ინდირა ჯგერნაია: მე თუ რამე დავისახე მიზნად, დამთავრებულია, ან ყველაფერი, ან არაფერი - მარცხი არ მაქვს ცხოვრებაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 10.07

ინდირა ჯგერნაიას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ინდირა ჯგერნაია?
ინდირა ჯგერნაია: ინდირა ჯგერნაია არის პატარა გოგო, რომელსაც ბევრი ოცნება ჰქონდა და თუკი რამე დარჩა მისი ბავშვური ოცნებებიდან ასასრულებელი, ცდილობს, რეალობად აქციოს. გულის სიღრმეში შეიძლება, ისევ ბავშვია, მაგრამ თან, ძალიან ძლიერი და შრომისმოყვარე ადამიანია.
– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?
– „ლაქშერულ“ ცხოვრებაზე არ ვოცნებობ. ყველა ქალს სიამოვნებს რაღაც დოზით კეთილდღეობა, მაგრამ ჩემთვის საოცნებო ცხოვრება მატერიალურ მხარესთან არ ასოცირდება. ღმერთმა უკეთ იცის, ჩვენთვის როგორი ცხოვრებაა უკეთესი. მე მადლიერი ვარ უფლის და მხოლოდ იმას შევთხოვ, რომ გარშემო ყველა ჯანმრთელად მიმყოფოს. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მით უმეტეს, რაც დედა გავხდი, მას შემდეგ, ყოველთვის, როცა ეკლესიაში შევდივარ, სანთელს ვანთებ და უფალს ყველას ჯანმრთელობას ვთხოვ.
– ოდესმე გიკეთებია საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა?
- შეიძლება, მოგვიწიოს ისეთი რაღაცების კეთება, რაც საერთოდ არ გვეხატება გულზე, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება. ადრე ამას ვერ ვიგებდი და შესაბამისად, ასეც არ ვიქცეოდი. სანამ ასაკი და გონება არ მომემატა, ჩემთვის დიპლომატია უცხო იყო. ძალიან გულახდილი და პირდაპირი ვარ, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და ეს თვისებები სხვანაირად მოქცევის საშუალებას არ მაძლევდა. დროთა განმავლობაში ვისწავლე, როდის რისი გაკეთებაა საჭირო.
– რამდენად გულჩვილი ხარ?
– ბოლო პერიოდში იმდენად გულჩვილი გავხდი, რომ ელემენტარულ რამეებზეც კი ცრემლებს ვღვრი და ვეღარაფერი მაჩერებს (იცინის). ადრე არ ვიყავი ასეთი, მაშინვე არ გამოვხატავდი ემოციებს, გულში ჩავიხვევდი და გვიან-გვიან ვიცოდი დარდი და განცდები.
ამას წინათ მეთორმეტეკლასელების ბანკეტზე ვიმღერე. ძალიან ემოციური იყო, გული სწყდებოდათ, სკოლა რომ დაამთავრეს. თან, დედამ, რომელიც თავად ამერიკაში იყო შვილს სიურპრიზი გაუკეთა ჩემი სახით, თურმე, ძალიან ვყვარებივარ მის შვილს. დედას ვფიცავარ, ისე ტიროდა, ვემუდარებოდი, გაჩერდი, თორემ სიმღერას ვეღარ გავაგრძელებ-მეთქი, მეც ნიკაპი მიკანკალებდა ემოციებისგან და ახლა თუ ტირილი დავიწყე, დილამდე ვეღარ გამაჩერებთ-მეთქი (იცინის).
– რას გააკეთებდი, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგო?
– ისეთ საქმეში დავხარჯავდი, რაც სამომავლოდაც დარჩებოდა. ძირითადად, განათლებაში ჩავდებდი. ჩემს სტუდიას გავაფართოებდი, დღეს ამას მცირე მასშტაბებით ვაკეთებ, მაგრამ თუ ამდენ ფულს მოვიგებდი, უამრავ ბავშვს, რომლებსაც მატერიალური საშუალება არ აქვს, მაგრამ მუსიკალური სმენა და საჭირო ნიჭი აქვს, შანსს მივცემდი, წარმატებული მომავალი შეექმნა. მხოლოდ მუსიკალურ მიმართულებაზე არ ვიზრუნებდი, გავაბედნიერებდი ყველა იმ ბავშვს, ვისაც ნიჭი აქვს, მაგრამ შესაძლებლობა – არა.
– საკუთარი თავისთვის რას გააკეთებდი?
– რა მაკლია? „ფერარით“ თუ არ ვივლი რა? „ლექსუსით“ რომ დავდივარ, რამეს ვაშავებ?! სიმდიდრეზე არ ვარ გაგიჟებული. კარგი ცხოვრება კარგია, მაგრამ ბევრი პრობლემაც მოჰყვება. შეიძლება, შორიდან კარგი ჩანს, მაგრამ რეალურადაც ასეთია? – ეს უკვე სხვა ამბავია. მილიონი შეიძლება, დღეს გქონდეს, ხვალ არა. ღმერთმა იმდენი მომცეს, რამდენიც აუცილებელია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მე ეს ბედნიერად მამყოფებს.
– წარსულიდან რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?
– აბსოლუტურად არაფერს. არის რაღაცები, რაზეც გარემო პირობები გაფიქრებინებს, რომ ასე არ უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტად საკუთარ თავს უნდა ენდო. ამის გააზრებას ასაკი სჭირდება. პატარა რომ ხარ და გარშემო ყველა გიჩიჩინებს, როცა ყველა გასწავლის, რა და როგორ გააკეთო, სხვისი გავლენის ქვეშ ექცევი, მაგრამ როცა უკვე შენი თავის მოსმენას სწავლობ, როცა საკუთარი თავი იმედებს გაგიმართლებს, უკვე მისი ნდობაც გაქვს. დღეს უკვე ვამბობ, რომ საკუთარ თავზე კარგი მეგობარი მე არ მყავს. ვგიჟდები მარტო დარჩენაზე. სიჩუმე და ფიქრი საოცრად მეხმარება. მარტო მგზავრობა ჩემთვის ერთი სიამოვნებაა, იმიტომ, რომ ამ დროს აზრებს ვალაგებ გონებაში. ასეთი განმარტოება მჭირდება. მე წარსულში რომ არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე, დღეს ეს ადამიანი ვერ ვიქნებოდი. სადმე თუ რამე შეცდომა დავუშვი, მისი გამოსწორებაც ვისწავლე. ვინც მიცნობს, იციან, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ, ვერ ვიტან უსამართლობას და თუ რამეს ვაკეთებ, ესე იგი, ასე ვთვლი საჭიროდ და მერე არ ვნანობ.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი შვილის – ანდრიას გაჩენაა. ბევრი სირთულე გამოვიარე, როგორც ხდება ხოლმე ფეხმძიმობისას, მერე ღამის თენება და ასე შემდეგ, ახლა უკვე სწავლის ფერხულში ვართ ჩართულები და ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ დიდი გამარჯვებები ერთად ვიზეიმოთ.
მარცხი არ მაქვს ცხოვრებაში. გულახდილად რომ ვთქვა, ასეთად არაფერს მოვიაზრებ. შეიძლება, ვთქვა, ვიღაცას ვაწყენინე და ამას ჩემს მარცხად ვთვლი-მეთქი? არა, ასე არ არის. თუ ვინმეს კარგად არ მოვექეცი, ეს იმიტომ, რომ დაიმსახურა (იცინის).
დასახულ მიზნებს რაც შეეხება, არც აქ დავმარცხებულვარ. თუ რამე ძალიან მინდა, ის აუცილებლად გამოდის. ჩემი და „ჯეოსტარის“ მაგალითი ავიღოთ. კარიდან მაგდებდნენ, ფანჯრიდან შევდიოდი (იცინის). მე თუ რამე დავისახე მიზნად, დამთავრებულია – ან ყველაფერი ან არაფერი და აუცილებლად ყველაფრით ვასრულებ. შეიძლება, წლები დამჭირდეს, მაგრამ მებრძოლი ბუნება მეხმარება მიზნის მიღწევაში.
– რა გსმენია საკუთარ თავზე გამორჩეულად კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ნეგატიური, რამაც გული გატკინა?
– კარგი ძალიან ბევრი მესმის ჩემი გულშემატკივრებისგან და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზეც უამრავ კომპლიმენტსაც ვკითხულობ. იმდენ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ, გული მითბება. ისეთ შეფასებებს ვიღებ, თვითონ რომ ვერ ვიფიქრებდი საკუთარ თავზე, მაგრამ პარალელურად, იმდენი ცუდი იწერება...
ბოლოს გადაცემაში ვიყავი ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად და ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში: რანაირად გასუქებულხარ, რა კარგი გოგო იყავიო (იცინის). იმ მომენტში კი ვიცინე, მაგრამ მერე ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე. ჯერ ხომ ეკრანი გვმატებს კილოგრამებს, მერე ისედაც მომატებული ვიყავი და ამ ადამიანის ცუდი სიტყვები საჩემოდ გამოვიყენე. მე ნეგატიურსაც პოზიტიურისკენ ვატრიალებ. დავიწყე ვარჯიში და სწორი კვება (იცინის). ან საჩემოდ გამოვიყენებ ასეთ კომენტარს, ან ასეთებზე იმუნიტეტი მაქვს. მივეჩვიე, ვიღაც ცილს დაგწამებს, ვიღაც ჭორს გაგივრცელებს. ვიღაც რომ ცდილობს მეასედ მომიტანოს ამბად, ვინ რა თქვა ჩემზე, პირდაპირ ვეუბნები, შენ თუ კიდევ ერთხელ მოიტან ჩემამდე ათას ტყუილს, შენც ჩემი მტერი ხარ, რადგან ცდილობ, წყობიდან გამომიყვანო-მეთქი. არ მაინტერესებს ასეთი საზოგადოება და ასი მეტრის რადიუსში არ ვიკარებ ადამიანს, ვინც მოვა და სანერვიულოს მომიტანს, თან არარეალურს.
– შენთვის ყველაზე დიდ შიშთან რა ასოცირდება?
– ადამიანების დაკარგვის შიში. ახლობლის სიკვდილი მანგრევს და მანადგურებს. მერე კარგა ხანი სტრესიდან ვერ გამოვდივარ. ბოლო პერიოდში მხოლოდ პანაშვიდებზე დავდივარ, დაკრძალვაზე – ვეღარ, მიცვალებული რომ არ დავინახო, თორემ ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. დაკრძალვაზე არ მოვიდაო, წყენამაც მოაღწია ჩემამდე, მათიც მესმის, მაგრამ მერე მე აღარ ვვარგივარ, ვნადგურდები.
კიდევ ბოროტი ადამიანების შიში მაქვს, უფრო სწორად, მათთან სიფრთხილეს ვიჩენ, რადგან ასეთი ადამიანი ბედნიერებას არ შეგარგებს.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?
– ვამაყობ იმით, რომ 33 წლის ასაკში ამ „გაბოროტებულ სამყაროში“ შევძელი, ადამიანად დავრჩენილიყავი. მე და ღმერთმა არაერთ ომში გავიმარჯვეთ. საკუთარი თავი და ღმერთი, მეტი არავინ გჭირდება იმისთვის, რომ გამარჯვებული გამოხვიდე ნებისმიერი სიტუაციიდან და ადამიანად დარჩე. მე ეს კარგად ვიცი და ჩემს შვილსაც ამას ვასწავლი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან