შოუბიზნესი

ჯონი ჯანაშია: ყველაფერში ბედნიერებაც დიდი უბედურება მგონია

№42

ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00

ჯონი ჯანაშია
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისოყვარეობა, რომელი რა როლს თამაშობს ჯონი ჯანაშიას ცხოვრებაში და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა წარმატების გზაზე – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ჯონი ჯანაშია: ჩემი თავი საკმაოდ იღბლიან და ქუდბედიან ადამიანად მიმაჩნია, რაც ღმერთის წყალობაა. მე არაჩველებრივ წრეში გავიზარდე, ძალიან კარგი მშობლები მყავდა, კარგ სკოლაში მოვხვდი, სადაც მასწავლებლებიც არაჩვეულებრივი მყავდა და თანაკლასელებიც. კარგი ოჯახი მაქვს და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს, რომ თავი იღბლიანად მიიჩნიო?!

– პროფესიაში რამდენად იღბლიანი აღმოჩნდით?

– ეს შენს არჩევანზეა დამოკიდებული. მე ცოტა რთულ საქმეს, ნარკოლოგიას შევეჭიდე. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა და ეს, თავისთავად, გამართლებაა. მაგრამ ბოლო დროს იღბალი ნაკლებად მწყალობს და ამას თავისი მიზეზი აქვს. პოლიტიკაში, ამ მიმართულებით, ცვლილებები მოხდა და იმ სერვისცენტრების ქსელი დაიხურა, სადაც მე ვმუშაობდი. შესაბამისად, ამწუთას მოლოდინის რეჟიმში ვარ...

პარალელურად, მეორე საქმეც მაქვს – „საქართველოს პირველ არხზე“ დილის გადაცემაში ვმუშაობ და აქ მოხვედრის გამოც ნამდვილად იღბლიან ადამიანად მივიჩნევ თავს.

– იღბლიანთან ერთად, რამდენად შრომისმოყვარე ბრძანდებით?

– შრომისმოყვარე ვარ. რაც მიყვარს, მისთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო. მხოლოდ იღბალი შედეგს ვერ მოგიტანს. ადამიანი თუ წარმატებას აღწევს, ეს იღბალსა და ნიჭზე მეტად შრომისმოყვარეობის დამსახურებით ხდება. უკომპრომისო უნდა იყო საკუთარი თავის მიმართ. თუ მართლა გინდა, წარმატებას მიაღწიო, უნდა იცოდე, რომ ამას საქმის მიფუჩეჩებით ვერ გააკეთებ. მე ასე ვფიქრობ.

– რა არის ის, რისთვისაც ყველაზე მეტი გიშრომიათ?

– თუკი რამეში ვარ წარმატებული, ალბათ, ყველაფერი შრომის დამსახურებაა. თუნდაც, პროექტი „ექიმები არ ხუმრობენ“ ავიღოთ, თუნდაც ჩემი მაკეტები, რომელსაც ვქმნი და ასევე, სამედიცინო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები. მე არ ვთვლი ჩემს თავს ბედის ნებიერად. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავისით ნამდვილად არ მოსულა. ეს ყველაფერი შრომის შედეგია.

– როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?

– საშინლად ზარმაცი ვარ. რამე რომ გავაკეთო, ჯერ ყველაფერი გონებაში უნდა მომწიფდეს, ისე, რომ სხვა გამოსავალი აღარ მქონდეს. მაკეტებიც რომ ავიღოთ, ზოგჯერ დავიწყებ ახლის შექმნას, მაგრამ გავჩერდები და შორიდან ვუყურებ. ასე შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს. ეს სიზარმაცეა, მაგრამ მეორე მიზეზიცაა, თუ შრომის პროცესს აღმაფრენა არ ახლავს, მაშინ შედეგად იმას ვერ მიიღებ, რაც გინდა. ეს კი ასეა, მაგრამ ისე სიზარმაცეში ხუთიანი მიწერია (იცინის).

– სიზარმაცის გამო დაგიკარგავთ მნიშვნელოვანი რამ?

– როგორ არა. სიზარმაცე არის დაკარგული დრო, საკუთარი თავის ღალატი და საშინელი სენი. ეს სენი საკმაოდ ღრმად მაქვს შეყრილი და ალბათ, შეიძლებოდა, ათჯერ მეტისთვის მიმეღწია, რომ არა მისი გავლენა.

– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?

– ალბათ, უფლის წყალობა, ლოცვა, მეგობრების შეძახილი, ახლობლების გვერდში დგომა. სხვათა შორის, ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი, პროფესორი გუგა ქაშიბაძე, რომელიც დამწვრობის ცენტრის დირექტორი გახლავთ. შემომიწყრა, მაკეტებს რატომ აღარ აკეთებო და წუწუნი რომ დავიწყე, მისაყვედურა: რაღაც მიზეზებს ნუ აბრალებ, უბრალოდ, ხელი მოჰკიდე და გააკეთეო. მისმა სიტყვებმა ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე და მართლაც ძალიან ლამაზი საახალწლო მაკეტი შევქმენი, რომელსაც „კუჩხი ბედინერი“ ჰქვია. ეს ნამუშევარი სულ სხვა სიტყვა გამოვიდა ჩემს შემოქმედებაში. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, ანუ ახლობლის შემოძახებას ჩემზე დადებითად უმოქმედია.

– რამდენად იღბლიანი ხართ მეორე ნახევარში?

– არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს. კამათი ყოველთვის გვქონდა და კიდევ გვექნება, უამისოდ გამორიცხულია, მაგრამ ეს აუცილებელიცაა. იღბლიანი ვარ, რომ ასეთი შრომისმოყვარე, მოსიყვარულე ადამიანია, თუმცა ხანდახან ტვინის მბურღავიც (იცინის). თავის საქმის ძალიან ძლიერი სპეციალისტია, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. მის დარგში ყველამ იცის, ვინ არის ხათუნა რცხილაძე. გარდა ამისა, ძალიან კარგი მეუღლე, დედა და ბებიაა. შესაბამისად, როგორ არ ვთქვა, რომ მასში ძალიან გამიმართლა?!

– საკუთარი ინტუიცია თუ დაგხმარებიათ წარმატებაში?

– როგორც ყველას, ზოგჯერ – კი, ზოგჯერ – არა. ამას წინათ პარფიუმერიულ მაღაზიაში ვიყავი შესული და მითხრეს, რომ რაღაც მომგებიანი ბარათი მეკუთვნოდა. უნდა გადაფხიკოთო. არ მინდა-მეთქი, ვუთხარი, რადგან ცხოვრებაში არაფერი მომიგია. ძალით გადამაფხეკინეს და ძალიან მაგარი ფრანგული სუნამო მოვიგე. კარგია, რომ ჩემს ინტუიციას არ ვენდე და მათ დავუჯერე (იცინის). სასწორს ორი პინა აქვს, ხან ერთი მხარე გადაწონის, ხან მეორე, ცხოვრებაშიც ასეა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელიმემ საბოლოოდ გადაწონოს. მაშინ ყველანაირი ბალანსი დაირღვევა. ყველაფერში ბედნიერებაც დიდი უბედურება მგონია.

– ცხოვრებისეული სირთულეები რამდენად გიშლით ხელს პროფესიული პასუხისმგებლობების შესრულებისას?

– მე რომ ქირურგი ვიყო, რომელსაც ძილშიც არ სძინავს, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ნარკოლოგი ვარ, ეს კიდევ სხვა სპეციფიკის საქმეა და ცხოვრებისეული სირთულეები მასზე იმავე დოზით ვერ ახდენს გავლენას. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე ძალიან მადარდებს და როცა კლინიკაში ვმუშაობდი, ყოველთვის ვფიქრობდი ჩემი პაციენტების მდგომარეობაზე, რომ მკურნალობის პროცესში რამე შეცდომა არ დამეშვა, ეს ყველა ექიმის საფიქრალია.

ყოველთვის არსებობს რაღაც მიზეზი, რამაც შეიძლება, ხელი შეგიშალოს, მაგრამ როცა ადამიანს საქმის მიმართ პასუხისმგებლობა გაქვს, განწყობაზე ვერ იქნები დამოკიდებული. ჩემი პროფესიული საქმიანობა ნარკოლოგიას სცილდებოდა, წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ორგანიზაციების ხელმძღვანელი ვიყავი: მთავარი ექიმი, კლინიკის დირექტორი, მედმუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტი და მარტო ჩემს თავს არასდროს ვეკუთვნოდი. შესაბამისად, განწყობას ვერ მივცემდი უფლებას, საქმეზე ემოქმედა. ღმერთმა ყველა კარგად გვიმყოფოს, მაგრამ თუ ახლობელი გარდაგეცვლება, ამის გამო სამსახურში აღარ წახვლ? ასე არ ხდება. ბავშვთა ინფექციურის დირექტორი რომ ვიყავი, რეანიმაციული განყოფილება გავხსენით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. გახსნაზე ხალხი რომ მოვიდა სამინისტროდან, გაიკვირვეს: კი მაგრამ, ასეთ დროს ტაშ-ფანდურით არ უნდა გვხვდებოდეო?! ჩემი მუსიკოსი მეგობრები მოიკითხეს, რატომ არ არიან ასეთ სადღესასწაულო მომენტშიო?! იმწუთში სახლში გარდაცვლილი მამა მესვენა, მაგრამ ვერავინ შემატყო, სანამ ჩემმა კოლეგებმა არ თქვენს ამის შესახებ. ასე რომ, არასდროს დამიყენებია ჩემი პირადი მიზეზები და ინტერესები სამსახურეობრივ პასუხისმგებლობებზე წინ. ძალიან ბევრჯერ ახალ წელს სამუშაოზე შევხვედრილვარ, ოჯახისგან შორს, ასევე, დაბადების დღეებს თუ სხვა მრავალ დღესასწაულს.

– ექიმიც ადამიანია, რამდენად ზრუნავთ საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე?

– აი, ამ საკითხში გამოუსწორებელი ოროსანი ვარ (იცინის). შეიძლება, სხვას დავარიგო ჭკუა ამასთან დაკავშირებით და ამ დროს მე თვითონ ძალიან ცუდად მოვიქცე, ანუ, სანამ ძალიან ცუდად არ ვიგრძნობ თავს, ექიმთან არ მივიდე. თუმცა, ამ ბოლო დროს, ასაკის მატებასთან ერთად, ცოტა გამოვსწორდი. გარკვეულ ასაკს რომ გადასცდები, ცოტა მეტი შიში გიჩნდება, საათის ისარიც უფრო სწრაფად იწყებს ტრიალს, ძალიან მალე ბერდები და ამიტომ, უფრო მეტად უნდა იზრუნო ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება ისე გავლიე, რომ ძალიან ზედაპირული ვიყავი ამ საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი და ნებისმიერს დავარიგებ ჭკუას (იცინის).

– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და არის თუ არა დღევანდელი რეალობა ახლოს თქვენს ოცნებებთან?

– ერთ ადამიანსაც კი ვერ დამისახელებთ, ვინც ყველა ოცნება ასი პროცენტით აისრულა. მგონია, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს. მით უმეტეს, რომ გეგმები და ოცნებებიც ცვალებადია. ჩემი მშობლები ექიმები იყვნენ, მაგრამ არაფერი დაუძალებიათ. საბოლოო ჯამში, მე თვითონ გავაკეთე ეს არჩევანი, მაგრამ ბავშვობაში ხან კოსმონავტობა მინდოდა, ხან არქტიტექტორობა და ასე შემდეგ. ძალიან მინდოდა, მაგარი ფეხბურთელი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა (იცინის). ოცნებები, ცეცხლივით, ნელ-ნელა მინავლდება, მერე საერთოდ ჩაქრება და რეალური სურვილები და გეგმები ჩნდება. ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ცხოვრებით.

– დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვთ.

– ალბათ, ასეა. ამ ბოლო დროს ძალიან მოუხშირეს ჩემს კინოში გადაღებას. ტელევიზიიდან მოწვევა მივიღე და ძალიან კარგი კოლეგების გარემოცვაში ვმუშაობ „პირველ არხზე“, გადაცემაში – „ახალი დღე“. ხშირად თამადობაც მიწევს – ხან ქორწილებში, ხანაც ქელეხებში. კარგი რეჟისორებიც მეძახიან სხვადასხვა როლზე და შემიძლია, ვთქვა, რომ ცხოვრება საინტერესოდ მიდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა