გოდერძი შარაშია:ანდრიამ გვითხრა, ისეთი განცდა მაქვს, პირველი შვილი არ ვარო... 15 წლის ასაკში ვუთხარით სიმართლე
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 14.04

გოდერძი შარაშია ის ადამიანია, ვისთან ურთიერთობასაც მხოლოდ პოზიტივი მოაქვს. მართალია, მისი მკაცრი გარეგნობა არ ემთხვევა მის თბილ და იუმორით სავსე ხასიათს, მაგრამ ამაზე თავად ხუმრობს – ამბობს, რომ ბევრს უთქვამს მისთვის, შორიდან სულ სხვანაირი ჩანხარ, ახლოდან რომ გაგიცანი, რადიკალურად სხვა ხარო. გოდერძის ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც მისი საყრდენი და ერთგული თანამგზავრია. ეს არის მისი მეუღლე, ცირა ჩქვანავა, რომელსაც გოდერძის მშვიდ, წარმატებულ და იდილიურ ცხოვრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
გოდერძი შარაშია: ზოგს რა სჭირდება ბედნიერებისთვის და ზოგს რა უხარია და რა ხდის ბედნიერს. მე ბევრი რამე არ მჭირდებოდა. თავს, აბსოლუტურად ბედნიერად ვთვლი, რადგან მყავს ისეთი ოჯახი, როგორიც მინდოდა, მყავდა ისეთი მამა და მყავს ისეთი დედა, როგორიც მინდოდა, მყოლოდა, ირგვლივ – ისეთი ადამიანები და მეგობრები, ვისაც ვენდობი, მაქვს ოჯახური იდილია და მყავს არაჩვეულებრივი შვილი. ვფიქრობ, რომ მთავარი ბედნიერება მაინც ოჯახური სიმყუდროვეა და ამ მხრივ, ნამდვილად ბედნიერი ვარ. ყველაფერი მქონდა და მაქვს, რაც ადამიანს ბედნიერს ხდის. თუმცა, ისეც არ არის, კონფლიქტი არ მქონოდა ან ადამიანი არ დამეკარგა. ყოფილა შემთხვევა, ადამიანი, რომელზეც ვფიქრობდი, რომ მეგობარი და დასაყრდენი იყო, შევცდი და არ ყოფილა ისეთი, როგორიც მეგონა. ასე რომ, ზოგჯერ მქონია ზედმეტი წარმოდგენები ადამიანებზე, რამაც მერე გულისტკენა გამოიწვია. თუმცა, მთლიანობაში, ყველა, ვინც დღემდე ჩემ გვერდით დამრჩა, ბედნიერს მხდიან.
– რამდენი წელია, რაც დაოჯახებული ხარ და რომ ამბობენ, ოჯახური თანაცხოვრების ყოველდღიურობა სიყვარულს ცვლისო, ეს მომენტი გქონდა?
– გაცნობის პერიოდსაც კი დაოჯახების პერიოდად ვთვლი და ჯამში, 24 წელი გამომდის. როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ბედს უკავშირებს, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, გარემო, განწყობები, საახლობლო წრე, ამ მხრივ, ჩემი და ცირას ცხოვრებაში ყველაფერი დადებითისკენ შეიცვალა. მისი მხრიდან კარგი ადამიანები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში და ასევე, ჩემი მხრიდან – მასთან. პირველივე ნახვიდან მივხვდი, ცირა ჩემი ადამიანი იყო და არასდროს ეს ჩვენება არ შემიცვლია. შორიდან დავინახე და მივხვდი, ჩემში ისეთი რამ მოხდა, რაც სხვა დროს არ მომხდარა, ვიგრძენი, ენერგეტიკულად ჩემი ადამიანი იყო. ბევრი პრობლემა, ტკივილი და დარდი ერთად გადავლახეთ, ბევრი სიხარულის წუთებიც ერთმანეთს გავუზიარეთ და დღემდე ასე მოვდივართ. ჩვენ ორი ერთნაირი ადამიანი ვართ, ერთნაირი განწყობით, მიზნებით, ამოცანებით, სურვილებით. 24-წლიანი ქორწინება არც დიდი დროა და არც პატარა, ბევრი გამოწვევა და გამოცდა მოგვიწყო ცხოვრებამ და ჩვენ გავუძელით და გადავლახეთ. ვფიქრობ, წყვილს შორის იდილიური ურთიერთობისთვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემა და მოთმენა. საყვარელი ადამიანის გამო ბევრი მომითმენია და დამითმია კიდეც და ანალოგიურად მას – ჩემთვის. ამის გარეშე ურთიერთობა არ დგება, მით უმეტეს ცოლ-ქმრის. რასაკვირველია, განსხვავებული შეხედულებებიც გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის ვუგებთ და გამოსავალსაც ვპოულობთ. ასე რომ, ჩემი ოჯახური იდილიისა და სიმშვიდის მთავარი გარანტია ის, რომ ორივე დამთმობი ვართ და ყველა სიტყვასა და გადაწყვეტილებაში ერთმანეთის აზრს ვცემთ პატივს. 24 წელია, ერთად ვცხოვრობთ და თუ არ ჩავთვლით იმ დღეებს, როცა მე რამდენიმე დღე გადაღებაზე მიწევს წასვლა, დანარჩენი სულ ერთმანეთის გვერდით ვართ. არ მჯერა იმის, რომ ამბობენ, პატარ-პატარა განშორებები ცოლ-ქმრისთვის კარგიაო.
– გარეგნულად მკაცრი შეხედულება გაქვს. თუმცა, ვინც ახლოს გიცნობს, იცის, რომ რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ხარ.
– არ მიკვირს, ამას რომ მეუბნებით, რადგან ხშირად უთქვამთ, ეკრანზე, მიუხედავად იმისა, რომ გვაცინებ და იუმორით სავსე ხარ, მაინც როგორი მკაცრი გარეგნობით ზიხარო. მეც ვამჩნევ, რომ ჩემი გარეგნობა, აბსოლუტურად განსხვავებულია ჩემს სახასიათო ბუნებასთან (იცინის). ფაქტია, ასეა და ბევრს უთქვამს. ადამიანი არ არსებობს, ვისთანაც გასაღების გამონახვა და ურთიერთობა არ შეიძლება, მაგრამ ცოტა მიჭირს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც იუმორი არ აქვს და წაღიღინება არ შეუძლია. ზოგადად, საზოგადოებაში პოზიტიურ ადამიანებს ვეძებ, თუმცა, ცხოვრებაში ის ხისტი ადამიანებიც საჭიროა, რომ შემოგიძახონ.
არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ არასოდეს ვიმახსოვრებ წყენას და არ ვიცი სიტყვაზე აყოლა. გაწონასწორებული ხასიათი მაქვს, აფექტური არ ვარ და თუ ვინმე ცუდად იქცევა, მირჩევნია, „შევატოვო“ ის სიტყვები, რაც თქვა და არ ავყვე. ამის გამო ზნეობრივად ბევრჯერ მომიგია. ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ მირჩევნია, ასე მოვიქცე და ამით მეტად გამოჩნდეს მისი სახე, ვიდრე უზნეობაში ჩავყვე.
– რომ არა ჟურნალისტი, როგორ გგონია, ვინ იქნებოდი?
– პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა, იმ პროფესიაში რაშიც ახლა ვარ, ძალიან დიდი შრომა ჩავდე. „ბიბისის“ ერთწლიანი კოლეჯის პროგრამა მაქვს გავლილი – მოქმედი პროდიუსერისა და ჟურნალისტის. გავიარე ყველა ევროპული და აზიური ჟურნალისტიკის კურსები, რადგან მინდოდა, ამ პროფესიაში ხელწამოსაკრავი არ ვყოფილიყავი. ბევრი ვიშრომე, რომ დღევანდელობამდე მოვსულიყავი. ჟურნალისტი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, არქეოლოგი გამოვიდოდი. თუმცა, თავიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ერთმა მსახიობმა გადამაფიქრებინა.
– ასეთი რა გითხრა, რომ მსახიობობა გადაგაფიქრებინა?
– სკოლის მოსწავლე ვიყავი. ერთ მსახიობთან იყო შეხვედრა და მასწავლებელმა უთხრა: გოდერძი მსახიობობაზე ფიქრობსო. მან კი პიჯაკი გაიხადა, ამოატრიალა და მითხრა: თუ გინდა, ასეთი დაგლეჯილსარჩულიანი პიჯაკი გეცვას, მაშინ სამსახიობოზე ჩააბარეო. ის შეხვედრა და სიტყვები დღემდე მახსოვს და ერთი პროფესია წამართვა (იცინის). არ ვიცი, როგორი მსახიობი ვიქნებოდი, ვერც იმას გეტყვით, ჩემი პროფესიის არჩევისას ის სიტვყები მახსოვდა-მეთქი, მაგრამ ამდენი წლის ვარ და დღემდე გამომყვა ბავშვობის დროს მოსმენილი ის ფრაზა. ზოგადად, ბავშვებთან ურთიერთობა საფრთხილო თემაა. დღემდე მახსოვს ცუდი თუ კარგი ფრაზები, რაც ბავშვობაში მოვისმინე. როცა სკოლაში დავდივარ და ბავშვებს მასტერკლასებს ვუტარებ, ფრაზების თქმის დროს ძალიან ვფრთხილობ, რადგან წლების შემდეგ, ზუსტად ვიცი, გაახსენდებათ. როცა კითხვას მისვამენ, ვცდილობ, სიმართლე ბავშვური ენითა და აზროვნებით ვუპასუხო. მე კი იმ კაცმა მსახიობის პროფესია ყველაზე ცუდი კუთხით დამანახვა და ცუდად ჩამრჩა. სხვა ფორმითაც შეიძლებოდა აეხსნა.
– არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვს და პროფესიაშიც წარმატებული ხარ, მაგრამ ცხოვრება ხომ იოლი არ არის, ხშირად ისეთ ტკივილიანი განცდების წინაშე გვაყენებს, რისი გადატანაც რთულია და სიცოცხლის ბოლომდე ტრავმად გაგვყვება. ასეთი რა მომენტი იყო შენთვის?
– ასეთი დღეები არაერთი იყო. ბებია მიყვარდა ძალიან, დიდი ვიყავი, როცა ისევ მის ოთახში ვიწექი და სულ მეუბნებოდა: მე რომ მოვკვდები, მინდა, ჩემთან ახლოს იყო, მიხვდე, მე მეტკინება თუ არა გარდაცვალებაო. ეშინოდა სიკვდილის მომენტის დადგომის. სულ ამაზე მეფიქრებოდა, არ მინდოდა, ის მომენტი დამდგარიყო და არ მინდოდა ისე გამეშვა იმქვეყნად, მის გვერდით არ ვყოფილიყავი. სტუდენტი ვიყავი და სამწუხაროდ, ბოლო ამოსუნთვისას მის გვერდით ვერ ვიყავი. ეს დღემდე ხინჯად მაქვს გულში. მინდოდა, გამეგო, ეტკინა თუ არა, მაგრამ ისე წავიდა იმქვეყნად, ვერ გავიგე. მერე, მამა გარდაიცვალა, 63 წლის ასაკში და ასე მეგონა, ბავშვობაც დასრულდა და გავიზარდე, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს ჩემი ბოლო ტკივილი არ იქნებოდა. მე და ჩემი მეუღლე ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, პირველი შვილი გვყავს დაღუპული. ამ დროს მეგონა, ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. თუმცა, თურმე, წინ კიდევ მელოდა სიხარული – ჩვენი მეორე შვილის, ანდრიას სახით. გულში სულ მახსოვს ჩემი გოგო, მაგრამ არასდროს ვსაუბრობ ამ ტკივილზე. მეგონა, ბებია და მამა რომ გარდაიცვალნენ, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო, მაგრამ შვილის ტკივილმა ეს განცდა გააასმაგა, ყველაზე დიდი დარტყმა მომაყენა. ვერ ვხვდებოდი, ვცხოვრობდი თუ არა. ზოგადად, დრო არანაირად არ არის მკურნალი, ტკივილი არსად ქრება, მთელი ცხოვრება გულით დამაქვს და სულ მახსოვს. ტკივილი არ ნელდება, გულიდან ვერაფრით ამოშლი, ამ ტკივილის განეიტრალებას იმით ცდილობ, რომ საუბარს არიდებ თავს. ამ პირადი ტკივილის გადალახვაში ის დამეხმარა, რომ გარდაცვლილ შვილზე არ ვსაუბრობდით. სხვათა შორის, იცით, როდის გამიმძაფრდა ტკივილის განცდა? როცა, ჩემმა ანდრიამ გვითხრა: ისეთი განცდა მაქვს, პირველი შვილი არ ვარო. 15 წლის ასაკში ვუთხარით სიმართლე, მანამდე ვუმალავდით, რომ ის ტკივილი, რასაც მე და ცირა განვიცდიდით, მისთვის აგვერიდებინა. გვიწევს ადამიანებს რთული მომენტების გადატანა, დრო მიდის, დავიწყება კი შეუძლებელია. ძალიან მინდა ხოლმე, ის ადამიანები დამესიზმრონ, ვინც მიყვარდა და აღარ არიან, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათად მესიზმრებიან და ძირითადად, ვერც ვიმახსოვრებ სიზმარს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან