შოუბიზნესი

გურამ შეროზია: ბოროტის კი არა, სულელი ადამიანების მეშინია

№29

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 26.07, 2021 წელი

გურამ შეროზია
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ გურამ შეროზიასთან 👇

სახელი: გურამი.

გვარი: შეროზია.

პროფესია: ლექტორი, ბლოგერი, მარკეტერი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– კარგად მახსენდება ბავშვობაში ჩემი დაგეგმილი ტურები. ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს ვკრებდი და ვაორგანიზებდი, რომ „მარშუტკა“ დაგვექირავებინა და ფოთიდან ურეკში წავსულიყავით. ძალიან მიხაროდა, რომ სადღაც 8-9 წლის ასაკში შემეძლო, ზრდასრული ადამიანებისთვის რაღაც დამეგეგმა.

– მშობლების როლი...

– ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს მშობლებს. ბავშვობაში რატომღაც ის ტენდენცია იყო, რომ „ტეხავდა“ დედასთან ახლო ურთიერთობა, მაგრამ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, სწორედ, დედა იყო.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– სულ მასწავლებლობა მინდოდა. ეს გადაჭარბებით ავისრულე და გავხდი ლექტორი.

– ჩემი მეტსახელი...

– ბაჩუნას მეძახდნენ. ჩემს მშობლებს უჭირდათ, ბავშვობაში გურამი რომ დაეძახათ, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა ასაკიანი კაცის სახელია. ამიტომ მოფერებით, ბაჩოს, ბაჩუნას მეძახდნენ.

– ადამიანში ვაფასებ...

– პოზიტიურობა არის მნიშვნელოვანი თვისება ადამიანში, ასევე, შრომისმოყვარეობა. შეიძლება, არ იყო ნიჭიერი და წარმატებული, მაგრამ მთავარია, ინდომებდე. მესამე თვისება, რომელიც ძალიან მიყვარს, არის თავისუფლების განცდა – ადამიანში არ უნდა იყოს შეზღუდვები და დაძაბულობა, რადგან ძალიან გადამდებია. მან უნდა აკეთოს, რაც უნდა, როგორც უნდა მისი სიამოვნების ფარგლებში, ოღონდ ამით სხვას არ უნდა შეუქმნას დისკომფორტი.

– მეშინია...

– სულელი ადამიანების. ბოროტის არ მეშინია, იმიტომ რომ ბოროტია და ვიცი, როგორ გავუმკლავდე, აი, სულელი ადამიანი თავისდა უნებურად რომ რაღაცას დაგიშავებს, ნამდვილად ცუდია.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ღმერთი არის სიყვარული, პოზიტივი და სამართლიანობა. რაც ყველაზე მთავარია, ის არის ყველაფრის შემძლე. შესაბამისად, მხოლოდ მე და ღმერთი ვართ ერთმანეთთან და არანაირი მესამე პირი არ არსებობს. მე თუ ცოდვას ჩავდივარ, მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი, ანალოგიურად კარგის შემთხვევაშიც. ამიტომ ღმერთის ნაცვლად ვიღაც ბიძიები და დეიდები არ უნდა მიმტკიცებდნენ, რა არის სწორი და რა – არასწორი.

– ვრისკავ...

– არ ვარ რისკიანი, მიყვარს მშვიდი ცხოვრება და ნაკლები სტრესი.

– ბედისწერა...

– არ მჯერა მისი არსებობის, თუ მისმაგვარი რამე არსებობს, იმასაც ჩვენ ვქმნით.

– სიცოცხლე არ ღირს...

– ბედნიერების გარეშე. თუ არ ხარ ბედნიერი, იბრძვი ამ ბედნიერებისთვის და ბოლოს, მაინც ბედნიერი გამოდიხარ. ანუ, მე თუ ვიცი, ბევრი პრობლემა მაქვს და ვიწყებ მათ მოგვარებას, ისიც ვიცი, რომ ხვალ უკეთესად ვიქნები, შესაბამისად, სრული უბედურება არ არსებობს.

– მარტოობის განცდა...

– სულ მაქვს და ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ეს ყოველივე სიმღერით გადმოვეცი.

– რთული პერიოდი...

– სულ მაქვს. რთული უფრო ბევრი მქონია, ვიდრე მარტივი და სწორედ, ამ სირთულეშია „მუღამი.“

– სიყვარული არის...

– დადებითი ემოციის, ცოტა ვნების, აჟიტირებისა და სიახლის განცდა. ამ ყველაფრის ერთობლიობა იწვევს ჩემში ისეთ განცდას, რომელსაც სიყვარულს ვეძახი.

– დრო და სიყვარული...

– ჩემს შემთხვევაში, დროსთან ერთად ქრება. ყოველი შემთხვევისთვის, აქამდე ყოველთვის ქრებოდა და მომავალშიც მგონია, ასე იქნება. როგორც უნდა შემიყვარდეს, მგონია, დროსთან ერთად შეიძლება, ყველაფერი გაუფერულდეს.

– ვნება და სიყვარული...

– ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. შეიძლება, მქონდეს ძალიან დიდი ვნება, მაგრამ არ მიყვარდეს ან პირიქით. თუ ორივე მოწოდების სიმაღლეზეა, მაშინ გაცილებით დიდხანს ნარჩუნდება ურთიერთობა, იმიტომ რომ პლატონური სიყვარულის არ მჯერა.

– იდეალური ქალი არის...

– იდეალური ქალი და კაცი არ არსებობს და არც არის საინტერესო. რომ არსებობდეს, მოსაწყენი იქნებოდა. თუ ვიღაც მიყვარს და ვიღაცას ჩემიანად აღვიქვამ, მიყვარს მთელი თავისი ნაკლოვანებებით, რომლებიც არ მოდის მკვეთრ წინააღმდეგობაში ჩემს ფასეულობებთან. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ვინმე იდეალური უნდა იყოს, მთავარია, ერთმანეთთან ქიმია გვქონდეს.

– ის, რაც უპატიებელია...

– უმადურობა, უპატივცემულობა და ჩემი დროის დაუფასებლობა. ძალიან სენსიტიური ვარ დროის მიმართ და თუ ვიღაცას ვხედავ, რომ ფლანგავს ჩემს დროს, მზად ვარ, საერთოდ გავწყვიტო ურთიერთობა.

– შემშურებია...

– ქვეცნობიერში, ალბათ, ყველა ადამიანი განვიცდით შურს. შურია, როცა იმდენად გადარდებს სხვისი წარმატება, გაღიზიანებასა და სიძულვილში გადაგდის. მე ხანდახან მინატრია, რომ კარგი იქნებოდა, კონკრეტული რამ მეც მქონოდა და მერე მეც იგივე გამიკეთებია.

– სამაგიეროს გადახდა...

– მიცდია და გადამიხდია კიდეც, ოღონდ ახლა უკვე გამოვედი ამ ასაკიდან და მსგავსი რამეები უკვე არ მაინტერესებს.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს. ვაღიარებ, რომ ადამიანი ვარ, ვუშვებ შეცდომებს და ვინც შეცდომებს უშვებს, ძალიან დიდი პლუსია, როცა მონანიების განცდის სურვილი უჩნდება. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც თითქოს, ყველაფერში მართლები არიან და არავისთან არაფერი ეშლებათ.

– მრცხვენია...

– დადგა დრო, რომ აღარაფრის მრცხვენია, ყველა ჩემი ნაკლი შევიყვარე და ჩემი ღირსება უფრო დავაფასე. ვიცი, რომ ჩემში კარგი გაცილებით მეტია, ვიდრე ცუდი, შესაბამისად, არაფრის მრცხვენია.

– მაღიზიანებს...

– სიყალბე და პირფერობა, როცა ადამიანები ცდილობენ, თავი იმათ წარმოაჩინონ, რისგანაც შორს არიან.

– ვნანობ...

– იმას, რომ თავის დროზე კომპლექსებისგან არ გავთავისუფლდი.

– ვაგროვებ...

– ადამიანებს, მგონია, რომ წიგნებსა და ფილმებზე არანაკლებ საინტერესოები არიან.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ჩემი კრედო, რომელსაც ვითვალისწინებ არის ის, რომ ბოლოს მაინც მე ვარ ჩემი თავის ბატონ-პატრონი და არავის იმედად არ უნდა ვიყო, არც ღმერთის, არც მშობლებისა და არც ახლობლების, რადგან ყველაზე დიდი შემსრულებელი ისევ შენ ხარ და პირველ რიგში, ადამიანს საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი