შოუბიზნესი

გურამ ბაღდოშვილი: დიდება, სახელი, ქონება – რის გამოც ხალხი თავს იკლავს, არ მაინტერესებს

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 26.02, 2021 წელი

გურამ ბაღდოშვილი
დაკოპირებულია

  „სამზარეულოს ომები“ ეკრანს ახალი სეზონით უბრუნდება. ჟიურის უცვლელი წევრი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილია, რომელსაც თავად ძალიან საინტერესო გზა აქვს გავლილი ამ სფეროში.

  გურამ ბაღდოშვილი: ახალ სეზონს ვიწყებთ. პროექტი მთლიანად ქართულ სამზარეულოზე იქნება აგებული, ქართულ კერძებსა და ქართულ ინგრედიენტებზე. ძველი, ტრადიციული კერძების გაცოცხლებას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება. ეთერში, ალბათ, მარტის ბოლოს გავალთ. ყველაზე მეტი ენდორფინები, რის შედეგადაც გამოიყოფა – ფრენა, ჭამა, სმა, გართობა, ურთიერთობები – ყველაფერი შეზღუდული გვქონდა და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ასეთი სიახლე.

– ცოტა ხნის წინ ფერმერობით დაკავდით...

– როცა შეფი ხარ, სოფლის მეურნეობა ყველაზე ახლოსაა შენთან. ბევრმა საერთოდ არ იცის, რა არის ეს. თუ სოფლის მეურნეობიდან ჩანგლამდე არ იცი ყველაფერი, ეს ნიშნავს, რომ შეუმდგარი შეფი ხარ. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის და ამას განათლების პრობლემამდე მივყავართ. უმაღლესის დამთავრებას არ ვგულისხმობ, მაგრამ შეფმა ნებისმიერი პროდუქტის განვლილი გზა უნდა იცოდე. საქართველოში ბევრი ძალიან მარტივად და მალე ირქმევს შეფს. გასტრონომია ყოველთვის ხელოვნებაზე მაღლა იდგა. ცოტა უხეშად გამომდის ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ გასტრონომია არ არის ხელოსნობა – ეს ხელოვნებაა და ეს იგივეა, ორკესტრში დაკვრა რომ მუსიკალური განათლების გარეშე მოინდომოთ. ეს მოჩვენებითია. მე ვცდილობ, ბუნებრივად დაბადებული მზარეულების ინსპირაცია ვიყო. ვცდილობ, მათ დავანახვო, როგორი მნიშვნელოვანია იყო, მიწით გაზუნტლული, საქონლის ნეხვში ჩადგმული ამოსვრილი ფეხით. იცოდე, როგორ კვებო ფრინველი, როგორ მოიყვანო მოსავალი, როგორ უნდა დააფასო პროდუქტი, რომელსაც გლეხმა მთელი წლის შრომა მიუძღვნა. მე ჩემს მზარეულებს ხშირად ვეუბნები, ისე აგინაზღაურებ შრომას, როგორც შენ აფასებ სხვისას-მეთქი. ამიტომ ხშირად არის გაუგებრობა. ამ პროფესიაში ბევრი სიყვარულით მოდის, მაგრამ უფრო მეტი – ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად.

  ფერმაზე მუშაობა პანდემიის პირველი ტალღის დროს დავიწყე. თებერვალში პორტუგალიიდან ჩამოვედი და მარტში შევუდექი საქმეს. ერთ-ერთ სოფელში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. დღეს იქ მყავს ორასამდე ფრთა ფრინველი, რომელსაც ადგილობრივი მრავალშვილიანი ოჯახი უვლის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მარცვლეულის თესვისას, რომ ისინი ბიოლოგიური საკვებით გამოვკვებოთ. ბატები და იხვები გვყავს, ახლო მომავალში, მინდა, ჩემს ფერმას რამდენიმე დედა ღორი შევმატო. ოცი ძროხა მყავს. მე შენობა-ნაგებობა და მიწები არ მაქვს. მაგრამ მოვინდომე, რამდენიმე ადამიანი დავაინტერესე, შევიკრიბეთ და კოოპერატივი შევქმენით. ეს ჯერ არ არის მომგებიანი საქმე, დროზე გათვლილი ინვესტიციაა, მაგრამ პირველი ნაყოფი უკვე მივიღეთ. უკვე სამი დედიკო მეწველი ძროხა გვყავს. დედლებს ვიტოვებთ, სახარეებს ვყიდით, ცოტა სენტიმენტალურები ვართ და არ გვინდა მათ დაკვლაში მონაწილეობა.

– სანამ საქართველოში დაბრუნდებოდით, ის ყველაფერი, რაზეც თქვენი პროფესიის ადამიანები ოცნებობენ, საკუთარ თავზე გამოსცადეთ. იქიდან დაბრუნდით და ძროხის და ბატის მოვლა გადაწყვიტეთ. თითქოს, პირიქით ხდება ხოლმე, არა?

– ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მე თავს ემიგრანტად არასდროს ვთვლიდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების 80 პროცენტი საქართველოში არ ვიყავი. ამიტომაცაა, რომ ჩემი ტექსტები და არასწორად აწყობილი წინადადებები ხშირად ფხაჭნით ხოლმე ყურს ადამიანებს და როცა რაღაცას არასწრორად ვამბობ, შენიშვნებს მაძლევენ ხოლმე. თუმცა, პოლიგლოტი ვარ. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივი, არავისზე მეტი და არავისზე ნაკლები არსება ვარ, რომელსაც არანაირი ნიჭი არ გააჩნდა, როდესაც ამ ქვეყანას მოევლინა. ზუსტად ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი განვითარება. ვარ ადამიანი, რომლესაც დიდება, სახელი, ქონება, რის გამოც ხალხი თავს იკლავს, არ მაინტერესებს. ევროპამ სხვანაირი ცხოვრება მასწავლა. არ მჭირს ვარსკვლავობის მანია. ადამიანებს ორი ძროხა ჰყავს და თავი კნიაზი ჰგონიათ – მე ეს მომენტი არ მაწუხებს. ამიტომაც ვარ ჩამოყალიბებული ადამიანი. რაც მაქვს, იმით ვკმაყოფილდები. ჩემს თავში ამ თვისებას ვაფასებ. ადამიანებს ბედნიერებად სხვა რამეები მიაჩნიათ. თუ რომელიღაც კუნძულზე არიან, ოქროსფერ ქვიშაზე გათხლაშულები და ვიღაცები ემსახურებიან, ეს მოსწონთ. ეს ჩამოუყალიბებელი ადამიანის სურვილებია. სინამდვილეში, ადამიანს არ სჭირდება ამდენი ბედნიერებისთვის. არაფერი მაკვირვებს და არაფერია ისეთი, რაც მე არ მინახავს. ქართველები განსაკუთრებით მიველტვით მაღალი დონის სპორტსმენებს, კინოვარსკვლავებს „ჰოლივუდიდან“ – ამ დროს რით განვსხვავდებით მათგან, ისინიც ხომ ჩვენნაირები არიან?! ბოდიში, მაგრამ ყველა ადამიანი შედის საპირფარეშოში და ისაქმებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რამდენი აქვს და რას იცმევს, მთავარია, მენტალურად იყოს დალაგებული და ჰუმანურობის უნარი ჰქონდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში კეთილშობილება დაიკარგა. ეს ჩემთვის მესიჯია, რომელიც მინდა, მომავალ თაობებს გადავცე. წარმატებული და განათლებული, ძლევამოსილი და თუნდაც, ცნობილი რომ იყო, ბევრი ქონება არ გჭირდება. განათლებას მიაქციე ყურადღება, თავმდაბალი იყავი და გიყვარდეს ადამიანები, თუნდაც არაფერი გქონდეს. წარმატებისთვის ბევრი ფული და მილიარდი არ არის საჭირო. ეს არც იმისთვის გჭირდება, რომ კარგი იყო. ევროპაში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ვიცნობ, დღე რომ სწავლობენ და ღამე დამლაგებლები არიან, მიტანის სერვისში მუშაობენ ან ბურგერებს აკეთებენ. ეს ადამიანს წვრთნის.

– რაც შეეხება ყოველდღიურობას, რომელიც პანდემიამ ძალიან შეგვიცვალა – მექალთანის, გართობისა და თავგადასავლების მოყვარულად გიცნობენ...

– ძალიან ცუდი იმიჯი აქვთ ჩემ შესახებ შექმნილი (იცინის). მექალთანე ხომ? საერთოდ არ არის ასე. ვარ მონოგამი, მონო ცხოვრება მიყვარს და ხშირ შემთხვევაში არ მცალია საკუთარი თავისთვის. ჩემს პროფესიაზე ვარ დაქორწინებული. საკუთარ მოთხოვნილებებს, რომელიც ჩემს ზრდას იწვევს, უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე გართობას. თუმცა, ყველაფრის დრო მაქვს და ცოტ-ცოტა ყველაფრის გაფუჭება შემიძლია. უფრო სწორად, ცელქობა. მე ჰიპერაქტიური პერსონა ვარ, მაგრამ უფრო შემოქმედებით ცხოვრებაში, ვიდრე პირადში. თუმცა, კლუბში ან რესტორანში თუ მომეცემა საშუალება ყველაფერი თავზე დავიმხო, არც ამას ვაკლებ თავს.

 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი