შოუბიზნესი

ქეთა ჯანდიერი: 92 სხვადასხვა დარგი შევისწავლე

№34

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 30.08

ქეთევან ჯანდიერი
დაკოპირებულია

28 წლის იურისტი, სისხლის სამართლის სპეციალისტი, პოეტი, მოდელი, ტაროლოგი, კრიმინალისტი, ეზოტერიკოსი და უბრალოდ, ულამაზესი ქეთა ჯანდიერი განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანია, რომელიც სამყაროს საიდუმლოებებს ფლობს. ამბობენ, რომ მან თავისი ნიჭითა და გამბედაობით გერმანიის ბუნდესტაგიც კი გააოცა. მიუხედავად ასაკისა, ის არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დახუნძლულია საინტერესო გამოცდილებით, გამოწვევებითა და საინტერესო ფაქტებით.

– ქეთა, როგორც შენი ახლობლები და ოჯახის წევრები ამბობენ, განსხვავებული ბავშვი იყავი და საკმაოდ ადრეული ასაკიდან გახსოვს ესა თუ ის ფაქტი, რომელიც ერთი შეხედვით, მართლაც წარმოუდგენელია. კონკრეტულად, რა ასაკიდან გახსოვს საკუთარი თავი?

– ჯერ კიდევ ექვსი თვის ასაკიდან. ისეთი ღრმა ბავშვობის დეტალები მახსოვს, რაც რიგითი ადამიანის ქვეცნობიერსა თუ გონებაში, პრაქტიკულად, არ რჩება. არ მაქვს წარმოდგენა ეს როგორ ხდება ჩემს თავს, მაგრამ ფაქტია, ფენომენალური მეხსიერება მაქვს. სამი თვის რომ ვიყავი, მახსოვს „პლეხანოვზე“, სახლში ჭერი შემთხვევით ჩამოინგრა და ეს როცა მოვყევი უკვე გაცნობიერებულ, მოზრდილ ასაკში, ბებიას ძალიან გაუკვირდა. წესით, ეს ფაქტი მე არ უნდა მხსომებოდა. წლინახევრის რომ ვიყავი, სინდი კროუფორდის ვარჯიშები გადიოდა ტელევიზორში, მანეჟში ვიმეორებდი და ესეც კარგად მახსოვს (იცინის). ასეთი პატარ-პატარა დეტალები ღრმა ბავშვობიდან ძალიან ბევრი მახსოვს.

– ფაქტია, ბავშვობიდან ისეთი დეტალები გახსოვს, რომელიც წესით, შენს გონებას არ უნდა შემოენახა. ზოგადად, რას ნიშნავს ფენომენალური მეხსიერება?

– ფენომენალური მეხსიერება არის, როცა ადამიანს დალექილი აქვს ის ინფორმაცია, რომელიც წესით, ჰიპოფიზის უბანში, „სანაგვეზე“ უნდა იყოს მიდგებული. ადამიანს, ზრდასთან ერთად, რაღაცები ავიწყდება და ეს, სავსებით ბუნებრივია. ფენომენალური მეხსიერების ადამიანებს კი ზუსტად ეს ღრმა ბავშვობის ელემენტები ახსოვთ და ზოგადად, კარგად ახსოვთ ყველაფერი, მათ ცხოვრებაში რა და როგორ იყო.

– ამბობ, რომ ეს „სანაგვეზე“ მიგდებული ინფორმაცია, რომელიც წაშლას ექვემდებარება, ხელს არ გიშლის და შემაწუხებელი არ არის.

– სიმართლე გითხრათ, პირიქით. ფსიქოლოგთან რატომ დავდივართ? იმიტომ, რომ ეს „სანაგვე“ გავააქტიუროთ. ჩემს შემთხვევაში კი, ეს ბევრად მარტივად ხდება, რადგან ისედაც გააქტიურებულია. სხვათა შორის, წინა ცხოვრებიდან გადმოსული მეხსიერებებიც მქონდა. ხშირად მეკითხებიან: ვინ იყავი წინა ცხოვრებაშიო. ალბათ, ვიქტორ ჰიუგო, რადგან ჩემს დაბადების დღეს აქვს დაბადების დღე, ბავშვობაში მეც ზუსტად ისეთი წერის მანერა მქონდა, როგორიც მას. ათი წლის ასაკში კანტის არაფერი მქონდა წაკითხული, არც ფოლკნერი, არც ნოველები და არც ფილოსოფიური ჩანაწერები. არადა, ზუსტად იმავენაირი ხელწერა მქონდა ბავშვს და ეს არის შენახული და დათარიღებული. ჩემი ბავშვობის ჩანაწერები უფრო მემუარული სტილისაა და ძალიან იგრძნობა ტაბიძის გავლენა – ქარი, წვიმის წვეთები ხშირი... „მიტოვებული ლირი“ მუდმივად იყო ჩემში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა და არ უნდა ვყოფილიყავი მელანქოლიური.

– მშობლები თუ აცნობიერებდნენ, რომ განსაკუთრებული ბავშვი იყავი და მიდგომაც განსაკუთრებული გჭირდებოდა?

– მშობლები ისე მზრდიდნენ, როგორც პრინცესას. თუმცა, სულ ვხუმრობ, იმ გამონაკლისით, რომ დედაჩემი „გესტაპო“ იყო, ზედმეტად დაკავებული იყო ჩემი აღზრდა-განათლებით, ნამდვილად პრინცესული ბავშვობა მქონდა (იცინის). პრაქტიკულად, არ მქონია ბავშვობა, ათი წლის ვიყავი, ეზოში რომ გავირბინე. თუმცა, დედის მადლობელი ვარ, რასაც დღეს წარმოვადგენ. თუ ცოდნა მაქვს, ეს მისი დამსახურებაა. ძალიან ცელქი ვიყავი და რომ არა დედა, დამოუკიდებლად მე ამდენს ვერ შევიძენდი. ბებო ხშირად მატარებდა ტაძარში, ამიტომ ეკლესია ღრმა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. დღესაც დავდივარ ტაძარში და ჩემი შემოსავლის ათ პროცენტს, სხვადასხვა მონასტერს ვწირავ. მიყვარს ქალაქიდან გასვლა და განდეგილი ბერების დახმარება.

– მართალია, რომ ბავშვობაში მონაზვნობის აღთქმა დადე?

– 2002 წელს, 26 აპრილს, როცა შვიდი წლის ვიყავი, ექვსბალიანი მიწისძვრა მოხდა. სახლმა რყევა დაიწყო, ავეჯი დადიოდა, სასწაული ხდებოდა. მგონი, ასეთი მიწისძვრა, მაშინ რომ იყო, თბილისს არც ახსოვს. ხატების კუთხესთან დავეცი და შვიდი წლის ბავშვს აღმომხდა ეს სიტყვები: ღმერთო, ოღონდ ეს შეაჩერე და მე მონაზვნად აღვიკვეცები-მეთქი. ბებო ჩემზე იყო გადაფარებული და ეს სიტყვები გაიგო. მართლა ისე დაემთხვა, რომ გაჩერდა მიწისძვრა. ბებოს ამის მერე დაეწყო შიშები, ბავშვმა აღთქმა დადო და რა გავაკეთოო. წამიყვანა მამაოსთან ღვთისმშობლის ტაძარში, ვისაუბრეთ და აღსარება ჩავაბარე. ბებიას კი უთხრა: ნუ მიაქცევთ მის სიტყვებს ყურადღებას, ბავშვია, ეს სიტყვები გაუთვითცნობიერებლად წარმოვთქვა და ცოდვაში არ ჩაეთვლებაო. თუმცა, რამდენჯერაც სულიერი კათარსისი მაქვს, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ალბათ, ეს არის ჩემი გზა, გარიყული უნდა ვიყო, დავტოვო საერო ცხოვრება და წავიდე ცალკე. ამაზე ხშირად ვფიქრობ და შესაძლოა, ოდესმე მართლა წავიდე.

– ქეთა, შენს ცხოვრებაში პანიკური შეტევებიც იყო, რის გამოც ნევროლოგს მიმართე, შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაგისვეს და მძიმე ფსიქოტროპული პრეპარატები დაგინიშნეს. პრაქტიკულად, სამი წლის განმავლობაში პრეპარატზე დამოკიდებული გახდი. რამ გამოიწვია პანიკური შეტევები და რა შედეგი გამოიღო მკურნალობამ, იქნებ ამ თემაზეც გულახდილად გვესაუბრო.

– ეს ხდება, როცა ადამიანი ძალიან ემოციური ხარ და ამასთან, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში გიწევს ყოფნა. ზოგადად, სტრესი არის ემოცია, ემოცია კი დადებითიცაა და უარყოფითიც. ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, ძალიან გადაგეღალა ორგანიზმი, იწყება ტალღობრივი გადაფარვები და გამოუცდელობის გამო ვერ ხვდები, რომ ეს შესაძლოა, იყოს შფოთი. იწყებ ორგანიზმის მოსმენას, სკანირებას და იმის შიში გაქვს, რომ შეიძლება, მოკვდე. ეს არის კლასიკური შფოთვითი აშლილობის, ასე ვთქვათ, ფორმულა. დღეში ცხრამეტი საათი ვმუშაობ, ხუთი წელია, ქალაქიდან არ გავსულვარ და არ დამისვენია. მაშინაც დატვირთული გრაფიკი მქონდა. მეორე სპეციალობა ფსიქოლოგია ავირჩიე, მეხუთე ენას, ჩინურს ვსწავლობ და ახლა აკადემიური ავიღე. მოკლედ, თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ძალიან გადავიღალე. ამასთან, დიდი რაოდენობით იყო ემოციური და ფსიქოსტრესი, რამაც გაუაზრებელი შფოთი გამოიწვია. ეს, ბუნებრივია, გადაღლილ ორგანიზმზე. სიხშირის გადაფარვა, ანუ შფოთი, შესაძლოა, ისეთ დროს დაიწყოს, მაგალითად, როცა სუფრასთან ზიხარ და როცა ნეგატიური არაფერი ხდება. ამ დროს პრეპარატი არ გშველის, უბრალოდ, მე ვისწავლე ამ ყველაფრის მართვა. როგორც ფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი, მივხვდი, რომ ეს არ არის შემთხვევითი და არის ფსიქოსაკორექციო. მინდა, მივმართო საზოგადოებას: არ არის სირცხვილი, შესაბამის სპეციალისტებს მიმართონ, ფსიქიატრთან ვიზიტი არ „ტეხავს“, რადგან ასეთი დაავადება მისი პირდაპირი კომპეტენციაა. ნევროლოგთან ზოგი იმიტომ დადის, რომ ფსიქიატრთან დავდივარო, ვერ ამბობს, არადა, დიდ შეცდომას უშვებს. თავის დროზე მეც მჭირდა ეს კომპლექსი, მერე კი მივხვდი, შეცდომა დავუშვი და გვიანი იყო, რადგან ზედოზირებით ისეთ პრეპარატზე დამსვა ექიმმა, რომელიც თურმე, არ მჭირდებოდა და ელემენტარული „კატაბალახას“ ნაყენიც მიშველიდა. ეს მე მაშინ არ ვიცოდი. ამის მერე მივმართე ფსიქიატრს. ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, არ მინდა წამლების ფონზე ცხოვრება და მე ეს შევძელი. ასე რომ, მართალია, პირველი სამი თვე სუპერკრიზისული იყო, მაგრამ მაინც გადავაგდე ყველანაირი წამალი და დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ისეთივე დატვირთვით ვცხოვრობ, მაგრამ როცა ვიღლები, ვისვენებ და სპეციალურ ვარჯიშებს ვიტარებ. სხვათა შორის, ჩემთან როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსთან, უამრავი პაციენტი მოდის და ჩემი ეს გამოცდილება, მათაც წარმატებით გამოადგათ. 92 სხვადასხვა დარგი შევისწავლე იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწორად მივუდგე ჩემთან დახმარებისთვის მოსულ ადამიანს ანუ პაციენტს.

– თმა გადაპარსული გაქვს და მინდა ვაღიარო, ძალიან გიხდება. ამას ეზოტერიკასთან რაიმე კავშირი და დატვირთვა აქვს?

– უნიჭიერეს ფოტოგრაფს, ირაკლი პირველს მოეწონა ჩემი თავის ფორმა, თმის გადაპარსვა და არასტანდარტული ფოტოსესიის მოწყობა შემომთავაზა, რაზეც, რასაკვირველია, დავთანხმდი და ულამაზესი ფოტოებიც გამოვიდა. მილანის ფოტოსესიის გამოცდილების შემდგომ ეს იყო ჩემი მეორე გამოცდილება ამ სფეროში. მაშინ გადაღებები საქართველოში იყო და მილანის პრესამ ჩემი თექვსმეტი ფოტო დაბეჭდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი