შოუბიზნესი

„ჰოლივუდის“ რომელ ვარსკვლავთან მეგობრობს მარია გიორგობიანი და რატომ გადაწყვიტა მან ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნება

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00

მარია გიორგობიანი
დაკოპირებულია

მსახიობი მარია გიორგობიანი კულინარიული შოუს - „მასტერშეფის“ მონაწილე გახლავთ. თურმე, კულინარია მისი საყვარელი სფეროა და განსაკუთრებული გურმანიც არის. ჩვენი ინტერვიუდან მის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.

მარია გიორგობიანი: მე მიყვარს სიახლეები და ჩემი თავის გამოწვევა. ამიტომაც ვარ ახლა „მასტერშეფში“. კულინარია ძალიან მიყვარს, გურმანი ვარ, მიყვარს ახალი კერძების გასინჯვა. ვფიქრობ, რომ კულინარიაც ხელოვნებაა.

– რისი მომზადება გამოგდით განსაკუთებით კარგად?

– ძალიან კარგად გამომდის თევზის კერძები. ჩემებური რეცეპტი მაქვს და ყველას ძალიან უყვარს. ხორცსაც კარგად ვამზადებ. ძალიან მინდა, ტკბილეულიც კარგად გამომდიოდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის და სამომავლოდ ვაპირებ, შესაბამისი კურსები გავიარო და დავიხვეწო.

– რამდენად გურმანი ხართ?

– ძალიან მიყვარს ჭამა. დილით რომ ვიღვიძებ, მაშინვე ვგეგმავ, რა ვჭამო, სად წავიდე, რა გამოვიძახო და ასე შემდეგ (იცინის). მოგზაურობის დროსაც ამაზე ვარ ორიენტირებული. ახალი კერძების გასინჯვა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ბავშვობაში დედას უნდოდა, მოტყუებით წვნიანში მწვანილი შეერია, რაც მე არ მიყვარდა. მიბლენდერებდა, რომ ვერ მივმხვდარიყავი, მაგრამ ვერასდროს მატყუებდა, ყოველთვის ვხვდებოდი (იცინის).

– მოგზაურობისას რა გიჭამიათ განსაკუთრებული?

– რუდუნებით ვარჩევ, სად რა უნდა ვჭამო (იცინის). „გუგლში“ ცალკე ქალაქების მიხედვით მაქვს რესტორნები მონიშნული და წინასწარ ვიცი, სად რა უნდა შევუკვეთო (იცინის). სხვათა შორის, ჩემს ამ სიას ყველას არ ვუზიარებ. თუ ჩემს შედგენილ სიას გიგზავნი, ესე იგი, ძალიან მიყვარხარ. ეს ჩემთვის ყველა სიაა (იცინის).

ყველაფრის გასინჯვა მიყვარს. სულ ვცდილობ, რაღაც ახალი დავაგემოვნო. მაგრამ ცოტა უსიამოვნო გამოცდილება ერთადერთხელ, ყაზახეთში მივიღე, სადაც, მოგეხსენებათ, ცხენი დელიკატესია. ძალიან ვცდილობდი, შემთხვევით მაინც არ შემოეთავაზებინა ჩემთვის ვინმეს, ჩემი სურვილით ამას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებდი. გადაღება გვქონდა, გვმასპინძლობდნენ. ერთ დღესაც რაღაც კერძი მოგვიტანეს, დავაგემოვნე და აღვნიშნე რომ ძალიან გემრიელი იყო. მერე გვითხრეს, რომ ცხენის ხორცი იყო და ძალიან მეწყინა.

ერთხელ კორეაში ვიყავი. ის პერიოდი იყო, ძაღლის ხორცის ჭამა განსაკუთრებულ ტრენდად რომ იქცა და ძალიან მეშინოდა, შემთხვევით ეს არ გამეკეთებინა. ბოლოს უკვე მარაზმში გადავედი, ლამის წყალზეც კი ვეკითხებოდი ძაღლის ხორცი ხომ არ ურევია-მეთქი (იცინის). ვერ გადავიტანდი ამ ამბავს, ძაღლები ძალიან მიყვარს.

სხვათა შორის, ბაყაყიც გასინჯული მაქვს და ძალიან მომწონს (იცინის).

– ქართული სამზარეულოდან რა გიყვართ?

– ძალიან მიყვარს ხაშლამა (იცინის). ხაჭაპური და ხინკალი მიყვარს ძალიან, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო სამი წელია, ვეღარ ვჭამ, რადგან ხორბალზე ალერგია მაქვს, რაც ჩემთვის ტრაგედიაა.

– რაც შეეხება შანსებს კულინარიულ პროექტში, რამდენად ამბიციური ხართ და როგორი მოლოდინები გაქვთ?

– ობიექტური ადამიანი ვარ, შესაბამისად, ამ მოცემულობაში ამბიციური ვერ ვიქნები, რადგან მე არ ვარ შეფი. გურმანობაზე თავს დავდებ. დანარჩენი – ვნახოთ. იმედი მაქვს, ამ პროექტიდან იმაზე უკეთესი გამოვალ, ვიდრე შევედი. ჩემი ინტერესია, იქიდან რაღაც კარგი წამოვიღო.

– რაც შეეხება მსახიობის პროფესიას, ეს ამბავი როგორ დაიწყო თქვენს ცხოვრებაში?

– მსახიობობა ყოველთვის ძალიან მინდოდა. ბაღიდან მოყოლებული ამაზე ვფიქრობდი. სპექტაკლებში ყველას ტექსტი ზეპირად ვიცოდი და თუ ვინმეს რამე დაავიწყდებოდა, მე ვკარნახობდი. აქტიური და არტისტული ბავშვი ვიყავი, თუმცა, ისიც მინდოდა, სხვა კუთხითაც მიმეღო განათლება. ანუ, არ ვჩქარობდი მსახიობი გავხდარიყავი. ამიტომაც ჯერ სხვა პროფესია შევისწავლე და მერე წავედი ნიუ-იორკში მსახიობობის შესასწავლად.

– პირველადი პროფესია რა არის?

– ვერ დაიჯერებთ (იცინის). იურიდიული დავამთავრე. ბიზნესი მინდოდა, ვერ მოვხვდი და იურიდიულზე ჩავირიცხე. იმდენად კარგი ჯგუფი იყო, ისეთი სამეგობრო შევიძინე, რომ გადავწყვიტე, ბოლომდე მიმეყვანა სწავლის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი პროფესია. ხანდახან არც მახსოვს, რომ იურიდიულზე ვსწავლობდი (იცინის).

– როგორი იყო ცხოვრება ნიუ-იორკში თავისი სირთულეებითა და აღმოჩენებით?

– ის პერიოდი ძალიან საინტერესოდ მახსენდება. გამოწვევებით იყო სავსე. მე ვფიქრობ, რომ თუ სიახლე რთული არ არის, არც ღირს მისი გაკეთება, რადგან სირთულეების გარეშე ვერ განვითარდები. შტორმსა და ქაოსში ყალიბდება ადამიანის ხასიათი და ამ დროს სწავლობ ცხოვრებას. საქართველოში მაინც დალხენილ ცხოვრებას ვართ მიჩვეულები, იმ მხრივ, რომ ოჯახის იმედი გვაქვს, ყველა გვერდით გვყავს და მათი თანადგომის იმედად, ქვეცნობიერად გაზარმაცებულები ვართ. ამიტომ ვფიქრობ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრება კარგი გამოცდილებაა, ეს ბევრს გასწავლის და საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს გაცნობს. ეს პერიოდი აღმოჩნებით იყო სავსე. ხანდახან კარგია, ბევრი რამ რომ წინასწარ არ იცი, რადგან ცხოვრებაში ყველაფრისთვის ვერ მოემზადები.

სწავლა ძალიან ინტენსიური იყო. ერთი წამითაც არ მინანია, რომ უცხოეთში დავეუფლე სამსახიობო ოსტატობას. ეს ძალიან განსხვავებული გამოცდილება იყო. სიმართლე რომ ვთქვა, იმდენად კარგი გარემო იყო და ისეთი სამეგობრო შევიძინე, რომ ჩამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ უნდა ჩამოვსულიყავი, რადგან რაც აქ მელოდა, მას ვერ მივატოვებდი. თუმცა სულ აქეთ-იქით დავდივარ და ხშირად გავდივარ კურსებს. ახლაც ლოს-ანჯელესში ვიყავი, ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი. ვინც ეს სკოლა დააარსა, ბრედ პიტის და ჰალი ბერის მასწავლებელი იყო. ჩემი მასწავლებელი კი ლოს-ანჯელესის ქასთინგის ქოუჩების ტოპ-ოცეულში შედიოდა. ძალიან განსხვავებული გამოცდილება მივიღე. იქ უკვე შემდგარი მსახიობები სწავლობდნენ.

– რადგან იქ მეტი შესაძლებლობაა, დარჩენაზე სერიოზულად არ გიფიქრიათ?

– კი, იქ ძალიან ბევრი შანსია და ყვავის ეს ინდუსტრია. რა თქმა უნდა, კი, რაღაც მხრივ, ვნანობ, რომ უფრო თამამი არ ვიყავი, თუნდაც მაშინ, როცა ნიუ-იორკში ვსწავლობდი. თუმცა, ესეც იმით იყო გამოწვეული, რომ პირველად ვიყავი სხვა ქვეყანაში მარტო. შეიძლებოდა, წლებთან ერთად, სითამამე შემეძინა და მეტი ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ეს რაღაცის გამო მოხდა და მერე ისეთ კარგ პროექტებზე ვიმუშავე, ნიუ-იორკში რომ დავრჩენილიყავი, შეიძლება, თბილისში ლილი კოლინსი ვეღარ გამეცნო, ბევრი მნიშვნელოვანი კონტაქტი აღარ მქონოდა, ამიტომ ღირდა დაბრუნება. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, ბოლომდე საქართველოდან წასვლა არ მინდა, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ამიტომ ხან აქ ვარ, ხან – იქ.

– დაბრუნების შემდეგ აქ როგორ აეწყო პროფესიული ამბები?

– რადგან აქ არ ვსწავლობდი, სანაცნობო წრე არ მყავდა. მახსოვს, „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვუყურებდი, ტიტრებში ქასთინგმენეჯერის სახელი დავინახე და მივწერე ჩემ შესახებ. თუ დაგჭირდით, გამიხარდება–მეთქი. ბევრ ადამიანს შევეხმიანე იმ პერიოდში. თავისით არაფერი მოვა, თუ შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამ. ისე მოხდა, რომ „ჩცდ-ს“ მეექვსე სეზონში მქონდა გიორგი ბახუტაშვილთან ძალიან კარგი სცენა. მას მოჰყვა პატარ-პატარა პროექტები, შემდეგ – სერიალი „იდეალური დედა“ , „რიო გრანდე“, რეკლამები და ასე შემდეგ. როცა გაგიცნობენ და ხაზზე ხარ, ყველაფერი წინ მიდის. შარშან ქალაქის თეატრს შევუერთდი. უკვე ორ სპექტაკლში ვითამაშე და ახლა მესამეზე ვმუშაობთ. ძალიან მომწონს ეს ამპლუაც.

– ლილი კოლინსის გაცნობის ამბავიც მოგვიყევი...

– 2016 წელს საქართველოში ამერიკული ფროდაქშენი იღებდა ფილმს. მე ასისტენტობა შემომთავაზეს, მაგრამ ვერ მეუბნებოდნენ, ვისი ასისტენტი უნდა ვყოფილიყავი. კარგი ინგლისურის ცოდნა სჭირდებოდათ. ამიყვანეს და მერე გავიგე, რომ ლილი კოლინსის ასისტენტი ვიყავი. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, დღემდე ვმეგობრობთ. ძალიან ბევრი თავგადასავალი გამოვიარეთ. პარიზშიც შევხვდით, ლოს-ანჯელესშიც.

– „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებზე ხომ სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს, თითქოს ძალიან პრეტენზიულები არიან. ის არ აღმოჩნდა ასეთი?

– არა, არაჩვეულებრივი ადამიანია. არა მარტო ის, რამდენიმე ვარსკვლავის ასისტენტი ვიყავი და ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემთვის რთული მხოლოდ ის იყო, რომ მე კამერის უკან უნდა ვყოფილიყავი (იცინის). ძალიან ადამიანურები არიან და რომ ხედავენ, გულწრფელი ხარ, გენდობიან.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ სიამოვნებით მოგიყვებით ჩემს ძაღლებზე. ორი არაჩვეულებრივი ძაღლი მყავს, ერთი მსახიობია, უკვე 45 რეკლამაშია გადაღებული. თავისი ხელფასი აქვს, გადაღებებზე უკვე მძღოლს ვაყოლებ, მე არც მივყვები და თავისი „ინსტაგრამიც“ აქვს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი