შოუბიზნესი

გოგა მესხი: ორლარიანებს ვაგროვებდი, ყულაბა რომ გაივსო, იმდენი მქონდა, იაპონიაში მანქანა შევუკვეთე

№30

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 08.08

გოგა მესხი
დაკოპირებულია

მომღერალი გოგა მესხი წლებია, სცენაზე დგას და მისი შემოსავლის მთავარი წყარო სწორედ მუსიკალური კარიერაა. როდის გახდა ის ფინანსურად დამოუკიდებელი საკუთარი საქმის მეშვეობით და როგორი მხარჯველია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გოგა მესხი: ჩემი პირველი ჰონორარი სიმღერას უკავშირდებოდა. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვიმღერე ღონისძიებაზე და 20-20 ლარი დავიმსახურეთ (იცინის). რა უნდა გამეკეთებინა ამ თანხით? ალბათ, ბიჭები სახინკლეში წავედით.

– ფინანსური სტაბილურობა და დამოუკიდებლობა რომელ ასაკში მოიპოვე?

– დაახლოებით, 23 წლიდან მე და ჩემი მეგობრები აქტიურად ვმღეროდით ერთ-ერთ ბარში, პეროვსკაიაზე. პარალელურად, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. თუმცა, ბარში იმდენად კარგი შემოსავალი მქონდა, მეორე სამსახურს თავი დავანებე. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველთვის აქტიური ვარ. ყველაზე მეტად რაც მეამაყება, ისაა, რომ ყოველთვის საკუთარი შრომით, ჩემი სიმღერით მქონდა შემოსავალი. ვამაყობ, რომ რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ის არის ჩემი შემოსავლის წყარო.

- ხომ ამბობენ, ფულის შოვნას შნოც სჭირდებაო, ასევე, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრა.

- კი, მართლა ასეა, შნო აუცილებელიცაა, მარტო ამ მხრივ კი არა, ყველა საქმეში, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა, უფრო გამართლებაზეა დამოკიდებული, მით უმეტეს, როცა დიდ ფულზეა საუბარი. ესეც იღბლის და გამართლების ამბავია. შეიძლება, ერთი პროფესია გქონდეს და სრულიად სხვა საქმეში აღმოჩნდე, გაგიმართლოს და დიდი თანხა იშოვო. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი კონტაქტებია. რომელი სფეროც არ უნდა ავიღოთ, ასეა.

– პროფესიის პარალელურად, სხვა მცდელობებიც გქონია დამატებითი შემოსავლის მისაღებად?

– ძირითადად, მაინც სიმღერაა ჩემი შემოსავლის წყარო. ალბათ, 95 პროცენტი ასეა. თუმცა, სხვა მცდელობებიც მქონია და ნორმალურად გამომსვლია. არც მეთაკილება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სათაკილო ის მგონია, როცა ფული არ გაქვს და არაფერს აკეთებ. მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში ყიდვა-გაყიდვა პირველ ადგილას დგას. თუ ადრე ვაჭრობა სირცხვილად მიიჩნეოდა, დღეს ამას ბიზნესის სახე აქვს და მისკენ ყველა მიილტვის.

– როგორი მხარჯველი ხარ?

– ფულის შეგროვება და შენახვა შემიძლია. ადრე აჩემება მქონდა, ორლარიანებს ვაგროვებდი, სხვა ხურდა ფულს არ ვურევდი. ჩემი ყულაბა რომ გაივსო, იმდენი მქონდა მოგროვებული, რომ იაპონიაში მანქანა შევუკვეთე (იცინის). ალბათ, ერთი ათი წლის წინ მოხდა ეს ამბავი და მშვენიერი მანქანა ჩამომიყვანა მეგობარმა (იცინის). ასე, რომ მფლანგველი არ ვარ. მიზნებს ვისახავ და ვისრულებ კიდეც.

– ესე იგი, როგორც მამაკაცების უმეტესობისთვის, შენთვისაც მანქანაა სუსტი წერტილი.

– კი, მანქანები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, ყველა კაცს უყვარს მანქანა. გამონაკლისებიც არიან, მაგრამ ძირითადად, უყვართ, თუმცა, მე – განსაკუთრებულად. მანქანა ცალკე ცხოვრებაა და მასში თანხას არ დავინანებ.

– კიდევ რა არის, რაშიც თანხა არ გენანება?

– საჩუქრების ჩუქება მიყვარს ძალიან ჩემი მეგობრებისთვის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. თუ ვიცი, ვინმეს რამის ყიდვა უნდა და შემიძლია, ეს მისთვის მე გავაკეთო, სიამოვნებით ვყიდულობ. მერე მისი სიხარულის ნახვით ვტკბები. ასევე, საკოლექციო მანქანები მიყვარს და საკმაოდ კარგი კოლექცია მაქვს. ეზოში თუ სახლში ბევრი მანქანა უნდა იყოს (იცინის). ესეც ჩვეულებრივი ბიზნესი და ინვესტიციაა, ყიდვა-გაყიდვის მხრივ კარგ შესაძლებლობებს გაძლევს.

– რაში არ გიყვარს თანხის გადახდა?

– ჯარიმებში. ძალიან ვბრაზდები ასეთ დროს. სხვათა შორის, ხშირად არ მიწევს, მაგრამ როცა ვჯარიმდები, ძალიან ვბრაზობ (იცინის). კარგი მძღოლი ვარ, კანონმორჩილი. კიდევ ტკბილეულში არ მიყვარს ფულის გადახდა, იმიტომ რომ მასუქებს, ორმაგი ზარალია (იცინის).

– რა არის შენი ყველაზე კარგი დაბანდება და რაში „გადაგიყრია ფული“?

– თეატრალურში სწავლის დროს, რატომღაც, მე და ჩემს მეგობარს ფერმის გაკეთება მოგვინდა (იცინის). მაგრამ, ჩვენი წამოწყებული საქმე ძალიან დიდი კრახით დამთავრდა. იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა დავკარგეთ. ახლა კი სიცილით ვიხსენებ, მაგრამ იმ დროს კარგადაც ვინერვიულეთ და ვალებიც დავიდეთ.

რაც შეეხება კარგ დაბანდებას, ბიზნესი არ არის მაინცდამაინც საჩემო საქმე, ამიტომ ისევ და ისევ, საკუთარ თავსა და შემოქმედებაში თუ ჩავდებ ფულს. ვგულისხმობ ახალი სიმღერების ჩაწერას, კლიპების გადაღებას. ერთია, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს და მეორე, რომ ეს განვითარებასა და წინსვლას ნიშნავს შემოქმედებითი თვალსაზრისით, ეს მზრდის და მეტ შესაძლებლობას მაძლევს. ესეც ბიზნესია, რეალურად მე ამით ვცხოვრობ.

– კრიზისულ მომენტებზე როგორ რეაგირებ?

– ადრე, თუ თანხა შემომაკლდებოდა, მართლა ვნერვიულობდი. ახლა საერთოდ არ ვნერვიულობ, დღეს არ იქნება, ხვალ იქნება. გულწრფელად ვამბობ, ასეა. თუმცა, ამ აზრამდე მისვლას, გამოცდილება სჭირდება. დღეს გაქვს, შეიძლება, ხვალ არ გქონდეს, ზეგ კი ბევრი გქონდეს, ცხოვრება ასეთია. ამაში სანერვიულო რა არის, ან რომ ინერვიულო, რა შეიცვლება?!

– ფულთან დაკავშირებით ცრურწმენები თუ გაქვს?

– რჩევებს ვითვალისწინებ ხოლმე, მაგალითად, გამიგია, რომ საფულე ყავისფერი უნდა იყოს, კიდევ ხურდა არ უნდა გამოილიო. ეს არ არის ცრურწმენა, მართლა მოქმედებს. ასევე, ორშაბათს არ უნდა გასცე ფული, ეს ებრაელებისთვის კანონია. არ არსებობს ორშაბათს რამეში ფული გადაიხადონ, შევსწრებივარ კიდეც, 12 საათს რომ ელოდებოდა, იმისთვის, რომ თანხა გადაეხადა. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, კარგი, რა, რა მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ მართლა აქვს.

– ოდესმე დაგიკარგავს თანხა ან ღირებული ნივთი?

– ტელეფონის დაკარგვა უკვე ჩვეულებრივი ამბავია. თანხას რაც შეეხება, 200-300 დოლარი დავკარგე ერთხელ, საბედნიეროდ, მეტჯერ არ მომხდარა ასეთი რამ. სხვათა შორის, ბევრი არა, მაგრამ დაახლოებით, ამდენი თანხა მიპოვია კიდეც.

– შენი დაკვირვებით, ფული ცვლის ადამიანს?

– სამწუხაროდ, ძალიან ცვლის. რამდენიმე ასეთი შემთხვევა ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ანუ ადამიანი ფულს იმდენად შეუცვლია, რომ საერთოდ დამიკარგავს. ხშირ შემთხვევაში, ფული აფუჭებს ადამიანს და ეს ძალიან დასანანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა