ია შუღლიაშვილი: როცა ტყუილს ვგრძნობ, იქ ყველაფერს ვკეტავ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:15

ია შუღლიაშვილის"უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ია შუღლიაშვილი?
ია შუღლიაშვილი: მსახიობი, ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის საქმე და ოჯახი.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ასაკთან ერთად, სიმშვიდეს ვანიჭებ უპირატესობას. მინდა, მშვიდად ვიყო, რომ ჩემი საქმე კარგად ვაკეთო. კომფორტში ვიყო საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. მოგეხსენებათ, ცოტა არეულ დროში ვცხოვრობთ და ეს აუცილებელია.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– მნიშვნელოვანი არაფერი მახსენდება, მაგრამ ალბათ, შემისრულებია დავალება, რომელიც დიდად არ მეხალისებოდა, თუმცა საჭირო იყო. სპეციალობის მხრივ თუ შევხედავთ, არასდროს მიკეთებია საქმე, რომელიც არ მიყვარდა. ყოველთვის იმით ვიყავი დაკავებული, რაც მე თვითონ ავირჩიე.
– რამდენად გულჩვილი და ემოციური ხართ?
– გულჩვილი ვარ, მაგრამ ეს გარედან თითქმის არასდროს ჩანს. ძალიან თავშკავებული ვარ, როცა საქმე ემოციებს ეხება, სიხარულსაც და მწუხარებასაც შიგნით განვიცდი. ყველაფერი ჩემში გადამაქვს, არ მინდა, ეს სხვისთვის იყოს დასანახი, რომ ვინმე არ შევაწუხო. არ მიყვარს სხვისთვის ჩემი ემოციების არც თავს მოხვევა და არც, უბრალოდ, ჩვენება. ეს ჩემია და ჩემთან უნდა დარჩეს. არის ერთი ორი ახლობელი ადამიანი, რომელიც შეიძლება, რთული პრობლემის გადატანაში დამეხმაროს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ძირითადად, ყველა პრობლემას მე თვითონ ვწყვეტ და ვუმკლავდები, თუნდაც, ემოციურ დონეზე. სანამ თვითონ არ მოიფიქრებ, როგორ გადაწყვიტო ესა თუ ის სირთულე, არაფერი შეიცვლება. სხვისი რჩევები დამხმარე კომპონენტებია, მაგრამ გადაწყვეტილება ყოველთვის თვითონ უნდა მიიღო. მე ასე მგონია.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა ჩემს თავს – სამი თვის წინ ძმა გარდამეცვალა და მაშინ ვიტირე.
– რას გააკეთებდით, ახლა ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?
– არ მინდა ლატარიაში მოგება (იცინის). რეალურად რომ მქონდეს დიდი თანხა, მერე დავგეგმავდი როგორ დამეხარჯა, ასეთ თემებზე არ ვოცნებობ. რაც გამაჩნია, იმით ვკმაყოფილდები. რა თქმა უნდა, მაქვს მეტის სურვილი, მაგრამ არა ძალიან გადაჭარბებული. თუ იქნება ასეთი რამ, პირველ რიგში, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარები. ზოგადად, ამ ტიპის ოცნებები არ მახასიათებს, თორემ კონკრეტული გეგმები – როგორ არა.
– გიოცნებიათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი?
– საერთოდ, ცნობადობა ჩემი მიზანი არ არის, უბრალოდ, საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ, პროცესში თავისთავად გხდის ცნობადს. მსოფლიოს მასშტაბის ცნობადობა, ალბათ, სასიამოვნოა, იმიტომ, რომ ყველასთვის მისაღები ხარ, თუმცა, არა იმიტომ, რომ პრივილეგიები გქონდეს. მეორეს მხრივ, მგონია, რომ ეს ტვირთიცაა. მსოფლიო ცნობადობას მირჩევნია, მსოფლიო მოვიარო (იცინის).
– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?
– არის რაღაც, რასაც ნაწილობრივ ვნანობ, მაგრამ ალბათ, ეს ჩემი ხასიათია და სხვანაირად ვერც იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ზედმეტად მორიდებულება არ არის კარგი. არც ზღვარგადასულობაა საჭირო და კარგი, მაგრამ ზედმეტი მორიდება, რაც ხელს გიშლის თამამი ნაბიჯების გადადგმაში, დამაბრკოლებელია. შეიძლება, ეს შემეცვალა ჩემს თავში, თუმცა, ალბათ, ვერ შევცვლიდი და ისეთივე დავრჩებოდი, როგორიც ვარ.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...
– საერთოდ, ვცდილობ, უხერხულ სიტუაციებში არ მოვხვდე და კურიოზებიც დიდად არ მქონია. ასეთ დროს, სულ ის მახსენდება, რომ ერთ-ერთი სპექტაკლის დროს, სცენის ქვეშ ლუქში უნდა ჩავსულიყავი. კიბეზე წავიქეცი და მუხლები გადავიყვლიფე. შემდეგ სცენაზე რაც უნდა გამეკეთებინა, ისეთი ემოციებით შევასრულეეე, სულ მუხლები მიკანკალებდა (იცინის). მაყურებლისთვის უფრო ემოციური სცენა გამოვიდა. დრამატული სცენა იყო და მოუხდა ბუნებრივი ტკივილი (იცინის).
– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ პაემანზე?
– ადრე კარგად არ ვიცნობდი ქართულ ფილმებს. ჩემმა მომავალმა მეუღლემ კი ძალიან კარგად იცოდა ფრაზები ფილმებიდან და ზოგადად, გამოთქმები. ერთხელ პაემანზე მითხრა, გუშინ დედაჩემი ისე ცუდად იყო, კინაღამ წერილი წაიღოო. რა ეწერა იმ წერილში-მეთქი, ვკითხე (იცინის).
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ, 6-7 წლის და ბებიამ თავის მეგობართან წამიყვანა, რომელსაც სხვადახვანაირი, პატარა ზომის ქოშების კოლექცია ჰქონდა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა პატარა ნივთები: თოჯინები, სათამაშოები, ფანქრები და ასე შემდეგ და მინდოდა, ყველა პატარა ნივთი ჩემი ყოფილიყო. ჰოდა, ერთ-ერთი ქოში მოვიპარე და ჩუმად წამოვიღე. მერე, რა თქმა უნდა, გამიგეს, იმ ქალბატონს გაეცინა, ნივთი თავის ადგილზე დაბრუნდა, მე ცოტა დამტუქსეს, თუმცა, ძალიანაც არა, ისევ იმ ქალბატონის თხოვნით (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და თუ შეგიძლიათ ამოცნობა, როცა თქვენს მოტყუებას ცდილობენ?
– ტყუილის მიმართ ძალიან მკაცრი ვარ. როცა ტყუილს ვგრძნობ, იქ ყველაფერს ვკეტავ. ტყუილის თქმა ყველაზე მძიმე ფაქტია, რაც ადამიანის შესახებ ბევრს გეუბნება. კეთილი ტყუილიც არსებობს, ზოგჯერ საჭიროება მოითხოვს ცოტა ითამაშო, რაღაც შეალამაზო და არ თქვა ისე, როგორც არის რეალურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროსაც კი სჯობს, არ თქვა, ვიდრე მოიტყუო. მოკლედ, არ მიყვარს ტყუილის თქმა, მას მოკლე ფეხები აქვს. ადამიანი იმასაც მიხვდება, თუ კეთილი ტყუილი უთხარი, მაგრამ მაინც იფიქრებს, რომ მოატყუეს. მე არ მინდა, ასე მომექცნენ, მწარე სიმართლე მირჩევნია კეთილ ტყუილს.
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– ალბათ, როცა შვილები რაღაცას ისე არ აკეთებენ. მაშინ ძალიან ვმკაცრდები, იმდენად, რომ უთქვამთ, ამ მომენტში შენ ვერ ხედავ შენს სახეს, თორემ ისეთი ხარ ბავშვს კი არა, დიდს შეეშინდებაო. არ ვჩხუბობ, რა თქმა უნდა, არ ვცემ ბავშვს, მაგრამ სახე მაქვს შეუვალი. თვალებში ვატყობ ხოლმე, რომ შეშფოთება ეუფლებათ. ძირითადად, ჩემი შვილების პრობლემები მაწუხებს და ასე ამიტომაც მემართება. თუმცა, ტყუილს შევეხეთ და თუ ვინმე მატყუებს, იმდენად არ მომწონს, რასაც სჩადის, ყველაფერი სახეზე მაწერია. როგორც მეუბნებიან, ასეთ დროს ძალიან მკაცრი ვხდები. გამომეტყველება ჩემდაუნებურად მეცვლება.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?
– ცუდი, ალბათ, მეგობრისგან დაუმსახურებელი ქმედება, რომ ვერ იგებ რამეს და ღამესაც გაგათენებინებს ფიქრში უსამართლობის განცდა. იმიტომ, რომ ყველაზე ახლობელს ეხება საქმე, თორემ უცხოსგან ასე არ გეწყინება.
რაც შეეხება კარგს, ეს უკავშირდება საქმეს, რაც გამიკეთებია. მიმიღია კარგი შეფასებები, ძალიან სადად და მარტივად, მაგრამ ზუსტად რომ ხვდები, როგორი გულით არის ნათქვამი. ვინმე რომ იტყვის, რა კარგია ია შუღლიაშივილი ამ ფილმში ამა და ამ ეპიზოდშიო, ხომ ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ბევრ რამეს მოიცავს.
– ყოველდღიური საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ?
– საერთოდ, ყველაზე მეტად სითბო, მზე და სიმღერა მიყვარს (იცინის). სითბოში მზეც იგულისხმება და საყვარელი ადამიანების გარემოცვაც. სიმღერით კიდევ სულ ვღიღინებ – ხან მხიარულად, ხან სევდიანად, გააჩნია ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას. რაც შეეხება ყოველდღიურ საქმეებს, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ეს ჩემს საყვარელ ადამიანებს სჭირდებათ. საერთოდ, მიყვარს, როცა სახლი მოწესრიგებულია, ამიტომ, ამაზე მთელი გულით ზრუნვა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, მე არასდროს მერევა ტანსაცმლის კარადა. სპეციალურად არ ვაკეთებ, უბრალოდ, ასე გამოდის. ისე მაქვს დალაგებული და ისე ვიღებ ნივთებს, რომ არ აირიოს, როგორც არ უნდა მეჩქარებოდეს. ყველაფერი თავის ადგილას უნდა მედოს, რომ სიჩქარის დროს ძებნა არ დამჭირდეს.
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ცხოვრებით, ჩემი არა, ზოგადად. მგონია, რომ ასეთი სიკეთე ადამიანმა უნდა გამოიყენოს და მისი მადლიერიც უნდა იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან