შოუბიზნესი

ჯულიანა ბარ-გნარი: იქ, სადაც ვერ ან არ მიგებენ, არ ვჩერდები

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 16.06, 2021 წელი

ჯულიანა ბარგნარი
დაკოპირებულია

ჯულიანა ბარ-გნარმა ცოტა ხნის წინ სტილი შეიცვალა, თან, იმდენად, რომ ბევრმა იფიქრა, ეს ცვლილება პლასტიკური ოპერაციების დამსახურება იყო. როგორია რეალობა და როგორ უშველა მოცეკვავემ თავს პანდემიის დროს, ამაზე თვითონ მოგვიყვება.

ჯულიანა ბარ-გნარი: ძალიან გამიჭირდა პანდემიასთან შეგუება, მაგრამ მობილიზება სწრაფად მოვახერხე. ჩემს თავს ვკითხე, რა გჭირდება ბედნიერებისთვის-მეთქი. ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია, მინდა, მუდმივად ვვითარდებოდე. პირველი პერიოდი ვფიქრობდი, რომ დავისვენებდი და მალე ჩვეულ ცხოვრებას გავაგრძელებდი, მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ მალე არაფერი დამთავრდებოდა, მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა. ვიყიდე ყველაფერი და სახლში მინიდარბაზი მოვაწყვე, ინტენსიური ვარჯიში დავიწყე, მერე ხატვასაც დავუთმე დრო, რაც ძალიან მიყვარს და არაჩვეულებრივი თერაპიაა. სხვა სამყაროში გადასვლა მჭირდებოდა და ამას ცეკვის, ვარჯიშისა და ხატვის დროს ვახერხებდი. დროის დეფიციტის გამო ყოველთვის მქონდა წიგნის კითხვის პრობლემა და ახლა დღის რეჟიმში ამის ჩასმაც მოვახერხე. ვგრძნობ, რომ ამასაც სხვა სამყაროში გადავყავარ და მავსებს. მერე მე და ოთომ (ფოლადაშვილი) გადავწყვიტეთ, ცეკვის გაკვეთილები ონლაინ გაგვეკეთებინა. რადგან ამ ფორმატში სწავლებისთვის დებიუნტანტები ვიყავით, ჩვენც რომ შეგვეძინა საჭირო ცოდნა, თვითონაც ავიღეთ ონლაინ-გაკვეთილები მსოფლიო დონის მწვრთნელებთან. ეს ძალიან დაგვეხმარა. თავიდან ცეკვის ონლაინ-სწავლება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ იმდენად მაგარი რჩევები მივიღეთ, ისეთი მაგარი ტექნოლოგიები ვისწავლეთ, რომ ძალიან შედეგიანი გაკვეთილები გამოგვდის.

– ბოლო პერიოდში გარეგნობაში ცვლილებები შეიტანე – თმის ფერი, სახეზეც რაღაც დეტალები...

– ძალიან ბევრი ვიცინეთ მე და ჩემმა სტილისტმა ამაზე, დაიწერა, რომ სახეზე პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე. ვკითხე, პლასტიკური ქირურგიც ხომ არ გახდი-მეთქი? ვფიქრობ, რომ თმის ამ ფერმა ნაკვთები სხვანაირად გამომიკვეთა და ამიტომ, ბევრს ეგონა, რომ პლასტიკური ჩარევები გავიკეთე. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე, მართლა, მხოლოდ თმის ფერი და სიგრძე შევიცვალე და ჯერ პლასტიკური ჩარევა არ დამჭირვებია. ეს ცვლილებებიც პანდემიამ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. სხვა დროს ასეთი სარისკო ნაბიჯი საშიში იქნებოდა.

პანდემია რომ არა, ასეთ რადიკალურ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებდი. ცვლილებები და სიახლეები ძალიან მიყვარს და დიდხანს ვფიქრობდი, მომიხდებოდა თუ არა ეს ფერი და რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ დრო იყო. ვნერვიულობდი, მრავალი წელია, საზოგადოებას ქერა ჯულიანა ბარ-გნარი ახსოვს და არავის წარმოუდგენია, რომ ჩემი ბუნებრივი ფერი ასეთია. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში შინაგანადაც შევიცვალე და ამიტომაც მომინდა თმის ფერის შეცვლა. მგონია, რომ ჩემში გარდატეხა მოხდა და ეს ბოლო წერტილი აღმოჩნდა.

– „პროფილში“ შენი და ოთოს შესრულებულ ულამაზეს ცეკვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდი, ცეკვაში, როგორც ცხოვრებაში, მთავარი გულწრფელობააო. ასაკის მატებასთან ერთად, არასასიამოვნო გამოცდილებების შემდეგ, ადამიანები ნაკლებად გულწრფელები ხდებიან ხოლმე. შენ ახერხებ მის შენარჩუნებას?

– ვფიქრობ, რომ გულთან ახლოს ის მიდის, რაც ბუნებრივად გამოიყურება. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ცეკვა მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს. მგონია, რომ ამიტომაც მოჰყვა დიდი გამოხმაურება ჩვენს შესრულებას. ცხოვრებაშიც ყველაზე მეტად გულწრფელობას ვაფასებ და ჩემს თავთან არ ვიქნები მართალი, თუ ვითამაშებ. მე პირიქით ვფიქრობ, ადამიანს რაც უფრო ემატება ასაკი, მეტი უფლება აქვს, არ ითამაშოს და საკუთარი პოზიციები გამოხატოს. წლები რომ მემატება, ფეხზე უფრო მყარად ვდგები და საკუთარ პოზიციებში ვრწმუნდები, მათ ღიად გამოვხატავ და იქ, სადაც ვერ ან არ მიგებენ, არ ვჩერდები. მირჩევნია, იმ სივრცეში ვიყო, სადაც გულწრფელობა შემიძლია. მეც მიფიქრია რაღაც მომენტში, ალბათ, ახლა უნდა ვითამაშო-მეთქი, მაგრამ თავის გზას ყველა თვითონ ირჩევს და მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის. ძალიან მიყვარს მსახიობი მერილ სტრიპი და მისი სიტყვებია: ახლა იმ ასაკში არ ვარ, ვითამაშო და იმაზე ვიფიქრო, ვის რა მოეწონება ჩემგან. მინდა, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და იქ, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობო. ძალიან დიდ პატივს ვცემ მის აზრს და ვეთანხმები, მგონია, რომ ჩემი სიტყვებია.

– არ გიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. რა არის ამის მიზეზი?

– არ მინდა, ჯულიანა ბარ-გნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.

– არის ჯულიანა მეოცნებე გოგო, სიყვარულზე, ოჯახზე, თეთრ კაბასა და პრინცზე რომ ოცნებობს თუ ძალიან პრაგმატულად უყურებ ამ თემას?

– ზოგადად, ძალიან რომანტიკული პიროვნება ვარ. ტიპური კირჩხიბი ვარ, ძალიან ემოციური და რომანტიკული. ამ საკითხს პრაგმატულად ვერ შევხედავ, მაგრამ რაღაც მომენტში ესეც საჭიროა. თუმცა, ყველა გადაწყვეტილებას გულის გავლით ვიღებ. მთავარია, ემოციებმა ზიანი არ მომიტანოს და სწორ დროს ცივი გონებითაც შევხედო სიტუაციას. მგონი, ამასაც ვახერხებ (იცინის).

– საყვარელმა ადამიანმა რომ საქმეს ჩამოშორება გთხოვოს?

– თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევნის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქვავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.

– რა არის შენთვის სიყვარული?

– თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებაში ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

– ბედნიერებისთვის მეორე ნახევარი აუცილებელია?

– ბედნიერების პოვნა ბევრ რამეში შეიძლება. ამისთვის კონკრეტული ადამიანი არ არის აუცილებელი. მაგრამ, როცა მეორე ნახევარი გყავს, უფრო სრულყოფილი ხარ. ადამიანს შეუძლია, ყოველდღიურად მოიპოვოს ბედნიერება. ბედნიერების შეგრძნება უნდა ვისწავლოთ.

– როგორ?

– როცა მგონია, იმას მივაღწიე, რაც მინდოდა და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, ცხოვრება ახალ გამოწვევას მიგზავნის. ვხვდები, რომ კიდევ მეტია საჭირო. მგონია, რომ დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო და შეძლო სიამოვნების მიღება აქ და ახლა. როცა ვცდილობ, ჩემი თითოეული დღე ნაყოფიერი იყოს და მინდა, განსაკუთრებული გავხადო, გამომდის კიდეც. შემიძლია, სავარჯიშო დარბაზში დაღლილობისგან მოვკვდე, მაგრამ იქიდან გამოსული რომ ვფიქრობ, რამდენად ნაყოფიერი დღე მქონდა, ვერ აღგიწერთ, როგორი ბედნიერი ვარ (იცინის). ჩემთვის ბედნიერების ყველაზე დიდი წყარო დილით მზიანი ამინდია, მერე ჩემი მოსწავლეების გაბრწყინებული თვალები და ასე შემდეგ. ბედნიერება ყველა წვრილმანში უნდა ვიპოვოთ და მერე ისიც აუცილებლად გვიპოვის (იცინის).

p.s. გამოყენებულია თიკო დარახველიძის ფოტოები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი