შოუბიზნესი

„გურიშ ვარდი“ – თეო ჯგერენაიასა და ბოკა კვეკვესკირის ტანდემი მეგრული ტკბილხმოვანების მოყვარულთათვის

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 39 წუთის წინ

გურიშ ვარდი
დაკოპირებულია

„გურიშ ვარდი“ ორი უნიჭიერესი მომღერლის – თეო ჯგერენაიასა და ბოკა კვეკვესკირის, ახალი პროექტი გახლავთ, საინტერესო ისტორიითა და დიდი მიზნებით, რომელზეც ისინი თავად მოგვიყვებიან.

ბოკა კვეკვესკირი: მე და თეომ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გავიცანით. მაშინ ერთად სიმღერაზე არ გვიფიქრია, მაგრამ ერთი წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ერთად ორი სიმღერა შევასრულეთ და ჩვენი ხმები ისე მოუხდა ერთმანეთს, რომ გადავწყვიტეთ, დუეტის ჩაწერა გვეცადა. ჩავწერეთ მეგრული სიმღერა, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და სწორედ მაშინ დაიბადა ჩვენი პროექტის იდეაც – ერთად მეგრული სიმღერები უნდა შეგვესრულებინა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პროექტს მეგრული სახელწოდება – „გურიშ ვარდი“ (გულის ვარდი), დავარქვით.

თეო ჯგერენაია: „გურიშ ვარდი“ – ეს პროექტი მიზნად ისახავს მივიწყებული მეგრული სიმღერების ახლებურად შესრულებას. ჩვენი მიზანი მათი გაცოცხლება და გათანამედროვებაა. გვინდა, ქართველ მსმენელს ეს არაჩვეულებრივი სიმღერები კიდევ ერთხელ, ჩვენეული ვერსიით შევახსენოთ.

– როგორც დუეტი, უკვე წარდექით საზოგადოების წინაშე, როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს შესრულებას?

– პირველი სიმღერა, რომელიც ერთად შევასრულეთ - „სი რექ ჩქიმი გურიშ ვარდი“ („შენ ხარ ჩემი გულის ვარდი“) – ძალიან პოპულარული მეგრული სიმღერა გახლავთ, ის წლების წინ ზუმბამ შეასრულა.ზუსტად ამ სიმღერიდან წამოვიდა ჩვენი დუეტის სახელწოდებაც. საბედნიეროდ, სოციალურ ქსელში მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნავენ, რომ ჩვენი ხმები ძალიან მოუხდა მეგრულ ტკბილხმოვანებას. ეს სიმღერა ყველას უყვარს და მისი გახსენება ძალიან ესიამოვნათ.

ბოკა: როგორც კი ჩვენი 40-წამიანი ვიდეო „ტიკ-ტოკზე“ განთავსდა, მაშინვე აიტაცეს. ერთი ცუდი კომენტარიც კი არ შეგვხვედრია. არადა, ათიათასობით ნახვა და ათასობით კომენტარი აქვს.

თეო: ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, ღირდა თუ არა ამ პროექტის დაწყება, მაგრამ გავრისკეთ, ბევრი ვიშრომეთ, გული და სული ჩავდეთ ამ საქმეში და საბედნიეროდ, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ, რაც ჩვენთვის დიდი მოტივაცია აღმოჩნდა.

ბოკა: რაც შეეხება ჩვენს მეორე სიმღერას – „გოლვაფირო საქართველო“, რომლის პრემიერაც „რუსთავი 2-ზე“ გვქონდა, ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორის, ირაკლი კაჭარავას სიმღერა გახლავთ. ვფიქრობ, მისი ნდობა გავამართლეთ, ჩვენი ნამუშევარი ძალიან მოეწონა.

– როგორც ვიცი, აფხაზეთიდან ხართ, როგორი იყო თქვენი პირველი კავშირი სიმღერასთან?

–დიახ, აფხაზეთიდან გახლავართ, ქალაქ გალიდან. რაც თავი მახსოვს, ანუ სამი წლის ასაკიდან, ვმღერი. სიმღერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ის ჩემში საოცარ განცდებს ბადებს, თითქოს, მუცელში პეპლები ტრიალებს და ჩემი ბგერები მათგან ამოდის. მე ვწერ კიდეც და შესაბამისად, საავტორო სიმღერებს ვასრულებ.

აფხაზეთის დატოვების შემდეგ, სენაკში განვაგრძეთ ცხოვრება, სადაც სკოლაში სწავლის პარალელურად, ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლში ვმღეროდი. შემდეგ კი თბილისში ბატონ თემურ ქევხიშვილთან ანსამბლ „დარიალში“. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე როგორც პროფესიონალური, ისე ადამიანური თვალსაზრისით.

2003 წელს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე, 2005 წელს კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა პროექტი „ჯეოსტარი“, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მომიტანა. ერთი კონცერტით მთელმა საქართველომ გამიცნო. კურიოზები ხდებოდა, მაგალითად, პროექტი რომ დამთავრდა, მახსოვს, სამარშუტო ტაქსიში ვიჯექი და ფოტოებს მიღებდნენ (იცინის). ამ პროექტმა ჩემს მუსიკალურად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა, რადგან ძალიან მაგარი პროფესიონალების გარემოცვაში მომიწია მუშაობა.

შემდეგ ნუცა ჯანელიძემ გააკეთა პროექტი „წარმატების ფორმულა“, რომლის გამარჯვებულიც გავხდი.

– თეო, თქვენ და ბოკას ერთნაირი ცხოვრებისეული ისტორიები გაქვთ, ორივე აფხაზეთიდან ხართ.

თეო: ასეა. მე სოხუმიდან ვარ. როდესაც მშობლიური მხარე იძულებით დავტოვეთ, მე მხოლოდ ორი დღის დაბადებული ვიყავი. დედა ჯერ კიდევ სამშობიაროში იყო, როცა ეს მოხდა... ჩემმა ოჯახმა შიშველი ხელებით დატოვა სოხუმი და ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ.

–თქვენც ბავშვობიდან მღერით?

– რადგან დედა მუსიკის მასწავლებელი იყო, მისი ინიციატივით, მეც მუსიკალური განათლება მივიღე. ჩემი დებიუტი ქუთაისის ოპერის თეატრში შედგა. ხოლო თბილისში მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ დიმიტრი არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე და წარმატებით დავასრულე. მუშაობა სკოლაში დავიწყე მუსიკის პედაგოგად და დღემდე ამ საქმეს ვემსახურები. იმავდროულად, მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია, სადაც საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყავს. ასევე, ვარ კონსერვატორიის სტუდენტი. ამ ყველაფერთან ერთად, ივენთები და სხვადასხვა ღონისძიებები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

– და ბოლოს, როგორია „გურიშ ვარდის“ სამომავლო გეგმები?

– ჩვენ უკვე მესამე მეგრულ სიმღერას ვწერთ. მას რომ დავასრულებთ, მეოთხეზე დავიწყებთ მუშაობას, გაჩერებას არ ვაპირებთ. გვინდა, რაც შეიძლება, მალე გამოვიდეს ჩვენი ალბომი. ასევე, ვაპირებთ, კონცერტებით შემოვიაროთ მთელი საქართველო. პირველ კონცერტს სენაკში ვგეგმავთ.

ბოკა: ახლა ორნი ვართ, მაგრამ მალე გუნდი ვიქნებით, ახლო მომავალში ინსტრუმენტალისტებიც დაგვემატებიან. გვინდა, ჩვენი ტანდემი წარმატებული აღმოჩნდეს და ჩვენი ხმა მთელ საქართველოს ესმოდეს. ამისთვის ბევრს ვშრომობთ და წინ ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მივიწევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი