ირინა ტორონჯაძე: იმდენად ბევრი რამ მქონდა მორთმეული, რომ დამეკარგა ფულის საჭიროების აღქმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:42 25.09

როგორია ირინა ტორონჯაძის დამოკიდებულება ფინანსებთან, რის შეცვლას ცდილობს ის საკუთარ თავში და რა ანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირინა ტორონჯაძე: ჩემი პირველი სამსახურებრივი გამოცდილება 25 წლის ასაკიდან დაიწყო. სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამ გზას არ გავყოლოდი. პროფესიის შეცვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ ჯერ სხვა მიმართულება არ მქონდა არჩეული და რადგან ჩემს განათლებასთან ყველაზე ახლოს ჯანმრთელობის დაზღვევა აღმოჩნდა, ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მენეჯერულ პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. პირველი ანაზღაურება 350 ლარი გახლდათ, რაც იმ დროისთვის ცუდი არ იყო, თუმცა, პირველი სამსახურით დიდი სიამაყის განცდა არ მქონია, რადგან ეს არ იყო ჩემთვის სასურველი სფერო. ვიცოდი, რომ იქ დროებით ვიყავი.
შემდეგ ხუთი თვით ბრიტანეთში წავედი. იქ ჰასტინგის საკრებულოში, მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი და ეს ჩემთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო. ვმუშაობდი იმიტომ, რომ მაინტერესებდა და არა იმიტომ, რომ ჩემი ფინანსური საჭიროებები უზრუნველმეყო. ხელფასისთვის მუშაობის უფლება არც მქონდა, ვიზიტორის ვიზით ვიყავი. საკრებულოს გარდა, ვიმუშავე კაფეში, სუპერმარკეტში და სხვათა შორის, ისიც გავიგე, რომ სალაროსთან მუშაობა ძალიან შრომატევადი ყოფილა. ამიტომ ერთ კვირაში დავემშვიდობე (იცინის). საქართველოში რომ დავბრუნდი, უკვე სხვა სადაზღვევო კომპანიაში გავაგრძელე მუშაობა.
– თუ გახსოვს, იმ პირველ ხელფასებს რა დატვირთვას ანიჭებდი და საკუთარი გამომუშვებული თანხის დახარჯვა რა განცდას განიჭებდა?
– რომ არ მოგატყუო, არ მქონდა ასეთი განცდა. მე ძალიან მაინტერესებდა ქალთა უფლებები, ვფიქრობდი, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა მეთქვა. ჩემი იდეალები მქონდა და სხვაგან ვიყავი. არც ხელფასი მაინტერესებდა. არ ვიყავი კმაყოფილი და საერთოდ, სამსახურში სიარული არ მინდოდა. ჩემთვის 9-დან 18 სააამდე მუშაობა დროის კარგვას ნიშნავდა, იმიტომ, რომ იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, ჩემი და მეუბნებოდა, წინ წახვალ, უფრო და უფრო მნიშვნელოვან პოზიციებს დაიკავებო, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებდა. სულ რომ აღმასრულებელი დირექტორი გავმხდარყავი, მაინც დეპრესიული განწყობა მექნებოდა. არც ხელფასი მაინტერესებდა და არც ამ მიმართულებით განვითარება. რაღაც მომენტში ვთქვი, ასე არ გამომდის, არც ამ სამსახურის მიმართ ვარ კეთილსინდისიერი, რადგან ჩემს რესურსს ბოლომდე არ ვახმარ და მეც დროს ვკარგავ-მეთქი.
გადავწყვიტე, ტელევიზიაში მომესინჯა თავი და ტელეკომპანია „მზეზე“ დავიწყე მუშაობა. ხელფასიც ნორმალური მქონდა და ჩემი ინტერესების მხრივ, პერსპერქიტივასაც ვხედავდი. „იმედშიც“ ვმუშაობდი, პროდიუსინგში. შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის პიარში გადავედი და იმ დროისთვის მართლა კარგი ხელფასი მქონდა, მაგრამ ჩემი გამომუშავებული თანხით სიამაყის განცდა მაშინ გამიჩნდა, როდესაც „რუსთავი 2-ში“ პროექტი დამიმტკიცეს და ჩემი გადაცემა დავიწყე. მაშინ მქონდა განცდა, რომ რაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი და შესაბამისად, ამ საქმისგან მიღებული ანაზღაურება სხვანაირად სასიამოვნო გახდა.
მე სამსახურებს შორის ყოველთვის დიდი პაუზები მქონდა. შეიძლება, ორ-სამწლიანიც კი. გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სანამ არ გამოჩნდებოდა პროექტი, რომელიც მართლა მაინტერესებდა, არ ვიწყებდი მუშაობას. უბრალოდ, ამის საშუალებას ოჯახი მაძლევდა. ჩემი ოჯახი განათლების სფეროშია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებლები არიან და მათი დამსახურებით, მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემს პროექტებზე მემუშავა, მეკეთებინა ის, რაც მაინტერესებდა და ყოველდღიურად არსებობისთვის საჭირო შემოსავალზე არ მეფიქრა. თუმცა, როცა ვმუშაობ და ჩემი საქმით მაქვს შემოსავალი, ბუნებრივია, ეს ჩემში მეტ კმაყოფილებას იწვევს. საკუთარი ფული მაინც სხვა არის, მაგრამ მხოლოდ ფულში არ არის საქმე, თვითკმაყოფილების განცდა მაშინ მაქვს, როცა შემოსავალს ჩემი საყვარელი საქმის კეთებით ვიღებ. ამ მხრივ, ბოლო პერიოდში, რაც პოდკასტების ჩაწერა დავიწყე, „იუთუბის“ ჩარიცხვები მახარებს (იცინის).
ვმუშაობდი „სფერო ჰოლდინგშიც“, სადაც მგონი, პოზიცია არ დამიტოვებია. წამყვანიც ვიყავი, პიარიც, ბორდშიც, აღმასრულებელი დირექტორიც. სადღაც მიხაროდა წინსვლა, მაგრამ როგორც კი აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობები დამეკისრა, მივხვდი, რომ ისევ მენეჯერულ პოზიციაზე აღმოვჩნდი, რაც არ იყო ჩემი და წამოსვლა მომიწია. ეკრანი, წამყვანობა, ბლოგერობა, აუდიტორიასთან ურთიერთობა – ეს არის ჩემი სივრცე. ცალკე აღებული ხელფასი ჩემთვის არ არის საინტერესო.
– რას ნიშნავს შენთვის ფული?
– ბოლო პერიოდში, ვცდილობ, საკუთარ თავში ფულის გაგება გადავათამაშო. თავს ვუმეორებ, რომ ფული არის ენერგია, თავისუფლების მომცემი, დასაფასებელი და კარგი (იცინის). იმდენად ბევრი რამ მქონდა მორთმეული, რომ დამეკარგა ფულის საჭიროების აღქმა. ჩემი ოჯახი მილიონერი არასდროს ყოფილა, მაგრამ რაც მქონდა, მორთმეული იყო. ვიცოდი, რომ ჩემს საარსებო მინიმუმს ჩემი ოჯახი უზრუნველყოფდა. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, ბევრ სტრესს გაშორებს. მეორე მხრივ, ინფანტილურს გხდის. ბევრი მეუბნება, რომ ხასიათშიც მაქვს შემორჩენილი ბავშვურობა და ინფანტილიზმი. მაგალითად, შეიძლება კონკრეტულ საქმეში სხვამ უდიდესი ძალისხმევა ჩადოს, მე კი რაღაც დავაკლო. ეს არ არის კარგი, მაგრამ საქმეს, რომელიც მიყვარს, ნამდვილად არაფერს დავაკლებ. მოკლედ, ახლა საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ფული ჩემს ფასეულობათა სისტემაში შევიყვანო (იცინის).
– როგორი მხარჯველი ხარ?
– იცოცხლე (იცინის). მე მიყვარს ფულის ხარჯვა. დამგროვებელი ნამდვილად არ ვარ. მიყვარს შოპინგი, დიდ სიამოვნებას მანიჭებს სამოსის შეძენა. ვერ ვიტყვი, რომ ბევრს ვხარჯავ, მაგრამ რაც მაქვს, იმას ვხარჯავ (იცინის). ზოგჯერ ძალიან მინდა, თანხის გადადება შევძლო, მაგრამ არ გამომდის.
– არც დიდი მიზნებისთვის?
– დიდი მიზნებისთვის დედაჩემი და მამაჩემი მიგროვებენ ხოლმე (იცინის). თუნდაც, სახლი ავიღოთ. ამიტომაც ვამბობ, ინფანტილურად ვარ გაზრდილი. აღვიქვამ, რომ ძალიან შვილიკოს ტიპაჟი ვარ. ჩემი და ჩემზე პატარაა, მაგრამ მე მასზე პატარად ვგრძნობ თავს. თითქოს, ოჯახში პატარა ბავშვის როლი მაქვს. სხვათა შორის, ჩემს ინფანტილიზმთან დაკავშირებით ფსიქოლოგთან მქონდა საუბარი და მითხრა: რატომ გინდა ამის შეცვლა, რა მოხდება, რომ ასეთი დარჩეო?! მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, საჭიროა ზრდა, მაგრამ ალბათ, ეს ძალდატანებით არ ხდება.
– ამდენი სირთულის ფონზე, ცხოვრება თუ რამეს მარტივად გაძლევს, რატომაც არა?
- კი, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს. მე ამ წუთას არ მაქვს მუდმივი სამსახური და მინდა, საყვარელი საქმით მქონდეს შემოსავალი, მენატრება ეს განცდა. ამ შეგრძნებას ვერაფერი გაგიჩენს. ათი იმდენი რომ მოგცეს მშობელმა, ეს განცდა მაინც არ გექნება. ეს მინდა, მაგრამ ამის გამო კომპრომისზე ვერ მივდივარ. ვეძებ პროექტს, რომელიც საჩემოა, რომელზე მუშაობაც სიამოვნებას მომანიჭებს და თან, ანაზღაურებადი იქნება. ამ პროცესში რაც მომინდომებია, ყველაფერი გამომსვლია, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი დრო გამიტარებია პასიურად. ამ პასიურობას მორთმეული ფული ასაზრდოებს, ეს არის ცუდი, თორემ თუ შენ მორთმეული შესაძლებლობებით პასიურობას არ გამოკვებავ, მაშინ კარგია. ეს დიდი ცდუნებაა და უნდა შეძლო, თავს აჯობო. ადამიანი ასეა მოწყობილი, სჭირდება პატარა სტრესი, რომ მოტივირდეს.
– სარფიან დაბანდებასა და „გადაყრილ ფულზე“ რა გახსენდება?
– თუ რამე დიდი შენაძენი გაგვიკეთებია, მაგალითად, სახლი, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. მანქანა ლევანის მშობლებმა გვაჩუქეს. ყველა დიდი შენაძენი მშობლების დამსახურებაა და მე ამისთვის არაფერი გამიკეთებია, თუმცა, დიდი თანხაც არაფერში გადამიყრია.
– როგორ ფიქრობ, ცვლის ფული ადამიანებს?
– თანამედროვე ადამიანის ფორმირებაზე ძალიან იმოქმედა კაპიტალიზმმა და თავსმოხვეულმა ფსევდოფასეულობებმა. დღევანდელობას ფრომისეული კონცეფციის – „მე მაქვს თუ მე ვარ?“ – კუთხით თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ „მე ვარ“ დაიკარგა. ადამიანები გიყურებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს მხოლოდ რაღაც სარგებლისთვის აკეთებ. თუ ბოლომდე ჩაეძიები, ეს სარგებელი ფული აღმოჩნდება. ბევრს არ ესმის, რომ შეიძლება, უბრალოდ, შენს ყოფიერებას დღესასწაულობდე. სამყარომ ხელფასისთვის ხომ არ გამაჩინა?! „ვარ“ – ეს არსი მიჩქმალულია, ამის გაგება დაკარგა თანამედროვე ადამიანმა. „რა მაქვს“ – დღეს მხოლოდ ეს არის ინტერესის საგანი, თვითღირებულებას ამას უკავშირებენ. „მაქვს“ კონცეფციას ბოლო არ აქვს. შენ თუ თვიღირებულება ადამიანურ კატეგორიაში არ გაქვს და მხოლოდ ქონებით საზღვრავ, ეს ძალიან არასწორი მგონია. ეს გააკეთა კაპიტალიზმმა – ადამიანი ქონებამდე დაიყვანა. თავისთავად ქონება ცუდი არ არის, ძალიან კარგია, მაგრამ აღრევა არ უნდა ხდებოდეს. „მე ვარ“ – ეს შეგრძნება არ უნდა დავკარგო, ქონებამ არ უნდა გადამძლიოს. არ არსებობს ქონება, რომელიც მაგარს გაგხდის, თუ „ვარ“ შეგრძნება არ გაგაჩნია.
მე მეორე უკიდურესობაში ვარ და ჩემი ტიპის ადამიანისთვის, ალბათ, პირიქით, სჯობს ფულის დაფასება ისწავლოს. ჩემთვის უმჯობესია, „მაქვსზე“ გადმოვერთო და ქონების მნიშვნელობაზე დავფიქრდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან