შოუბიზნესი

გოგა ჩანადირი: ჩემს დაბადების დღეს სისხლს ვაბარებ, დონორი ვარ და ამით ვცდილობ, ჩემი დაბადება გავამართლო

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 15.10

გოგა ჩანადირი
დაკოპირებულია

როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რა ტრადიციები აქვს ამ დღეს და როგორ ხვდება ასაკის მატებას, ამას მისგან გავიგებთ.

გოგა ჩანადირი: დაბადების დღე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე არის ჩემს ცხოვრებაში. 11 სექტემბერს ვარ დაბადებული და ბოლო წლების განმავლობაში, ალბათ, უკვე 10 წელია, ამ დღეს აუცილებლად ვიცავ მარხვას, იმიტომ, რომ იაონე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა, უმძიმესი დღე. ცოტა გვიან გავიგე, რომ ამ დღეს მარხვა იყო და მას შემდეგ პომპეზურად აღარ აღვნიშნავ. თუ აღვნიშნავ, ჩვეულებრივ, მარხვით.

არ მიყვარს დაბადების დღის წინა ან მომდევნო დღით გადახდა. თუ ვიხდი, ვიხდი იმ დღეს, რა დღესაც მაქვს, მაგრამ წლებია, თუ საქართველოში ვარ, აუცილებლად იოანე ნათლისცემლის რომელიმე ტაძარში მივდივარ. ორჯერ ამ დღეს ტაო-კლარჯეთში შევხვდი და იქაც მოვახერხე ეს გამეკეთებინა. ერთხელ ოშკის ტაძარში ვიყავი და მეორედ – ოპიზაში, სადაც ტაძარი, პრაქტიკულად, დანგრეულია, მაგრამ გადმოცემით ვიცით, რომ წმიდა იოანე ნათლისცემლის ხორხი იყო დაბრძანებული. საქართველოში შიომღვიმეში მივდივარ ხოლმე. წელს ავჭალის იოანე ნათლისმცემლის ტაძარში აღვნიშნე ეს დღე. ეს ტაძარი პირველად ვნახე, სამწუხაროდ, მანამდე მისი არსებობის შესახებ არ ვიცოდი.

ადრე კიდევ ერთი ტრადიცია მქონდა, ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის ყურძნის ტორტი იყო. ყურძენი ქრისტიანობის სიმბოლოა, საქართველოს, რთველისა და შემოდგომის სიმბოლო. კიდევ ერთი ტრადიცია მქონდა, სუფრაზე ქალი იყო თამადა. ეს უკვე ჩემი მოგონილია (იცინის). უბრალოდ, ჯერ კიდევ როდის ვფიქრობდი, ქალის როლის მნიშვნელობის ხაზგასმას და ჩემი გაგებით, ამით ჯერ კიდევ წლების წინ ვათანაბრებდი ორივე სქესის უფლებებს სუფრასთან.

ჩემი დაბადების დღე ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში კიდევ ერთი მიზეზით მიყვარს – ამ დღეს სისხლს ვაბარებ. დონორი ვარ და ამით ვცდილობ, ჩემი დაბადება გავამართლო. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს. ჩვენი, ყველას მისიაა, სიკეთე გავაკეთოთ და ერთმანეთს გერდში დავუდგეთ. სისხლის გაღებით სულ მცირე სამ ადამიანს ეხმარები, სიცოცხლეს ჩუქნი. როცა საკუთარ დაბადების დღეზე გაიღებ სისხლს და პირიქით, სხვას გაუკეთებ საჩუქარს, შენ ამ დროს შენს მისიას ამართლებ. როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, რომ დაიბადე, როცა შეგიძლია, სხვა გაახარო, სხვას აჩუქო ძალიან ფასეული. საკუთარ დაბადების დღეზე მარტო ჩვენ კი არ უნდა მივიღოთ საჩუქრები, თავადაც უნდა გავცეთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავებისთვის არ დავბადებულვართ, სხვებისთვისაც მოვევლინეთ ამ სამყაროს. საერთოდ, ძალიან მინდა, ადამიანებმა დაბადების დღესა და ჯვრისწერის დღეს ბევრი სიკეთე გააკეთონ და საკუთარი სიხარული გაჭირვებულებთან ერთად გაიზიარონ. სიკეთით დაიწყონ ოჯახის შექმნა, სიკეთით დაიწყონ ახალი წელი საკუთარ ცხოვრებაში. ყველაზე დიდი საჩუქარი სხვისი დახმარებაა და როგორ არ უნდა მიყვარდეს საკუთარი დაბადების დღე, თუნდაც, ამის გამო?! ცოტა მიკვირს იმ ადამიანების, საკუთარ დაბადების დღეზე რომ ამბობენ, ხასიათზე ვერ ვარ, ვაიმე, ასაკი მომემატაო. კაცმა არ იცის, დაბადების დღეზე ასაკი გემატება თუ გაკლდება.

– ასაკის მატებას მშვიდად ხვდებით?

– ძალიან მშვიდად. გარდაუვალია ჭაღარა, გარდაუვალია ნაოჭი. მარადიულები არავინ ვართ, მარადიული მხოლოდ სახელი შეიძლება, იყოს და მოდი, ამ სახელს გავუფრთხილდეთ, სწორად და სიკეთით ვიცხოვროთ. ასე შევასრულებთ ჩვენს მისიას, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. ასაკის მატებაზე ღელვა ნიშნავს, რომ არასწორად ვუყურებთ ცხოვრებას.

– განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც ამ დღეს მიგიღიათ?

– გულწრფელად უნდა ვთქვა, ბოლო პერიოდში, ვხვდები, რომ ყველაზე კარგი საჩუქარი მაინც ფულია. ადამიანი თვითონ გადაწყვეტს, რა იყიდოს ნაჩუქარი თანხით. ჩემთვისაც უჩუქებიათ და მეც მიჩუქებია სხვისთვის ისეთი საჩუქარი, რომელიც არ გამოუყენებიათ და დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია. არ არის მარტივი საჩუქრის არჩევა, თუ წინასწარ არ იცი იუბილარს რა მოსწონს. ყოველთვის ვერ გამოიცნობ მის სურვილს, ამიტომ ისევ ფულის ჩუქებას ვამჯობინებ ან ძალიან პრაქტიკულ და თანამედროვე ნივთებს. მაგალითად, ყველას სჭირდება კარგი ტელეფონი, ყურსასმენი, მაჯის საათი და ასე შემდეგ. ვინმემ რომ ფოტოაპარატი მაჩუქოს, თუ მან ჩემი გემოვნება არ იცის ფოტოგრაფიაში, შეიძლება, ეს საჩუქარი არ გამომადგეს. ამიტომ ვაუჩერების პრინციპიც ძალიან კარგი მგონია. თუმცა, მთავარი საჩუქარი გვერდში დგომაა. მომწონს, როცა სოციალურ ქსელში მხვდება პოსტი, სადაც იუბილარი წერს, დღეს ჩემი დაბადების დღეა და ის თანხა, რითაც ჩემთვის საჩუქრის გაკეთებას აპირებდით, გაჭირვებულს გადაურიცხეთ დასახმარებლადო. ეს ძალიან ამაღელვებელია. საერთოდ ნებისმიერი საჩუქარი ფასდაუდებელია. ადამიანმა იფიქრა შენს გასახარებლად და როგორ შეიძლება, ეს არ დააფასო და არ გიხაროდეს.

– როგორი იყო თქვენი დაბადების დღეები წლების წინ?

– ძალიან მრავალეროვანი. ერთხელ გოლფკლუბშიც კი აღვნიშნე დაბადების დღე. მე ძალიან მიყვარს დაბადების დღეების თბილისს გარეთ აღნიშვნა, ბოლო წლებში – უფრო მოკრძალებულად, მაგრამ მცირე მასშტაბი ჩრდილს არ აყენებს ამ დღეს.

– როგორი სურვილები გაქვთ ხოლმე ამ დღეს ან მოთხოვნები თუ გაქვთ საკუთარ თავთან?

– სხვათა შორის, ეგ უფრო ახალ წელს მაქვს, ვიდრე დაბადების დღეზე. ახალი წლის ათვლას დაბადების დღიდან არ ვიწყებ. დაბადების დღე ერთგვარი ფუფუნებაა, დაივიწყო ყველაფერი და დრო ბედნიერად გაატარო, გართობაზე გადაერთო და ისიამოვნო. ახალ წელს ვფიქრობ, რა გავაკეთო შემდეგ წელს, სად შეიძლება, წავიდე, რა გადავიღო, რა პროექტი დავგეგმო და ასე შემდეგ. დაბადების დღეზე, როგორც ვთქვი, სხვა რიტუალები მაქვს.

– გაქვთ განსაკუთრებით საყვარელი ასაკი?

– არა, როგორც კი ადამიანი ამაზე ფიქრს დაიწყებს, ის მალე დაბერდება. ახალგაზრდობა კუნთების ძალით კი არა, შრომის ხალისით ფასდება. თუ იმაზე ფიქრს დაიწყებ, რა კარგი იყავი წარსულში, ეს კარგს რას მოგიტანს? გააგრძელე ზრუნვა იმაზე, რომ ისევ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ლამაზი იყო, თუმცა მანიპულაციების გარეშე. მთავარია, ხალისი და განწყობა გქონდეს. თუ ეს გექნება, მაშინ ყველა ასაკი გეყვარება, მაშინ კმაყოფილი იქნები წარსულითაც და აწმყოთიც, არ იტყვი, ახლა რას ვგავარო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა