ირმა სოხაძე: აღტაცებას იწვევს ჩემი ასაკი და სიამოვნებით ვამბობ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 27.12
როგორ შეხვდა ირმა სოხაძე 70 წელს, რისი დამსახურებით გამოიყურება ის საოცრად და როგორ ინარჩუნებს განწყობას სირთულეების მიუხედავად, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირმა სოხაძე: დაბადების დღე 28 ნოემბერს მაქვს. უნდა გამოვტყდე, რომ ეს დღე ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს. ადამიანს საკუთარი დაბადების დღე თუ არ გიყვარს, ალბათ, ვერავინ და ვერაფერი გეყვარება, მე ასე ვფიქრობ. მადლიერი ვარ უფლის, მშობლების, განგების, რომ ეს დღე არსებობს. რომ დავიბადე, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა.
წელს სულ სხვანაირად ვაპირებდი ამ დღის აღნიშვნას. საიუბილეო წელი მაქვს – 70 წლის გავხდი. არ ვიცი, როდის გავიდა ამდენი წელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია (იცინის). მინდოდა, ეს დღე დიდი კონცერტით აღმენიშნა, ჩემს მეგობარ კოლეგებთანთან ერთად, მაგრამ დღეს თუ ადამიანს ოდნავი ემპათიის გრძნობა მაინც აქვს და სოლიდარობის შეგრძნება ნულოვან ნიშნულზე არ აქვს დაცემული, არ უნდა უნდოდეს საზეიმო-საიუბილეო კონცერტის გამართვა. როდესაც ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, როდესაც ამდენი ცრემლშეუმშრალი დედა ელოდება სრულიად უდანაშაულო შვილის თავისუფლებას, შვილების, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდათ, ამ დროს, შენ ისე მოიქცე, თითქოს, არაფერი ხდება – ადგე და კონცერტი გამართო, ჩემი აზრით, არასწორი საქციელია. ასეთ დროს თითოეულ ჩვენგანს განსხვავებულად მოქცევა გვმართებს. არავის განვიკითხავ, მაგრამ ჩემთვის ასეა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წელს საიუბილეო კონცერტი არ გამომივიდა, სამომავლოდ გადავდე. ყველაფერი წინ არის. ნაჩქარევად და უდროოდ არაფერი ვარგა, მაგრამ კარგად მოფიქრებული და სწორ დროს შერჩეული, ყველაფერი კარგია. მე რამდენიმე ასეთი კონცერტი ადრეც გავმართე და ვფიქრობ, მინიმუმ, ერთ კარგ კონცერტს, სანამ ფორმაში ვარ და სურვილიც მაქვს, კიდევ გავაკეთებ.
– შეცვლილი გეგმით როგორი გამოვიდა წლევანდელი დაბადების დღე, როგორ შეხვდით 70 წელს?
– 70 წლის რომ ხდები, ან გრანდიოზული დაბადების დღე უნდა გადაიხადო, ან საერთოდ არაფერი უნდა გააკეთო. ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ქალაქიდან „გავპარულიყავით“ და ეს დღე ლიკანში აღგვენიშნა. ლიკანი ძალიან მიყვარს, ბავშვობა მეც იქ მაქვს გატარებული, რეზოსაც და ჩვენს შვილებსაც. საოცარი მოგონებები გვაკავშირებს ამ ადგილთან. ჩვენი უახლოესი მეგობრები ჩამოვიდნენ და თბილად და ტკბილად აღვნიშნეთ ეს დღე.
– ალბათ, კიდევ ცალკე ბედნიერებაა, უამრავი ადამიანი რომ გილოცავთ, ნაცნობი თუ უცნობი...
– კი, ეს კიდევ ცალკე თემაა. წელს მაინც საოცრებები ხდებოდა. ჩემს სოციალურ ქსელს რომ გადახედოთ, უამრავ მოლოცვას ნახავთ. რაც შევძელი, დავგულე, მაგრამ ვერ აუვედი, იმდენი მოლოცვა იყო. ადამიანები ისეთი სითბოთი და სიყვარულით მილოცავენ, ვფიქრობ ხოლმე, რით დავიმსახურე და რით გადავუხადო მადლობა ამ ადამიანებს ასეთი სიყვარულისთვის-მეთქი. ამ ბოლო დროს, ქუჩაშიც რომ გავდივარ, სასწაულები ხდება. მეფერებიან, მკოცნიან, სურათებს იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს უჭირთ და ათიდან შვიდ ადამიანს დატანჯული სახე აქვს, მაინც აქვთ სურვილი, რომ დადებითი ემოციები გამოხატონ, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ.
– როგორია თქვენი 70 წელი? გულწრფელად გეუბნებით, დაუჯერებელია, რომ 70 წლის ხართ...
– ყველა ამას მეუბნება (იცინის). იმასაც მეუბნებიან, დამალე ასაკი, მაინც არ გეტყობაო და რატომ უნდა დავმალო, რომ მეტყობოდეს, მაშინ დავმალავდი (იცინის). რადგან მოსწონთ და პირიქით, ჩემი ასაკი აღტაცებას იწვევს, სიამოვნებით ვამბობ, კი არ ვმალავ, პირიქით, აზარტში ვარ შესული, რომ მხნედ გამოვიყურები და სახეზე არაფრის კორექცია არ მაქვს გაკეთებული.
– ერთია, რომ გარეგნულად გამოიყურებით ძალიან ახალგაზრდულად და მეორე, ძალიან ენერგიული და ხალისიანი ხართ. არადა, ასაკთან ერთად, თითქოს, უფრო „მძიმდებიან“ ადამიანები. თქვენ როგორ შეინარჩუნეთ ეს ყველაფერი?
– პირველ რიგში, ალბათ, განწყობა. რომ ვთქვა, სულელივით სულ კარგ ხასიათზე ვარ და ყველაფერი მიხარია-მეთქი, ნამდვილად მოვიტყუები. იმდენი რამ ხდება გარშემო, რაც გულს მიკლავს, რომ ვერ აღგიწერთ, მაგრამ ოპტიმიზმსა და მადლიერების გრძნობას არ ვკარგავ. მგონი, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი „საიდუმლო“. გულში რომ ძირითადად, მადლიერების გრძნობა გაქვს, ალბათ, ეს გეხმარება. როგორ არა, ვიღაცებზე ვბრაზობ, მაგრამ თუ დამიჯერებთ, სხვისთვის ცუდი ფიქრშიც კი არ მისურვებია. შეიძლება, ძალიან ნაწყენი და იმედგაცრუებული ვიყო ადამიანზე, მეტიც, ძალიან გაბრაზებული, მაგრამ ბოროტება არ არის ჩემს გულში. შეიძლება, ესეც ერთ-ერთი მიზეზია. მადლიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთ იქნება.
– თუ გარეგნობაზე ვისაუბრებთ, გინდ დაიჯერონ, გინდ არა, როგორც თქვით, არაფერი გაქვთ გაკეთებული?
– მართლა ასეა. ბოტოქსი, ფილერი – ასეთი რამეები არ გამიკეთებია. ხანდახან სახის მასაჟი და კანის დატენიანება – კი ბატონო. ასაკს თავისი პლუსებიც ჰქონია და მაგალითად, ახლა სახის წმენდა იმაზე იშვიათად მჭირდება, ვიდრე ადრე. არანაირი ინვაზიური ჩარევისა და კორექციისთვის არ მიმიმართავს.
– ადამიანები მუდმივად ვიცვლებით, დრომ რა შეცვალა თქვენში?
– სამწუხაროდ, გადაფასებებიც მოხდა და ღირებულებების ცვლაც. ძალიან დიდი იმედგაცრუებაც ვიწვნიე, მათ შორის ძალიან ახლობელი ადამიანებისგანაც. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონეები რომ მეგონენ, სინამდვილეში ცარიელი და უემოციები აღმოჩნდნენ. სხვისი წუხილი არ აწუხებთ, სხვა პრიორიტეტები აქვთ. ამის დანახვის შემდეგ როგორ შეიძლება, შენი აღქმები და დამოკიდებულებები არ გადააფასო?! რა თქმა უნდა, შევიცვალე, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში, ისაა, რომ ირგვლივ არსებულმა დიდმა ბოროტებამ ვერ გამაბოროტა. ვინმე რომ ძალიან გამაბრაზებს ან მაწყენინებს, ერთი საათი ძალიან გაგულისებული ვარ, მაგრამ მერე გადის გულის ტკენა, სამაგიერო არასდროს არავისთვის გადამიხდია. შურიც არ ვიცი, რა არის. რაც მაქვს, იმით ვარ ბედნიერი. რაც შენი არ არის, იმას დრო თავისთავად გაშორებს. ძალიანაც რომ გინდოდეს შენარჩუნება, დრო თვითონ ცხრილავს ყველას და ყველაფერს, მათ შორის ხანდახან მეგობრებიც არიან, რაც საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია.
– დაბადების დღეზე განვლილი წლების შეჯამებისას, საკუთარი თავის მიმართ საყვედური მეტია თუ მადლიერების განცდა იმის გამო, რაც შეძელით?
– სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირადაა. 40 წლის რომ გავხდი, ძალიან ვსაყვედურობდი ჩემს თავს. ვერ აღგიწერთ როგორი უკმაყოფილიყო ვიყავი იმის გამო, რომ ჩემი ნიჭი და მონაცემები ვერ გამოვიყენე, რომ დრო გავფლანგე, რომ არაფერი გავაკეთე. ეს იმდენად ძლიერი შეგრძნება იყო, კინაღამ დეპრესია დამეწყო. მერე დავფიქრდი და თანდათან საკუთარი თავის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა დავიწყე, მივხვდი, იმას, რომ დიდ კარიერზე არ ვიზრუნე და რუსეთში არ წავედი, თავის მიზეზები ჰქონდა – ოჯახს ვერ დავტოვებდი. საქართველოში კი მუდმივად რაღაცას ვაკეთებდი: ვმუშაობდი ტელევიზიაში, გადაცემებს ვქმნიდი, ვწერდი სიმღერებს, ლექსებს, ვმართავდი კონცერტებს, მქონდა საბავშვო სტუდია. მეტი რა უნდა გამეკეთებინა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით?! ასე რომ, ნელ-ნელა საკუთარი თავის შექება დავიწყე და მოვიყვანე ხასიათზე (იცინის).
რაც ასაკი მემატება, მადლიერების გრძნობა ბევრად ჭარბობს ჩემში. მეტს ვიმსახურებდი, მეტი შემეძლო და ასე შემდეგ – სავსებით ადამიანური ფიქრებია, მაგრამ რეალურად, ალბათ, ყველა იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. საკუთარი თავის მიმართ საყვედურიც ყოველთვის შეიძლება, გაგიჩნდეს, მაგრამ რას ვიზამთ. კი, უარესადაც შეიძლებოდა და უკეთესადაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავის უმადურები ვიყოთ, ეს არაფრის მომცემი არ არის. მადლიერება და ზომიერება ყველაზე სწორი მგონია. მთავარია, ზედმეტი არ მოვინდომოთ.
ზოგადად, არ მიყვარს ამბიციური ადამიანები. მე თვითონ სრულიად უამბიციო ვარ. ეს შეიძლება, ცუდიცაა, ბევრ რამეში ამან ხელი შემიშალა, მაგრამ ცხოვრება ასე უფრო ტკბილია. ჩემს ბავშვობაში ამბიციური ადამიანი არ მიიჩნეოდა სამაგალითოდ, დღეს კი ეს სიტყვა კარგი გახდა – იყო ამბიციური, ახლა ნიშნავს, რომ წინსვლა გინდა. თავდაპირველი გაგებით კი ამბიციური ნიშნავდა ადამიანს, რომელსაც იმაზე მეტი უნდა, ვიდრე იმსახურებს და შეუძლია. გულწრფელად რომ ვთქვა, მე ეს არასდროს მომწონდა. შეიძლება, მაფერხებდა კიდეც ჩემი ეს თვისება, მაგრამ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ამ ხასიათის წყალობით განვლილი გზის. ნელ-ნელა მივდიოდი ჩემს გზაზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად – არც ჩემს საყვარელ საქმეზე მითქვამს უარი და არც ოჯახზე, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად ასეა და უფლის მადლიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე წარიმართა.
და ბოლოს, ამ საახალწლო პერიოდში მინდა, თითოეულ მკითხველს სიკეთე და სიხარული ვუსურვო. ყველაფერი ისე ჰქონოდეთ, როგორც მათ გულებს გაუხარდებათ მშვიდი და ბედნიერი ახალი წელი თითოეულ ჩვენგანს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





