შოუბიზნესი

გვანცა დარასელია: არ მესმის, რატომ უნდათ დედამთილებს, რძლებმა „დედა“ დაუძახონ

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 12.01

გვანცა დარასელია
დაკოპირებულია

როგორია გვანცა დარასელიას ახალი წელი, რას სთხოვენ მისი პატარები თოვლის ბაბუას საჩუქრად და როგორია მისი ოჯახური იდილია, ამას ტელეწამყვანისგან შევიტყობთ. 

გვანცა დარასელია: ვერ ვიტყვი, რომ ახალ წელთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. საერთოდ, ბუნებით მაქსიმალისტი ვარ – მინდა, ყველაფერი იდეალურად იყოს და საახალწლო დეკორაციებში „თავით გადაშვებას“ ვერიდები, რადგან ვერ შევძლებ, ისე გავაკეთო, როგორიც სინამდვილეში მომწონს. თან, რეალურად მგონია, რომ ეს სამზადისი გადამეტებულია, მაგრამ რადგან ოჯახში პატარები გვყავს, ძირითადად, ვცდილობ, მათ შევუქმნა კარგი განწყობა.
– ბევრს იმდენად უყვარს ეს დღესასწაული, შეიძლება, ვალი აიღოს და კარგი სუფრა გაშალოს ან განსაკუთრებული საახალწლო ნაძვისხე იყიდოს.
– ნამდვილად რთული თემაა. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც რეალობასაა მოწყვეტილი. მე საშუალო ფენას წარმოვადგენ და ხშირად მიფიქრია, რომ ამ დღესასწაულზე გადამეტებული ხარჯის გაწევა ვიცით. ალბათ, ქართული ამბავია, რაც არ უნდა იყოს, სუფრაზე გოჭი უნდა გვედოს და ამ დროს, მეტს თუ არა, მოსახლეობის ნახევარს არ აქვს იმის საშუალება, რომ „წესების დაცვით“ გააწყოს საახალწლო სუფრა. მე ვფიქრობ, ჯობს, ყველაფერი განწყობის შესაბამისად გავაკეთოთ და არა ძალდატანებით ან სხვის დასანახავად. მით უმეტეს, ვალის სანაცვლოდ. ძალიან მინიმალური საჩუქრებით რომ გავახაროთ ბავშვები, ესეც საკმარისი მგონია.
– რადგან ოჯახში ორი პატარაა, ალბათ, თოვლის ბაბუას განსაკუთრებულად ელით ხოლმე.
– ერეკლეს უკვე აქვს კითხვები – არ არსებობს, ხომ, თოვლის ბაბუა, თქვენ ხომ არ ქირაობთ ვინმეს, ვინც ამ საჩუქრებს გვიდებსო? არ მინდა, რომ მოვატყუო და ვეუბნები, რომ მეც არასდროს მინახავს თოვლის ბაბუა, მაგრამ ძალიან მომწონს ჯადოსნური ამბავი მის შესახებ და ვისაც სჯერა, ახალი წელი მისთვის უფრო საინტერესოა-მეთქი. პატარასთვის ეს მისტიკა ჯერ არსებობს და მეც მიხარია, მათ ემოციებს რომ ვუყურებ, როცა საჩუქრებს ელიან. წელს ერეკლეს კონსტრუქტორი და სახატავი ნაკრები უნდა, ლილეს – პრინცესას ფორმა, პომადა და მანიკური (იცინის). ჩვენს ბავშვობაში, მიუხედავად იმისა, რომ თოვლის ბაბუის არსებობის გვჯეროდა, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გვეთხოვა მისთვის საჩუქარი. ერთი ახალი წელი მახსოვს განსაკუთრებით, ვკვდებოდი, ისე მინდოდა როლიკები. მაშინ დიდუბეში ვცხოვრობდით, ერთოთახიანში. 31-ში ჩემებმა მითხრეს, ახლა გადი და ონკანი მოუშვი, წყალს მოუყევი შენი სურვილიო. ოთახში რომ დავბრუნდი ვარდისფერი როლიკები დამხვდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო (იცინის). მახსოვს ახალი წლები, რომელსაც სოფელში ვხვდებოდი, გარეთ ძალიან დიდი თოვლი იყო და დილით, ღუმელში შეშის ტკაცუნი მაღვიძებდა. ცოტა გამოუძინებელი ვიყავი, იმიტომ, რომ ღამე რამდენჯერმე წამოვხტებოდი, იქნებ, როგორმე თოვლის ბაბუსთვის შემესწრო ნაძვისხესთან (იცინის). ვცდილობ, ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ ბედნიერი ამბები, რომელსაც მომავალში გაიხსენებენ, განსაკუთრებით სოფელთან მიმართებაში, რომელმაც მე ძალიან ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა და მინდა, იგივე ჩემს შვილებსაც განვაცდევინო.
– საახალწლო სუფრისთვის კერძებს ამზადებ?
– არ გამომდის, 31-ში ვმუშაობ და სახლში გვიან მივდივარ. მაგრამ ძალიან გამიმართლა იმაში, რომ არაჩვეულებრივი დედამთილი და მამამთილი მყავს, რომლებიც ძირითად ამბებზე ზრუნავენ და მე მხოლოდ გოზინაყს ან სალათებს ვაკეთებ. შემდეგ კი სუფრის გაშლა, დეკორი და ტკბილეული არის ჩემი საზრუნავი, მაგრამ მთავარი საყრდენი ჩემი დედამთილია, რომელსაც ნამდვილად ვერასდროს შევედრები. საცივიც გვაქვს საახალწლო სუფრაზე, მაგრამ ჩვენთვის მთავარი კერძი მაინც ტოლმაა, რაც ყველას უკვირს, მაგრამ ჩვენთან ვინც მოდის, პირველ რიგში ამას კითხულობს.
– ოჯახში ქალებს შორის გამხელილი თუ გაუმხელელი შუღლი, ალბათ, არავის უკვირს და იშვიათად, ვინმე დედამთილის უპირატესობას ასე აღიარებდეს.
– გულწრფელად ვამბობ, ეს ჩემთვის ძალიან უცხო თემაა. ჩვენ შორის პატარა უთანხმოება ან პატარა შუღლიც არ ყოფილა. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ვხედავ, რომ მუდმივად ცდილობენ, ყველანაირად შეგვიწყონ ხელი. ერთ სახლში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ერთ ტერიტორიაზე ვართ. თუმცა ერთადაც გვიცხოვრია და დედამთილ-მამამთილთან არასდროს მქონია უსიამოვნება, მულსაც დასავით აღვიქვამ. სუბორდინაციას ვიცავთ და ყველაფერში ვითვალისწინებთ ერთმანეთს. ათი წელია, ერთი ოჯახი ვართ და ცუდი არაფერი მახსენდება.
– რა არის ამისთვის საჭირო?
– ძალიან მნიშვნელოვანია თავდაპირველი განწყობა. რატომ უნდა ვექიშპო ვინმეს ოჯახში შესვლისას? უფროსი თაობის წარმომადგენლების მიმართ რომ პატივისცემა უნდა გამოვხატო, ამას ბავშვობიდან მასწავლიდნენ. თუმცა, მთავარი, მგონია, ისაა, თუ როგორი პოზიცია აქვს ამ ამბავში მთავარ შუამავალ ადამიანს და როგორი ურთიერთობა აქვს მას საკუთარ მეუღლესა და მშობლებთან. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ჩემი დედამთილი თავადაც ხშირად აღნიშნავს, ისაა, რომ უფროსებს ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. როდესაც ოჯახში შემოდის ადამიანი სრულიად სხვა ოჯახიდან და რადიკალურად ცვლის თავის ცხოვრებას, უფროსი თაობის ვალია, ხელი შეუწყოს და კეთილი განწყობით დახვდეს. არ მესმის, რატომ ეჭვიანობენ დედები რძლებზე, ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. თან, მგონია, რომ ძალიან მცირე ინტელექტი და აღზრდაა საჭირო ამ კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად. შეიძლება, ჩვენც გვაქვს საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ კეთილი სიტყვითა და დათმობით, ყველაფერი გვარდება. თუნდაც, ბავშვებთან მიმართებაში სხვადასხვა თაობას განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო დედამთილს უნდა დაუპირისპირდე. ჩემს შვილებს ისე უყვართ ბებია და ბაბუა, თუ რამდენიმე დღე ვერ ნახეს, ღამე ელანდებათ და ამიტომ ყველანაირი დათმობისთვის ვარ მზად, რომ მათ ეს სიტკბო ჰქონდეთ. როცა მშობლები წყვილის ურთიერთობაში ერევიან და ჭკუას გარიგებენ, რა როგორ უნდა იყოს, ეს, ალბათ, ცოტა გამაღიზიანებელია. თუ დამხვედრი ოჯახი რძლის ყველა ნაბიჯს ძალიან კრიტიკულად უდგება, არც ეს მგონია სწორი და არც გასაკვირია, რომ ამ დროს პრობლემები წარმოიშვას?! ურთიერთგაგება და პატივისცემა მგონია მთავარი მათ მოსაგვარებლად.
– დედამთილისთვის „დედის“ დაძახება მიზანშეწონილად მიგაჩნია?
– არა. მისაუბრია გოგონებთან, რომლებიც ძალიან პატარები თხოვდებიან, ქმრის ოჯახში იზრდებიან და დედამთილს „დედას“ ეძახიან, მაგრამ ეს მათი არჩევანია. მე ერთი დედა მყავს და „დედას“ ყოველთვის მას დავუძახებ. ეს დედამიწაზე ყველაზე წმინდა ურთიერთობაა. ისიც არ მესმის, რატომ უნდათ დედამთილებს, რძლებმა დედა დაუძახონ. სიყვარული და პატივისცემა ბევრნაირად შეიძლება, გამოხატო და ხშირად, რძლებს ძალიანაც არ უყვართ დედამთილ-მამამთილები, მაგრამ მაინც დედასა და მამას ეძახიან (იცინის).
– რაც შეეხება მეუღლესთან ურთიერთობას. ბევრი ქალისგან მსმენია, რაღა დროს რომანტიკაა, როცა შვილებს სჭირდებათ ზრუნვაო.
– რაღაცებზე ჩაციკვლა ვიცით და პირველ რიგში, საკუთარი თავი გვავიწყდება. ძალიან მწყდება გული, როდესაც ქალები შვილებს ან ქმრებს აყვედრიან, რომ მთელი ცხოვრება მათ შესწირეს და ყველაფერზე უარი თქვეს. ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია. პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის უნდა ვიბრძოლოთ და როცა შენ შენი საქმით, რაც უნდა იყოს ის, ბედნიერი ხარ, აუცილებლად იპოვი დროს მეუღლისთვისაც, შვილებისთვისაც და ყველა საყვარელი ადამიანისთვისაც. დრო არ მაქვს, ბავშვებს რა ვუყო – ეს არაა მიზეზი. ყველას გვყავს შვილები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც ისე ვუთმობ შვილებს დროს, როგორც ყველა დედა. შეიძლება, ძალიან დაკავებული გრაფიკიც მაქვს, ხშირად მთელი ღამეც მაქვს გადაღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს ოჯახში ვინმემ უჩემობა უნდა იგრძნოს. ბევრ რამეზე მითქვამს უარი, შვილებს და ქმარს რომ არ მოვკლებოდი, მაგრამ ამის გამო არ დამიწუწუნია. ეს ჩემი არჩევანია.
ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს შორის სიყვარულს ხედავდნენ. ამას რომ თავი დავანებოთ, ოჯახი მარტო შვილები ხომ არაა? ოჯახი ჯერ მეუღლეებია და შემდეგ შვილები. აქედან გამომდინარე, ქალსაც და მამაკაცსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. ჩვენთან ძალიან ცუდი და მანკიერი წესი არსებობს. ოჯახი რომ იქმნება, გრანდიოზულ ქორწილს იხდიან, რომელშიც დიდი რომანტიკა ტრიალებს. მერე ჩნდებიან შვილები, დედა მათთან რჩება და მამა, რატომღაც, არ ჩანს. ეს, ძალიან ცუდია. რეალურად, ჩვენს ოჯახში სითბოსა და სიტკბოს შექმნა ჩვენსავე ხელშია.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ნათათო ასანიძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...