შოუბიზნესი

ირინა ბაირამაშვილი: მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გარისკული

№18

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 10.05, 2022 წელი

ირინა ბაირამაშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ირინა ბაირამაშვილთან👇

სახელი: ირინა.

გვარი: ბაირამაშვილი.

პროფესია: მუსიკოსი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების ბავშვი ვარ, მთელი ჩემი ბავშვობა ძალიან კარგი იყო. დავიბადე და გავიზარდე საგარეჯოში, სადაც, თბილისთან შედარებით, განვითარების ნაკლები შესაძლებლობა გვქონდა. ვერ ვივიწყებ იმ პერიოდს, როცა რობერტ ბარძიმაშვილმა საგარეჯოში გახსნა სტუდია და მასთან მივედი, სწორედ მაშინ ვეზიარე მუსიკას. ჩემთვის დაუვიწყარია მეცხრე კლასი, როცა უდიდესი სამეგობრო მყავდა: გამორჩეულები, ნოვატორები, ხალისიანები, ლამაზები. ჩვენზე ამბობდნენ ხოლმე: ქუჩაში რომ მოდიან, მომენტალურად ქარი ამოვარდებაო. დავშრიალებდით მთელ რაიონში...

– მშობლების როლი...

– 4 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და დედას დღემდე ვეუბნები: ჩემი დედ-მამა ხარ-მეთქი. ამ 4 წლის განმავლობაში მამამ ძალიან კარგად დამამახსოვრა თავი, არ ვიცი, ეს როგორ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ 31 წელი იცოცხლა ისეთი კარგი სახელი და სიყვარული დატოვა, რომ მთელი ცხოვრებაა, მომყვება. წლების განმავლობაში მისი მეგობრები მიყვებოდნენ მამას შესახებ და მგონია, 4 წელი კი არა, მთელი ცხოვრება ვიცნობდი. დედა 31 წლის დაქვრივდა და საკუთარი თავი ჩვენ მოგვიძღვნა – მე და ჩემს დას. ერთხელ ვკითხე: დე, რატომ არ თხოვდები-მეთქი, მომიბრუნდა და მითხრა: მე მამაშენი მიყვარსო. ამის შემდეგ ამ თემაზე ხმა აღარ ამომიღია. დედამ მომცა სრული თავისუფლება. ყოველთვის მენდობოდა და შესაბამისად, შეზღუდვები არ მქონია. მე და ჩემს დას უმამობა და რაიმეს დანაკლისი არ გვიგრძნია.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– მახსოვს 3 წლის ვიყავი, როცა უკვე გამართულად ვმღეროდი. ძალიან ადრე დამიწყია ლაპარაკიც და სიმღერაც. თავიდანვე მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, სწავლა კი არ მიყვარდა.

– ჩემი მეტსახელი...

– ფრთოსანს მეძახიან. ფრინველია ფრთოსანი, მეც სულ დავფრინავ და ამიტომ დამარქვეს. ერთ დღეში შემეძლო წავსულიყავი ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და სახლში დავბრუნებულიყავი, ამიტომ დამარქვეს ეს მეტსახელი.

– ადამიანში ვაფასებ...

– სიკეთეს. როცა კეთილი ხარ ადამიანი, არ არსებობს ერთგული არ იყო. როცა სიკეთე არ გაქვს, აკეთებ საშინელებებს, ავნებ სხვას. ცხოვრებაში ამის ბევრი მაგალითი მქონია და მიფიქრია, როგორ გააკეთა ეს, როგორ თქვა ეს-მეთქი.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვინც რაღაცებს თმობს მიზნისთვის. წარმატებული ვერ იქნები, თუ მხოლოდ ოჯახზე გააკეთებ ორიენტირებას. კარიერაში წარმატებული იყო და თან, სხვა მხრივ, ყველაფერი მოგვარებული გქონდეს, ასე არ ხდება. საკუთარი მაგალითიდან რომ ვთქვა, მქონდა შემოთავაზება, უცხოეთში წავსულიყავი და იქ მეცხოვრა, მემუშავა ჩემი პროფესიით, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ დავთმე ოჯახი, შვილები, მეუღლე – მათ გარეშე არ მინდა წარმატება. ამიტომ ვამბობ, წარმატებული ადამიანები რაღაცებს თმობენ წინსვლისთვის.

– მწამს...

– ყველაფრის, რაც ღმერთისგანაა გამოგზავნილი. რასაც სამყარო მიგზავნის, ცუდია თუ კარგია, ყველაფრის მწამს.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ეს ძალიან პირადულია, ჩემი ღმერთი არის უზომოდ მეგობრული და უშუალო, ჩვენ გვესმის ერთმანეთის, ვმეგობრობთ, ვძმაკაცობთ და რაღაც კდემამოსილება არ მაქვს მის მიმართ. კარგი მეგობრები ვართ და ისიც ყველაფერს მისრულებს.

– მეშინია...

– ომის მეშინია ძალიან, ღმერთმა იმდენად დაგვანახვა, რა საშინელებაცაა, ძალიან შევშინდი და მივხვდი, რომ არაფრის მეშინია ომის გარდა: არც გაჭირვების, არც შიმშილობის, არც უფულობის, მხოლოდ ომის.

– ვრისკავ...

– სულ. ძალიან რისკიანი ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გარისკული. ოღონდ გამოუსწორებელ რისკებს არ ვაკეთებ. როცა რისკზე მივდივარ, ვიცი, რომ ეს ნაბიჯი მიღირს.

– ვერიდები...

– ჭორიკანა ადამიანებს. ადამიანი რომ ჭორაობას იწყებს, მაშინვე ვცდილობ, გავერიდო. მივხვდი, რომ ასეთები ძალიან მაღიზიანებენ.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ნამდვილი ადამიანების დანაკლისი მაქვს, რადგან ძირითადად, ნიღბებით დადიან და თამაშობენ. ბოლო პერიოდში ცოტა ადამიანი შემხვდა ალალი, გულწრფელი, ნამდვილი... მეც არ ვარ ანგელოზი, მეც მითამაშია, ისე, როგორც ყველას, მაგრამ ამ თამაშს თავისი ზღვარი უნდა ჰქონდეს. სიყალბე არ უნდა გეტყობოდეს და დღეს ეს სიყალბე, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია.

– რთული პერიოდი...

– ჩემს ცხოვრებაში სულ რთული პერიოდებია. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ყოველთვის სირთულეებს გავდივარ, თუმცა ღმერთს მადლობა, ისეთი რთული სიტუაცია არ მქონია, რომ მდგომარეობიდან ვერ გამოვსულიყავი.

– სიყვარული...

– კალთაზე რომ მიზის ჩემი შვილი, ესაა სიყვარული. სიყვარულია ჩემი ოჯახი, შვილები, ქმარი და ის, რასაც სამყარო მაძლევს.

– დრო და სიყვარული...

– ინდივიდუალურია, ჩემს შემთხვევაში ძლიერდება. ჩემს ქმარს ვეუბნები ხოლმე, არ ვიცი ამაზე ძლიერი როგორი უნდა იყოს სიყვარული-მეთქი. გიჟივით ძლიერდება ჩემთან, თუმცა ზოგთან პირიქითაა. ამიტომ ეს ყველაფერი ორ ადამიანზე და მათი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ვიდრე დავოჯახდებოდი და სიყვარული მეწვეოდა, ბევრ რამეზე ვამბობდი, რომ ვერ ვაპატიებდი. თურმე წინასწარ ასეთი რაღაცები არ უნდა თქვა. ახლა ადამიანს უმიზეზოდ ჩემს წყენინებასა და ჩხუბს არ ვაპატიებ.

– შემშურებია...

– არასდროს. არ მიყვარს, როცა ამბობენ, კეთილი და ბოროტი შურიო, შური შურია, რა მნიშვნელობა აქვს როგორია ის. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სიმდიდრე, ფული და მანქანა არ აბედნიერებს, თუმცა, რომ მქონდეს, ძალიან კარგი იქნება. გამიხარდება, მეუღლემ, სიტყვაზე, ჰავაის კუნძულებზე რომ გამიშვას, მაგრამ ეს არ მაქვს ნატვრად. ამიტომ ვისაც ჩემზე კარგი მდგომარეობა აქვს, არავისი მშურს.

– სამაგიეროს გადახდა...

– მიცდია. მითქვამს, მოვა დრო, როცა ამას ამით დავუმტკიცებ და ვაჩვენებ-მეთქი. მქონია მომენტი, როცა მეგობრისთვის ბევრი რამ მიპატიებია, ან რომ არ მოელოდა და წამიერად გამიქრია ჩემი ცხოვრებიდან. ვერძი ვარ ზოდიაქოთი და ეს ჩემი თვისებაა.

– ბოდიშის მოხდა...

– ყველაზე მეტად არ მიჭირს. თუ ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, შემიძლია, 100 ბოდიში მოვიხადო ერთად.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– დედაჩემი და ყველა მეუბნება, ისეთი ცხოვრება გქონდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ ასეთი დედა იქნებოდიო. უცებ რომ დავოჯახდი, ორი ბიჭის დედა გავხდი, თან გიჟი დედა. ყველაფერს საკუთარ თავზე რომ ვიღებ, ჩემგან ამას არავინ მოელოდა. ჩემმა პირადმა ცხოვრებამ და შვილებმა შემცვალეს.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– მეცხრე-მეათე კლასში ვიყავი, როცა ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო კონკურსში გავედი. დამიწუნეს. ხელმძღვანელებთან დავარეკინე ჩემს ახლობლებს, მაინტერესებდა, რა არ მოეწონათ, რომ მერე გამომესწორებინა. ძალიან უცნაური მიზეზი მითხრეს: გვარი არ მოგვეწონაო. მოკლედ, გვარიშვილობა დამიწუნეს (იცინის). იმ პერიოდში დავკომპლექსდი, გარდატეხის ასაკმაც თავისი ქნა და ცუდად ვიყავი. მაშინ საგარეჯოში ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ბანაკი გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი, მეც წავედი. მკითხა, რა მჭირდა და ეს ყველაფერი მოვუყევი. ამ ქალმა მითხრა: ირინა, ერთი რამ დაიმახსოვრე, მსგავსი რამ ხდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამიტომ თუ ერთი კარიდან გამოგაგდებენ, სხვა კარიდან უნდა შეხვიდე, სახლს მარტო ერთი კარი არ აქვსო. ის დღე იყო და ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არაფერი მწყენია, ყოველთვის მქონდა მიზანი, თუ პირველ ჯერზე არ გაამართლებდა, მეორედ ვცდილობდი. ამ ყველაფერმა გამხადა თავდაჯერებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი