კახა კუხიანიძე: კარგ ტყუილსაც არ ვპატიობ
ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 09.03, 2022 წელი

ბლიცინტერვიუ კახა კუხიანიძესთან 👇
სახელი: კახა.
გვარი: კუხიანიძე.
პროფესია: მომღერალი.
– ბავშვობა...
– ისეთი ზღაპრული ბავშვობა მქონდა, რომ ყველა ბავშვს მსგავს ან მასზე უკეთესს ვუსურვებ. ჩემი ბავშვობა იყო ნამდვილი, თავისი ეზოთი და თამაშებით. ეზოში გოგო და ბიჭი ყველანი ერთნი ვიყავით, ერთად დაბადებულები, ერთად გაზრდილები. ვთამაშობდით წრეში ბურთს, შვიდქვაობანას, თვალაკრობანას, კიდევ ვიგონებდით უამრავ თამაშს. საკმაოდ ჯიუტი ბავშვი ვიყავი და ერთი შემთხვევა გამახსენდა. დედა 25 წელი მუსიკალურ ათწლედში ასწავლიდა, შესაბამისად, მუსიკა ტვინში ჰქონდა გამჯდარი. ერთხელაც დავინახე ფერადი ქსილოფონი და ძალიან მომინდა, ეს უზარმაზარი ინსტრუმენტი სახლში მქონოდა. გაგიჟდა დედაჩემი, ჯერ ამას სახლში რა წაიღებსო და მერე ამაზე დაკვრა ყოველდღე კიდევ, როგორი ასატანი იქნებოდა. გავწექი იატაკზე, რაც ცალკე საკითხი იყო ჩვენს ოჯახში. დედა, რასაც ჰქვია, მოლეკულებს დასდევდა: ქუჩაში ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში ვერ შევიდოდით, ეზოს ტანსაცმელს სადარბაზოში ვიხდიდით და მოკლედ, იატაკზე გაწოლა მისთვის იყო პიკი. საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე და ვაყიდინე ეს ქსილოფონი.
– მშობლების როლი...
– მუსიკალური კუთხით დედას დიდი როლი აქვს. ზოგადად, ჩვენ მუსიკა გენეტიკაში გვაქვს, დედა თეორეტიკოსია მუსიკის განხრით, ბაბუაჩემი – ჯაზმენი, მამაც ძალიან კარგად მღერის... ჩემი და ჩემი ძმის ამ გზაზე დადგომა დედაჩემის დამსახურებაა. მამას ძალიან უნდოდა, ფეხბურთელი გამოვსულიყავი, რადგან თავად თამაშობდა და სურვილი ჰქონდა, მისი გზა გამეგრძელებინა. დაახლოებით, 7 წლის ვიყავი, როცა მუსიკალურში ვაბარებდი და დამარიგა: ბევრი იტირე, ორიანს დაგიწერენ და გამოგაგდებენო (იცინის). რა თქმა უნდა, დავუჯერე, დავაქციე იქაურობა ტირილით, მეგონა, ორიანს დამიწერდნენ და გამომაბუნძულებდნენ, მაგრამ ტირილთან ერთად გავაკეთე ყველაფერი, რაც მომეთხოვებოდა: სიმღერა, სმენის შემოწმება, ბგერების გამოცნობა, რიტმი... საბოლოოდ დამიწერეს მაქსიმალური ქულა – ხუთიანი.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ცნობიერება რომ გამიჩნდა, მუსიკა უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში. დედაჩემი და ჩემი ძმა წლინახევრის იყვნენ, როცა ორივე ხელით უკრავდნენ ფორტეპიანოზე. მუსიკა იმდენად გვაქვს გენეტიკაში და ისე არის ჩვენში კოდირებული, რომ ვერ გავექცეოდი.
– ჩემი მეტსახელი...
– ბავშვობაში მეძახდნენ „კუპატას“, რადგან ბევრს ვჭამდი, მერე მთელი ეზო „ტატუს“ მეძახდა მოფერებით და დიდი ხანი მქონდა ეს მეტსახელი. ძალიან ჯიუტი ვიყავი, ჩემი უნდა გამეტანა ყოველთვის და თუ ვიტირებდი ან რამეს ავიჩემებდი, დასამშვიდებლად მოფერებით მეძახდნენ ხოლმე „ტატუს“.
– ადამიანში ვაფასებ...
– ნდობას, ერთგულებასა და ურთიერთპატივისცემას. მეგობართან ვარ ისეთი, როგორიც რეალურად. ჩემთვის მთავარი ურთიერთობებში თავისუფლებაა.
– წარმატებული ადამიანი არის...
– წარმატებული ადამიანი შეიძლება, იყოს ძალიან ცუდი და პირიქით - კარგი. წარმატებისთვის მთავარია მონდომება. სიზარმაცე უნდა გადადო და ყოველი წუთი და წამი შრომას დაუთმო. თუ მოინდომებს, ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. თუ მოინდომებ, ნიჭის გამოყენებით კარიერასაც აიწყობ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე ფუთავენ საკუთარ თავს, რომ ის ნიჭიერება უფრო პატარაა, ვიდრე მათი სახელი. რაც შემეხება მე, მგონია, მსმენელი ისეთს არ მიცნობს, როგორიც ვარ. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს და შემიძლია, ის მწვერვალები დავიპყრო, რაც ბავშვობიდან მინდოდა.
– მეშინია...
– არაფრის არ მეშინია გარდა ერთისა – მიცვალებულის. როცა მაღლივის გზაზე მოვდივარ, გვერდით არ ვიყურები, პედალს ისე ვაჭერ ფეხს, არც ვიდეოკამერა მაინტერესებს და არაფერი. ეს ერთგვარი ფობიაა, რომელიც ბავშვობაში ჩამომიყალიბდა. უშუქობის პერიოდში ბავშვები ერთმანეთს ვაშინებდით ხოლმე გარდაცვლილის სულებით, ვიძახებდით სულებს და ასე შემდეგ.
– მწამს...
– ღმერთის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ადამიანი ახლოს უნდა იყოს ღმერთთან, რომ მიხვდეს, როგორია ის. მე მაქვს ეს სიახლოვე და არ არსებობს მომენტი, როცა უფალმა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი არ მაპოვნინოს. ჩემს ცხოვრებაში რაც სასიკეთო მომხდარა, ყოველთვის უფლის ხელი ერია. ისეთ ჭაობში ვყოფილვარ, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ გამოვიდოდი. თუმცა, მადლიერი ვარ, რომ იმ ჭაობში აღმოვჩნდი, მაშინ გავზარდე ჩემი თავი. ბევრს უთქვამს, ეგეთი პერიოდი, რომ მქონოდა, მტკვარში გადავხტებოდიო. მე არ მაქვს სირთულეების შიში, რადგან ზუსტად ვიცი, ღმეთი დამეხმარება. ერთადერთი, რისიც მეშინია – არ გადავუხვიო სწორ გზას, რომელიც უფლის გზაა. არ გამოვირჩევი მარხვის დაცვით, ეკლესიაში ხშირად სიარულით. ღმერთთან მე ჩემი რწმენა და ურთიერთობა მაქვს. შესაბამისად, მას სახლში ვთხოვ დახმარებას, მანქანაში თუ ქუჩაში, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, კავშირი მქონდეს და ვხვდებოდე, რა დროს ესმის ჩემი. ყოველთვის ვგრძნობ მის სიახლოვეს და რაც მითხოვია, შეუსრულებია. სასწაულების ნამდვილად მჯერა და ღმერთის დახმარებით 2021 წელი დიდი სასწაულით დავასრულე – პანდემიამ ბევრი პრობლემა შექმნა ადამიანების ცხოვრებაში და ამ მხრივ, მეც არ ვიყავი გამონაკლისი.
– ვრისკავ...
– რისკის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება, ოღონდ სულელური რისკი არ უნდა გასწიო. ინტუიცია მაქვს განვითარებული და მეხმარება, რა დროს, რა გავრისკო. ისე საქმეს არ მოვკიდებ ხელს, თუ დაგვირგვინებას ვერ დავინახავ.
– მაკვირვებს...
– ადამიანების ქცევები, მათი დადებითი თვისებები ყოველდღე რომ მინუსდება. მაკვირვებს, როგორ ვეღარ ერევა ადამიანი საკუთარ თავს. ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, რადგან ზოგადად მიყვარს ადამიანები და ცხოვრება. კარგ გარემოებას კი, სწორედ, ადამიანები ვქმნით, თუმცა ჩვენ იმ დონეზე ვაბინძურებთ საკუთარ თავს, რომ გარემოც ბინძურდება.
– ვერიდები...
– იმას, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში რაიმე არ გაფუჭდეს, რადგან მინდა, ეს ურთიერთობა სულ იყოს, შესაბამისად, ვუფრთხილდები. სამი წლის წინ ძალიან ახლო მეგობარი გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან... ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ და თუ მივიღე ადამიანი, ის ჩემია, თუ მას დავჭირდები, ჩემს საქმეს გავაფუჭებ. როცა ასეთი დოზით გყავს შენს ცხოვრებაში და ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, ძალიან განვიცდი, რადგან ვისაც ჩემი ცხოვრებიდან ვუშვებ, უკან ვეღარ ვიღებ. სამწუხაროდ, 2019 წლის ზაფხულში მქონდა მსგავსი სიტუაცია...
– ბედისწერა...
– როგორი გზითაც მიდიხარ, ისე მიდის შენი ცხოვრება. ზემოთ, როგორ ქულებსაც ვიწერთ, ისე გრძელდება ჩვენი გზაც. ბედისწერა ასოცირდება როგორც ცუდთან, ასევე კარგთანაც, შესაბამისად, შენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თავად შენ როგორ ცხოვრობ. თუმცა მაინც, ამოუხსნელი ამბავია, ჩვილმა ბავშვებმა რა დააშავეს როცა რაღაც ცუდი ხდება...
– რთული პერიოდი...
– 2010-დან 2013-მდე, ყველანაირად რთული პერიოდი მქონდა: ფინანსურად, პირადში, კარიერაში, მაგრამ მადლიერი ვარ, რადგან 180 გრადუსით შემცვალა – ბევრად ძლიერი გავხდი და არაფრის აღარ მეშინია. საბავშვო სტუდიის 11 ფილიალი მაქვს, მაგრამ პანდემია დაიწყო და დაიკეტა. ერთი წამით არ შემშინებია, რადგან ადამიანს აქვს უნარი, იფიქროს. უსაქმურად არ დავმჯდარვარ, რადგან ასე არაფერი გამოვიდოდა და დღემდე კოვიდლაბორატორიაში ვმუშაობ. გარდა ამისა, ბევრ საინტერესო რამეს ვაკეთებ. არ შეიძლება, სახლში უმოქმედოდ დავჯდეთ და სასწაულს ველოდოთ. ჯეკპოტი რომ მოიგო, ლატარიის ბილეთი უნდა იყიდო. ვბრაზდები ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სხედან სახლში და ამბობენ, რომ ვერ იშოვეს სამსახური. მესმის, რომ ყველას კაბინეტი და პირველობა გვინდა, ეს ქართველებს გამჯდარი გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, ცოლი უცხოეთში არ გავუშვათ და კაცი რომ გქვია, სახლში არ დაჯდე.
– სიყვარული არის...
– ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა, რადგან სიყვარულს შეუძლია, გაგასულელოს, გაგაბოროტოს, გაგაბედნიეროს, გამოგაშტეროს და მოკლედ, რომ ვთქვათ გმართოს, ყველაფერი ჩაგადენინოს. სიყვარულმა შეიძლება, საკუთარი ოჯახის წევრიც კი დაგაკარგვინოს, შესაბამისად, ყველაზე დიდი გრძნობაა, თუმცა დღეს სიყვარული გაუფასურდა.
– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...
– ტყუილი, კარგ ტყუილსაც არავის ვაპატიებ. ადამიანი როცა მესაუბრება, ვხვდები, როდის მატყუებს და როდის – არა. კარგ ტყუილს ცუდი სიმართლე მირჩევნია.
– შემშურებია...
– რთული პერიოდის დროს დიდი ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან. უამრავი პრობლემის ფონზე შეიძლებოდა, გავბოროტებულიყავი და შურით, ღვარძლით მეცხოვრა, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ჩემი თავი გავაძლიერე, რომ არავისი მშურდეს. ირგვლივ რამდენი ადამიანიც მეყოლება წელში გამართული, თავადაც ბევრად ძლიერი ვიქნები, რადგან მათი იმედი ყოველთვის მექნება. შურს ადამიანისთვის კარგი არაფერი მოაქვს, პირიქით, უკან ხევს.
– სამაგიეროს გადახდა...
– არასოდეს მიცდია. იმხელა სიყვარულს ვგრძნობ ღმერთისა და სამყაროს მიმართ, თუ ვინმე ცუდს მიკეთებს, არ აპატიებენ. ხელს არ გავისვრი, რადგან ვიცი, მას თავისი მიეზღვევა, მე კიდევ – ჩემი. თუ რამე ცუდი გავაკეთე, ჩემი „ვალები“ მექნება გადასახდელი. ვისაც ჩემთვის ცუდი გაუკეთებია, მინახავს, თავად როგორ ჩავარდნილა ცუდ დღეში. ერთხელ ძალიან ახლობელმა, თანგადაყოლილი რომ ხარ ისეთმა, ცუდი რამ გამიკეთა. ისეთი ცუდი, რომ ვიცი გამწარდებოდა. ღმერთს ვთხოვდი, გთხოვ, ცუდი არაფერი გაუკეთო-მეთქი. ორ დღეში საშინელ დღეში ჩავარდა, მაინც არ ეპატია. ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს, რასაც სამყაროში უშვებ, ის გიბრუნდება უკან.
– ბოდიშის მოხდა...
– ადამიანს უნებლიე შეცდომა, რა თქმა უნდა, მოსდის, მაგრამ გრანდიოზული შეცდომა არ დამიშვია. ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ კირჩხიბის წინდახედულობა მაქვს. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, საქმე საბოდიშოდ არ გავიხადო, რადგან ბოდიში ნიშნავს, რომ მე იმ დროს ცუდი ვიყავი.
– ვნანობ...
– ზოგადად, არაფერს ვნანობ, თუ რამე საკუთარ თავს ვავნე, იმ დროს ისე მინდოდა. არ უნდა ინანო ადამიანმა. ხომ გააკეთე და მერე სინანულს არანაირი აზრი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება, ვინანო არის ის, რომ სამყაროსგან გამოგზავნილი ბევრი სიურპრიზები გავუშვი, თუმცა არა უშავს, კიდევ იქნება.
– თავისუფლება არის...
– თავისუფლება უზრდელობასა და თავხედობაში არ უნდა იყოს გადასული, თავისუფლება ჩემთვის ბედნიერებაა. როცა ადამიანი თავისუფალია, თვალები უციმციმებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან