შოუბიზნესი

ირმა სოხაძე: პროტესტის ნიშნად, ჩემი სტუდიაც დავხურე, ყველაფერი გავაჩერე, არაფრის კეთება არ მინდა

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 06.03

ირმა სოხაძე
დაკოპირებულია

როგორია ირმა სოხაძის ყოველდღიურობა ბოლო პერიოდში, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე და რისი ყურება არ შეუძლია მას გულგრილად.

ირმა სოხაძე: ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, ჩემიც. გვეუბნებიან, რა შუაშია პოლიტიკა ხელოვნებასთანო, მაგრამ საკითხის ასე დაყენება ძალიან დიდი შეცდომაა. მე პოლიტიკოსი არ გავმხდარვარ, მაგრამ ჯერ მოქალაქე ვარ და შემდეგ მუსიკოსი. ჯერ ჩემი ქვეყნის ბედში უნდა გავერკვე და მერე ვიმღერო. როცა რაღაც ისეთი ხდება ქვეყანაში, რაც კატეგორიულად არ მესმის, მშვიდად როგორ ვიქნები?! როგორ შეიძლება, მოგწონდეს ბავშვების ცემა, სრულიად უსამართლოდ ციხეში გამომწყვდეული ადამიანები, ტირილსა და ვაებაში თვალებამოღამებული დედები. ომი ხომ არ არის, ხომ არავინ შემოგვსევია, ჩვენივე ხელისუფლება გვიკეთებს ამას. ამდენი ახალგაზრდა ციხეში, ამდენი დედაა გაუბედურებული და ამას ბოლო არ უჩანს. ხელისუფლება ერთ შემხვედრ ნაბიჯსაც კი არ დგამს. მოდი, დავუშვათ, ჩვენ ყველას შეგვეშალა, მეც, მათ შორის და ჩვენ მართლა ისევ ევროპისკენ მივდივართ, ანუ, არაფერი შეცვლილა. ხომ შეიძლება, ამიხსნა, დამელაპარაკო? რატომ მცემ, რატომ მიჭერ? რატომ მწამლავ?! უცნაური დამთხვევაა, მაგრამ 28 ნოემბრის, ანუ, ჩემი დაბადების დღის შემდეგ, მოვლენები ძალიან მძიმედ ვითარდება. ასეთი „საჩუქარი“ გამიკეთეს. მანამდეც იყო საუბრები, რაც ძალიან არ მომწონდა. მერე, გამჭვირვალობის კანონის შესახებ რომ დაიწყო საუბარი, რომ იტყვიან, გულმა რეჩხი მიყო. რომ ჰკითხო, ამბობენ, არ არის რუსული კანონიო. კი ბატონო, გამოვიძიოთ თუ ვინმე ჩვენი სახელმწიფოს გადაყირავებას აპირებს, თუ მტერი გვყავს ჩაბუდებული, გავიგოთ, მაგრამ რაც ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას და თუნდაც თავის თავს გაუკეთა, ამას რომელი შავი ფული იზამდა?! დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო დაგვემდურა, აღარ უნდათ, ჩვენთან საერთო ჰქონდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მათთან ურთიერთობის გასაფუჭებლად. შესაძლოა, იყო გაუგებრობები, ვიღაცას მოეჩვენა, რომ ზედმეტად ჩაერივნენ ჩვენს ცხოვრებაში, თითი დაგვიქნიეს, გვითხრეს, სახელმწიფოს უნდა დაემსგავსოთო ბევრი კომპონენტითო, მაგრამ ეს ჩვენთვის არის სასიკეთო. როცა მთელი ცივილიზებული სამყარო და მთელი ევროპა, საითაც, ვითომ, მიისწრაფვი ერთს გეუბნება და შენ მეორეს აკეთებ, რას ნიშნავს?! ბანერებზე ეწერათ, ღირსებით ევროპისკენო და ახლა, როცა ყველა გეუბნება, რომ ამ გზით ევროპისკენ ვერ წახვალ, რომ ეს კანონი ამ სახით ძალიან დამაზიანებელია, შენ კი დგახარ და არგუმენტი მომიტანეთო, გაიძახი. არადა, ამ დროს, თუ რეალურად გაინტერესებს, არგუმენტების მეტი რა არის, ეს რას ნიშნავს?! თუ არც შენიანს უჯერებ და არც ევროპას, აბა, ვის უჯერებ?! ახლა საერთოდ გაუგებარი მდგომარეობა გვაქვს, გული მისკდება, რომ სხვა დიდი ქვეყნების მოწყობის პროცესში, ჩვენ ხურდაში არ მიგვცენ რუსეთს, ამის წარმოდგენაც არ მინდა.

– ის, რაც გარშემო ხდება, ურთიერთობებზეც აისახა. საზოგადოება გაიყო, ახლობლებს შორისაც გართულდა ურთიერთობა. თქვენს შემთხვევაშიც მოხდა ასე?

– როგორ შეიძლება ეს ურთიერთობაზე არ აისახოს?! ისეთი საოცრებები ხდება, რომ მთავრობის კრიტიკა აღარ შეიძლება, დასჯადი გახდა, დაგიჭერენ ამისთვის. მხოლოდ ეს? უამრავი საშინელება ხდება და ვინც ამას ეთანხმება, ვინც ამას იღებსს პათოსით – „აბა როგორ გინდათ, სამაგიეროდ, მშვიდობა გვაქვს“ და მსგავსი აბსურდული მიდგომებით, როგორ შეიძლება, ის ისევ ჩემი მეგობარი იყოს?! მეგობარი არის თანამოაზრე, მათ ჩვენი კატეგორიული მიუღებლობა აქვთ, რადგან ჩვენს მხარეს ელემენტარული, ანბანური სიმართლეა. როცა სიმართლეს თვალებახვეული უყურებენ, როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას?! მაშინ, მოდი, პირდაპირ მიპასუხონ – არ გვინდა ევროპა? ევრაზიის კავშირი გვინდა? მითხარი ღიად და დავფიქრდები, მაგრამ მე ეს ნამდვილად არ მინდა. რა უნდათ, იმასაც ვერ ამბობენ. ვერბალურად ვერავინ ამბობს, ევროპა აღარ გვინდაო. მეუბნები, რომ ევროპა გინდა და აკეთებ ყველაფერს, რომ მასთან ბოლო გზა მოიჭრა. მარტო მათ ერთგულ ადამიანებზეა გათვლა, ვინც მეც თვალებში მიყურებს და შეგნებულად იტყუება?! როგორ არ გამიფუჭდეს ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან? უფრო მეტიც, მე აღარ მაინტერესებს ასეთი ადამიანები, ისინი ჩემი მეგობრები კი არა, ნაცნობებიც აღარ იქნებიან, იმიტომ, რომ თვალებში მიყურებენ და იტყუებიან.

– ბოლო პერიოდში თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი ეკავა ტელევიზიას და არ იქნებოდა მარტივი, მიგეღოთ გადაწყვეტილება, მას დამშვიდობებოდით.

– ნამდვილად არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. ტელევიზიიდან რომ ჩემი კოლეგები პროტესტის ნიშნად მიდიან, ვიღაცები აბსურდებს უწერენ – მედროვეებს უწოდებენ. მედროვე ის არ არის, ვინც აუტკივარ თავს იტკიებს და თავს ავნებს, მედროვე ისაა, ვინც ყველა დროში კარგს პოულობს პირადი გამორჩენისთვის, კარგად ცხოვრებისთვის. ბევრმა ჩემმა კოლეგამ დათმო ნებით ძალიან კარგი სამსახური და მე მათით ვამაყობ. ძალიან ძნელია, ჩვენს დროში ადგე და უცებ სახლში დაჯდე. პროტესტის ნიშნად მე ჩემი სტუდიაც დავხურე, საერთოდ, ყველაფერი გავაჩერე. არაფრის კეთება არ მინდა. ვისაც დღეს შეუძლია კონცერტებისა და მხიარული საღამოების გამართვა, ვითომც აქ არაფერი ხდება, რბილად რომ ვთქვა, მე იმ ადამიანების არ მესმის. ამიტომ მე ვერაფრით ვიქნები მათ ადგილას. რა გართობა და ტელევიზია?! ახლა ყველა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად უნდა ვიყოთ მომართული. როგორი სისულელეა! სადღაც ვიღაცამ რომ „ნაცი“ მიწოდა. სიცილით მოვკვდი. როგორ შეიძლება, მე „ნაცი“ მიწოდო? მაშინ რატომ იყავი ჩუმადო, დამიწერეს. ჩუმად როგორ ვიყავი, მაშინ მართლა ძალიან ძნელი იყო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ არაერთხელ დავაფიქსირე. 2004-ში, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიიდან წავედი. ოპოზიციის კვოტით, ბორდის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი „საზმაუში“. 2009-ში, ერთ წელიწადში წამოვედი, ისევ და ისევ პროტესტის ნიშნად. მეტი რა მექნა, რევოლუციას ნამდვილად ვერ მოვახდენდი, მაგრამ არც მაშინ გავჩუმებულვარ. ამიტომაც იყო, რომ ყველა შავ სიაში ვიყავი. ამიტომაც ვიყავი „ოცნების“ გვერდში მდგომი, რომ „ნაცები“ მოგვაშორეს. ბედნიერი ვიყავი, მეგონა, ნორმალური ხელისუფლება გვეღირსა და ევროპულ ოჯახში დავიდებდით ბინას. მე რომ ეს მეგონა, ამ დროს რა მოხდა, ყველაფერი პირიქით წავიდა.

ახლა რატომ უნდა გავჩუმდე, როცა რაღაც ძალიან არ მომწონს და უფრო მეტიც, შოკისმომგვრელი მოვლენები ხდება. ამიტომ ჩემი პოზიციის ცვლილება კი არ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, ჩვენი ხელისუფლების ცვლილება უნდა უკვირდეთ.

– ფაქტობრივად, ყველაფერზე უარი თქვით, რაც მანამდე თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ახლა როგორია თქვენი ცხოვრება?

– არ იცით, რა კარგი ყოფილა სახლში ყოფნა. მილიონი საქმე მაქვს. უფრო მეტი დრო მაქვს ჩემი შვილიშვილებისთვის. მეუღლეს, შვილებს ვჭირდები. ახლა სიმღერების ჩაწერაც დავიწყე. მოვიცალე ჩემი თავისთვის, ოჯახისთვის. ფეხით დავდივარ, ვვარჯიშობ, არაფერს ვიკლებ, რაც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

– მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

– მეუღლე კარგადაა. ეს შემოდგომა დატვირთული გამოვიდა. ჯერ ამერიკაში ვიყავი მეგობართან, კონცერტი მქონდა. ამდენი დრო არ მექნებოდა, ყოველდღიური სამსახური რომ მქონოდა. ამერიკიდან რომ ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ რეზოს ჯანმრთელობის მხრივ რაღაც გადასაკონტროლებელი იყო. თურქეთში გავიქეცით, შემდეგ – გერმანიაში და ყველაფერი გადასარევად გავაკეთეთ. რეზო ძალიან კარგად არის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოპერატიულად და დროულად გავაკეთეთ ყველაფერი. გეგონება, ღმერთი გვმართავდა, რომ ყველაფერი სწორად გაგვეკეთებინა და მისი წყალობით, ასეც გამოვიდა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა