლისთვის რაღაც წამოვიღო. დაქარგული ნივთები, ხის საჭრელი დაფა თუ ორიგინალური ჭიქა. რაც შეეხება ჩაცმას და თავის მოვლის საშუალებებს, ვერ ვიტყვი, რომ ამაში დიდი თანხა მეხარჯება. ძალიან ბევრ ბრენდთან ვთანამშრომლობ, როგორც ინფლუენსერი და ვიღაც საჩუქრად მიგზავნის, ვიღაც თანამშრომლობისთვის. ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთი საცურაო კოსტიუმი ვიყიდე, ყველა დანარჩენი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გადმომცეს. არც თავის მოვლის საშუალებებში მეხარჯება თანხა, იმიტომ, რომ შესაბამის კომპანიებთანაც ვთანამშრომლობ. ეს ძალიან კომფორტულია, ვინ იტყვის უარს? სიმართლე გითხრათ, მაღაზიებში ხშირად არ დავდივარ და მომწონს ეს ფაქტი. როცა ვმუშაობ, ამის დრო არ მაქვს, სამსახური ცხრაზე მთავრდება და მაგ დროს მაღაზიებიც იკეტება. თუ მაინც მივდივარ ან ვიწერ, მაშინ ფული არ მენანება. ფულს მოგზაურობის დროსაც ზომიერად ვხარჯავ. მოგეხსენებათ, ბრენდები არ ღირს იაფი და შეიძლება, ერთი ან ორი ნივთი ვიყიდო. მაგრამ სადმე რომ მივდივარ, ძირითადად, სპორტული მიზნები მაქვს, საყიდლებზე არასდროს გავსულვარ ქვეყნიდან. თუმცა თითქმის ორი წელია, არანაირი მიზეზით არ წავსულვარ. გვინდოდა სადმე დასვენება, მაგრამ მე „სინოფარმით“ ვარ აცრილი და ევროპა მას არ იღებს. ამიტომ დავრჩით საქართველოში და აქ ვისვენებთ.

– თქვენს წარმატებაში შრომისმოყვარეობას უფრო დიდი წვლილი მიუძღვის თუ იღბალს?

– ორივე მნიშვნელოვანია, ერთმანეთის გარეშე არ იქნებოდა. მე ბევრი შრომა დამჭირდა და დღემდე ბევრს ვშრომობ. საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრაც მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ღმერთი ყველა ადამიანს გვიგზავნის შესაძლებლობას და მერე მთავარია, სწორად გამოიყენო შანსი, რომელიც შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ მოგეცეს. მე ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც შრომით მოუწია ბევრი რამის შეძენა, დამსახურება და მიღწევა. დასაწყისში ამბიციური მიზნები არ მქონია. ტანვარჯიშზე ოთხი წლის შემიყვანეს. პირველი საერთაშორისო ტურნირი ცხრა წლის ასაკში მქონდა რუსეთში და მეორე ადგილზე გავედი. დღესაც მახსოვს ის შეგრძნება: მაშინ პირველად დავდექი კვარცხლბეკზე და ისე მეამაყებოდა ხალხი რომ ტაშს მიკრავდა, მივხვდი, რისთვის ვვარჯიშობდით ყოველდღე, რისთვის ვითმენდით ტკივილს, რისთვის ვაგრძელებდით ვარჯიშს განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ. ის ყველაფერი ღირს ამ შეგრძნებად. მაშინ ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა ჩემში. მერე მეორიდან პირველ ადგილზე გადავინაცვლე. შეჯიბრებებს შემოთავაზებები მოჰყვა, ჟურნალისთვის გადამიღეს, მივხვდი, რომ საკუთარ თავზე უნდა მემუშავა – გარეგნულად მოწესრიგებული ვყოფილიყავი, სხეულის ფორმებზე, მანერებზე, თავის დამკვიდრებაზე მეზრუნა. მჯერა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთ საქმეშია ნიჭიერი და სხვა არაფერი გამოსდის. ნიჭიერი ნიშნავს, რომ შრომის შედეგად ყველა სფეროში შეუძლია განვითარება. როცა სპორტი მთავრდება, შეგიძლია სხვა საქმეში განვითარდე. მთავარია, შრომა არ გეზარებოდეს. ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანი ნიკა ცისკარიძეა – ქართველი ბალერონი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ვეთანხმები, როცა ამბობს, აუცილებლად იყავით მკაცრები და ძალიან მომთხოვნები ბავშვებთან, გამოიჩინეთ სიჯიუტე, თუ რამეს არ აკეთებენ და ბოლომდე მიიყვანეთ საქმე. მთავარია, სამართლიანი იყოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მერე შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. ადრე თუ გვიან ბავშვებიც მიხვდებიან შრომისა და შენი სიმკაცრის მიზეზს და ფასს. ძალიან ბევრი მარცხი იყო ჩემს ცხოვრებაში, ბევრი წყენა სპორტში, უსამართლობის განცდა და ამან იმხელა იმუნიტეტი გამომიმუშავა, რომ დღეს მყარად ვდგავარ ფეხზე და დეტალები არ მანერვიულებს.

– ამ გამოცდილებით შვილთან დამოკიდებულება როგორია?

– ყველა მეუბნება, რომ მკაცრი დედა ვარ, ანასტასიაც ამას ამბობს, მაგრამ იმასაც ამატებს, რომ სამართლიანი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი, მკაცრი ვარ, ვცდილობ, ანასტასიას მაქსიმალურად შევუნარჩუნო უტელეფონობა, არ აქვს სოციალური ქსელი, მინდა, დიდხანს ჰქონდეს ურთიერთობა ეზოსთან, სოფელში გაატაროს ბევრი დრო. ბევრი აკრძალვაც გვაქვს, ანასტასიამ ორ დღეში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი. არ ვჭამთ ჩიფსებს და ტკბილეულს, მხოლოდ და მხოლოდ დარღვევის დღეს შეიძლება ასეთი რამ. ეს ის დღეებია, როცა ყველაფერი შეიძლება და ვცდილობ, გავანებივრო. მომავალში თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩემთვის მთავარია, ის საქმე აკეთოს, რაც მართლა ეყვარება. მირჩევნია, ადამიანი კარგი დამლაგებელი იყოს, ვიდრე ის საქმე აკეთოს, რომელიც არც უყვარს და არც გამოსდის. ამიტომ ჩემს შვილს სულ ვეუბნები, მთავარია, გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ-მეთქი. ვარჯიშობს, კარატეზე დადის, ცურავს და მერე თვითონ გააკეთებს არჩევანს. ძალიან მოსწონს მათემატიკა, უნდა კოსმონავტი გამოვიდეს.

– როგორია სახლური ქეთი მეუღლესთან და შვილთან?

– „კაჭი“ ჯერ არ არის ჩემი მეუღლე. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, დესერტისა თუ კერძების მომზადება. სახლში უფრო რბილი ადამიანი ვარ და სხვათა შორის, ეს ბევრს უკვირს. ანასტასიას სულ ვეუბნები, სპორტი სპორტია და ის დარბაზის კარს მიღმა რჩება. იქიდან რომ გამოვდივარ, დედა ვარ, სახლში ცოტას ვსაუბრობთ სპორტზე და ოჯახურ გარემოს ვინარჩუნებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...