შოუბიზნესი

ქეთი გრიგორაშვილი: იმ ამბის მერე თუ ძლიერი გოგო გავხდი, ამ ურთიერთობის შემდეგ ვამბობ, რომ ძლიერი ქალი ვარ

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 49 წუთის წინ

ქეთი გრიგორაშვილი
დაკოპირებულია

ქეთი გრიგორაშვილს ტელემაყურებელი უკვე კარგად იცნობს. მისი ჟურნალისტური საქმიანობა კორესპონდენტობით დაიწყო და უკვე დიდი ხანია, „იმედის“ საიფორმაციო გამოშვების წამყვანია. როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ქეთი გრიგორაშვილი: მთელი ბავშვობა სარკის წინ ვიდექი, ხელში სავარცხელი, ანუ მიკროფონი მეჭირა და თავი მომღერლად ან ჟურნალისტად წარმომედგინა. რამდენიმე წელი დავყავდი მშობლებს სიმღერაზე, მაგრამ ეს საჩემო არ აღმოჩნდა, სმენა არ აღმომაჩნდა და როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, ის გავაკეთე, რაზეც ვოცნებობდი, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. სიმართლე რომ ვთქვა, ოჯახს არ ჰქონდა სურვილი, ეს გამეკეთებინა. მამაჩემს უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. მე ნემსისა და ექიმის ისე მეშინოდა, მიხვდნენ, რომ სჯობდა, ის მეკეთებინა, რისი სურვილიც თვითონ მქონდა. რას ვიზამთ, ექიმის ნაცვლად წარმატებული ჟურნალისტი გამოვედი (იცინის). სხვათა შორის, ამით მამაც ძალიან ამაყობდა.

– სხვა მხრივ, როგორი ბავშვობა გქონდა?

– დედაჩემი იხსენებს ხოლმე, რომ ჩემს ძმასთან შედარებით, მე ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი. სოლოლაკში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით, 47-ე სკოლაში დავდიოდი და უბენდიერესი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რთული წლები იყო.

– სკოლაში როგორ სწავლობდი?

– როგორც ყველა, თავიდან ხუთოსნების დაფაზე ვიყავი გამოკრული. ბოლო წლებში შეყვარებულობის პერიოდი მქონდა, ვიპრანჭებოდი და ამ მხრივ, კარგი მაგალითი არ ვარ, სწავლით თავს აღარ ვიკლავდი (იცინის). აბიტურიენტობის დროს, მინდოდა თუ არა, მომიწია მესწავლა, რომ ჩამებარებინა. ჟურნალისტობის გარდა, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. თავიდან კორენსპონდენტი ვიყავი, პირველი წლები განსაკუთრებით აქტიურია. ჯერ სტაჟიორი ხარ, სწავლობ, მიკროფონის ხელში დაჭერა გიხარია. ისე ჩამითრია ამან, რომ სხვა რამეზე აღარ მიფიქრია. პერიოდულად იყო შემოთავაზებები, მაგალითად, პიარის მიმართულებით, მაგრამ მგონია, რომ სხვას ვერაფერს გავაკეთებ, ამის სურვილი არ მაქვს.

– ტელევიზიაში მუშაობის დაწყება არც ისე მარტივია. როგორ მოხდა შენს შემთხვევაში?

– მუშაობა პირველად „იმედში“ არა, სხვა ტელევიზიაში დავიწყე. იქ ნათლიაჩემის დახმარებით მოვხვდი. ხშირ შემთხვევაში, არც სტაჟირების დაწყებაა მარტივი. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე იყო. სტაჟირებით დავიწყე და ჩემი პირველი ხელფასი 50 ლარი იყო (იცინის). თუმცა, იმ მომენტში ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ამ მიმართულებით მოთხოვნები წლებს და გამოცდილებას მოაქვს. ძალიან აქტიური ვიყავი. დილით რომ გავიდოდი სახლიდან, არ ვიცოდი, როდის დავბრუნდებოდი. სულ გადარბენები იყო, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობდი. არ ვიცი, იმიტომ, რომ პატარა ვიყავი თუ ენერგიით ჩემი ძლიერი სურვილი მასაზრდოებდა. არასდროს დამიწუწუნია, დავიღალე-მეთქი. შემდეგ „იმედში“ გადმოვედი. ირაკლი ჩიხლაძესთან გავიარე გასაუბრება და არასდროს დამავიწყდება, როგორ ვნერვიულობდი. რომ მივედი, პირველივე დღეს ჩართვაზე დამაყენეს და ნერვიულობისგან ხმის ნაცვლად ჩემი გულის ცემა მესმოდა. საქმე უკვე სხვა მასშტაბებსა და კონკურენციას ეხებოდა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მგონი, ასე თუ ისე გავუმკლავდი.

საინფორმაციოს წამყვანობა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და სიხარული იქნებოდა.

– უფრო მეტად ნერვიულობა მახსენდება. რომ წარმოვიდგინე, ამ არხზე პირდაპირ ეთერში ზიხარ და საინფორმაციო მიგყავს, შიშები მქონდა. დილის 8 საათზე მაქვს პირველი გამოშვება და ახლა თუ 7-ის წუთებზე ვდგები, მაშინ ღამის ხუთ საათზე უკვე ფეხზე ვიყავი და ტელევიზიაში გავრბოდი, ტექსტებს ვწერდი, მაკიაჟი, თმა, ყველაფერზე ვღელავდი. პირველი ეთერის დროს, მგონი, თვალზე ბინდი მქონდა გადაკრული (იცინის). სხვათა შორის, საკმაოდ დიდხანს გამყვა ეს ნერვიულობა. ახლა უკვე ეს ყველაფერი ჩვეული რეჟიმის ნაწილია.

– მინდა მამაზე საუბარი გთხოვო, რომელიც გარდაცვლილია და როგორც ვიცი, შენთვის განსაკუთრებული ძალა და მფარველი იყო...

– მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მეგონა, ნაბიჯს ვეღარ გადავდგამდი. ყველაფერში მასზე ვიყავი დამოკიდებული, დაწყებული ფინანსებით და გაგრძელებული ყველა წვრილმანით. ჩემს ყველა ნაბიჯს მამაჩემი განსაზღვრავდა. შეიძლება, არ მეკითხა, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ყოველთვის ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა, გამეკეთებინა ან არ გამეკეთებინა, მამაჩემის გადმოსახედიდან. ყოველთვის მახსოვდა, რომ მე თამაზ გრიგორაშვილის შვილი ვიყავი და ვიცოდი, რისი უფლება მქონდა და რისი – არა. ის, რომ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, მთლიანად მამაჩემის დამსახურებაა. 24/7 ზე მუშაობდა, სახლში თითქმის არ იყო და აქედან გამომდინარე, ცდილობდა განსაკუთრებული მზრუნველობა გამოეჩინა, სულ უნდოდა, რამე ეყიდა, რაღაც გაეკეთებინა. არ მახსოვს, რამე მეთხოვა და მას უარი ეთქვა. ამ რეალობიდან უცებ სულ სხვა რეალობის წინაშე დავდექი. ჩემს მინდას ვეღარავინ შეასრულებდა, მე ვიყავი ადამიანი, ვისაც უნდა აეღო ყველანაირი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საკუთარი თავის, შემდეგ უკვე დედის წინაშე. გაურკვევლობაში ვიყავი. მამა რკინიგზაში მუშაობდა. ნაციონალების დროს დაიჭირეს, რამდენიმე თვე იყო ციხეში. იქიდან ძალიან შერყეული ჯანმრთელობით გამოვიდა. შემდეგ სიმსივნე დაუდგინდა და 6 წლის წინ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა. მე მაშინ 26 წლის ვიყავი და ყველანაირი პასუხისმგებლობა მე და დედამ ავიღეთ. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ახლა მისი კარგად ყოფნა სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. ახლა მე ვარ დედას „მინდას“ შემსრულებელი. ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მამას დროს, მაგრამ ვცდილობ.

– როგორ შეგცვალა გავლილმა სირთულეებმა?

– ალბათ, ამის მერე გავხდი დამოუკიდებელი ადამიანი, მერე დავიწყე ფიქრი ჩემს ცხოვრებაზე. მანამდე ყველაფერზე მამა ფიქრობდა და ზრუნავდა. მე არაფერი მქონდა სანერვიულო. ბოლო დღემდე ვერ ვიაზრებდი, რომ შეიძლებოდა, ოდესმე ასეთი დამოუკიდებელი ვიქნებოდი და ამდენის გაკეთებას შევძლებდი. გონებაში არ ვუშვებდი აზრებს, რომ შეიძლებოდა, მამა წასულიყო. პირიქით, ვფიქრობდი, იქნებ, ეს არ მოხდეს-მეთქი. ბოლო დღეებში მამა უკვე სახლში გვყავდა, საავადმყოფოდან წამოვიყვანეთ და რეალობას ყოველდღე თვალებში ვუყურებდი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ შეიძლებოდა გამომძვრალიყო. მადლობელი ვიქნებოდი, რომ საერთოდ არ დამჭირვებოდა ასეთი დამოუკიდებლობა, მაგრამ იმან, რაც გამოვიარე, ეს მომიტანა.

– რა ხდება ქეთის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა?

– მოვიტყუები, რომ ვთქვა, კითხვაზე ვგიჟდები და 24 საათი წიგნი მიჭირავს ხელში-მეთქი, მაგრამ მაქვს პერიოდები, როცა შეიძლება, სოციალურ ქსელში ვერ მიპოვოთ. ასეთ დროს, ვზივარ და ვკითხულობ. ვხუმრობ ხოლმე, წიგნებთან და ფილმებთან მიმართებაში ტიპური ქერა ვარ, რომანებისა და მელოდრამების გოგო ვარ (იცინის).

ზაფხული გართობასთან ასოცირდება. ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავიდე და სიამოვნება მივიღო. ზამთარი ძილთან ასოცირდება (იცინის).

მეგობრებს პარასკეობა გვაქვს, ვცდილობთ, სადმე გავიდეთ, ცოტა ალკოჰოლი, ბევრი ჭორაობა და ასე გადაგვაქვს მძიმე კვირა. შაბათ-კვირას ვცდილობთ, თუ ყველა ერთად ვახერხებთ, ქალაქგარეთ წავიდეთ.

– პირადი ცხოვრების ამბებიც მაინტერესებს და მინდა, პირველი სიყვარულის გახსენება გთხოვო.

– ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი სიყვარული. ყველაფერი ძალიან კარგი იყო. მისი საძმაკაცო რომ შემოლაგდებოდა ხოლმე გაკვეთილის ბოლოსკენ და გავიდოდით, სულ სადღაც „ვაბირჟავებდით“ და დირექტორი ხან სად გვეძებდა, ხან – სად (იცინის). ამ გადმოსახედიდან სიყვარულს ვერ არქმევ იმ გრძნობას, თუმცა, იმ მომენტში ასე გრძნობ და გინდა, რომ ასე იყოს.

– დიდი სიყვარული გამოგიცდია?

– კი, მაგრამ იმდენად ცუდად დასრულდა, რომ კარგად ნამდვილად ვერ ვიხსენებ. ჩემთვის მარტივი არ იყო რაღაცების გადალახვა. მამის ამბის შემდეგ თუ დამოუკიდებელი და ძლიერი გოგო გავხდი, ამ ურთიერთობის შემდეგ ვამბობ, რომ ძლიერი ქალი გავხდი. იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ის არ იყო, რაც მთელი ცხოვრება უნდა მახსოვდეს და იმედი მაქვს, რომ კიდევ იქნება.

– როგორია შენთვის სასურველი ურთიერთობა ან საპირისპირო სქესის ტიპაჟი?

– ჩემთვის მთავარი ყურადღებაა. ადამიანი ყურადღებიანი უნდა იყოს, აინტერესებდეს ჩემი სურვილები. მომისმინოს, მასთან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უნდა შემეძლოს საუბარი. არ ვამბობ, რომ ურთიერთობაში მე უნდა ვიყო პრიორიტეტი, ორივეს ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ მისთვის რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში უნდა ვიყო, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნაა. მისთვის პრიორიტეტი უნდა ვიყო ნებისმიერ სიტუაციაში. ამის შემდეგ ყველაფერი ლაგდება. ზოგადად, ჩემთვის სიყვარული მიჩვევაა. ადამიანს რომ მივეჩვიო, მისგან ზღვა ყურადღება უნდა მოდიოდეს. ჩემთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ჩემი საქმეც უნდა აინტერესებდეს, ვიზუალიც და ისიც, რაზეც შეიძლება, საუბარი მინდოდეს. შეიძლება ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ყურადღება მთავარია. თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ყურადღებას გამოიჩენს, შემიყვარდება (იცინის). გარეგნობასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მთავარია, ძალიან ქერა არ იყოს (იცინის). დედაჩემს აქვს კიდევ ერთი მოთხოვნა, აუცილებლად ჩემზე მაღალი უნდა იყოს. ვნახოთ, ვნახოთ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი