შოუბიზნესი

გურამ ბაღდოშვილი: ადამიანი ორი რამისთვის იბადება, რომ ჭამოს და სექსი ჰქონდეს

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 28.12, 2021 წელი

გურამ ბაღდოშვილი
დაკოპირებულია

შეფ გურამი ქალბატონებში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მისთვის სიყვარული ზღაპარია და არც ოჯახის შექმნაზე აქვს კარგი აზრი. რატომ და რა მიაჩნია სწორად სასიყვარულო ურთიერთობაში, ამაზე თვითონ მოგვიყვება.

– რატომ გიჟდება ამდენი ქალი შეფ გურამზე?

გურამ ბაღდოშვილი: (იცინის). არ ვიცი, გურამი არის განსხვავებული ადამიანი, თავისუფალი აზროვნებით. ადამიანი, რომელმაც იცის ადამიანის ფასი და ურთიერთობის პატივისცემა. იცის, რა არის ჯენტლმენობა, რადგან ასე გაზარდეს.

– განსხვავებულობა რაში მდგომარეობს?

– აზროვნებაში. გურამ ბაღდოშვილმა ზუსტად იცის, რომ სიყვარული არ ნიშნავს ვინმეს შეყვარებას და მერე მის „გადაგდებას“. მე ვიცი, რომ ხანგრძლივი სიყვარული არ არსებობს. ამიტომ ადამიანები რომ ერთმანეთს ატყუებენ, სიყვარულზე ელაპარაკებიან, მერე კი გულს უტეხენ და „აგდებენ“, გურამი ამის წინააღმდეგია და შეიძლება, ამით განსხვავდება სხვებისგან.

– ანუ, ადამიანს ილუზიებს თუ არ უნერგავ და ეუბნები, რომ ორივე დროებით ისიამოვნებთ, მერე, როცა ურთიერთობა დასასრულისკენ წავა, გულიც აღარ უტყდება?

– ასე პირდაპირ არ ვლაპარაკობთ, მაგრამ არსებობს მეთოდები ამისთვის. თუ იცი, რომ ეს დროებითია, ადამიანს წარმოუდგენლის მოლოდინი არ უნდა შეუქმნა. ეს ბუნების კანონია – ადამიანი ორი რამისთვის იბადება, რომ ჭამოს და სექსი ჰქონდეს. ყოველდღე ერთსა და იმავე საჭმელს ხომ ვერ ჭამ? იგივეა სექსშიც. მაგრამ რაღაცები სხვანაირად დაინერგა წარსულში, ამაზე რელიგიამაც დიდი გავლენა მოახდინა, ადათ-წესებმაც. ცოლი მოიყვანო, ილუზიები შეუქმნა, საუკუნოვან სიყვარულს დაჰპირდე, ორი შვილი გააკეთო და მერე მიაგდო, ეს ხომ ორივესთვის ძალიან ცუდია?! ამ დროს ყველაზე დიდ ტრავმას ბავშვი იღებს. შვილს ორივე მშობელი სჭირდება და ოჯახები რომ ასე ინგრევა, მე ზუსტად ამის წინააღმდეგი ვარ.

– „იმდენად მიყვარს, ყველაფერზე თანახმა ვარ“ – ეს მიგაჩნიათ გამართლებად?

– არა, რა სისულელეა. ეს გრძნობა სპონტანურია, წამიერია. გადაივლის და მორჩა. ამის აღიარება გვიჭირს. არადა, მერე უფრო ცუდი – ოცწლიანი ურთიერთობები ინგრევა და წარმოიდგინე, რა საშინელებაა, ოც წელს ატარებ ადამიანთან, რომელსაც სინამდვილეში, არ უყვარდი და შენ მისთვის ყველაფერს სწირავდი. ზოგი შეიძლება, მაგარი მეცნიერი ყოფილიყო, ზოგი – მაგარი მოცეკვავე, მაგრამ ქმარი სახლში ჰყავს – მიდი ბავშვებს მიხედეო. ადამიანები მაშინ უნდა შეუღლდნენ, როცა ბოლომდე იცნობენ ერთმანეთს. მე ვიცნობ წყვილებს, სკოლიდან რომ შეყვარებულები არიან. იქ არის სექსი, მეგობრობა, ოჯახების ურთიერთობა და ნელ-ნელა მიდიან ოჯახის შექმნისკენ ბუნებრივი გზით. ადამიანს რომ გაიცნობ და ექვს თვეში ჯვარი გაქვს მასზე დაწერილი, წარმოგიდგენია, რა მოჰყვება ასეთ ურთიერთობას?! 46 წლის ვარ და ორი „ნასკი“ ვერ დავაწყვილე, რა დროს ოჯახია. იმისთვის, რომ ეგოიზმი დაიკმაყოფილო და ბავშვი გააკეთო, რომელსაც მერე უდედოდ დატოვებ ან უმამოდ, არასწორია. ეს ბავშვისთვის ძალიან სერიოზული ტრავმაა. ყველა ფიქრობს, რომ საკუთარი მემკვიდრეობა უნდა დატოვოს. ამ დროს ყველა ადამიანმა არ უნდა დატოვოს მემკვიდრეობა. მე ვიცნობ ბევრ გაჭირვებულ ოჯახს, ხუთი-ექვსი შვილი ჰყავთ, ღმერთმა მეტი მისცეთ და ღმერთმა გვამრავლოს, მაგრამ ერთს რომ ვერ ინახავ, ხუთის შენახვას როგორ აპირებ?! ამ ბავშვებს არც ბავშვობა აქვთ, არც განათლება, არც სათამაშო, არც ნორმალური კვება და გამოდის, რომ ეს ბავშვები ტანჯვისთვის მოდიან ამქვეყნად.

– თუ ღმერთი შვილს გაძლევს, მისი გაზრდის საშუალებასაც მოგცემსო – ხშირად გვესმის ეს სიტყვები.

– ვაიმე, ღმერთი გაძლევს იმდენჯერ, რამდენჯერაც სექსი გექნება. მორჩა. სექსი თუ გექნება, შეგიძლია, დაფეხმძიმდე. ღმერთი კი არ გაძლევს, განაყოფიერება ანატომიური პროცესია. ეს ბუნებრივია. ღვთისმოშობელს რომ მოუვლინა იესო, ასე ხომ არავის აძლევს?! აბა არ ჰქონდეთ სექსი და ვნახოთ, თუ მისცემს.

– კარგად რომ გაიცნობ ადამიანს და მერე ქმნი მასთან ოჯახს, დროსთან ერთად, მაინც ხომ უფერულდება რაღაცები?

– ზუსტად ამაშია საქმე. წლების განმავლობაში ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება უჩნდებათ. ვნება, სიყვარული, ეს ძალიან დროებითია, მეგობრობა სამუდამოა. ამიტომაც უნდა გამოცადო ამ ადამიანთან ერთად ძალიან ბევრი რამ და თუ ნახე, რომ აკმაყოფილებს შენთვის მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, მერე – კი, ბატონო.

– ჩვენ ამ აზრით გვზრდიან – რაღაც ასაკს რომ მივაღწევთ, ოჯახი უნდა შევქმნათ, შვილები გავაჩინოთ...

– როცა საზოგადოების აზრი აღარ იქნება მნიშვნელოვანი, მაშინ ჩამოყალიბდება ადამიანი პიროვნებად. ახალი ღვინო კარგია, მაგრამ წლების შემდეგ დავარგებული – უკეთესი და ბევრად ძვირად ფასობს. ადამიანს ჩამოყალიბება სჭირდება, პროფესია სჭირდება. განათლების მისაღებად წლებია საჭირო. საქართველოში 18 წლის ასაკში რომ ქმნიან ოჯახს, ამ ადამიანებს რა განათლება უნდა ჰქონდეთ ან რა გამოცდილება?! 15-18 წლისები კი არ უნდა შეუღლდნენ და ორ წელიწადში ერთმანეთს დასცხონ და დაიშალონ, ჯერ უნდა დაღვინდნენ. როცა ჩამოყალიბებული ხარ, პროფესია გაქვს, მერე შექმენი ოჯახი. ქალსაც და კაცსაც უნდა ჰქონდეს განათლება, პროფესია და მერე იზრუნონ შვილების ჩეკვაზე. იქამდე შეუძლიათ, ერთად იცხოვრონ. რომელ საუკუნეში ვართ, რაღა დროს ქალიშვილობის ინსტიტუტია. ძალიან სიბნელედ მიმაჩნია ეს ყველაფერი. როცა საზოგადოების აზრი არ გაინტერესებს, მაშინ ვითარდები. პირობითად, მე ა კლასით ვივლი თუ „პაჯეროთი“, ვისი რა საქმეა? რაც მაკმაყოფილებს იმით დავდივარ, მაგრამ არა, აქ გამოიტანენ კრეტიდებს და დადიან მაღალი მანქანებით, მეზობელმა თუ ორსართულიანი სახლი ააშენა, მე სამიანი მინდა და ასე შემდეგ. როცა საკუთარი აზრით იცხოვრებ, ცოლსაც უკეთ შეინახავ, უკეთეს ოჯახსაც შექმნი და ურთიერთობაც უფრო სასიამოვნო იქნება. ოჯახის გაძლიერებაც ორივეზე უნდა იყოს დამოკიდებული. ცოლი არ უნდა იყოს დამლაგებელი. ძალიან ბნელია აზროვნება – ცოლი იმიტომ მინდა, რომ გამირეცხოს, შვილები გამიჩინოს და გამიზარდოს, სახლი დამილაგოს, სამაგიეროდ, მე შევინახავ. ასე იმ ცოლს თავისი ცხოვრება აღარ აქვს და შენი მოჯამაგიერეა. რომელ საუკუნეში ვართ, ღმერთო?! მაგრად „მიტყდება“ ასეთი აზროვნება. ოცი წლისამ ცოლი კი არ უნდა მოიყვანო. უნდა ისწავლო, „იგულავო“, თავზე დაიმხო ყველაფერი. ამასობაში განვითარდე, საკუთარი შექმნა და არა ის, რომ დედისა და მამის ხარჯზე გყავდეს ცოლი. მარტო ის ხომ არ არის, ბუნებრივი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო?!

– თუ არა სიყვარული, რის გამო შეიძლება, ადამიანთან მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდეთ?

– ვიღაცასთან ხანგრძლივი ურთიერთობა რომ მქონდეს, მასთან, პირველ რიგში, ძალიან მაგარი მეგობრობა უნდა მაკავშირებდეს. მასთან ასი პროცენტით უნდა ვიყო გახსნილი, არ უნდა ვიტყუებოდე. თუ ძმაკაცთან მივდივარ დასალევად, ვამბობ, თუ დაქალთან მივდივარ, ესეც უნდა იცოდეს და ცოლმა სცენები არ უნდა მომიწყოს, როგორ შეიძლება, კაცს ქალი ჰყავდეს მეგობრადო. უნდა ჰყავდეს და თან ბევრი. საქართველოში გამორიცხულია, ცოლს უთხრა, დღეს ჩემს კლასელ გოგოებთან მივდივარ რესტორანში დასალევადო. პირველი რეაქცია – ბოზებში მიდიხარ? ორი ადამიანის ურთიერთობა მარტივი არ არის. შესაბამისად, არც ოჯახის შექმნა. უფრო მარტივი რომ იყოს სუროგატობა ან ბავშვის აყვანა, ასე მოვიქცეოდი და არავისთან არ მექნებოდა კომპრომისებით სავსე ურთიერთობა. იმისთვის, რომ ბავშვი გავაკეთო, ჩემი გრძნობებით ვინმეს მანიპულირებას არ დავიწყებ. ხომ ვიცით, რაც ხდება მერე, ბევრი ადამიანის ცხოვრება გვინახავს, ბევრი მაგალითი. უბრალოდ, საზოგადოებას აღიარება უჭირს, ეშინია, არ უნდათ სიმართლის თქმა, ბავშვს გამოჩეკავენ და მერე მიაგდებენ. მერე ის ნახევრად იზრდება და არა სრულყოფილად. თუ მაინც ნახევრად უნდა გაზარდო, სჯობს, აიყვანო და შენ მისცე ორივე მშობლის ამაგი, განათლებსაც და ყველაფერი იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. რამდენი ოჯახია გაჭირვებული, რამდენი ბავშვია ინტერნატში, მაგრამ თუ ოჯახი არ გაქვს კანონი ბავშვის აყვანის უფლებას არ გაძლევეს. რატომ? ბევრ მარტოხელა ქალს ვიცნობ, რომელსაც კაცი საერთოდ აღიზიანებს. მაგრამ ეს რატომ უნდა უშლიდეს ხელს ბავშვის აყვანაში – ეს ხომ დისკრიმინაციაა. კაცსაც არ უნდა შეიძლება ქალი, არ უნდა, ვიღაცამ ჰკითხოს, სად მიდის და ვისთან, რატომ იგვიანებს და რატომ ასხია უფრო მეტი სუნამო. ამის გამო არც მას აქვს ბავშვის აყვანის უფლება. როცა ბავშვს ზრდი და მან იცის, რომ დედა არ ჰყავს, კი, ეს მისთვის ტრავმაა, მაგრამ შეგიძლია, იმხელა ამაგი დასდო, მთელი ცხოვრება ჩააქსოვო მასში და ამ ამბავს ძალიან კარგი გაგრძელება ჰქონდეს. მე მირჩევნია, შვილზე დავხარჯო დრო, მასში ჩავაქსოვო ამაგი, ვიდრე იმ ადამიანში, რომელიც ჩემი გაზრდილი არ არის, ცოლი დავარქვა და ხუთ წელიწადში სასამართლოებში ვირბინო ოჯახის დასანგრევად.

– ბოლო პერიოდში ოჯახის გარეშეც ხშირად აჩენენ შვილს. ამის სურვილი არ გქონიათ?

– რატომაც არა, უბრალოდ, ამას ხომ არ გამოვფენ და „ფეისბუკზე“ ხომ არ დავწერ, ბავშვის გაკეთება მინდა და ვინ არის მსურველი-მეთქი?! მერე უნდა ნახოთ, რა დღეში ჩამაგდებენ. ახლაც იმდენი და ისეთებს მწერენ, თვალები შუბლზე აგივა. ალბათ, საზოგადოებას რაღაც სიმპათია აქვს ჩემ მიმართ. ასეთ რამეზე საჯაროდ რომ ვთქვა, მერე ერთი წელიწადი ბავშვების კეთებაში უნდა ვიყო და მერე მათ რა გაზრდის. ასეც არ შეიძლება, მაგრამ კომპრომისების გარეშე ყველაფერი შეიძლება. კი, როგორ არა, შეიძლება ადამიანთან ურთიერთობა გქონდეს, ოჯახი არ გინდოდეთ და შვილის გაჩენაზე შეთანხმდეთ. სიტყვაზე, ურთიერთობიდან სამ თვეში ან ორ წელიწადში ვინმეს აღარ ვუნდივარ, მაგრამ მე ჭკუა მეკეტება მასზე, რატომ უნდა ვაწამო ჩემი თავი?! არ მცალია ამისთვის. მე კარიერისტი ვარ. შეიძლება, ამიტომაც ვხედავ სხვანაირად. მე ვარ მგელი, არწივი და მდინარე – ჩემთვის ეს სამი თავისუფლების სიმბოლოა. მდინარე აუცილებლად გაჭრის სასურველ კალაპოტს, არწივს ვერავინ მისცემს მიმართულებას, ვერც მგელს. თუ მაინც ისე მოხდა, რომ ხვალ ვიღაცაზე გამოვშტერდი და შემიყვარდება, ოჯახსაც შევქმნი. არ ვიცი. იყო მცდელობები, მაგრამ დაბრკოლებები შეიქმნა და არ გამოვიდა ისე, როგორც მე წარმომედგინა სიყვარული და ოჯახი. ფუჭი მცდელობების შემდეგ კიდევ რატომ უნდა ვეცადო? თუ თავისით მოვა, მოვიდეს. არ ვიცი, შეიძლება, მე გვიან ვმწიფდები ამ საკითხში. ზოგს 16 წლიდან უყვარს ადამიანი და მთელ ცხოვრებას ბედნიერად ატარებს მასთან ერთად, ღმერთმა ბევრი ამყოფოს ასე, რაც მეტი ბედნიერი ოჯახი და ბავშვი იარსებებს, გამიხარდება. მაგრამ საერთო ჯამში, მგონი, ჯობს, რომ ძლიერი ფუნდამენტი გვქონდეს და მასზე დავაშენოთ ურთიერთობა. ჯერ ჩვენი თავი ჩამოვაყალიბოთ და მერე შევქმნათ ოჯახი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა